დახვრეტა

დახვრეტა - ეროვნული მოძრაობა

დახვრეტა

ხელისუფლების დამხობას საქართველოში დღემდე არაერთგვაროვანი შეფასება და ინტერპრეტაცია ეძლევა. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ პრობლემის მორალური მხარე ჩემი ანალიზის საგანი არ არის. ამ კონტექსტში ეს ნაკლებ საინტერესოა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ მოვლენის მორალური ასპექტი თავისთავად ხშირად იძენს პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას.
    მაგრამ დეკემბერ-იანვრის მოვლენები უპირველესად სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს. გამსახურდიას პიროვნული თვისებებიც მხოლოდ იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მის ნეგატიურ იმიჯს აძლიერებდნენ და, აქედან გამომდინარე, აგრეთვე იქცეოდნენ პროცესებზე ზემოქმედების ფაქტორად.
    რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა საქციელის თუ მოქმედების ზნეობრიობას, ამის ილუსტრირებაც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რათა ასეთ შემთხვევაში ისიც გაირკვეს, თუ თავად რამდენად ზნეობრივნი იყვნენ ის ძალები, რომლებიც «ზნეობრიობის» დროშით ებრძოდნენ ყოფილ პრეზიდენტს. და ეს მხოლოდ «შეიარაღებულ ოპოზიციას» როდი ეხება.

    თუ საუბარია პროცესზე, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი, ეროვნული მნიშვნელობა აქვს, მაშინ ამ პროცესის შემადგენელი მოვლენის (ვთქვათ დეკემბერ-იანვრის გადატრიალების) შეფასება უნდა მოხდეს ერთადერთი კრიტერიუმით: გაკეთდა თუ არა არჩევანი «ნაკლები ბოროტების» სასარგებლოდ?
    ანუ, დღევანდელი გადასახედიდან, გადატრიალების ორგანიზატორებმა და იდეოლოგებმა საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადატრიალება არ განხორციელდებოდა, შედეგი (ქვეყნისათვის) იქნებოდა იმაზე უარესი, რაც გადატრიალების შემდეგ ობიექტურად მივიღეთ: სამოქალაქო ომი, ნგრევა, სისხლისღვრა, ეროვნული ცნობიერების კრახი, კრიმინალთა გაბატონება, სეპარატისტთა გაძლიერება და ტერიტორიების დაკარგვა.
    გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი გრძელვადიანი შედეგი: «დეკემბერ-იანვრისა» და ხელისუფლების დამხობის შედეგად ჩვენ მივიღეთ (ნუ გაიკვირვებთ) სუსტი ხელისუფლება, რომელსაც მომდევნო წლებში (1994-2003) ეშინოდა ჭეშმარიტად რადიკალური რეფორმების გატარება, მათ შორის კორუფციის (როგორც «ელიტარული», აგრეთვე «მასობრივი» კორუფციის) წინააღმდეგ ბრძოლა, - ვაითუ სოციუმი გავაღიზიანო და გადატრიალების შედეგად მოსვლა «წამომაძახონო».
    აქ იმდენად თვით «წამოძახებაში» არ არის საქმე, რამდენადაც საზოგადოების და გავლენიანი (ან მრავალრიცხოვანი) სოციალური ჯგუფების გაღიზიანების პერმანენტულ შიშში. ასეთ ვითარებაში, არა თუ კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ნებისმიერი სხვა (საგარეო თუ საშინაო) მიმართულებით ხელისუფლებას აღარ შეეძლო რაიმე «მკვეთრი» მოძრაობის გაკეთება, - ქვეყნისათვის ობიექტურად აუცილებელი ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტიელების მიღება, ვინაიდან უკმაყოფილო და დაბოღმილი კაცი საქართველოში არ დაილეოდა, ასეთ სოციალურ სეგმენტს კი აქტიურად შეეძლო ზემოთხსენებული არგუმენტის გამოყენება მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გარემოებამ ქვეყანას გრძევადიანი, სტრატეგიული თვალსაზრისით არანაკლები ზიანი მიაყენა, ვიდრე გადატრიალების შედეგად გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა ანუ საკუთრივ 1991-1993 წლების მოვლენებმა. თუ თვალს გავადევნებთ მომდევნო წლებში განვითარებულ პროცესებს, - ეს სრულიად თვალსაჩინო გახდება.
    ზოგადად, ამ საკითხებზე მსჯელობას თავს ავარიდებდი, ვინაიდან, მიუხედავად ზვიად გამსახურდიასადმი ანტიპათიისა (რაც, რასაკვირველია, არ ნიშნავს და არ გულისხმობს მისი მოწინააღმდეგე ბანაკისადმი სიმპატიას), ნამდვილად არა ვარ  დარწმუნებული, რომ გამსახურდიას ხელისუფლებაში დარჩენას ქვეყნისათვის იმაზე უარესი შედეგი მოჰყვებოდა, ვიდრე მის დამხობას მოჰყვა.
    ხაზს ვუსვამ: ქვეყნისათვის და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ან სოციალური ჯგუფისთვის - რაც ერთი და იგივე არ არის.
    არსებობს საკმაოდ სერიოზული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში არჩევანი გაკეთდა სწორედაც «მეტი» და არა «ნაკლები» ბოროტების სასარგებლოდ.
    ბოლოს და ბოლოს, თუ მართლა ნაღვლის ბუშტის კიბო ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, - 2-3 წელს განა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა?!

