ამერიკა-რუსეთის საბედისწერო მოლაპარაკებები ჟენევაში

ამერიკა-რუსეთის საბედისწერო მოლაპარაკებები ჟენევაში

      ჟენევაში გაიმართა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პუტინის ულტიმატუმის თაობაზე.

     შეგახსენებთ, რომ ამ უპრეცედენტოდ თავხედურ ულტიმატუმში რუსეთის ხანშიშესული და სულ უფრო მეტად აგრესიული ლიდერი მოითხოვდა:

 

1)ვაშინგტონმა და, მთლიანობაში, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ხელი მოუწეროს რუსეთს, რომ არასდროს მიიღებს NATO-ში არც უკრაინას, არც საქართველოს და შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციაში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ `უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები`. იგულისხმება, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ეს დებულება უნდა ამოიღონ ბუქარესტის დეკლარაციიდან. დიპლომატიურ ენაზე თუ ვიტყვით, მოახდინონ მისი დეზავუირება. თან ცალკე კიდევ ხელშეკრულებაც გააფორმონ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება ანუ არა მხოლოდ ამგვარ დეკლარაციას აღარ მიიღებენ აღარასოდეს, არამედ აღარც კი დაისმება არადროს უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრების საკითხი.

2)რუსეთი მოითხოვს, ამერიკამ და ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა გაიყვანოს ჯარები და გაიტანოს ყველანაირი შეიარაღება NATO-ს წევრი იმ 14 ქვეყნის ტერიტორიიდან, რომლებიც ალიანსში მიიღეს 1997 წლის შემდეგ. ეს არის მთელი აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიის ქვეყნები. ანუ ალიანსიდან ამ 14 ქვეყნის გარიცხვას არ ითხოვს (ამისთვის პუტინსაც კი არ ეყო თავხედობა), მაგრამ მოითხოვს: იქ არანაირი ჯარები არ განალაგოთ და რაც არის, ისინიც გაიყვანეთო. 

აქვე უნდა ითქვას, რომ 1997 წლის NATO-რუსეთის დეკლარაციით, რომელიც რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ევგენი (ჟენია) პრიმაკოვის `ნაეშმაკარი` იყო, ალიანსმა აღიარა, რომ არა აქვს `რეზონი` (Reason) NATO-ს წევრ ახალ სახელმწიფოებში განალაგოს სერიოზული, არსებითი (Substantial) სამხედრო კონტინგენტი და შეიარაღება.

იგულისხმებოდა, თუმცა პირდაპირ არ ეწერა, რომ თუკი ამგვარი Reason დასაველთს გაუჩნდებოდა მოსკოვის მზარდი აგრესიის ფონზე, მაშინ დასაველთს ეს ვალდებულება მოეხსნებოდა.

უბედურება ისაა, რომ ეს პუნქტი ეხება მხოლოდ ალიანსის ნამდვილ წევრებს და არა უკრაინას ან საქართველოს თუ მოლდოვას.

თუმცა რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში ეს აღარ აკმაყოფილებს და ბევრად მეტს მოითხოვს: 1997 წლის შემდეგ ვინც გახდა ალიანსის წევრი, იქედან ყველა სხვა სახელმწიფოს ჯარის გაყვანას. ანუ პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან......და ა.შ. და ა.შ

3) ევროპაში, მათ შორის დასავლეთ ევროპაში  აღარ განლაგდეს `სტრატეგიული შეიარაღება`, ხოლო ამერიკამ გაიტანოს ევროპიდან (გერმანიიდან) ბირთვული იარაღი, აღარ განთავსდეს საშუალო სიშორის რაკეტები და ა.შ.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს მესამე  პუნქტი მოსკოვის სავაჭრო პოზიციაა. ანუ ,მოსკოვი სრულიად შესაძლებელია წავიდეს კომპრომისზე ან საერთოდ გააუქმოს მოთხოვნათა მეორე და მესამე პუნქტი იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ამერიკისა და NATO-ს თანხმობას პირველ, ყველაზე მთავარ და პრინციპულ პუნქტზე: უკრაინას და საქართველოს, ასევე მოლდოვას და საერთოდ არც ერთ იმ ქვეყანას, რომელიც ოდესღაც შედიოდა საბჭოთა კავშირში (მინუს ბალტია) არასდროს მიიღებენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

/ / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / /

რუსეთის მხრიდან მთავარი `მომლაპარაკებელია` საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის პირველი მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მისი პოზიცია გასაგებია და ცნობილია. რა თქმა უნდა ზეაგრესიული: ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკამ და დასავლეთმა `გუდა ნაბადი უნდა აიკრან პოსტსაბჭოთა სივრციდანო`. ზუსტად ასე ითარგმნება რუსულიდან სემანტიკურად მისი ფრაზა `Они должны собрать свои манатки и убратся…. .» 

``ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ეს სრულიად სავალდებულოა - დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასდროს გახდება NATO- წევრი. ჩვენ გვინდა, რომ NATO-ს მომავალ მადრიდის სამიტზე ფორმულა, რომელიც მიიღეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, უკან იქნას გამოხმობილი და შეიცვალოს შემდეგით: „უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები“ - განაცხადა რიაბკოვმა.

 

    ამერიკის მხრიდან  დელეგაციას სათავეში ჩაუდგა 72 წლის უენდი შერმანი. ეს ქალბატონი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ყველაზე მაღალკვალიფიციური ამერიკელი დიპლომატი. ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ე.წ. `ირანის ბირთვული დოსიეს` შესახებ, ანუ ცდილობდა მიეღწია კომპრომისისათვის რუსეთთან -  ანტიირანულ სანქციებზე, რათა  აიათოლლათა ირანს არ შეექმნა ბირთვული იარაღი.

     ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონმა სწორედ ამ `ბექგრაუნდის` დიპლომატი დანიშნა `მთავარ მომლაპარაკებლად`: აღარავინ მალავს, რომ თუ მოსკოვმა ვერ მიიღო თანხმობა `პირველ პუნქტზე`, მაშინ ირანს მიაწვდის ბირთვულ იარაღს!

     ქალბატონი შერმანის ბექგრაუნდში კიდევ ის იწვევს შეშფოთებას, რომ იგი აშშ პრეზიდენტ ბარაქ ობამას გუნდის წევრია. ძალიან ახლოს იყო დემოკრატებთან, ჰილარი კლინტონთან, ანუ მთლიანობაში იმ წრეებს წარმოადგენს, რომლებმაც 2009 წელს (საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ და ამ  ოკუპაციის ფონზე) წამოიწყო `გადატვირთვის` პოლიტიკა პუტინთან და რა შედეგიც მიიღო ამერიკამ კი ვხედავთ: ყირიმის ოკუპაცია, დონბასის ოკუპაცია....

         თუმცა ეს ვერ აკნინებს, რასაკვირველია, შერმანის პროფესიონალიზმს. გააჩნია რა პრიორიტეტებს დაუსახავენ: ნამდვილი `დიპლომატიური ძუ მგელია`, ოღონდ საკუთარი ქვეყნის ინეტრესთა დაცვაში. ესე იგი, მთავარი კითხვა და გასარკვევი ისაა, ჩათვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკის ეროვნული ინტერესების განუყოფელ ნაწილად იმას, რომ ამერიკამ არ `ჩააბაროს ხურდაში` უკრაინა და საქართველო - რუსეთს.

ჩვენთვის ესაა მთავარი და არა ის, რამდენად` მაგარი` პროფესიონალია შერმანი.

ჯერ-ჯერობით მისი განცხადებები სასიკეთოა: უკვე მოლაპარაკების შემდეგ ქალბატონმა შერმანმა განაცხადა: `` არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო- ღია კარის პოლიტიკა``

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელთან განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება. თან მოუწოდა  რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის საზღვრიდან.

`სამხედრო სწავლებების თაობაზე`  განცხადება გარკვეულ კითხვის ნიშნებს მაინც ბადებს. რას ნიშნავს `სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებული საკითხები`?

2022 წელს ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილია ორი სწავლება (ყოველწლიური) NATO- წევრი ქვეყნების მონაწილეობით და ერთი  სწავლება  უშუალოდ NATO- ეგიდით.

ხომ არ აპირებს ამერიკა ამ სწავლებების გაუქმებას, რათა ამით `მოულბოს გული` პუტინს?

ჰოდა მაშინ გაირკვევა ბევრი რამ, თუკი ეს სწავლებები ან გაუქმდა ან მათი მასშტაბი `მოულოდნელად` შეიცვალა.

იმედია მთავრობა პირდაპირ გვეტყვის ამ შემთხვევაში სიმართლეს (პრინციპულობა პარტნიორებთანაც საჭიროა!) და `წითელას` არ დააბრალებს, როგორც ერთხელ მოხდა.

