რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ვიზიტი საქართველოში

რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ვიზიტი საქართველოში

კვანძის გახსნა
 

    რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ვიზიტი საქართველოში მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. უფრო სწორად, ეს უპრეცედენტო ვიზიტია საქართველოს ისტორიაში. თუ, რასაკვირველია, არ ჩავთვლით რუსეთის იმპერატორთა ვიზიტებს.
    სხვათა შორის, ცოტამ თუ იცის, რომ ნიკოლოზ I-ს საქართველოში ვიზიტის დროს (1832 წლის შეთქმულების შემდეგ) ძალზე მოეწონა მაიკო ორბელიანი და ქართველმა არისტოკრატიამ მრისხანე იმპერატორის ეს გრძნობა უყურადღებოდ არ დატოვა. ალბათ ეს მაშინაც რუსეთის მიმართ «გონივრულ» პოლიტიკად ითვლებოდა.

    ელცინის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მმართველ წრეებში ერთგვარი დაძაბულობა იგრძნობოდა. სიტუაცია მკვეთრად გაამწვავა თავდაცვის მინისტრის განცხადებამ - გადადგომის შესახებ. ელცინ-შევარდნაძის ერთობლივი პრეს-კონფერენციის შემდეგ სავსებით ნათელი გახდა გიორგი ყარყარაშვილის მოტივაცია. ყოველ შემთხვევაში, ხელმოწერილი დოკუმენტები იმდენად რადიკალურ «შემობრუნებას» გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში, რომ ამ ორი მოვლენის (მინისტრის გადადგომისა და რუსეთისათვის სამხედრო ბაზების დაკანონების) ერთმანეთთან დაუკავშირებლობა ყოვლად შეუძლებელია.
    გუშინ დილით კი ცნობილი გახდა, რომ საკუთარ სახლში ააფეთქეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, რის გამოც გიორგი ყარყარაშვილი ფორმალურადაც კი ვერ დაესწრო მოლაპარაკებებს.
    ყოველივე ძალზე «მუქ» ფონს ქმნიდა მომავალი დიდმნიშვნელოვანი დიალოგისათვის. სტუმრის შეხვედრისა და მისალმების ცერემონიალმა საკმაოდ წყნარად ჩაიარა და ქართულ საჯარისო შენაერთს მცირე აღლუმის დროს ფეხი არ შეშლია.
    ბორის ელცინი ღიმილით მიესალმა დამხდურთ. მისი ღიმილი, ახლოდან შეხედვისას, უფრო ნიღაბზე გამოხატულ გრიმასას ჰგავდა. თუმცა, ეს შესაძლოა ამგვარი ცერემონიებისაგან დაღლითა და მოყირჭებით იყო გამოწვეული.
    რუსეთის პრეზიდენტი ოდნავ უფრო მეტი ყურადღებითა და კეთილმოსურნეობით მიესალმა ზურაბ წერეთელსა და ვალერიან ადვაძეს. აეროპორტში სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა სახელგანთქმული რუსული «ალფა».
    უზარმაზარი კორტეჟი აეროპორტიდან პირდაპირ მინისტრთა საბჭოს შენობისაკენ გაემართა. გზები, რა თქმა უნდა, ავტომანქანებისაგან გათავისუფლებული იყო, ხოლო მათ გასწვრივ თბილისელთა დიდ-დიდი ჯგუფები შეკრებილიყვნენ - კორტეჟისათვის თვალის გასაყოლებლად.
