ჩინეთი ეპოქათა ზღვარზე

ჩინეთი ეპოქათა ზღვარზე

2024 წლის 13 იანვარს,  ტაივანში ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

ამ კენჭისყრას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთ-დასავლეთის ურთიერთობისთვის; მაშასადამე მთელი მსოფლიოსთვის და არ არის გამორიცხული, „შემობრუნების წერტილადაც“ კი იქცეს (Turning point) ჩინეთის უახლეს ისტორიაში.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო, სახელად „ტაივანი“ არ არსებობს! ეს პირობითი სახელწოდებაა იმ კუნძულის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელზეც მდებარეობს....„ჩინეთის რესპუბლიკა“

ამ სახელმწიფოს ოფიციალურად ეწოდება „ჩინეთის რესპუბლიკა“, რაც განასხვავებს მას დიდი ჩინეთისგან, ანუ კონტინენტური ჩინეთისგან, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“.

ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია: ტაივანზე მოარული „მეგა-ნარატივის“ შესაბამისად, რომელსაც იზიარებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სწორედ „ჩინეთის რესპუბლიკაა“ – „ნამდვილი ჩინეთი“, ხოლო ის, რასაც ეწოდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, ამ მეგა-ნარატივის თანახმად არის „კომუნისტი უზურპატორების მიერ დროებით (!) დაპყრობილი ტერიტორია“

აღწერილი „მეგა-ნარატივი“ ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჩინეთში (კონტინენტურ ჩინეთში) დასრულდა სამოქალაქო ომი. დასრულდა იგი კომუნისტების გამარჯვებით (რაშიც მოსკოვმა, პირადად იოსებ სტალინმა, რასაკვირველია, დიდი წვლილი შეიტანა), ხოლო ანტიკომუნისტურ ძალთა ლიდერი, გენერალისიმუსი ჩან კაიში იძულებული გახდა თავის პარტია „გომინდანთან“ ერთად გადასახლებულიყო ტაივანზე და იქ გამაგრებულიყო.
         ამრიგად, არსებობენ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“ და „ჩინეთის რესპუბლიკა“. ორივე მათგანის „მეგა-ნარატივია“:
„ჩვენ ვართ ნამდვილი ჩინეთი - ის მეორე წარმონაქმნი კი უზურპირებულია“.

არავითარი სერიოზული  (!) ეთნიკური, ენობრივი მენტალური, კულტურული სხვაობები კონტინენტურ ჩინელებსა და ტაივანის ჩინელებს შორის, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. როგორც მაგალითად რაჭველებსა და კახელებს შორის;

 ეთნოგრაფიული სხვაობები არის, მაგრამ მათ ვერ ვუწოდებთ სერიოზულს.

აქედან გამომდინარეობს მეორე არსებითი გარემოება, რაც საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი: არა მხოლოდ ჩინეთი არ ცნობს ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ.....თვით ტაივანი, ანუ „ჩინეთის რესპუბლიკა“ არ აცხადებს დამოუკიდებლობას!

არც ოდესმე გამოუცხადებია და ეს სინამდვილეში არ არის გასაკვირი თუ ისევ და ისევ გავითვალისწინებთ მეგა-ნარატივს: „ჩვენ ვართ ნამდვილი ჩინეთი“.

ანუ ტაივანელი პოლიტიკოსები ამბობენ: „როგორ შეიძლება ჩინეთმა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა ჩინეთისგან?! საკუთარი თავისგან ხომ არ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას“.

 

ჩინეთსა და ტაივანს ანუ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა“ და „ჩინეთის რესპუბლიკას“ შორის მიმართება აღიწერება მეორე ფორმულით, რასაც ასევე იზიარებენ როგორც კონტინენტზე, ასევე კუნძულზე: „ერთი ერი, ორი სისტემა“. ოღონდ აქ არის თითქოსდა მცირე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან არსებითი ნიუანსი: თუ კონტინენტზე ამბობენ: „ერთიანი სახელმწიფო ორი სისტემა“, ტაივანზე ამბობენ სხვანაირად: „ერთი ჩინეთი, ორი სისტემა“.

ანუ ერთ შემთხევვაში თუ არის „ერთი ერი, ორი სისტემა“ (ტაივანი), მეორე შემთხვევაში „ერთი სახელმწიფო ორი სისტემა“ (კონტინენტური  ჩინეთი) რაც სხვადასხვა ფილოსოფიის გამომხატველია!

 ამით „კონტინენტური ჩინეთი“ ადასტურებს, რომ მზადაა განიხილოს ტაივანი იმავე რაკურსში, როგორც ჰონ-კონგი, რომელიც 1997 წელს, დიდი ბრიტანეთის 99 წლიანი მმართველობის შემდეგ დაუბრუნდა ჩინეთს.

 

აქვე, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მმართველობა ჰონ-კონგში დამყარდა 1898 წლის პეკინ-ლონდონის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაც ჩაიწერა, რომ 99 წლის შემდეგ ეს ტერიტორია ჩინეთს დაუბრუნდებოდა.