    მიუხედავად ამისა, მომხდარისათვის პასუხისმგებლობის ძალიან დიდი წილი თვით ზვიად გამსახურდიას უნდა დაეკისროს. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ მისმა მომხრეებმა: პრეზიდენტი უცხო ძალამ დაამხო ადგილობრივი პროვოკატორების მეშვეობითო, - ეს გამამართლებელ საბუთად ვერ გამოდგება: უცხო ძალა (ГРУ; КГБ) იმ წლებში სხვაგანაც მოქმედებდა, მაგრამ ვერსად მიაღწია ისეთ «წარმატებას», როგორც საქართველოში.
    ერთადერთი, რაც პოლიტიკოსს მოეთხოვება, არის კომპეტენტურობა. სხვა ყველაფერი სისულელე და დემაგოგიაა. რამდენად კომპეტენტური პოლიტიკოსი გახლდათ გამსახურდია, ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან:
    1991 წლის ნოემბერში, «საკავშირო» ტელევიზიის პირველმა არხმა, კერძოდ ჟურნალისტმა ურმას ოტსმა, საქართველოს პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუს მსვლელობისას კორესპონდენტი ეკითხება ზვიად გამსახურდიას:
    - «რა ნიშნით არჩევთ მინისტრებს თანამდებობაზე?»
    - «ერთგულების ნიშნით» - პასუხობს პრეზიდენტი.
    ასეთ საოცრებას რომ კაცი იტყვის, იმის პრეზიდენტობა როგორ შეიძლება?
    რა თქმა უნდა, არ არსებობს პრეზიდენტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დიახაც პირადი ერთგულების და სანდოობის ნიშნით არ არჩევდეს მინისტრებს, მაგრამ ამის საჯაროდ აღიარება რა საჭიროა?
    გამსახურდიას ადგილზე ნებისმიერი კომპეტენტური პოლიტიკოსი ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხებდა: «რა თქმა უნდა, უპირველესად პროფესიონალიზმისა და პატიოსნების ნიშნით».
    უამრავი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ალბათ ესეც საკმარისია. არადა, ეს ყოველივე წვრილმანი არავის ეგონოს.

    დეკემბრის ბოლოს, როდესაც ბესო ქუთათელაძის გადაწყვეტილების შედეგად (მან უბრალოდ უაზრობად მიიჩნია შემდგომი სისხლისღვრა და წინააღმდეგობა) ტელევიზიას (სატელევიზიო ანძას) შეიარღებული ოპოზიცია დაეპატრონა, სიგუა-კიტოვან-იოსელიანის მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა «სამხედრო საბჭო». თენგიზ სიგუას დაევალა დროებითი მთავრობის დაკომპლექტება. სამხედრო საბჭოს განცხადებებსა და დადგენილებებს ჯერ კიტოვანი აწერდა ხელს, შემდეგ იოსელიანი, რაც ძალთა რეალურ განლაგებას ასახავდა - გვარდია მაშინ მხედრიონზე ძლიერი იყო.

