კავკასია - დიდი შერკინების ობიექტი.

კავკასია - დიდი შერკინების ობიექტი.

    ვინ აქცევს მას სუბიექტად?

    კავკასია მრავალმხრივ უნიკალური რეგიონია თანამედროვე მსოფლიოში. მისი უნიკალობა და თავისებურება განსაზღვრა როგორც ისტორიამ, ასევე ეთნიკურ-კულტურულმა მრავალფეროვნებამ და გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ, რომელიც მას უეჭველად გააჩნია მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა შორის პერმანენტულად მიმდინარე გლობალურ ჭიდილში.
    XX საუკუნეში არ ყოფილა არც ერთი «დიდი გადანაწილება», კავკასიის რეგიონს თავისი ფუნქცია და მკაცრად განსაზღვრული ადგილი რომ არ ჰქონოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა.
    ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მაინც უაღრესად საგულისხმო და მნიშვნელოვანი იყო კავკასიის როლი შემდგომ ისტორიულ პროცესებშიც. ამჟამადაც, კავკასია ზესახელმწიფოთა «გეოპოლიტიკური თამაშების» უცილობელი ობიექტია. ხოლო კავკასიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამა თუ იმ მოღვაწის ჭეშმარიტი ნიჭისა და მნიშვნელობის განმსაზღვრელ უპირველეს ნიშნად უნდა მივიჩნიოთ, თუ რამდენად შეუძლია მას კავკასია ამ დიდი შერკინების ობიექტიდან - მის სუბიექტად აქციოს.

    ბუნებრივია, ბოლო ათწლეულთა განმავლობაში, «აღმოსავლეთსა» და «დასავლეთს», ანუ დემოკრატიულ სამყაროსა და რუსეთ-საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ იმპერიას შორის დაპირისპირების კონტექსტში, კავკასიას დასავლეთისათვის დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ იგი უშუალოდ ემეზობლებოდა მის სამხრეთ ფლანგსა და მძლავრ სტრატეგიულ პლაცდარმს - თურქეთს.
    მსოფლიოს არც ერთ რეგიონში (ალბათ, გერმანიის გარდა), არ ყოფილა დაპირისპირებულ ძალთა ისეთი კონცენტრაცია, როგორიც კავკასიასა და თურქეთში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ თურქეთსა და კავკასიაზე გადის რუსეთისათვის უაღრესად საშიში, პოტენციურად მისი დამანგრეველი სტრატეგიული ხაზი: თურქეთი-საქართველო-ჩრდილოეთ კავკასია-ჩრდილოეთ კასპიისპირეთი-მდინარე ვოლგის აუზი-ცენტრალური რუსეთი.
    ამ ხაზის დიდ ნაწილზე თურქულენოვანი და თურქული ორიენტაციის მქონე ეთნიკური ჯგუფების (მათი ავტონომიებისა და სახელმწიფო წარმონაქმნების) კონცენტრაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა იმპერიას, მაგრამ გარკვეულ ისტორიულ პერიოდამდე ეს ხაზი «გადაკეტილი» იყო ერთმორწმუნე საქართველოს მიერ.
    1988 წლიდან ჩვენს ქვეყანაში გაშლილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ უდიდესი ცვლილება შეიტანა რეგიონის პოლიტიკურ კონფიგურაციაში და კავკასიამ როგორც რუსეთისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.
    ალექსანდრე სოლჟენიცინმა შუა აზიას რუსეთის «მზის წნული» უწოდა. მაგრამ თავისი პოტენციით ამგვარი განსაზღვრება უფრო კავკასიას შეეფერება, რადგან სწორედ ამ რეგიონში დევს მუხტი, რომელმაც, გარკვეული გეოპოლიტიკური ფაქტორების გადაკვეთის შემთხვევაში, შეიძლება მთლიანად ააფეთქოს ვითარება რუსეთის სამხრეთში, რასაც ამ სახელმწიფოსათვის შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

