ბათუმში ბავშვები დაიხრჩვენ....

ბათუმში ბავშვები დაიხრჩვენ....

დიახაც, ბათუმის საშინელებაზეა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მეათასედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა (არა „ცვლილება“, როგორც ერთჯერადი აქტი, რაც ასე თუ ისე თითქოს მოხდა 2012 წელს, არამედ „ცვალებადობა“, როგორც ინსტიტუტი-დ.) სასიცოცხლოდ აუცილებელია..... პრაგმატულადაც:

ანუ აუცილებელი და სასიცოცხლოა არა მხოლოდ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის, არამედ სოციალური რეფლექსიის ფენომენალური ბუნებიდან გამომდინარე, რაკი სოციუმის მრავალწლოვან „ნაწოლებში“ შხამის დაგროვებასა და მისი გარდაუვალი გადმონთხევით მთელი ორგანიზმის მოკვდინებას უშლის ხელს.

აი საზარელი მაგალითი:

ბათუმში მოხდა საშინელი ტრაგედია: 4 და 5 (!!) წლის ბავშვები დაიღუპენ სამშენებლო მოედანზე.

შეიძლება თუ არა ეს ტრაგედია მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს დემოკრატია?

(დემოკრატია, ანუ (!) ხელისუფლებათა ცვალებადობა. ხელისუფლებათა ცვალებადობა ა ნ უ დემოკრატია!-დ)

რა თქმა უნდა ყველგან შეიძლება მოხდეს.

ოღონდ ასიდან 94 შემთხვევაში, ეს ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს.

მაქსიმუმ შეიძლება გადადგეს მინისტრი, მერი და ა.შ.

მაგრამ......როდესაც ქვეყანაში არ გაგვაჩნია დემოკრატიის უმთავრესი, ღერძულა ინსტიტუტი, ამგვარი საშინელი ტრაგედია ბუნებრივად და ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ ლეგიტიმურად ხდება „ბირთვული ძალის“ მქონე აგრუმენტი, ესე იგი „ს ა თ ქ მ ე ლ ი“!

„ისინი რა ნაძირლები არიან, - როგორ იყენებენ ამ ტრაგედიასო“......სრულიად არარელევანტური, იდიოტური არგუმენტია.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ დისკურსში ვინაა „ნაძირალა“ - ხელისუფლება თუ ოპოზიცია.

მთავარია, რომ თვით „სათქმელია“ 100%-ით ლეგიტიმური.

არსებითია „სათქმელის“ ლეგიტიმურობა და არა „მთქმელის“ მოტივაცია.

და „მშობლები სად იყურებოდნენო“ ნაკლებ უზნეო საპასუხო „სათქმელია?“

- - - - - - - - - - - - - - - - -

ამაზე ხშირად დამიწერია;

შედეგად, შეურაცხადი ფანატიკოსები ორივე მხრიდან ხან „ნაცობას“ მაბრალებენ ხან „ქოცობას“......

ოღონდ ყოველთვის, მუდამ, რა თქმა უნდა ვგულისხმობ ხელისუფლებათა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო (!) ცვალებადობას.

რევოლუცია ამ დემოკრატიულ ინსტიტუციას ვერ აფუძნებს - არავინ მოგატყუოთ!

ბიძინას შეეძლო მისი არჩევნებით დაფუძნება 2024 წელს. ამისთვის ერთადერთი გადაწყვეტილება იქნებოდა საკმარისი: არ გამოეყენებინა „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდების და კორპუსის ხელფასიანი მამასახლისი კარდაკარ მოლასლასე ნოდარი ბიძიების“ ინსტიტუტი, რასაც შემდეგ ეყრდნობა „ადმინისტრაციული რესურსი“.

ამ შემთხვევაში „ოცნება“ აიღებდა 40-45%.

ბიძინას „ოცნება“ იქნებოდა 100%-ით ლეგიტიმური, ამავდროულად დასავლეთის მიერ ქებული (!) საპარლამენტო ოპოზიცია ყველაზე დიდი, თანაც კონსოლიდირებული (ბიძინას კაპიტალი არსად გაქრებოდა!) ფრაქციით, რომელსაც ხელისუფლებაში მოსული მრავალპარტიული კამარილია, სინამდვილეში „ბუზს ვერ აუფრენდა“.

თუნდაც იმიტომ „ვერ აუფრენდა“, რომ უმალვე, არჩევნების და „კოალიციური მთავრობის“ შეკოწიწების მეორე დღიდანვე „დაჭამდნენ ერთმანეთს“ ეს პატარ-პატარა ოლიგარქები მათი მარიონეტი პოლიტიკანებით თუ ჟურნალისტებით და აუცილებლად დასჭირდებოდათ ამ შიდა ოლიგარქიულ ბიზნეს-ომებში იმ ყველაზე მრავალრიცხოვანი საპარლამენტო ფრაქციის (ანუ ბიძინას) მხარდაჭერა ერთმანეთის წინააღდმეგ.

უმალვე მასთან დაიწყებდნენ ჩუმ-ჩუმად ცალ-ცალკე „კურკურს“ ამ „კოალიციის“ შემადგენელნი - როგორც კი პირველი ბზარი და სირთულე გაჩნდებოდა 2-3 თვეში.

- - - - - - - - - - - - - - - - -

მაგრამ არა......არ მოიქცა ასე ბიძინა და არ გამოიყენა ეს ისტორიული შანსი.

ჰოდა....მეც ზოგჯერ გულწრფელად ვშიშობ, რომ ამ უძვირფასესი დემოკრატიული ინსტიტუციის (ხელისუფლებათა ცვალებადობის) დასამკვიდრებლად ამ ქვეყანას მთავარი თვისება აკლია......რაც აქვთ ევროპელ ერებს და ევროპულ სოციუმებს.....

საქმე ის გახლავთ, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობა.... შესაბამის სოციალურ მენტალობას მოითხოვს!!

თუ გნებავთ, ეთნოფსიქოლოგიასაც კი--- ეს ფენომენი პრიმორდიალისტთა მოგონილი სულაც არ არის - რეალობაა.

და გამომდინარედ, სტრატეგიული კომპრომისის კულტურასაც.

მათ შორის ელიტებში.

აი ეს უნარი რომ არ აღმოგვაჩნდა, ამიტომაც ვსხედვართ ჩეჩმაში უკვე მერამდენე ათწლეულია....თუ საუკუნეცაა.

და რაც მთავარია, ამასაც ასჯერ გავიმეორებ:

არვინ მოგატყუოთ მეთქი, თითქოს ბათუმის საშინელი ტრაგედიის შემდეგ თუ ახლა რევოლუციამ გაიმარჯვა, ეს რაიმეს მოიტანს გარდა შემდეგი რევოლუციის თანდათან „მომწიფებისა“ - ისტორიულად მცირე პერიოდის შემდეგ, როცა მორიგ რევოლუციონერებს მორიგი „სათქმელი“ მიეცემათ მორიგი საზარელი ტრაგედიით.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ღმერთმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ადგილი პატარა ფრთოსან ანგელოსთა გუნდში იმ უმანკო ბავშვებს.