    ზვიად გამსახურდიას საქართველოდან წასვლის შემდეგ, «ზუგდიდის ბატალიონის» წევრთა ნაწილი ავტობუსით სამეგრელოში ბრუნდებოდა თბილისიდან. ნატახტართან მათ კიტოვანის გვარდიელები ჩაუსაფრდნენ და ავტობუსში ჩაცხრილეს. მხოლოდ რამდენიმემ გაასწრო ცოცხალმა. ამ ამბავმა შეძრა სამეგრელო! ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი იქნებოდა მათ დასაფლავებაზე?! ტყუილად ცდილობს ზოგიერთი, ისე წარმოადგინოს საქმე, თითქოს სამეგრელოში შემდგომი არეულობის ფაქტორი მხოლოდ გამსახურდიასადმი თაყვანისცემა გახდა. სინამდვილეში მარტო გამსახურდიაშიც აღარ იყო საქმე - მძლავრად მოქმედებდა ტრაიბალისტური წყენის ფაქტორი. მით უმეტეს, მომდევნო პერიოდში ძარცვა-გლეჯის რამდენიმე ტალღის შედეგად.
    ზვიად გამსახურდია და ზვიადიზმი სამეგრელოში დიდწილად ამ ტრაიბალისტური წყენის გამოხატულება გახლდათ.
    თუმცა, რაც შეეხება ნატახტართან მომხდარ სამარცხვინო ინციდენტს, - ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ სამოქალაქო ომისათვის ამგვარი რამ სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. სამოქალაქო ომი არ სცნობს ომის კანონებს – ამით განსხავდება იგი ჩვეულებრივი ომისაგან.
    ის ხალხი, ვისაც სამოქალაქო ომი «გასეირნებად» მიაჩნდა (განსაკუთრებით სამხედრო გადატრიალების იდეოლოგებს ვგულისხმობ - «ხა, ხა, ხა, მაგას მხარს ვინ დაუჭერს?!») ვალდებული იყო ეს თავის დროზე გაეთვალისწინებინა – სანამ გვიან არ იყო.
    1992 წლის იანვარში კი უკვე გვიან იყო.

    თბილისში გრძელდებოდა «ზვიადისტთა» მიტინგები. ხუთი ათასამდე ადამიანი ცხვრის ფარასავით დადიოდა ქალაქის ქუჩებში პრეზიდენტის სურათებითა და «ზვიადი-ზვიადის» ძახილით. თავდაპირველად, სამხედრო საბჭო ამას ურიგდებოდა, რაკი სხვა გზას ვერ ხედავდა. მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ პერმენენტული მიტინგები მისთვის არასასურველ და წამგებიან პოლიტიკურ რეალობას აფიქსირებდა, ამიტომ მოქმედებაზე გადავიდა. ჯერ უბრალოდ არბევდნენ თავყრილობებს. მაგრამ რაკი ამან არ გაჭრა და ჰაერში სროლის საპასუხოდ ზვიადისტები ირონიულად ტაშს უკრავდნენ (ამ საცოდავებს ეგონათ: აბა ხომ არ გვესვრიანო) - უკიდურეს ზომებს მიმართეს.
    ტელევიზიით გამოსვლისას, თბილისის კომენდანტად დანიშნულმა მხედრიონელმა (მეტსახელად «სიძე») მოსახლეობა გააფრთხილა: «არასანქცირებული მიტინგების გამართვის საწინააღმდეგოდ ხელისუფლება უკიდურეს ზომებს მიმართავს». ამაში უკვე მხოლოდ დარბევა და ჰაერში სროლა აღარ იგულისხმებოდა.