    კავკასიაში დღეს შექმნილი ვითარების მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ რუსეთმა, საქართველოს «არალოიალურობის» გამჟღავნების შემდეგ, სცადა ზემოთხსენებული სტრატეგიული ხაზი ამიერკავკასიის ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიაში გადაეკეტა.
    აქეთაა მიმართული დღეს მისი ანალიტიკური ცენტრების, სპეცსამსახურებისა და ძალისმიერი ინსტიტუტების ერთობლივი, მჭიდროდ კოორდინირებული მოქმედების ძირითადი ვექტორი. სწორედ ამ კონცეფციის გამოხატულება იყო იმავე სოლჟენიცინის ცნობილი გამონათქვამი «ამიერკავკასიიდან წასვლის აუცილებლობის თაობაზე».
    ნიშანდობლივი ის კი არ არის, რომ დიდმა რუსმა მწერალმა ეს თქვა (იგი გულწრფელად ფიქრობს იმას, რასაც ამბობს) - ნიშანდობლივი ისაა, რომ ამ გამონათქვამს ყოვლისშემძლე ტელეკომპანია «ოსტანკინომ», რომლისთვისაც ავტორიტეტები არ არსებობს, ესოდენ ფართო რეკლამა გაუკეთა.
    თუმცა, რასაკვირველია, რუსეთისათვის საქართველოს «მყარად ფლობა» გაცილებით უკეთესი გამოსავალი იქნებოდა შექმნილი ვითარებიდან. ამიტომ კრემლი თავისი «კავკასიური» პოლიტიკის ამ მიმართულებასაც არ ივიწყებს საბოლოოდ, მაგრამ მისი ძირითადი ვექტორი (ვიმეორებ) უკვე ჩრდილოეთ კავკასიისაკენ არის მიმართული.

