რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კარებს ამტვრევს

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კარებს ამტვრევს

     
          ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უილიამ ბერნსმა რუსული საინფორმაციო სააგენტო «ინტერფაქსისთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ «რუსეთი ასე ახლოს არასდროს ყოფილა WTO-ში გაწევრიანებისგან».
        თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ბერნსი, გავლენითა და ავტორიტეტით, კლინტონის შემდეგ მეორე პირია ამერიკულ დიპლომატიაში და მისი სიტყვები ვაშინგტონის პრიორიტეტებს ყველაზე ზუსტად ასახავს.
        ვაშინგტონი ნამდვილად დაინტერესებულია, მოსკოვი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად იხილოს თუნდაც იმიტომ, რომ ამის შემდეგ მთავარ რუს «სანიტარ» ონიშჩენკოს ბევრად გაუჭირდება სხვადასხვა სულელური და თითიდან გამოწოვილი საბაბით, მაგალითად, ამერიკული ქათმის ბარკლების იმპორტი აკრძალოს.
        ზაფხულში მან მართლაც მიიღო ეს პროვოკაციული გადაწყვეტილება, რამაც ამერიკელ ფერმერებს ძალიან მტკივნეულად დაარტყა. განსაკუთრებით მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით. ამერიკას კი საპასუხო ზომების მიღება არ შეუძლია. თანაც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ონიშჩენკოს მაგვარი სუბიექტი დემოკრატიულ ქვეყანაში უბრალოდ ვერ იარსებებს. არამედ, უმთავრესად, იმ მიზეზით, რომ რუსეთი ამერიკის ბაზარზე თითქმის არაფერს ყიდის ნავთობის გარდა. ნავთობის იმპორტს ხომ არ აკრძალავენ? აბა სხვას ეს ყოველმხრივ ჩამორჩენილი ქვეყანა არაფერს აწარმოებს და რა გინდა საპასუხოდ რომ ქნა?
        სულ მალე (რა თქმა უნდა პუტინის მითითებით) ონიშჩენკომ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა – აშკარად მხოლოდ იმ დრომდე, სანამ არ გაირკვევა, დაეხმარება თუ არა ვაშინგტონი მოსკოვს, ბოლოს და ბოლოს (17 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ), შევიდეს პრესტიჟულ სავაჭრო კლუბში.
        კრემლისთვის ეს არა მხოლოდ და არა იმდენად სავაჭრო-ეკონომიკური, რამდენადაც პოლიტიკური საკითხია: მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარა სცენამ, თუ როგორ გაწითლდა და შეიშმუშნა ბრაზით ვლადიმერ პუტინი პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე, როდესაც ერთ-ერთი დასავლური კორპორაციის ხელმძღვანელმა დაუფარავი ირონიით მიმართა: «თქვენი მოსაზრებები ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რუსეთი რომ «დიდი ოცეულის» ერთადერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს, რომელიც ჯერ მსო-შიც კი არ მიუღიათო». Eესე იგი, «რა ჭკუას გვასწავლი შე მათხოვარო, როდესაც ჯერ მსოფლიო ეკონომიკის მეორე კლასშიც არ გადასულხარ?» P პირველ თუ მოსამზადებელ კლასებში რუსეთი მიიღეს – «საერთაშორისო სავალუტო ფონდში» გააწევრიანეს, მაგრამ იქ პუტინს არავინ არაფერს ეკითხება, რაკი ყველაფერს ამერიკა, ევროპა და იაპონია წყვეტენ. მსო-ში შესვლა კი მისცემს შანსს, თანასწორად ივაჭროს მოწინავე ქვეყნებთან და განვითარების საშუალება მოიპოვოს. აბა როდემდე უნდა იყოს «ზესახელმწიფოებრიობის» პრეტენზიის მქონე რუსეთი მხოლოდ გაზისა და ნავთობის გაყიდვის იმედად?
        დასავლეთში მას ხშირად აშანტაჟებენ იმით, რომ რაკი მსო-ს წევრი არ არის, შეიძლება (თუ ჭკვიანად არ მოიქცევა) «დიდი ოცეულიდანაც» გარიცხონ და «დიდი რვიანიდანაც». ჩინეთი რომ ჩინეთია – ისიც კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და რა უშლის ხელს რუსეთს? რა უშლის და . . . . საქართველო!!!
       

 ყველაფერი ან არაფერი
       
       

        ჩვენი ქვეყანა ამ ორგანიზაციაში ჯერ კიდევ 1999 წელს შევიდა. მას შემდეგ გრძელდება მოლაპარაკება თბილისსა და მოსკოვს შორის, რომელზეც საქართველო მარტივ და აბსოლუტურად ლოგიკურ მოთხოვნას აყენებს: «ორგანიზაციას ხომ «სავაჭრო» ჰქვია? ჰოდა, კეთილი ინებეთ და ივაჭრეთ ჩვენთან მისი წესდების შესაბამისად, ესე იგი ლეგალური საკონტროლო გამშვები პუნქტებიდან!».
        «ლეგალურად» კი, ქართული კანონმდებლობით, მხოლოდ ლარსი ითვლება. როდესაც რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. «სამხრეთ ოსეთთან» პირდაპირ ვაჭრობს, ამით იგი «მსო»-ს წესდებას უხეშად არღვევს. თუმცა, რუსეთის ორთავიანმა პრეზიდენტმა უკან დასახევი ყოველგვარი გზა თვითონ მოიჭრა, როდესაც ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. რა თქმა უნდა, ამ აღიარებიდან იგი უკან ვერ დაიხევს. რაღა რჩება? რჩება ერთადერთი გამოსავალი: როგორმე აიძულოს საქართველო, მოხსნას აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებული მოთხოვნები და უნდა თუ არა, შეუშვას რუსეთი «მსო»-ში, ანუ გააუქმოს თავისი ვეტო.
        თვით «მსო» მოქმედებს კონსენსუსის პრინციპით: «არაფერი არ არის შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული და არავისთან არ არის შეთანხმებული, სანამ ყველასთან არაა შეთანხმებული».
        თეორიულად შესაძლეებლია (არ არის გამორიცხული საბოლოოდ ასეც მოხდეს), რუსეთი «მსო» -ში მიიღონ ჩვენი თანხმობის გარეშეც: წესდება იმავე ამერიკელების თუ ევროპელების დაწერილია და როგორც უნდათ, ისე «შეკერავენ საქმეს».
        მაგრამ ამაზე, ჯერ-ჯერობით, თვით მოსკოვი არ თანხმდება: რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მედვედკოვმა თქვა კიდეც: «ასეთ მიღებაზე ჩვენ თავად არა ვართ თანახმა, რადგან სამარცხვინოა, რომ ზესახელმწიფო რომელიმე ორგანიზაციაში სამადლოდ, წესდების დარღვევით, გამონაკლისის სახით მიიღონო».
        საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს რა სანქციის გამოყენებაც შეეძლო, ყველაფერი გამოიყენა: 2006 წელს, ქართულ ღვინო-ბორჯომზე, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე ემბარგოს ნამდვილი მიზეზი არა რუსი ჯაშუშების დაპატიმრება, არამედ «მსო»-ს საკითხი იყო. რუსულმა სპეცსამსახურებმა სპეციალურად მოაწყვეს პროვოკაცია ჯაშუშებთან დაკავშირებით, რომლებიც საგანგებოდ იქცეოდნენ ღიად, გამომწვევად, რათა ქართველ კოლეგებს ბოლოს და ბოლოს მოთმინების ფიალა ავსებოდათ და კრემლს საბაბი მიეღო დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ემბარგოს ასამოქმედებლად.
        ამას უკვე თვით რუსი ექსპერტებიც აღაირებენ.
        მაგრამ ძველმა მეთოდებმა არ გაჭრა: ოფიციალურ თბილისს პოზიცია არ შეუცვლია. მაშინ იგივე რუსმა ექსპერტებმა ურჩიეს «ორთავიანს», საქართველოზე ზეწოლა განეხორციელებინა არა პირდაპირ, არამედ ამერიკის მეშვეობით. ამაში არც ცდებიან, რადგან ქართული მხარისთვის მართლაც ძნელია მოკავშირისა და მეგობრის განაწყენება.
        დიმიტრი მედვედევისა და ბარაკ ობამას ბოლო შეხვედრაზე «მსო» - ში რუსეთის მიღება მთავარი თემა გახდა. რუსებმა ეს საკითხი დაუკავშირეს ყევლაფერს, რასთანაც კი შეიძლებოდა დაკავშირება: სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე ახალხანს ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმების რატიფიცირებას; ავღანეთში ამერიკისა და ნატოს ჯარების მომარაგებას რუსეთის ტერიტორიის გავლით; ამერიკული პროდუქციის იმპორტს რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ.
        თანაც, მოსკოვი ამ შემთხვევაში ძალზე ეშმაკურად იქცეოდა: თვით ამერიკასთან მოლაპარაკებები («მსო» - ს საკითხზე) თითქოს დამთავრებული არა აქვს: სპეციალურად დატოვეს სამი ძალზე უმნიშვნელო თემა გადაუწყვეტელი და ღიად თითქოსდა მხოლოდ ამ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.
        საქმე ისაა, რომ პუტინის იმპერიისთვის შეურაცხმყოფელია თუნდაც ერთ საკითხში ისეთ პატარა (მით უმეტეს მის მიერ დამარცხებულ და ოკუპირებულ) ქვეყანაზე დამოკიდებულება, როგორიც საქართველოა. Dდიდ ამერიკაზე დამოკიდებულება კი ველიკორუსთა ეროვნულ ღირსებას და თავმოყვარეობას იმდენად არ ლახავს. ამიტომ, რუსული ტაქტიკა ასეთია: ჯერ ამერიკა აიძულონ, «მიაწვეს» საქართველოს და დაითანხმოს რუსეთის «მსო»-ში შესვლაზე, ხოლო რაკი აქ თავისას გაინაღდებს, მერე ის «სამი უმნიშვნელო საკითხი» ამერიკასთან სულ იოლად გადაწყდება.
        რუსული მედია, რა თქმა უნდა, არაფერს იტყვის იმაზე, რომ საქართველოსთან მოხერხდა შეთანხმება (ამერიკელების დახმარებით), სამაგიეროდ უკვე ამის შემდეგ გამოაცხადებს, რომ «ამერიკასთან მოლაპარაკებებზე დარჩენილი სამი პრობლემა გადაწყდა და რუსეთ-ამერიკამ როგორც იქნა მოილაპარაკეს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის თემაზე».
     
                                                                                                                                                ამერიკის გასაჭირი

        ბოლო დრომდე ამერიკელებიც ეშმაკობდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს ამ თამაშს ვერ ხვდებოდნენ. თუმცა, ბოლოს მაინც მიახვედრეს; რა თქმა უნდა, არც მედვედევი და არც პუტინი ობამას ან კლინტონს პირდაპირ არ ეტყვიან: «საქართველო ხომ დღეს თქვენზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენზე, ამიტომ თქვენც მიაწექით და როგორმე დაითანხმეთ; ამის შემდეგ სტრატეგიულ შეიარაღებაზე შეთანხმებასაც შევიტანთ «გოსდუმაში», ირანის წინააღმდეგ სანქციებსაც გავამკაცრებთ და სამხედრო ტვირთებსაც გავატარებთო».
        მაგრამ ეს ისეთი სქელი «ნამიოკია», ვაშინგტონში უკვე ვეღარც იმას ახერხებენ, თითქოს ვერ ხვდებიან, რა უნდა მოსკოვს. Bბერნსის ინტერვიუ სწორედ ამის მაჩვენებელია. ოღონდ იმასაც დავაკვირდეთ, რომ უილიამ ბერნსს საქართველო იმ ინტერვიუში არც ერთხელ არ უხსენებია. Eესე იგი, ორივე მხარე იმაზეც თანხმდება, რომ თბილისზე ზემოქმედება ფარული უნდა იყოს: არც ერთ მათგანს არ აწყობს, მსოფლიოს უამრავმა პატარა ქვეყანამ შენიშნოს, როგორ რიგდება ორი დიდი სახელმწიფო მათსავით პატარა ქვეყნის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში ხომ მათაც შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები და შიშები ამერიკის გულწრფელობასთან დაკავშირებით?
        ახლა კი ჩავდგეთ ამერიკის პოზიციაში და დავაკვირდეთ, რა სურს ვაშინგტონს: მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ საქართველო ნებაყოფლობით, რუსეთთან რამე სხვა საკითხებზე შეთანხმებით დაიხევდა უკან და მოხსნიდა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ აბსოლუტურად სამართლიან და ლოგიკურ მოთხოვნას.  მაგრამ რას მიიღებს თბილისი მოსკოვისაგან სანაცვლოდ? ღვინისა და ბორჯომის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე? – არ დაიჯეროთ! როგორც კი მოსკოვი «მსო»-ს წევრი გახდება, ძაღლთაპირი ონიშჩენკო მაშინვე დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას და ისევ «აღმოჩენს» ქართულ ღვინოსა და ბორჯომში მავნე მინარევებს.
        აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი რუსეთი კვლავ მილსადენ წყალს სვამს (და არა მაღაზიაში ნაყიდს, როგორც დასავლეთში), მაგრამ «ვოდოპროვოდნაია ვოდაში» ონიშჩენკო მავნე მინარევებს ვეღარ პოულობს - ფრანგული ტექნოლოგიით ჩამოსხმული ქართულ ბორჯომისგან განსხვავებით.
        ვერანაირი შეთანხმება ვერ აიძულებს და ვერ გაითვალისწინებს, რომ «ონიშჩენკოს აეკრძალოს მავნე ნივთიერებების ძებნა ქართულ ღვინოში». რას ერჩით? – კაცი მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს! ოღონდ მათი «ჯანმრთელობა» კრემლში მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ბელორუსის, საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას დასჯაა საჭირო. სანამ არ სჭირდებათ – რუსებს თუნდაც «ფეკალური მასები» უსვამთ: «ორთავიანს» ეს სულაც არ აღელვებს.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორც კი მოსკოვი «მსო»-ს წევრობას გაინაღდებს, ყველა შეთანხმებას მაშინვე დაარღვევს და საქართველო ამ თანხმობით რუსეთისგან ვერაფერს მიიღებს.
        ვაშინგტონმა კი შეიძლება დამატებითი დახმარება შემოგვთავაზოს, ახალი დონორთა კონფერენცია მოიწვიოს, კიდევ 1 მილიარდი დოლარი გამოყოს (რუსეთში ჩვენი ექსპორტის ოდენობა სულ 250 მილიონი იყო – ავტ) და სხვა მეთოდით იყიდოს საქართველოს თანხმობა.
        მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება ამაზეც არ დათანხმდა? მაშინ ამერიკას მართლაც რჩება ერთადერთი: რაიმენაირად «დააწვეს» სააკაშვილის ხელისუფლებას და მაინც აიძულოს იგი, უნდა თუ არა, აუნთოს «მწვანე შუქი» რუსეთს.
        ზეწოლის ბერკეტები კი, იცოცხლე, ამერიკას რუსეთზე ბევრი აქვს: დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით (ესე იგი საქართველოს ბიუჯეტის სპონსორობით) – მმართველი პარტიის მოწინააღმდეგე ოპოზიციის მხარდაჭერამდე.
        ასეთი რამ ყველა დიდი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში «მოსულა». სხვა საქმეა, ამას ვაშინგტონი რამდენად «იკისრებს», რადგან ისევ და ისევ, მის ქმედებებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან მთელ მსოფლიოში; ხოლო 2008 წლის მარცხმა სერიოზულად შელახა ზესახელმწიფოს პრესტიჟი. ახლა მეორედ საქართველოში მარცხი, მით უმეტეს პატარა მოკავშირეზე ზეწოლა (იმ მტრის მოთხოვნით, რომელიც 2008 წელს აცხადებდა «ამერიკის ერა დამთავრდაო»), კიდევ უფრო შელახავს მის ავტორიტეტს.
        სად არის გამოსავალი ჩვენთვის? Gგამოსავალი მხოლოდ ერთია: პატარა ქვეყანა მთელ მსოფლიოს ვერ დაუპირისპირდება. ეს გამორიცხულია! თუ მთელმა დასავლეთმა გადაწყვიტა (ასეთი პირი უჩანს) რუსეთი «მსო»-ში მიიღონ, ეს ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით მაინც მოხდება.
        ქართველი დიპლომატების ხელოვნება ის იქნება, თანხმობა რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ. მაგალითად, რუსეთმა გახსნას ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, ოღონდ ამ დაპირების შესრულების გარანტია გახდეს რუსული კომპანიების ქონება საქართველოში.
        მთლიანობაში ეს ქონება (2004-2008 წლებში პრივატიზებული) ბევრად მეტი ღირს, ვიდრე რუსეთში ჩვენი ღვინის, ბორჯომის თუ სოფლის მეურნეობის ექსპორტია. 

2010