    1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე (ყოფილი «ჩელიუსკინელები») მხედრიონმა და გვარდიამ უიარაღო «ზვიადისტების» მანიფესტაცია დახვრიტა.
    ეს იყო აშკარა, დაუფარავი დახვრეტა: «ზვიადისტებს» ესროდნენ დამიზნებით, ავტომატებიდან. დახვრეტის კადრები Cnn-მა მთელ მსოფლიოს უჩვენა. გენერალი გელა ლანჩავა რომელიღაც შენობისაკენ იშვერდა ხელს: «აი, აი, შეხედეთ, ესენი («ზვიადისტები» - ავტ.) იქედან თავისიანებს პროვოკაციულად ესვრიანო». თუმცა, სინამდვილეში, სახურავებზე მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები ისხდნენ. მათ ტყვიებს არა მხოლოდ ერთი «ზვიადისტი», არამედ ერთი მილიციელიც შეეწირა, რომელიც მანიფესტანტებთან ახლოს იდგა.
    ისროდნენ ერთდროულად ორი წერტილიდან: ცირკის ასახვევიდან, - ხიდის მიმართულებით და აღმაშენებლის კუთხეში მდებარე შენობათა სახურავებიდან. ამ დახვრეტას მსოფლიოში გარკვეული რეზონანსი ჰქონდა. თუმცა არაფერი უჩვეულო (რაც, სამოქალაქო დაპირისპირებისას სხვაგან არ მომხდარა) ამაშიც არ ყოფილა.
    დასავლეთი მთლიანობაში უკვე აღიქვავდა საქართველოს ველურ და ბნელ ქვეყნად, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს არც არავის უნდა გაუკვირდეს. ადამიანის უფლებათა დამცველმა ზოგიერთმა ევროპულმა ორგანიზაციამ 2 თებერვლის დახვრეტის გამო პროტესტი მაინც გამოთქვა, რასაც «ილია ჭავჭავაძის ორგანიზაციამ» განცვიფრებით უპასუხა: «ეგენი ხომ დიქტატურის აღდგენის მომხრე ზვიადისტები იყვნენო».
    თედო პაატაშვილმა და მისმა «ქარტიელებმა» ტელევიზიით გამოსვლისას დახვრეტა დაგმეს. პაატაშვილი ლაპარაკობდა, ორგანიზაციის სხვა 15 წევრი მის ზურგს უკან სკამებზე ჩამწკრივებულიყო და მდუმარედ უსმენდა. შემდეგ თედო პაატაშვილმა ამ გამოსვლისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს ძალიან ეშმაკურად გააკეთა - ვითომდაც გამოსვლის აღწერილი ფორმისთვის იხდიდა ბოდიშს და არა შინაარსისთვის.
    იმავე დღეებში, თედო პაატაშვილი და მერაბ ურიდია ტელევიზიით ჰყვებოდნენ რაღაც «დიდ თამაშზე» რომელიც თურმე «იწყება საქართველოს ირგვლივ» რუსეთსა და დასავლეთს შორის და ა.შ. ესეც ერთგვარი ეშმაკობა იყო - სინამდვილეში «საქართველოს» ხსენებაზე დაინტერესებული პოლიტიკოსები და ექსპერტები დასავლეთში გულისრევას ძლივს იკავებდნენ: დეკემბერ-იანვრის მოვლენები შეაფასეს, როგორც «სისხლიანი კლოუნადა» და ერთადერთი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდათ ამ «ბნელი და ველური» ქვეყნის მიმართ: «რუსეთი აკონტროლებს იქაურობას – ჰოდა იმან იმტვრიოს თავი მაგ ველურებთან ურთიერთობაში».
   
   

    დაახლოებით იმ პერიოდში ელდარ შენგელაია რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობს. გადაცემა პირდაპირ ეთერშია. შენგელაია აღწერს «დემოკრატიული რევოლუციის» პერიპეტიებს და თანამდევ «იდეურ დაპირისპირებას». როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ გადაცემის რუსი წამყვანი აღტაცებას ვერ დაფარავს იმ „ზნეობრივი გმირობის“ გამო, რაც ქართულმა ინტელიგენციამ ჩაიდინა, როდესაც მამარდაშვილის მაქსიმის შესაბამისად («ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას») «საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდა» - იმავე მამარდაშვილის ცნობილი Message-ის მიმდევრობით.
    მაგრამ იმედი აშკარად უცრუვდება. გადაცემის წამყვანი ქართველ კინორეჟისორს ჯერ მდუმარედ უსმენს და ბოლოს საკმაოდ უკმეხი ტონით ეუბნება: «ჯერ ერთი, მე ხომ გთხოვეთ უფრო მოკლედ გესაუბრათ, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვართ და ამდენი დრო არა გვაქვს. გარდა ამისა, ერთი ეს გვიბრძანეთ: მართალია, რომ ამჟამინდელი რეჟიმი საქართველოში მხოლოდ ჩვენს რუსულ ხიშტს ეყრდნობა?».
    ბატონ ელდარს აშკარად ეგონა, ქათინაურებს მოისმენდა ქართული ინტელიგენციისა და «დემოკრატიული ძალების» მისამართით - ამის ნაცვლად კი ასეთი გულგრილი, ზიზღნარევი კითხვა.