    ამ რეგიონში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად და სახელმწიფოებრივ სისტემათა ცხოველმყოფელობის უზრუნველსაყოფად კრემლი ისტორიულად აპრობირებულ ხერხებს და მეთოდებს მიმართავს, რომელთა დასახასიათებლად საკმარისია გავიხსენოთ ჯერ კიდევ ძველ რომაელთა პრინციპი divide et impera - «დაჰყავი და იბატონე». თუმცა, XX საუკუნემ, მისთვის თვისებრივი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით - კომუნიკაციებით, ტელევიზიით, დაზვერვისა და ინფორმირების უახლესი საშუალებებით - თვით პრინციპების შეუცვლელად ამ მეთოდში საკუთარი «ნოველებიც» შეიტანა.
    უპირველეს ყოვლისა, რუსეთი ცდილობს პერმანენტულად აქციოს დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში. შესაძლოა ბევრს ამგვარი დასკვნა კიდეც გაუკვირდეს. ჩვენთან რატომღაც დამკვიდრდა აზრი: რუსეთი ისწრაფვის, შექმნას ჩრდილოეთ კავკასიაში «სტაბილურობისა და სიმშვიდის ოაზისი», რათა ამით უზრუნველყოს სიმშვიდე და სტაბილურობა თავის სამხრეთ რეგიონში.
    ამგვარი აზრი გულუბრყვილობის და სრული არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა. საქმე ის არის, რომ რეალურად სტაბილური ვითარება საშუალებას მისცემთ ჩრდილოეთკავკასიურ მმართველ ელიტებს მინიმუმამდე შეიმცირონ კრემლის ჩარევა მათ «საშინაო საქმეებში»; დამოუკიდებლად, მშვიდ ვითარებაში აწარმოონ სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა მშენებლობა, რათა მძლავრი «ფარი» შეიქმნან რუსეთის «ჩარევისაგან» თავის დასაცავად. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთმა «ცეცხლითა და მახვილით» დაიპყრო. სეპარატისტული იდეა ჯერ კიდევ მძლავრობს რეგიონში; რუსეთმა, მიუხედავად საუკუნოვანი მცდელობისა, ამ ხალხთა მხოლოდ ენობრივი ასიმილირება მოახდინა, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცნობიერ ასიმილირებას.
    (აქვე: ეს თავისთავად ძალზე ღრმა და საინტერესო თემაა - ჩვენი «ეროვნული მოძრაობის» ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, განსაკუთრებით იმავე აფხაზეთთან და ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში ის იყო, რომ ვაიგივებდით ენობრივ ასიმილირებას ცნობიერ ასიმილაციასთანენობრივი თვალსაზრისით თითქმის მთლიანად ასიმილირებულ კავკასიელ ხალხთა უმრავლესობა ცნობიერად ვერა და ვერ მოაქციეს საერთო-რუსული სახელმწიფოებრივი ცნობიერი ველის სისტემაში. მათთვის თავისუფლებისა და რუსეთისაგან გამიჯვნის იდეა არასდროს კარგავდა მიმზიდველობასა და საკრალურობას.
    სწორედ ამიტომ, ანუ რეგიონში ყველა სახის (პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, ცნობიერ) პროცესზე მკაცრი კონტროლის დამყარების მიზნით, რუსეთი ცდილობს, პერმანენტული გახადოს ეროვნებათშორისი დაძაბულობა და ამით რუსეთის მხარდაჭერის მძევლად აქციოს მმართველი ელიტა.
    ჩრდილოეთ კავკასიას დასავლეთ ნაწილში კრემლი ოსტატურად იყენებს თურქულ-ჩერქეზულ წინააღმდეგობას. ადიღეველები, საკუთრივ ჩერქეზები, ყაბარდოელები და მათი მონათესავე აფხაზები, რომელთა საერთო ისტორიული სახელწოდებაა „ჩერქეზი“, უპირისპირდებიან ამავე რეგიონში მცხოვრებ თურქული წარმოშობის ხალხებს (ბალყარებსა და ყარაჩაელებს); ყაბარდოელები და ბალყარები გაერთიანებულნი არიან ერთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში - ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, რომელშიც ხელოვნურად შექმნილია იმგვარი საკადრო სისტემა, რომ ნებისმიერი მკვეთრი პოლიტიკური ცვლილების შემთხვევაში, უეჭველად წარმოშობს ფართომასშტაბიან კონფლიქტს.
    ანალოგიური ვითარებაა ყარაჩაი-ჩერქეზეთშიც. მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კონსტრუქციის ერთი მხარეა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩერქეზულ-ქართული დაპირისპირებაც. თუ მოსკოვი ამ დაპირისპირებას წარმატებით იყენებს საქართველოს წინააღმდეგ - არანაკლები წარმატებით იყენებს იმავე ბერკეტს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადიღეველების წინააღმდეგაც.
    1992 წლის სექტემბერში, ნალჩიკში მძლავრი ანტირუსული გამოსვლები დაიწყო, რომლებიც უმალვე შეწყდა, როგორც კი რუსეთის ტელევიზიამ აგრძნობინა ჩერქეზთა ლიდერებს, რომ კრემლს შეეძლო შეეცვალა პოზიცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ.
    რუსეთის ყველაზე მძლავრი და «სანდო» დასაყრდენი ჩრდილოეთ კავკასიაში ოსეთია. მითუმეტეს, ინგუშებთან სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ. ამ კონფლიქტით, რომელშიც ოსებმა, რუსეთის ჯარის მეშვეობით, სრული სამხედრო გამარჯვება მოიპოვეს, ისინი კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი რუსეთზე, რადგან მათი სტაბილურობა და არსებობის ერთადერთი გარანტი ისევ მოსკოვია: ინგუშები ხომ არასდროს დაივიწყებენ დაღვრილ სისხლსა და მიყენებულ შეურაცხყოფას.
    ამავე დროს, რუსეთი ცდილობს, ინგუშ ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი მჭიდროდ დაუკავშიროს ჩეჩნეთის პრობლემას და წარმოშვას კონფლიქტი ვაინახებს (ჩეჩნებსა და ინგუშებს) შორის. მაგრამ ეს, ამ ხალხების ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, ნაკლებად რეალურია.
    დაღესტნის რესპუბლიკაში ორმოცამდე სხვადასხვა ეთნიკური თუ ენობრივი ჯგუფი ცხოვრობს. ამ რესპუბლიკის «მრავალენოვანმა» მმართველმა ელიტამ შესანიშნავად იცის, რომ მისი სტაბილურობა ისევ და ისევ რუსეთზეა დამოკიდებული.
    ყოველივე ზემოთთქმული იმას არ ნიშნავს, თითქოს ჩრდილოეთ კავკასიელი ლიდერები არ ცდილობენ აქტიური პოლიტიკა აწარმოონ და თავიანთი რეგიონი «პოლიტიკის სუბიექტად» აქციონ.
    უპირველეს ყოვლისა, ისინი ფარულად, მაგრამ ძალზე აქტიურად უჭერენ მხარს ჯოჰარ დუდაევს, რადგან მის მოთხოვნათა ფონზე სახელმწიფოებრივი პრეტენზიები არც ისე საშიში ჩანს რუსეთისათვის.
    რუსეთი კი, სეპარატისტული «მეტასტაზის» ლოკალიზებას ცდილობს და ამიტომ იძულებულია, გარკვეულწილად შეურიგდეს მათ ამბიციებს.
    უპირველესი კოზირი, რა თქმა უნდა, ეკონომიკაა. ამიტომ რუსეთმა ბოლო წლებში საკმაოდ დიდი თანხები დააბანდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოღონდ იმდაგვარად, რომ ეს რეგიონი რუსეთის ეკონომიკური ბაზრის სივრცეში რაც შეიძლება მტკიცედ ჩაება.

