საბიუჯეტო კრიზისს მხოლოდ ნავთობი თუ უშველის

საბიუჯეტო კრიზისს მხოლოდ ნავთობი თუ უშველის

        გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული კანონთა პაკეტი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის «მილი-მეჯლისმაც» განახორციელა ამ ხელშეკრულებათა რატიფიცირება, ოღონდ ორი დეპუტატი იყო წინააღმდეგი იმ მოტივით, რომ «აზერბაიჯანმა მეტისმეტი დაუთმო საქართველოს, ტარიფებზე მსჯელობისას». სამაგიეროდ, 99 დეპუტატი აღმოჩნდა «მომხრე».
        საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, აზერბაიჯანელი კოლეგებისაგან განსხვავებით, ერთსულოვანი იყო (117 მომხრე, 0 – წინააღმდეგი), თუმცა აბსოლუტურად უაზრო და «თითიდან გამოწოვილი» დისკუსია მაინც გაიმართა ამ საკითხზე და ზოგიერთების პათოსი უცნაურადაც მოგვეჩვენა, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს მართლა ყველაფერზე დისკუსია ხომ არ შეიძლება? მათ შორის იმაზე, რაც ისედაც ნათელია.
        ხელშეკრულება «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მართლაც აღმოჩნდა «შესაძლებლის მაქსიმუმი». უკანასკნელ მომენტში ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მტკიცე პოზიცია დაიკავა და ნამდვილად აიძულა პარტნიორები (უპირველესად, აზერბაიჯანი და ნავთობკომპანიები), ძალიან სერიოზულ დათმობებზე წასულიყვნენ რამდენიმე ძირითად საკითხში.
        ამით უეჭველად დადასტურდა, რომ პრინციპულობა მატერიალურადაც ხელსაყრელია და ქვეყნის (სახელმწიფოს) პრესტიჟსაც ამაღლებს. «ბაქო-თბილის-ჯეიჰანის» ხელშეკრულებასთან შედარებით, «ბაქო-სუფსას» ხელშეკრულება დღეს ყოველმხრივ კაბალური ჩანს, თუმცა მაშინ ალბათ სხვა გზა არ იყო, რათა შეგვექმნა საქართველოს მონაწილეობით საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელების პრეცედენტი. ახალი «დიდი ხელშეკრულებით» საქართველომ ფაქტობრივად არ იკისრა არანაირი ფინანსური ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობსადენის უსაფრთხეობაზე ჩვენთან ერთად პარტნიორებიც იზრუნებენ და ამით გარკვეულწილად საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგომარეობის გარანტიებს შექმნიან.
        საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 50 მილიონი დოლარის შემოსავლებს მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე თვით მშენებლობის პროექტი, როდესაც საქართველოში დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდება, ხოლო მიწათმფლობელები 120 მილიონ დოლარს მიიღებენ კომპენსაციის სახით.
        გარდა ამისა, «დიდი ნავთობსადენი» გვაძლევს შანსს, გადავწყვიტოთ და დავასრულოთ «მიმდინარე» საბიუჯეტო კრიზისიც. მაგალითად, ნებისმიერი ევროპული (კერძო) ბანკი საქართველოს გამოუყოფს 150-200 მილიონ დოლარის კრედიტს 10-15 წლით, «ნორმალური» საპროცენტო განაკვეთით, ძირითადი თანხის 5 წლის შემდეგ დაფარვის პირობით (როდესაც დაიწყება ნავთობის რეალური გადატვირთვა), ხოლო ამ თანხით სავსებით შესაძლებელია არათუ ყველა ფინანსური დავალიანების დაფარვა, არამედ შიდა ინვესტირების განხორციელებაც.
        მაგრამ ასეთი კრედიტის აღებას, რა თქმა უნდა, სჭირდება საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორების – საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანხმობა. «იოლად» ისინი ამაზე არ დაგვთანხმდებიან მიუხედავად იმისა, რომ 2,5 მილიარდიანი შემოსავალი მომდევნო 40 წლის განმავლობაში თითქოსდა გარანტირებული გვაქვს. ერთი სიტყვით, შეიძლება მივაღწიოთ მათ თანხმობას, შეიძლება ვერა. ოღონდ უარის მიზეზი (თუ უარი მივიღეთ) იქნება არა ის, რომ ნავთობსადენი «არასაკმარისი» გარანტიაა», არამედ სულ სხვა გარემოება. სავალუტო ფონდი არ დათანხმდება ჩვენს მცდელობას, გადავწყვიტოთ წარმოშობილიო პრობლემა მექანიკური მეთოდით – ინსტიტუციური ცვლილებების გარეშე. მაგალითად, სავალუტო ფონდი კატეგორიულად მოითხვოს, თუნდაც მცირეოდენ კონტრაბანდაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. სწორედ ამ ზომას გულისხმობენ «კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში), ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ ბედავს (სოციალურ გართულებათა შიშით) და ცდილობს საბიუჯეტო პრობლემა გადაწყვიტოს კრედიტით, ანუ მექანიკური გზით – სარისკო გადაწყვეტილებებისა და ინსტიტუციური ცვლილებების გარეშე.