1984 წელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა პეკინთან მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას, რომ ჰონ-კონგი დაუბრუნდებოდა ჩინეთს 1997 წელს, ოღონდ.....პეკინი „ხელს არ ახლებდა იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ“ ფორმაციას, ანუ პირობითად თუ ვიტყვით, ჰონ-კონგი დარჩებოდა საბაზრო ეკონომიკის ტერიტორიად.

ეს პირობა პეკინმა პირნათლად შეასრულა.

საქმეც ის გახლავთ, რომ ტაივანთან დაკავშირებით ასეთი „საერთაშორისო ჩარჩო“ არ არსებობს: განყენებულად არსებობს „ჰონ-კონგის“ პრეცედენტი, რასაც ტაივანზე არსებული პოლიტიკური ძალები და კონტინენტური ჩინეთის ხელისუფლება იყენებენ როგორც არგუმენტს, მაგრამ დღეს ამერიკას არ შეუძლია შეასრულოს ტაივანის მიმართ იგივე როლი, რაც დიდმა ბრიტანეთმა შეასრულა ჰონკონგის მიმართ 1984 წელს.

მაშასადამე თუ ყველაფერი არა, ბევრი რამ  გადაწყდება უშუალოდ ტაივანის დემოკრატიული პროცესით, არჩევნებით და ჩინეთ-ტაივანის პარადიგმის ფარგლებში, რაშიც აშშ-ს რასაკვირველია უდიდესი როლი ეკისრება, ოღონდ.....ამერიკას არასდროს უცნია ტაივანის დამოუკიდებლობა ჩინეთისგან! თუნდაც იმიტომ, რომ  ტაივანს არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა და თავს მიჩნევს არა „ჩინეთის ნაწილად“, არამედ „ნამდვილ ჩინეთად“

ეს ურთიერთობა და მიმართებები სავსებით თავსდება „დე-ფაქტო“ და „დე-იურე პარადიგმის ფარგლებში: ამერიკა დე-ფაქტო აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას იმით, რომ ყველანაირად ეხმარება, აქვს ურთიერთობა პეკინის მიუხედავად, აიარაღებს, უხსნის ბაზრებს, აძლიერებს, მაგრამ „დე-იურე“ არ ცნობს.

ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა დასავლურ ქვეყნებსაც. ყველა მათგანი ვაჭრობს ტაივანთან და საკმაოდ წარმატებულადაც, რაკი ტაივანი მაღალგანვითარებული, ტექნოლოგიური სახელმწიფოა (დე-ფაქტო), ოღონდ საკმარისი იყო ლიტვას, მაგალითად, ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა (!) გაეხსნა ვილნიუსში რომ პეკინმა მრისხანედ შეუღრინა - „წარმომადგენლობა“ უკვე „დე-იურე“ პარადიგმაა და არა „დე-ფაქტო“~

მეორეს მხრივ, ჩინეთ-ტაივანის, ანუ ფაქტობრივად „ჩინეთ-ჩინეთის“ ესე იგი „ორი ჩინეთის“ ურთიერთობა გარკვეულწილად ჰგავს ჩრდილო კორეასა და სამხრეთ კორეას მიმართებას:

ჩრდილო და სამხრეთ კორეა თავს თვლიან „ნამდვილ კორეად“, რომლის ერთი  ნაწილი „ოკუპირებულია მტრის მიერ“.

ჩრდილო კორეაში მიღებული ნარატივით, სამხრეთ კორეა ოკუპირებულია აქვს აშშ-ს, ხოლო სამხრეთ კორეა თვლის, რომ ჩრდილო კორეის „საოკუპაციო რეჟიმი“ ჩინელი ოკუპანტების „ხიშტებზე დგას“.

ასევე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართება ცივი ომის დროს.

თუმცა იმ განსხვავებით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გერმანელი სოციალ-დემოკრატების (უპირველესად ვილლი ბრანტის) იდეების შესაბამისად, ოფიციალურად ცნობდა გერანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას „აღმოსავლური პოლიტიკის“ ფარგლებში.

დრომ დაამტკიცა, რამდენად ბრძნული და შორსმჭვრეტელური, ტექნოლოგიურად, სტრატეგიულად დახვეწილი იყო ეს პოლიტიკა, რამაც შექმნა წინაპირობები საბოლოოდ გერმანიის გაერთიანებისთვის 1990 წელს.

რაც შეეხება ტაივან-ჩინეთს, მათი მასშტაბი მეტისმეტად განსხვავებულია, რათა პირდაპირი ანალოგია იყოს შესაძლებელი. ანუ გფრ და გდრ მასშტაბით „შედარებადნი“ იყვნენ. ასევე „შედარებადნი“ არიან ჩრდილო კორეა და სამხრეთ კორეა, ხოლო.....მილიარდნახევრიანი ჩინეთი და  25 მილიონიანი ტაივანი სხვადასხვა „წონითი კატეგორიაა“!

 შეუდარებლად.