    მინისტრთა საბჭოში ნამდვილი «ჟურნალისტური ორომტრიალი» სუფევდა. ტელეკორესპონდენტები ლამის შტურმით ცდილობდნენ ამა თუ იმ ოთახში შეღწევას, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. მოლაპარაკება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. ამავე დროს, მიმდინარეობდა მოლაპარაკება სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით ოთარ ფაცაციას, ანდრეი კოზირევისა და ჯაბა იოსელიანის მონაწილეობით.
    კულუარებში შევძელი დავლაპარაკებოდი საქართველოში რუსეთის ჯარების ერთ-ერთ სარდალს - გენერალ ბალუევსკის, რომელმაც პირველმა მითხრა, რომ მიღწეულია უმნიშვნელოვანესი წინასწარი შეთანხმება: საქართველო უთმობს რუსეთს სამ სამხედრო ბაზას თავის ტერიტორიაზე. პირველი ბაზა ვაზიანში იქნება, მეორე - ახალქალქში. ყველაზე საინტერესოა მესამე ბაზის გეოგრაფიული კონფიგურაცია - იგი მოიცავს ერთდროულად ბათუმს, ფოთს, სოხუმსა და გუდაუთას. ესე იგი, ბალუევსკის განცხადებით, საქართველოს შავიზღვისპირეთი მთლიანად (ბათუმიდან - გუდაუთამდე) ერთ რუსულ სამხედრო ბაზაში ერთიანდება, ერთიანი სარდლობით.
    იმავე ბალუევსკის ვკითხე: «მიიღებს თუ არა რუსეთი მონაწილეობას აფხაზეთში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში და რატომ არ დააკისრა გაერომ რუსეთის ჯარს სამშვიდობო მისია?» - მომეჩვენა, რომ ბალუევსკის გულკეთილ, მომღიმარ თვალებში ოდნავ შესამჩნევმა ცეცხლმა გაირბინა: «აბა, რა გითხრათ, ეტყობა, გაეროს არ სურს რუსეთისათვის ამ სტატუსის მინიჭება - რა გაეწყობა, ეს მსუქანი ლუკმაა და ყველას ენანება. ალბათ ჩვენ - რუსეთმა და საქართველომ გაეროს გარეშე უნდა მოვილაპარაკოთ, თუ რა მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ჯარები აფხაზეთში დარეგულირების პროცესში. მოგეხსენებათ - ეს ჯარები იქ ისედაც არიან».
    უნდა შევნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებანი რეკორდული სისწრაფით «ცვიოდა». მაგალითად, ცნობილი გახდა: რუსეთი სამხედრო ბაზებს მიიღებს 1 ივნისამდე. იქმნება სამუშაო ჯგუფები ყველა მეორეხარისხოვანი საკითხის გადასაწყვეტად, რომლებიც ამ პრინციპული შეთანხმების რეალიზაციის პროცესში წარმოიშობა.
    ყველაზე საინტერესო მაინც პრესკონფერენცია გამოდგა, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა ალბათ იხილა. აღვწერ იმას, რაც მას არ უნახავს: რუსეთის თავდაცვის მინისტრი, პაველ გრაჩოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი კოზირევი შესანიშნავ გუნებაზე იყვნენ და ისე მხიარულად ემუსაიფებოდნენ ერთმანეთს, რომ ძალაუნებურად ეჭვი შეგეპარებოდა იმ «კონცეფციის» მართებულებაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის მმართველ წრეებში სამხედრო და საგარეო საქმეთა უწყებას სხვადასხვაგვარი პოზიცია აქვთ გლობალური პრობლემების გადაწყვეტისას. კოზირევს ჟურნალისტები შემოეხვივნენ. მან გრაჩოვს გასძახა:
    - Смотри, Павлик, какие девушки меня атакуют.
    - А ты пригласи их на обед.
    - Да ты что, какой обед, здесь же зкономический кризис.
    - А кризис на девушек не действует.