    და მაინც, ჩეჩნეთი კვლავ რჩება რგოლად, რომელსაც შეუძლია მთელი ეს გეოპოლიტიკური ჯაჭვი დაარღვიოს - თუ რომელიმე სახელმწიფო მას მტკიცედ ჩაეჭიდება და საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.
    ამ მხრივ, საქართველოს უდავოდ აქვს გარკვეული გეოპოლიტიკური შანსი - რაკი ჩეჩნეთს სხვა გასასვლელი შავი ზღვის პორტებისაკენ არ გააჩნია, ხოლო სოხუმი მისგან ჩრდილოეთ რუსეთითაა მოკვეთილი.
    საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ რუსეთი ბოლო დროს გააფთრებით ცდილობდა დუდაევის პრობლემის გადაწყვეტას. თითქოს მისი ეს მცდელობა კავშირში არ უნდა იყოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან, მაგრამ ანალიზი ცხადყოფს: ამ გზით იგი აპირებს დაუკარგოს საქართველოს მისი უკანასკნელი შანსი - ზემოქმედება მოახდინოს რუსულ პოლიტიკაზე შავიზღვისპირეთში.
    დუდაევის განადგურება ჩვენთვის არ უნდა იყოს სასურველი, რადგან ამით საბოლოოდ გადაიკეტება ის «სტრატეგიული ხაზი», რომელიც ჯერ კიდევ უტოვებდა შანსს საქართველოს.
    მივაქციოთ ყურადღება: რუსეთი ჩეჩნეთის «კვანძის გახსნას» იწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, აფხაზეთში რუსეთის «სამშვიდობო ჯარები» იქნა შეყვანილი. ანუ, დუდაევი მას უკვე აღარ სჭირდება, როგორც «საფრთხობელა» საქართველოსათვის, როგორც «მტერი» რომელსაც შეიძლება აფხაზეთში საკუთარი აგრესიული პოლიტიკის შედეგები გადააბრალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ «აფხაზური პარტია» დასასრულს უახლოვდება.
    ჩრდილოეთ კავკასია იყო და რჩება ერთადერთი რეალურ გეოპოლიტიკურ კოზირად საქართველოსათვის. თუ საქართველო შეძლებს კავკასიელ ხალხებთან ერთად იმგვარი პოლიტიკის გატარებას, რომ კავკასია სუბიექტად აქციოს, მაშინ ჩვენი ქვეყანა თავადაც იქცევა სუბიექტად და დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ამ უაღრესად რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე რეგიონში.
   

«7 დღე», 26 აგვისტო, 1994 წელი.