„ჩვენ წარმოვადგინეთ იდეების მთელი რიგი, სადაც ჩვენს ორ ქვეყანას შეუძლია, განახორციელოს ურთიერთქმედებები, რაც იქნება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას“, – განუცხადა შერმანმა ჟენევაში ჟურნალისტებს.

„მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო- ღია კარის პოლიტიკა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ამასთან, მან გამორიცხა რუსეთისთვის რაიმე გარანტიების მიცემა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანების საკითხზე. ოღონდ აქ უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ერთია `გარანტიის არმიცემა` და მეორეა რა მოხდება On the ground ანუ ხომ არ შეამცირებს ალიანსი სამხედრო სწავლებების ინტენსივობას, სხვაგვარი ურთიერთქმედების ინტენსივობას, კომუნიკაციის ინტენსივობას, იარაღის მიწოდების ინტენსივობას და ა.შ.

/ / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / /

უენდი შერმანის თქმით, მან რუსულ მხარეს სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა. ანუ, აქაც არ გამორიცხა კომპრომისი, რომ ამერიკამ ფრთოსანი რაკეტები არ განალაგოს ევროპაში. შესაბამისად, რუსეთიც არ განალაგებს თავის უახლეს ზებგერით რაკეტებს კალინინგრადში -  ყოფილ კიონიგსბერგში, ესე იგი იმავე ევროპაში, საიდანაც რუსულ რეკეტებს ევროპის ნებისმიერი ქალაქის განადგურება შეეძლებათ ლონდონიდან - ლისაბონამდე.

აქვე მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ სწორედ გუშინ, ანუ არსებითი მოლაპარაკების დაწყების დღეს, რუსეთის ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა სატელევიზიო არხმა  საუკეთესო დროს (ე.წ. `პრაიმ-ტაიმში`)  გაუშვა ეთერში დოკუმენტური ფილმი, რომელიც ყვებოდა 1980-იანი წლების ამბავს, როცა ამერიკამ ევროპაში განალაგა `პერშინგის` კლასის ფრთოსანი რაკეტები, რათა `შეეკავებინა` მოსკოვი და იმ დროს დაპყრობილ აღმოსავლეთ გერმანიაში მზადმყოფი 25 000 (!!!)  ტანკი, ხოლო პასუხად საბჭოთა კავშირმა ატომური წყალქვეშა ნავები განალაგა ატლანტის ოკეანეში და წყნარ ოკეანეში ამერიკის სანაპიროებთან ახლოს.

ეს პირდაპირ არ უთქვამს არც რიაბკოვს, არც პუტინს, მაგრამ უეჭველად იგულისხმება ულტიმატუმის ფარგლებში.  რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეარხებზე `შემთხვევით` ასეთი ფილმები არ გადის. ამგვარი `დამთხვევა` მოლაპარაკების დაწყებასთან უბრალოდ გამორიცხულია.

მოლაპარაკებებს ჟენევაში წინ უძღოდა აშშ სახელმწიფო მდივნის უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადება რუსეთის მიმართ: მოდით, ვიყოთ ძალიან, ძალიან გულწრფელნი და ცხადნი  ამ საკითხთან დაკავშირებით: ნატო არ შეჭრილა  უკრაინაში; ნატო არ შეჭრილა საქართველოში; ნატომ არ განალაგა ძალები მოლდოვაში  ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში; ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში; გამოიყენა ქიმიური იარაღი ხელისუფლების ოპონენტების მკვლელობის მცდელობისთვის და ეს გააკეთა უცხო მიწაზე; დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები; გააუქმეს  ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომები, რომლებიც დიდი ხანია შეთანხმებული იყო. ასე რომ, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები აუცილებლად დავაყენებთ ამ და სხვა საკითხებს რუსეთთან მომდევნო დღეებში და კვირებში." - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მოსალოდნელია, რომ პუტინი შეეცდება რამდენიმე კვირა კიდევ გააჭიანუროს მოლაპარაკება, სანამ საბოლოოდ არ `დაალაგებს` სიტუაციას ყაზახეთში და იქაც კი ექნება `სავაჭრო`: `თუ არ გინდათ ყაზახეთში ჩადებული 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაიკარგოს და `პრეზიდენტ ტოკაევის` ხელით ეს ინვესტიციები წაგართვათ ნაციონალიზაციის ფარგლებში, უკრაინა-საქართველოს საკითხში ჩვენი პოზიცია გაითვალისწინეთო`.

2022 წლის 11 იანვარი