    ამასობაში ბორის პასტუხოვს ვკითხე: «ბორის ნიკოლაევიჩ, რატომ არ მიანიჭა გაერომ რუსეთის ჯარს სამშვიდობო სტატუსი?»
    პასტუხოვმა ეშმაკურად ჩაიცინა და მომიგო: «რას გირჩევთ, იცით? - აიღეთ და ეგ კითხვა ბუტროს გალის დაუსვით. მას უკეთ ეცოდინება. რა ვიცი რატომ არ მიანიჭა - ჯანდაბას მაგათი თავი!»
    როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ შესთავაზა კოლეგებს, ხელი მოეწერათ მიმართვაზე, რომლითაც ქართველი და რუსი ჟურნალისტები სთხოვდნენ რუსეთის პრეზიდენტს, ჩარეულიყო სოხუმში დატყვევებული ჟურნალისტის - ანტონ ბერულავას გათავისუფლების საქმეში. უკლებლივ ყველამ მოვაწერეთ ხელი, მაგრამ როდესაც პაჭკორიამ ეს კითხვა პრეს-კონფერენციაზე დასვა, პრესმდივანმა კოსტიკოვმა მას უხეშად შეაწყვეტინა, რითაც ცხადი გახდა, რომ სტუმრები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რა რეაქციას გამოიწვევდა პრესკონფერენციაზე ნათქვამი თითოეული სიტყვა აფხაზეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში.
    სხვათა შორის, ელცინმა არ უპასუხა «იბერვიზიის» კორესპონდენტის კითხვას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას შეეხებოდა - ვითომც არ გაუგონია.
    რაც შეეხება გაზეთ «ფორუმის» რედაქტორის შეკითხვას, თუ როგორ ეთანადებოდა დადებული ხელშეკრულებები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, პასუხად პაველ გრაჩოვმა წამოიძახა ადგილიდან: «ოხ, შე ნაციონალისტო, შენა!» - კოზირევმა კი გულიანად გადაიხარხარა.
    პრეს-კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პაველ გრაჩოვმა განაცხადა, რომ მიიღო მითითება რუსეთის პრეზიდენტისაგან, მოამზადოს სამხედრო კონტინგენტი აფხაზეთში შესაყვანად.
    მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს გაზაფხულზე, რათა აფხაზეთიდან ლტოლვილებმა სახლში დაბრუნება შეძლონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამთავრებამდე. მაგრამ სავსებით აშკარაა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება, თუ საქართველო და რუსეთი შეთანხმდებიან რამდენიმე პრინციპულ საკითხზე. მათ შორის, საქართველოს მომავალი შიდა-სახელმწიფოებრივი მოწყობის თაობაზე.
    ნიშანდობლივია: ბორის ელცინმა ამ კონტექსტში ახსნა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის შემუშავებაში, მისი თქმით, «აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც» უნდა მიიღოს მონაწილეობა».
    გარკვეულწილად დამაიმედებელი იყო შემდეგი ფრაზაც: «მომავალი ქართული ჯარი, რა თქმა უნდა, არ იქნება მხოლოდ ქართული არმია, - ეს იქნება ერთიანი საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც თანაბრად გამოხატავს როგორც ქართველების, ასევე აფხაზებისა და ოსების ინტერესებს».
    ბორის ელცინს არ უხსენებია სიტყვა «ფედერაცია», მაგრამ ურყევად ვარ დარწმუნებული, - ეს არის უმთავრესი მოთხოვნა, რომელსაც რუსეთი დღეს საქართველოს უყენებს ყველა მოლაპარაკებისას.
    საღამოს გაიმართა საზეიმო ვახშამი «მეტეხში», რომელსაც დაესწრო ქართული ელიტა, რუსეთის მხრიდან კი აგრეთვე - მოსკოვის მერი ლუჟკოვი და სანკტ-პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი.
    სუფრა რომ «მეფური» იყო, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მადლობა ღმერთს, ეს მაინც არ გვეშლება ქართველებს. ბორის ელცინი, მიუხედავად მის შესახებ გავრცელებული ათასგვარი ჭორისა, სუფრაზე ერთობ დინჯად ირჯებოდა. მას შამპანურს სთავაზობდნენ, მაგრამ კონიაკი ინდომა და მიართვეს კიდეც «გრემი». რუსეთის პრეზიდენტს ეტყობა, სულგუნიც ძალიან მოეწონა და მწყერიც. პაველ გრაჩოვი კი ძირითადად არაყს მიეტანა, ისევე როგორ დელეგაციის სხვა წევრები.
    ბახუსმა თავისი ქნა და სულ მალე სუფრაზე ჩვეული სიხალისე გამეფდა. ელცინი განუწყვეტლივ იცინოდა და ოხუნჯობდა. ნადიმმა ორიოდე საათს გასტანა. ბოლო სიტყვაში კი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ ადღეგრძელა სტუმარი და განაცხადა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: «ბატონებო, ქალბატონებო და ამხანაგებო, ვაცილებთ რა ჩვენს სტუმარს, კვლავ და კვლავ ვაცნობიერებთ - საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა და განვითარება არ შეუძლია. ეს უნდა გავიგოთ, შევიგნოთ ყველამ. რუსეთთან კავშირში კი, საქართველო თავისუფალიც იქნება და აყვავებულიც». ამ სიტყვებს, რაღა თქმა უნდა, დამსწრე საზოგადოების მხურვალე ოვაცია მოჰყვა.
   

«ივერია-ექსპრესი», 4 თებერვალი, 1994 წელი.