 

თუმცაღა  One nation two systems კონცეპტი ამუშავდება თუ არა ამ შემთხვევაშიც, დიდწილად იქნება  დამოკიდებული სწორედ იმ არჩევნებზე და მათ შედეგზე, რაც ტაივანში გაიმართება რამდენიმე დღის შემდეგ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ ტაივანია განმსაზღვრელი: ჩინეთმა დიდი ხნის წინ აღიარა One State  two systems, როდესაც ჰონკონგი შემოიერთა ამ პირობით. აი ტაივანი კი ჯერ ოფიციალურად არ აღიარებს. ყოველ შემთხვევაში მმართველი პარტიის დონეზე.

ამიტომაცაა ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი:

 

მასში მონაწილეობას იღებენ მმართველი „დემოკრატიული პროგრესისტული პარტია“ და მისი კანდიდატი ლაი ცინდე, პარტია „გომინდანი“ (რომელმაც თავის დროზე შექმნა ტაივანი) და მისი ლიდერი ჰოუ უი და ტაივანის სახალხო პარტია, მისი ლიდერი კე ვენცჟე

რთულმა ჩინურმა სახელებმა რომ არ დაგვაბნიოს (არა მგონია ეს არსებითი იყოს) ალბათ საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ არსებობს „სახელისუფლებო პარტია“ და არსებობს `ორპარტიული ოპოზიცია~ ანუ ორი ოპოზიციური პარტია.

გამოკითხვების თანახმად, სახელისუფლებო კანდიდატი უსწრებს ცალ-ცალკე ორივე ოპოზიციურ კანდიდატს, მაგრამ......თუ ეს ორი ოპოზიციური კანდიდატი მოილაპარაკებს, ერთ-ერთი მოხსნის კანდიდატურას და დასჯერდება ვიცე-პრეზიდენტობას (რთულია, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია), მაშინ „გაერთიანებული ორწევრიანი ოპოზიციური კანდიდატი უგებს სახელისუფლებო კანდიდატს ამ არჩევნებზე და  იკავებს პრეზიდენტის პოსტს.

ასევე, მმართველი დემოკრატიული პროგრესისტული პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ცალ-ცალკე მეტ ხმას იღებს, ვიდრე ორი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ჯამურად მათ შეიძლება შექმნან უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.

თუ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ კონფიგურაციით, 13 იანვრის არჩევნებზე იმარჯვებს ხელისუფლება, მაშინ ტაივანი ანუ „ჩინეთის რესპუბლიკა“ აგრძელებს ამჟამინდელ კურსს, ესე იგი კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირდება დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არ აცხადებს დამოუკიდებლობას, თუმცა აქვს „ცივი, პრაგმატული“ ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

ხოლო თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს (ესე იგი „გომინდანი“ და „სახალხო პარტია“), მაშინ „ერთი სახელმწიფო ორი სისტემა“ კონცეპტი მეტ შანსს იძენს, რადგან დენ სიაოპინის მიერ 1980-იანი წლებიდან ჩატარებულმა რეფორმებმა, (პირობითად) „კაპიტალიზმის“ დამყარებამ ჩინეთში, თანდათან  გამოიწვია  ანტიკომუნისტური რესენტიმენტისა და მეგა-ნარატივის ეროზია ტაივანზე: დღევანდელი ჩინეთი, მისი ეკონომიკური სისტემა და 1949 წლის მაო ძედუნის ჩინეთი ხომ ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან?

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაო ძედუნის ჩინეთი მსოფლიო მაჩანჩალა იყო, ხოლო დენ სიაოპინის ჩინეთი სწრაფად განვითარებადი, ძლიერი, ლიდერი სახელმწიფოა, რაც არ შეიძლება არ მოქმედებდეს ტაივანში მცხოვრებ ჩინელთა ეროვნულ გრძნობებზე.

აკი მოგახსენეთ, ისინი „ჩვეულებრივი თავანკარა  ჩინელები“ არიან ძალიან მცირე ეთნიკური განსხვავებებით.

ამრიგად, ოპოზიციის შესაძლო გამარჯვება თითქოსდა ქმნის თეორიულ წინაპირობებს, რათა 1984 წლის ბრიტანულ-ჩინური პაქტის მსგავსად (ჰონ-კონგის თაობაზე), ახლაც გაფორმდეს რაღაც მსგავსი „პაქტი“ ამერიკასა და ჩინეთს შორის იმავე ფორმულით „One state two systems“ და იმ დათქმით, რომ კი ბატონო, ტაივანი იქცეს ჩინეთის სახელმწიფოს ნაწილად, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩინეთი იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ხელს არ ახლებს.

ოღონდ....ამერიკას ამგვარი პაქტის გაფორმება ძალიან გაუჭირდება. ბევრად მეტად ვიდრე ბრიტანეთს 1984 წელს.

იმიტომ, რომ წარმოიშობა ღირებულებითი კოლიზია: მას შემდეგ, რაც ჰონ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, პეკინმა, მართალია, ხელი არ ახლო სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ჰონ-კონგში დაამყარა იგივე ავტოკრატიული, არადემოკრატიული სისტემა, რაც მთელს ჩინეთში.