    ჯერ კიდევ იანვარში, «სამხედრო საბჭო» ყურადღებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას სომხეთში, სადაც ზვიად გამსახურდიამ ჰპოვა დროებითი თავშესაფარი. აღსანიშნავია, რომ გამსახურდია თავდაპირველად აზერბაიჯანში წავიდა, მაგრამ პრეზიდენტმა მუტალიბოვმა კატეგორიულად მოსთხოვა ამ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ამიტომ იძულებული გახდა, სომხეთში გადასულიყო.
    თენგიზ სიგუა თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდა ლევონ ტერ პეტროსიანს. გადატრიალების შედეგად მოსულ ხელისუფლებაში არ იყო ერთიანობა ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი ბედის თაობაზე. «მეორე ეშელონი» სომხეთისაგან გამსახურდიას გადმოცემას მოითხოვდა. ამასვე მოითხოვდნენ დაჟინებით პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები. პროკურატურამ «საბრალდებო დასკვნისათვის» მასალების შეგროვება დაიწყო და რაკი მექრთამეობაში ზვიად გამსახურდიას ბრალს ვერ დასდებდა, «ოსი ხალხის გენოციდში» დაადანაშაულა - აქაოდა სხვაგვარად სომხები ექსპრეზიდენტს არ გადმოგვცემენო.
    მაგრამ ტერ პეტროსიანი ჭკვიანი სომეხია. იგი ბევრად უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი გამოდგა, ვიდრე მთელი ის «სამხედრო საბჭო» თავისი «პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოთი» ერთად აღებული: მან სწორად გათვალა, რომ ზვიად გამსახურდიას ექსტრადირებით უეჭველად გააძლიერებდა ანტისომხურ განწყობას მის მომხრეებში. ისინი კი ძალზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ და ეს ერევანში შესანიშნავად უწყოდნენ. ამიტომ, ტერ პეტროსიანის თანხმობით, ზვიად გამსახურდია, სოხუმიდან ჩამოყვანილი თვითმფრინავით, გროზნოში გადაფრინდა.
    ამით შეიქმნა ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა და ობიექტურად, ძალზე უარყოფითი როლი შეასრულა საქართველოში (უპირველესად აფხაზეთში) მოვლენათა განვითარების თვალსაზრისით. ჯოჰარ დუდაევმა, ვლადისლავ არძინბამ, თბილისის იმდროინდელმა ხელისუფლებამ და რუსულმა სპეცსამსახურებმა დაიწყეს რთული თამაში გამსახურდიას ფიგურის ირგვლივ. ამ თამაშის დაწვრილებით აღწერას ქვემოთ შევეცდები.
    ერთი შეხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და თვით ქვეყნისთვისაც უმჯობესი იქნებოდა, იგი შორეულ საზღვარგარეთში გადახვეწილიყო. ვთქვათ, ფინეთის შუამდგომლობით (სადაც გამსახურდიასთან დაახლოებული პირი, ვინმე სირაძე მოღვაწეობდა), სამხრეთ ამერიკის რომელიმე სახელმწიფოსათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ანალიზი ცხადყოფს, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, მას კავკასიიდან არავინ გაუშვებდა - ზვიად გამსახურდიას «სცენაზე» დატოვებით ყველა ზემოთჩამოთვლილი ძალა იყო დაინტერესებული.

    გროზნოში გამსახურდიას დამკვიდრების შემდეგ, ზუგდიდში მრავალათასიანი მიტინგები დაიწყო. თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ «ექსპრეზიდენტმა პირდაპირ მოუწოდა მიტინგზე გამოსვლისას სამოქალაქო ომისაკენ». სინამდვილეში, ზვიად გამსახურდია მაშინ ზუგდიდში არ ყოფილა, მაგრამ ასეთი განცხადება სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების გასაგზავნად იყო საჭირო. რასაკვირველია, თენგიზ სიგუა (ზოგიერთი მისი კოლეგისაგან განსხვავებით) სულაც არ ისახავდა მიზნად სამეგრელოს ძარცვას, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა - სხვა. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ მხედრიონი, არამედ გვარდიაც იმ დროს უკვე ორი მესამედით ჩვეულებრივი ყაჩაღებისაგან შედგებოდა, ვინც ახალმა ხელისუფლებამ ციხეებიდან გამოუშვა ამნისტიით - გადატრიალების პროცესში (სექტემბრიდან) ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
    ეს არც არის გასაკვირი: ერთადერთი სოციალური ფენა, ვისაც «სამხედრო საბჭო» შეიძლებოდა იმედიანად და უშიშრად დაყრდნობოდა, სწორედ კრიმინალური სამყარო გახლდათ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ამ თვალსაზრისით, სიგუა-კიტოვან-იოსელიანის თვალში არც თუ სანდოდ გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ გამოუშვეს კიდევ ციხიდან ათასობით პატიმარი.
    სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის თაობაზე პროტესტის გამოთქმას ცდილობდა, მაგრამ «თავში ჩაარტყეს» და ხმა ჩააკმენდინეს.
    ძნელი წარმოსადგენი არც ის უნდა იყოს, რა ამბავი დატრიალდებოდა სამეგრელოში (ტრადიციულად მდიდარ მხარეში) მათი შეყვანის შემდეგ.
    მოვლენათა სიმბოლოდ იქცა ზუგდიდში, მშობლების თვალწინ, გოჩა ჯიქიას დახვრეტა ერთ-ერთი გვარდიელის მიერ. საქართველოს ცნობიერმა ნგრევამ შეუქცევადი ხასიათი შეიძინა. ძლიერად შეტორტმანდა თვით ის ეთნიკური სიმბიოზიც კი, რომელსაც იგი ეფუძნებოდა და რომლის სიმტკიცე მანამდე თითქოს უეჭველი ჩანდა.