        რაკი საქართველოს ხელისუფლებას ასე ეშინია არაპოპულარული გადაწყვეტილებებისა, არის კიდევ ერთი «მექანიკური» გზა» – პირველზე უფრო მეტად რეალური და შესაძლებელი: «დიდი ნავთობსადენი» შეიძლება იქცეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დაფუძნების წინაპირობად საქართველოში. ასეთი ბაზარი, ამჟამად არ არსებობს. გარკვეული თვალსაზრისით, კიდევ კარგი რომ არ არსებობდა, თორემ 1997-98 წლების ფინანსური კრიზისი საქართველოსათვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე რუსეთისათვის, მაგრამ ამჟამად ეს ტალღა უკვე «გადავლილია».
        რატომ არ შეიძლება, დაფუძნდეს სააქციო საზოგადოება (ვთქვათ) «ქართული ნავთობსადენი», რომელიც მოახდენს საქართველოს მოსახლეობის დანაზოგთა აკუმულირებას, გამოუშვებს აქციებს 100 ლარის ნომინალით და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, «ნავთობსადენის გარანტიით» მოსახლეობა დანაზოგს უფრო მეტად ანდობს სახელმწიფოს, ვიდრე კომერციულ ბანკებს, და გაცილებით ხელსაყრელი პირობებით.
        ამ გზით შეიძლება მოვიზიდოთ «მუთაქებში შენახული» ასეულობით მილიონი დოლარი. ეს იქნება რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ საბიუჯეტო კრიზისის დასრულებას, არამედ თანხების აკუმულირებას ინვესტირებისა და კაპიტალდაბანდებებისთვის – თანაც ინტენსიური და არა ექსტენსიური გზით, ანუ ეროვნული ვალუტის კურსის შეურყევლად.
        მთლიანობაში «ქართული ნავთობი» ამ უბედური ქვეყნისათვის შეიძლება იქცეს «მაშველ რგოლად», რომელიც გამოათრევს მას საბიუჯეტო კრიზისის მორევიდან, ვინაიდან საეჭვოა, ხელისუფლებამ მტკივნეული ინსტიტუციური და რეპრესიული ზომების განხორციელება გაბედოს.
        გასულ კვირას, კახეთის «ტარიბანას» საბადოდან ამერიკულმა კომპანია «ფრონტერამ» ყოველდღიურად 120 ტონა ნავთობის მიღება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2-3 წელიწადში მხოლოდ დედოფლისწყაროს საბადოთა წარმადობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს ყოველწლიურად.
        ეს უკვე მილიარდობით დოლარის შემოსავალია – თუ ნავთობის გადამუშავება საქართველოშივე მოხდება. ეს თანხებიც შეიძლება წინასწარ «ჩაიდოს» ხსენებულ სააქციო საზოგადოებაში, ვინაიდან შემოსავალი გარანტირებულია – ნავთობი ნამდვილად არის და ვერსად წავა.
        იმავდროულად, ამერიკული ნავთობკომპანია «ანადარკო» ემზადება შავი ზღვის შელფში ნავთობსაძიებო სამუშაოების დასაწყებად. მხოლოდ ფოთის აკვატორიაში ნავთობის ოდენობა (ორ საბადოზე) 200 მილიონ ტონას აღწევს.: «ანადარკოს» დაგეგმილი აქვს 1 მილიარდი დოლარის ინვესტირება სანაპიროსთან 25 ჭაბურღილის გასაბურღად. მაშასადამე, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, მოგებამ შეიძლება მილიარდობით დოლარი შეადგინოს.
        ძალაუნებურად ჩნდება აზრი: მადლობა ღმერთს, «საბჭოთა პერიოდში» ნავთობი არ აღმოჩნდა, თორემ აქამდე კომუნისტური იმპერია «სისხლს გამოგვწოვდა», - სამომავლო კი, ეს 500-600 მილიონი ტონა ნავთობი, რასაც საქართველო ფლობს, შეიძლება სახელმწიფოებრიობის გადარჩენისა და განმტკიცების შანსად (არა პანაცეად) იქცეს. ხოლო «ნავთობის» პარტია საქართველოში ყველაზე ძლიერი პარტია იქნება.

7 დღე, 5 ივნისი, 2000 წელი