მაშასადამე, One state two systems მიდგომამ იქ იგულისხმა ორი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის თანაარსებობა და არა მაგალითად „ბრიტანული სამართლის“  თუ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება ჰონ-კონგში, სადაც ამ საფუძველზე მნიშვნელოვანი მღელვარება დაიწყო, რადგან ჰონ-კონგელები ავტოკრატიას მიჩვეულნი არ იყვნენ და ახალგაზრდობას, განსაკუთრებით, არ სურდა მასთან შეგუება.

არც ახლა სურს, თუმცა პეკინმა გამოსვლები მკაცრი ხელით აღკვეთა.

 

უეჭველად იგივე იქნება ტაივანზეც: კი ბატონო, პეკინი ეკონომიკას „ხელს არ ახლებს“, მით უმეტეს, რომ ჩინეთი თავადაც მართვადი საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფოა, მაგრამ დემოკრატიას ტაივანზე არ შეურიგდება, რათა შემდეგ ამ „დემოკრატიული ვირუსის“ გავრცელება არ დაუშვას მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე. ასეთი მოტივაცია მოქმედებდა ზუსტად ჰონ-კონგში.

ვიმეორებ: ეს ამერიკისთვის ღირებულებითი საკითხია და რაკი აშშ პოზიციონირებს როგორც დემოკრატიის მცველი მთელს მსოფლიოში (დიდი ბრიტანეთი ასე არ პოზიციონირებდა და მისი  მეგა-ნარატივი ეს არ ყოფილა) ამერიკისთვის ძალიან მტკივნეულია  ტაივანის დემოკრატიის დამხობა: ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება შეფასებული მთელს მსოფლიოში, როგორც ამერიკის დიდი მარცხი!

ამასთან დაკავშირებიტ აბა გავიხსენოთ აშშ კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის სენსაციური, კარგი გაგებით პროვოკაციული ვიზიტი ტაივანზე რამდენიმე თვის წინ.

და.....ბოლოს და ბოლოს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჰონ-კონგსა და ტაივანს შორის არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური სხვაობა:  ჰონ-კონგი იყო მაღალგანვითარებული ეკონომიკა, სავაჭრო ლოკაცია, მოხერხებული პორტი, თუმცა „ტექნოლოგიური ლიდერი“ არ ყოფილა ინდუსტრიული თვალსაზრისით. აი ტაივანი კი ტექნოლოგიურად, ინდუსტრიულად არათუ რეგიონის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია; მაგალითად მიკრო-ჩიპების წარმოებაში.

განა იოლი იქნება ამერიკისთვის შეურიგდეს იმას, რომ ეს მაღალგანვითარებული, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია ჩინეთის „კონკურენტი ზესახელმწიფოს“ ნაწილი გახდეს?

ამდენად, მაღალი ალბათობით, ამერიკა ყველანაირად შეეცდება (თუმცა ამის აფიშირების გარეშე), რომ შეინარჩუნოს სტატუს-ქვო ტაივან-ჩინეთის ურთიერთობებში.

სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტი პეკინში, სადაც მხარეებმა მოილაპარაკეს „თამაშის  წესებზე“ ტაივანის მიმართ: „გადაწყვიტონ ტაივანელებმა!“

ამერიკამ მკაცრად აუკრძალა ჩინეთს ძალის გამოუენება. არადა პეკინში ეს აზრი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა გარკვეულ სახელისუფლებო წრეებში

 

პეკინს თამაშის ასეთი  წესი ხელს აძლევს: ჩინური ელიტები ხედავენ, რომ ის, რაც 50 წლის წინ აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა და რაც ტაივანზე არც კი განიხილებოდა ჩინეთთან მიმართებაში, ანუ „One state two systems“ და ტაივანის ინტეგრაცია ჩინეთთან ამა თუ იმ პირობით, დღეს უკვე ლეგიტიმური შიდა-პოლიტიკური დისკურსია და ტაივანის ორივე მსხვილი ოპოზიციური პარტია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რადგან....ეს პროექტი დღეს  მისაღებია ტაივანელთა დიდი ნაწილისთვის. შესაძლოა არა უმრავლესობისთვის ჯერ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მაინც.

„ჩინური ცივილიზაციის მთლიანობა“ ნებისმიერი ჩინელისთვის უდიდესი ღირებულებაა.

ისევე, როგორც „კორეული ცივილიზაციის მთლიანობა“ - ნებისმიერი კორეელისთვის.

თავის დროზე ასევე მნიშვნელოვანი იყო ეს ჰონ-კონგელებისთვის, რაც იგრძნობოდა კიდევ მაგალითად, ბრიუს ლი-ს ჰოლივუდურ ფილმებში, რომელიც წარმოშობით ჰონ-კონგელი იყო.

 „ძირეულ ჩინელებს“,  ჰონ-კონგელებს და ტაივანელებს (ისევე, როგორც ჩრდილო და სამხრეთ კორეელებს) აერთიანებთ ანტიიაპონური რესენტიმენტები.