    სამხედრო გადატრიალების ზოგიერთი იდეოლოგი და ორგანიზატორი შემდეგ დემაგოგიურად კითხულობდა: რით მტკიცდება, რომ «შეიარაღებული ოპოზიცია» რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობდა? რა ნაბიჯი გადავდგით რუსეთის მიმართულებით ან რა გადაწყვეტილება მივიღეთ?!
    თვით კითხვის ასე დასმაც არასწორია. კრემლის მიზანი არ ყოფილა საქართველოს პოზიციისა და პოლიტიკის შეცვლა. მისი მიზანი ქვეყანაში მაქსიმალური დესტაბილიზაცია, ქაოსისა და ანარქიის პროვოცირება იყო. მიაღწიეს კიდეც შედეგს - საერთოდ მოიშალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა საქართველოში. გარდა ამისა, სწორედ ამის შედეგად (ვიმეორებ) შეიქმნა ის ვითარება, რომ 10 წლის განმავლობაში «რუსის ჯარის გაყვანა» იმ ხალხსაც არ გახსენებია, ვინც 1987-1989 წლებში თმებს იგლეჯდა და ტანისამოსს იხევდა ამ მოთხოვნით. ხოლო როცა გაახსენდათ უკვე გვიან იყო.

    და მაინც, თუ გარეშე ძალთაგან აბსტრაგირებას მოვახდენთ (მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია), აუცილებელია დატრიალებული ტრაგედიის უემოციო, მკაცრი და ზუსტი დეტერმინირება. სინამდვილეში, სწორედ მკაცრი და პირუთვნელი (მიუკერძოებელი) ანალიზით, ეს იყო არაკლასიკური სამოქალაქო ომი, რომლის კულმინაცია გახდა დეკემბერ-იანვრის გადატრიალება.
    სამოქალაქო ომი, ყველა შემთხვევაში, ყველგან და ყოველთვის მიმდინარეობს ცნობიერი, იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებით, რომელიც სინამდვილეში სოციუმში არსებული «ინტერესთა კონფლიქტის» გამომხატველია.
    სხვათა შორის, საქართველო ამ თვალსაზრისითაც გამონაკლისი გახდა მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში, ვინაიდან მხოლოდ საქართველოში შედგა (თუნდაც არაკლასიკური სახით) ნამდვილი სამოქალაქო ომი: დაპირისპირება ერთგვაროვანი საზოგადოების შიგნით.
    სულ სხვა რამ მოხდა ტაჯიკეთში, სადაც იმთავითვე ეთნიკური ჯგუფები (ტაჯიკები და უზბეკები) დაუპირისპირნენ ერთმანეთს, ხოლო უშუალოდ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ უზბეკეთის შეიარაღებული ძალები - ტაჯიკეთში მცხოვრები უზბეკების მხარეს. იქ დაპირისპირება უკავშირდებოდა გეოპოლიტიკურ პრობლემატიკას: ავღანეთში არსებულ ვითარებას და ბუნებრივ ანტაგონიზმს ისლამისტ რადიკალებსა და ცენტრალური აზიის სეკულარისტულ ელიტებს შორის.
    მაშასადამე, ნამდვილი სამოქალაქო ომით მხოლოდ ქართველებმა დავანგრიეთ საკუთარი სამშობლო

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა