თბილისს, ალბათ, გრაფიკისთვის ამზადებენ

თბილისს, ალბათ, გრაფიკისთვის ამზადებენ

      

        გუშინ თბილისის უდიდეს ნაწილში «დენი არ იყო» თითქმის მთელი დღის განმავლობაში. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, «შუქი მოვიდა», დაახლოებით 19 საათისთვის იმ «ცდომილი სიზუსტით», რომელიც გვაეჭვებს, რომ საქმე გვაქვს არა რაიმე ლოკალურ ავარიასთან, არამედ გრაფიკის შემზადებასთან. ჯერჯერობით, არავინ იცის, 6-საათიანი იქნება ეს გრაფიკი თუ 8-საათიანი. მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ წლევანდელი საქართველო შარშანდელ უბედურებას ვეღარ გადაიტანს (ჯერ ნოემბერიც არ დამდგარა!) და კიდევ უფრო გამძაფრდება დღემდე არადეკლარირებული სურვილი «ენერგობოსებთან» ანგარიშსწორებისა.
        თუ იმ ჩინოსანთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა, ძარცვავდა და აჩანაგებდა საქართველოს ენერგეტიკას (უპირველესად, ელექტროენერგეტიკას, თუმცა, არა მხოლოდ) დამნაშავეთა საკმაოდ ვრცელი სია გამოვა. იმედი ვიქონიოთ, საქმე საბოლოოდ მართლაც ანგარიშსწორებამდე არ მივა, მით უმეტეს, რომ, ჯერ-ჯერობით, ღვთის წყალობით, ქართული ენერგეტიკის ორივე მითოსური ბუმბერაზი (მე-9 და მე-10 ენერგობლოკები) ნორმალურად მუშაობს. მაგრამ ვითარება მაინც უფსკრულის პირას «ბალანსირებს». ენერგობოსთა კამარილია იმ ჯამბაზს ჰგავს, სამკვდრო-სასიცოცხლო ტრიუკს რომ ასრულებს ბაგირზე და წონასწორობას იცავს - ეს წონასწორობა კი არც ერთ მხარეს არ უნდა დაირღვეს.
        კიდევ კარგი, «ეი-ი-ეს თელასმა» წასვლა გადაიფიქრა, თორემ მომავალ ზამთარს შესაძლოა, საერთოდ აპოკალიფსი დამდგარიყო თუ რუსეთმა ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტა (არადა, ამის ალბათობა საკმოად მაღალია), ერთადერთ იმედად რჩება ელექტროენერგიის სომხეთში შესყიდვა. ამის შნო და უნარი კი მხოლოდ ამერიკულ კომპანიას აქვს.
        რაც შეეხება ტარიფის მატებას, რატომღაც მოსახლეობას უმალავენ, რომ 12 თეთრიდან «ეი-ი-ეს-ის» კუთვნილი 7 თეთრია. დანარჩენი კი - სახელმწიფოსი. უფრო ზუსტად, ქართული მხარის. კიდევ უფრო ზუსტად, იმ კოალიციის, ვინც გვარიანად მოითბო ხელი 1996-2000 წლებში «ელექტროენერგიის იმპორტით». რასაკვირველია, სათანადო პროცენტებში მათი წილიც «ღირსშესანიშნავია».
        ერთობ მახვილგონივრული ოპერაცია გამოუვიდათ: შემოჰქონდათ თბილისში ელექტროენერგია «მესამე-მეხუთე ქვეყნებიდან» ერთობ მაღალი პროცენტით (ტარიფზე რომ აღარაფერი ვთქვათ) და იმ, არცთუ უსაფუძვლო იმედით, რომ ამერიკელები (ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, იაპონელები) იმდენად იდიოტები აღმოჩნდებოდნენ, ბოლოს და ბოლოს იყიდდნენ «თელასს», დააბანდებდნენ ასეულობით მილიონ დოლარის ინვესტიციას, ააწყობდნენ დისტრიბუციის სისტემას, მოაწესრიგებდნენ აღრიცხვას და, «თავის თანხასთან» ერთად, იმავე სისტემით «ამათ» თანხასაც ამოიღებდნენ.
        სხვათა შორის, ეს ხალხი ყველაზე მეტს წუწუნებს, ინვესტიცია არ დასტურდებაო, ვინაიდან 225 მილიონი დოლარიდან 20 (თუნდაც 30) მილიონი თუ საკამათოა (ესეც გასარკვევია), დანარჩენი 200 მილიონი დოლარი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ანუ საქართველოს რეალური ბიუჯეტის ნახევარი! ამის შემდეგ სწორედ იმ გაიძვერებს, ვინც, ვითომდაც, «მოსახლეობის სოციალური გაჭირვებით გულდათუთქულნი», წლების განმალვობაში უფასოდ (სახელმწიფოსთვის უფასოდ) აწვდიდნენ ელექტროენერგიას არაგდამხდელს, ენა მაინც უტრიალდებათ იწუწუნონ, ინვესტიციის ამოგება მოსახლოების ხარჯზე არ უნდა ხდებოდესო და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დისპეტჩერიზაცია-ელექტროგადაცემის პრივატიზებას.

დილის გაზეთი, 30 ოქტომბერი, 2001 წ.