თუ არაპოლიტკორექტულად ვიტყვით, ტაივანელებისთვისაც და ძირეული ჩინელებისთვის, ისევე როგორც ჰონკონგელებისთვის, მოუშუშებელია (და ალბათ საუკუნეობით არ მოშუშდება) მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა საზარელი მხეცობებით მიყენებული ჭრილობა და ისტორიული ტრავმა.

იაპონელები ჩინელებს მასობრივად სძულთ ამის გამო! ტაივანზე ისევე, როგორც ჰონ-კონგში და „კონტინენტურ ჩინეთში“

 

ამრიგად, მომავალი არჩევნები მართლაც „ეპოქალური“ შეიძლება გახდეს ამ დიადი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ჩინეთი შეიძენს კიდევ უფრო გაძლიერების და გამთლიანების შანსს, რაც......თუ გულწრფელად და არაპოლიტკორექტულად ვიტყვით,  საეჭვოა დასავლური ცივიზილიზაციისთვის ხელსაყრელი იყოს თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რასაც ჩინეთი ასრულებს დღევანდელ მსოფლიოში; განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.  

 

ნაწილი II

 

გაიღვიძებს თუ არა მძინარე გოლიათი?

. . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის იმპერატორმა, ნაპოლეონ I ბონაპარტემ თქვა ჩინეთზე საოცრად წინასწარმეტყველური ფრაზა: „ჩინეთი მძინარე გოლიათია და თუ გაიღვიძა, მსოფლიოს შეაზანზარებს“.

ეს ითქვა იმ ეპოქაში, როცა ევროპულ ელიტებში ცოტამ თუ იცოდა საერთოდ ჩინეთის რაობა და მის არსებობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ; რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაპოლეონი გენიოსი იყო: მან არა მხოლოდ ჩინეთის არსებობა იცოდა, არამედ მისი იმანენტური ბუნებაც გამოიცნო: „მძინარე გოლიათი და თუ.....“

ჩინეთი არასდროს, არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ათასწლეულში არ ყოფილა ექსპანსიონისტური სახელმწიფო;

ასეთი იყო (!) მისი ბუნება, ვიმეორებ, ათასწლეულთა განმავლობაში:

თავად ხშირად ყოფილა აგრესიის (მაგალითად XIIIს. მონღოლთა, ჩინგიზ ყაენის აგრესიის, XX საუკუნეში კი იაპონიის აგრესიის) ობიექტი, მაგრამ რეგიონულ, მით უმეტეს გლობალურ დომინირებაზე პრეტენზია არასდროს განუცხადებია;

ოღონდ იმ ეპოქის თავისებურება, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ ის არის, რომ განვითარების კვალობაზე ჩინეთი იძულებულია (!) გადააფორმატიროს საკუთარი იმანენტური ბუნება, რაკი ცდილობს იქცეს „თანასწორუფლებიან აქტორად“ მსოფლიო სცენაზე.

 

„კონკურენტუნარიანობა“, როგორც ფენომენი და  აქტუალური პროცესი, ბუნებრივად გულისხმობს დომინაციისკენ სწრაფვას: სხვაგვარად კონკურენტუნარიანობასაც ვერ შეინარჩუნებ.

ასეთია პოლიტიკის, უფრო ზუსტად გეო-პოლიტიკის ბუნება.

აბა გავიხსენოთ კლასიკური მაგალითი: სსრკ არსებობის ბოლო წლებში, უკვე გორბაჩოვის დროს, საბჭოთა კავშირმა უარი თქვა „კაპიტალიზმის დამარხვის და ისტორიის მოუსავლეთში გასტუმრების“ დიდ გეგმებზე, რაც ლენინმა და სტალინმა ჩამოაყალიბეს, ესე იგი უარი თქვა zero sum game -ზე (თამაში ნულოვანი ჯამით), ამით  უარი თქვა დომინაციისთვის ბრძოლაზე, მოინდომა ყოფილიყო „უბრალოდ კონკურენტუნარიანი, თანაბარი აქტორი მსოფლიო ასპარეზზე“ და....მოისპო, განადგურდა, თავად ჩაიძირა ისტორიულ მოუსავლეთში.

ასევე ჩინეთი: XXI-XXII საუკუნეებში თუ მან არ იბრძოლა გლობალური დომინაციისთვის და „უბრალოდ კონკურენტუნარიანობა“ სცადა, აუცილებლად განადგურდება - ასეთია გეოპოლიტიკის ბუნება.

 

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი თემისა „ჩინეთი ეპოქათა ზღვარზე“ ის არის, რომ ამ დიდი და მაღალკულტუროსანი (უდავოდ) სახელმწიფოს იმანენტური ბუნების შეცვლა გარდაუვალი ხდება იმ ეპოქაში, როდესაც რუსეთი ცდილობს აღდგეს, როგორც ევროპული (როგორც მინიმუმ) ზესახელმწიფო და უკრაინაში აგრესიის ფონზე მიმდინარეობს  1945 წლის იალტა-პოტსდამის ევრაზიული და გლობალური უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის „გადაფორმატირებაც“.

შესაბამისად, თუკი ამჯერად ჩინეთზე ვსაუბრობთ, მის ელიტებს ორი ურთულესი ამოცანის გადაჭრა მართებთ:

ერთის მხრივ, ჩინეთის ისტორიული ევრაზიული ფუნქციის და ბუნების შეცვლა, მეორეს მხრივ ვაშინგტონი-მოსკოვი-პეკინის „სამკუთხედში“ საკუთარი ადგილის პოვნა და მისი გამოყენება ისევ და ისევ დომინაციისთვის საბრძოლველად.

ხსენებული გეოპოლიტიკური სამკუთხედის“ რუსულ „წვეროს“ თითქოს მოუარა, პუტინის რუსეთი „ქვემდებარე სახელმწიფოდ“ აქცია, მაგრამ ვაშინგტონის მიმართ ამდენად უკომპრომისო ჯერ ვერ არის.

როგორც ცნობილი ჩინოლოგი პაატა ჩეკურიშვილი აღნიშნავდა ერთ-ერთ პუბლიკაციაში, ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობისა და ელიტური ოპოზიციის გაძლიერების პირობებში (საკმარისია გავიხსენოთ ჩინეთის თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის „გაქრობა“-დ) სი ძინპინი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ შეიძლება გაურიგდეს დასავლეთს, „ხურდაში დაუბრუნოს“ ქვემდებარე პუტინი“ და ამით გამოივაჭროს მორიგი ეკონომიკური თუ საინვესტიციო პრეფერენციები ვაშინგტონისგან“, რათა „გადაფაროს ტაივანის ვერდაბრუნება“.

მართლაც: შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ჩინური ოფიციოზი პირდაპირ ემუქრებოდა ტაივანს, თუმცა ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტმა მნიშვნელოვანი მანევრები მოაწყო და ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.

მეორეს მხრივ, როგორც პაატა ჩეკურიშვილი მართებულად აღნიშნავს ჩრდილო კორეის მიერ სამხრეთ კორეის კუთვნილი კუნძულის დაბომბვის კომენტირებისას: „ჩრდილოკორეული კიმების რეჟიმი - სამხრეთ კორეის  მიმართ პეკინთან შეთანხმების გარეშე არაფერს აკეთებს“.

გასულ შაბათს მომხდარი ეს სერიოზული სამხედრო ინციდენტი ამჟამინდელი  „სამწვეროვანი“რეალობის მკაფიო ილუსტრაციაა;

 დავაკვირდეთ:

პეკინი „მწვანე შუქს“ უნთებს ჩრდილო კორეას, გააძლიეროს აგრესია სამხრეთ კორეის, მაშასადამე ამერიკის მიმართ, იმავდროულად პუტინი ჩრდილო კორეისგან, საერთაშორისო სანქციათა დარღვევით, ყიდულობს (!) ბალისტიკურ რაკეტებს, ხოლო ჩინეთი ვერ ბედავს ბოლომდე „გაუხსნას“ ჩინური ბანკების კარი პუტინს, რაკი ვაშინგტონის ანტისაბანკო სანქციების ეშინია.

ეს ძალიან მერყევი წონასწორობაა, რომელიც სულ ადვილად შეიძლება დაირღვეს იმ ვითარებაში, როცა პეკინი იძულებულია იბრძოლოს დომინაციისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ წონასწორობის სწრაფი და გამოუსწორებელი დარღვევაც არ აძლევს ხელს დაუყოვნებლივ, რაკი დასავლეთზე ჯერ კიდევ დიდწილად არის დამოკიდებული.

 

მთავარი დახმარება, რასაც ამჟამად სი ძინპინის ჩინეთი უწევს პუტინს, ჩრდილო კორეული რაკეტების მიწოდება კი არ არის, არამედ ცხოვრების „ნორმალურობის“ ილუზიის შექმნაა, რაც კრემლის ბინადარისათვის ახლა (მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც იცით, დასავლური სანქციების რამდენიმე ტალღის განმავლობაში, რუსეთი დატოვეს დასავლურმა ინდუსტრიებმა: მანქანათმშენებლობიდან, -  ტანსაცმლისა და ავეჯის წარმოებამდე. პუტინმა ეს ინდუსტრიები დაუყოვნებლივ ჩაანაცვლა ჩინური ფსევდოანალოგებით, რომლებიც რასაკვირველია არ არის ძველი ხარისხისა, მაგრამ რუს „ობივატელს“ უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის ომი „შორეული ომია“, ანუ მას არ შეეხება, ის ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას ესე იგი  მისი  „ცხოვრების წესი“ ურღვევი იქნება.

აი კონკრეტული მაგალითი: ელიტური ავტომობილების 99% რუსეთში ჩინეთიდან შედის. დასავლეთი ამას ვერ უმკლავდება; არის სანქციები თუ არა - რუსები ვერ გრძნობენ.

აქ იგულისხმება „ელიტური რუსები“, რომლებსაც სურთ შეიძინონ „ლამბორჯინი“ ან „ბუგატი“. აღარაფერს ვამბობ თვით ჩინეთში წარმოებულ დასავლურ მანქანებზე.

იგივე მაგალითების მოყვანა შეიძლება მასობრივ პროდუქციასთან დაკავშირებით. IKEA ხომ წავიდა რუსეთიდან? მაგრამ ჩინეთმა ჩაანაცვლა და ფურნიტურას მწარმოებელი არც ერთი ქარხანა არ გაჩერებულა.

 

აქ უკვე ციფრებსაც ვერ გავექცევით: 2023 წელს საქონელბრუნვა რუსეთსა და ჩინეთს შორის 2022 წელთან შედარებით 26,7%-ით გაიზარდა და $218,17 მიაღწია. თანაც (ამ მომენტს დავაკვირდეთ) ჩინეთს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან ბუნებრივ აირსა და ნავთობს ყიდულობს.

და აქვე: მართალია ყიდულობს დაბალ ფასად, არსებითად დაბალ ფასად, ვიდრე პუტინი ევროპაში ყიდდა, მაგრამ....ესეც სი ძინპინის „პოლიტიკური ინვესტიციაა“ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში, რადგან 20 წელია ჩინეთმა იმდენად მოიძლიერა პოზიციები ცენტრალურ აზიაში (უპირველესად, ენერგომატარებლებით ზღაპრულად მდიდარ ყაზახეთში), რომ აქვს საშუალება სულაც არ შეიძინოს რუსეთისგან, თუმცა ბალანსის დაცვას ცდილობს.

 

თვით ეს „ბალანსიც“ ძალიან რეზულტატიურია On the ground -  მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით:

მრავალი ექსპერტის აზრით, ჩინეთს ხელს აძლევს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების არა „გაყინვა“, არამედ „გაწელვა“ ანუ მუდმივ ფაქტორად ქცევა, რადგან ეს აძლიერებს ჩინეთის პოზიციებს ხსენებულ „სამკუთხედში“.

შესაბამისად, ჩამოყალიბდა ჩინეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგემა: სანამ ჩინეთს არა აქვს იმის უნარი, უშუალოდ ჩაერიოს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, მისთვის ხელსაყრელია მათი გაჭიანურება და „გაწელვა“;

 

 

ასევე, სანამ არა აქვს იმის საშუალება, უშუალოდ ჩაერიოს უკრაინის კონფლიქტში და იქ დომინანტური როლი შეასრულოს, მისთვის ხელსაყრელია ამ კონფლიქტის  არა „გაყინვა“, არამედ გაწელვა.

ამ კონფლიქტებმა ჩინეთის გაძლიერებას შეუწყო ხელი ორი სხვა „წვეროს“ დასუსტების ხარჯზე: ისინი პირდაპირ ან „პროქსი“ ომობენ, ჩინეთი კი ორივესგან იღებს სარგებელს.

ახლა შევხედოთ ჩინეთის ბრძოლას დომინაციისთვის მსოფლიო-საკაცობრიო გამოცდილების ჭრილში:

ჩინეთმა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როცა მისი ისტორიული „მძინარე“ პარადიგმის შეცვლის აუცილებლობა გააცნობიერა, დაიწყო საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ძალის პროეცირება ჯერ საკუთარ სამეზობლოზე, შემდეგ კი უფრო ფართოდ, გლობალური მასშტაბითაც:  ევროპიდან - სამხრეთ ამერიკამდე.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ეკონომიკურ ექსპანსიას თან არ მისდევს სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი, იგი, საბოლოოდ ფუჭია: ამას გვასწავლის  დიდი ბრიტანეთის გლობალური იმპერიის გამოცდილება: XVII საუკუნიდან დაწყებული ინგლისი თანდათან  აფართოებდა სავაჭრო სივრცეს ყველა ოკეანეზე, მაგრამ ვალდებული და იძულებული გახდა ძალის პროეცირებაც მოეხდინა საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად.

ჩინეთმა დაიწყო სამეზობლოში „მარგალიტის მძივად“ წოდებული სამხედრო-პოლიტიკური „საყრდენი წერტილების“ შექმნა და....როგორც კი დაიწყო, მაშინვე გაუმწვავდა ურთიერთობა იაპონიასთან, ფილიპინებთან, ხოლო ამერიკამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა უმალვე შექმნეს AUKUS – „წყნარი ოკეანის NATO“, რომელშიც, არ არის გამორიცხული, სულ მალე იაპონია და სამხრეთ კორეა ვიხილოთ, რადგან სეულში, მაგალითად, ყველა ჭურვს, რასაც „კიმების რეჟიმი“ ესვრით, პეკინიდან ნასროლად მიიჩნევენ და მართლებიც არიან.

ის, რომ პეკინს ჯერ რესურსები არ ჰყოფნის „თანასწორ ძალად“ ჩაერიოს, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მუდმივი კონსტანტაა.

პეკინის „წვეროს“ გაძლიერებას ხსენებულ „სამკუთხედში“ ხელს უწყობს ვაშინგტონის დასუსტება: ჰუსიტებმა უკვე რამდენჯერმე ესროლეს რაკეტები მშვიდობიან გემებს სპარსეთის ყურეში, ამერიკა ამ რაკეტებს აგდებს მაგრამ ისე არ იქცევა, როგორც „ძველი ამერიკა„ მოიქცეოდა ანუ არ ბომბავს პროირანელი შიიტი ჰუსიტების პოზიციებს უშუალოდ იემენის ტერიტორიაზე, რადგან ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ძალის პროეცირებისთვის რესურსები მართლა აღარ ჰყოფნის.

ეს არის თვით დასავლელი ექსპერტების შეფასება.

 

ამავდროულად, ჩინეთის ძალიან სერიოზული რესურსია დემოგრაფიული ექსპანსია: როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში და ციმბირში.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია (რასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღება ანალიზისას) რასობრივი და კულტურული სიახლოვე ჩინეთის დომინანტურ ეთნო-კულტურულ მასასა და წყნარი ოკეანის, ასევე ინდოჩინეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის.

ზუსტად ამ გარემოებით საზრდოობდა იაპონური მილიტარიზმი XX საუკუნეში

 

და ბოლოს, ამ თემაზე მსჯელობისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის ნაშრომი The Grand Chessboard (დიადი საჭადრაკო დაფა), რომელიც ძირითადად ჩინეთის გლობალურ ამბიციებს ეძღვნება.

ავტორი ასკვნის, რომ ჩინეთს  არ გააჩნია რესურსი, რათა ამერიკის დომინაციას შეეწინააღმდეგოს. ოღონდ.....აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ეს წიგნი იწერებოდა 1990-იანი წლების დამდეგს; სულ სხვა ეპოქაში, როდესაც დასავლეთი ცივ ომში გამარჯვებული იყო, ხოლო ჩინეთი ჯერ მხოლოდ „იღვიძებდა“ დენ სიაპინის რეფორმების შედეგად;

დაახლოებით იმ დროს ფრენსის ფუკუიამა წერდა მეორე არანაკლებ გახმაურებულ და „გაფიარებულ„ ნაშრომს „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“.

ჩვენს განსახილველ საკითხთან მიმართებაში The Grand Chessboard საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მასში მკაფიოდ და დამაჯერებლად არის ჩამოყალიბებული გლობალური დომინაციის ოთხი აუცილებელი პირობა და მარკერი

1)   ეკონომიკური, მათ შორის ფინანსური ძლევამოსილება მთელს მსოფლიოში

2)   ტექნოლოგიური ინოვაციურობა

3)   სამხედრო დომინირება მთელს მსოფლიოში ანუ ძალის გლობალურად პროეცირების უნარი

4)   კულტურულ-ცივილიზაციური მიმზიდველობა

 

ახლა დავაკვირდეთ: კი გაიღვიძა ჩინეთმა, მაგრამ ჯერ ჯერობით რომელს აკმაყოფილებს?

1)   განა ჩინური GDP Per-capita  (ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი) თუნდაც შესადარია ამერიკულთან  და განა იუანი თუნდაც ახლოს მოვა დოლართან? - არა!

2)   ჩინეთი აქტიურად და წარმატებით ითვისებს დასავლურ ტექნოლოგიებს, მაგრამ..... განა თავად არის ამ ტექნოლოგიების ავტორი?  განა ინტერნეტი, Google და Tesla ჩინეთმა შექმნა?  არა!

3)   სპარსეთის ყურეში ამჟამად ჩინური სამხედრო ხომალდები პატრულირებენ თუ ამერიკული სამხედრო ხომალდები?

4)   ჩინელები უყურებენ NBA-ს თუ ამერიკელები უყურებენ რომელიმე ჩინური ისტორიული გუნდური ასპარეზობის ტურნირს? ჩინელებს აცვიათ ევროპული ტანსაცმელი თუ ევროპელებს (ამერიკაც „ევროპაა“ ამ აზრით) ჩინური ტანსაცმელი? „ჩინეთში შეკერილი“ ტანსაცმელი ჩინეთში კია შეკერილი, მაგრამ ევროპული ტანსაცმელია და ევროპული Style.

 

       ამრიგად, „გაღვიძებული ჩინეთის“ გლობალურმა ამბიციამ შესაძლოა ნამდვილად „შეაზანზაროს“ სამყარო იმ შემთხვევაში, თუ ბჟეზინსკის  ოთხკომპონენტიანი ფორმულიდან სამხედრო ძალის კომპონენტი ამოვარდება ან/და დასავლეთი უკრაინაში დამარცხდება ან/და  ისრაელი ჰამასთან ომს წააგებს, ჩინეთი კი ტაივანს დაიპყრობს.

          კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა, რომ „წიგნი“ და „ვაჭრობა“ მხოლოდ „მახვილს“ სდევს თან. მის გარეშე უძლურია საბოლოოდ.

სწორედ ამიტომ, ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, უდიდესი მნიშვნელობის ეპოქალური პროცესია.

არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე სსრკ დანგრევა და ცივი ომის დასრულება.

 

დათო