საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ოქტომბერი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ოქტომბერი. 2022 წელი

ამერიკაში (ჯორჯიის შტატში) დაიწყო წინასწარი ხმის მიცემა 8 ნოემბრისთვის დანიშნულ კონგრესის (სენატისა და ქვედა პალატის) საშუალედო არჩევნებზე.

ამერიკული კონსტიტუციით, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით და პრაქტიკით, არჩევნები ტარდება ნოემბრის პირველი ორშაბათის (7 ნოემბერია) მომდევნო სამშაბათს. ეს უკვე 8 ნოემბერია.

ოღონდ ამ ტრადიციაში დისონანსი შეაქვს `ადრეულ კენჭისყრას`, როდესაც ხმის მიცემა შესაძლებელია არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გარკვეული ხნით ადრეც: ფოსტით ან საარჩევნო უბანზე მისვლით.

სწორედ ამან გამოიწვია ამერიკაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რადგან დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ `ფოსტით ხმის მიცემა` უფრო დემოკრატებს აძლევდა ხელს, ვიდრე რესპუბლიკელებს, რაკი `დემოკრატების` და `რესპუბლიკელების` ამომრჩევლები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიებს განეკუთვნებიან. ანუ `ფოსტით` უფრო დემოკრატიული სეგმენტი აძლევდა ხმას მაშინ, როდესაც რესპუბლიკელები ამისგან თავს იკავებდნენ და თუ უშუალოდ არჩევნების დღეს არ მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე, ეს ხმა რესპუბლიკელებს (ტრამპს)  ეკარგებოდა.

სიმართლის მარცვალი ამაში ნამდვილად არის. თუმცა ეს კოლიზია მაინც ვერ ინტერპრეტირდება `არჩევნების მოპარვად`, როგორც ტრამპი და მისი გუნდის წევრები ინტერპრეტირებდნენ.

ამის ალტერნატივა რა იყო? წინასწარი ხმის მიცემის და ფოსტით კენჭისყრის საერთოდ აკრძალვა? მაგრამ ესეც ხომ არადემოკრატიული იქნებოდა? თავის დროზე ბევრმა `რესპუბლიკელმაც` მხარი დაუჭირა დისტანციურ, ანუ ფოსტით კენჭისყრას.

 

აღსანიშნავია, რომ რატომღაც არავის ამერიკაში არ მოსდის აზრად ან კატეგორიულად არ ეთანხმებიან ელექტრონულ, ინტერნეტით ხმის მიცემას სახლიდან გაუსვლელად მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეის ავტორები `დაცულობის` ისეთივე მყარ გარანტიას სთავაზობდნენ ამერიკელ კანონმდებლებს, როგორც საბანკო ოპერაციებისას.

ჯორჯიის შტატი ტრადიციულად `რესპუბლიკელთა` სივრცედ ითვლება. ამ შტატის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა შტატის კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები შეიტანეს ფოსტით ხმის მიცემის შესაზღუდად, რომ ამომრჩეველი იძულებულია უბანზე მივიდეს.  არადა, იმავე კანონმდებლობით, საარჩევნო უბნები შაბათ-კვირას არ მუშაობს, - იკეტება. ეს ქალაქში მაცხოვრებლებისთვის პრობლემაა:  სამუშაო დღეს ამერიკაში ასე ადვილად ვერ მოძებნი თავისუფალ დროს -  ამერიკელები ხომ ფანატიკოსი `შრომაგოლიკები` არიან?!  ამდენად,  რესპუბლიკელებს აქვთ `ფორა` ჯორჯიის შტატში. იმიტომ, რომ დემოკრატთა ამომრჩეველი (ძირითადად აფროამერიკელები) უფრო ქალაქად ცხოვრობს ისტორიული მიზეზების გამო. ისინი ფოსტით აძლევდნენ ხმას.

მომავალი არჩევნები და ზოგადად საარჩევნო ციკლი რამდენად მძვინვარე იქნება, იმითაც ჩანს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საარჩევნო უბნებზე ჯორჯიის შტატში უზარმაზარი რიგები დადგა. 131 000-ზე მეტმა ჯორჯიელმა უკვე მისცა ხმა, ნაცვლად 71 ათასისა 2018 წელს.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ამერიკის სხვადასხვა შტატში სხვადასხვაგვარად ტარდება არჩევნები: ამერიკა უძლიერესი ფედერალიზმის სახელმწიფოა. შტატებს აქვთ საკუთარი კანონმდებლობა, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს `ჩარჩო` ფედერალურ კანონმდებლობას.

. . . . . . . . . . . . . . .

გენერალმა სერგეი სუროვკინმა, რომელიც პუტინმა დანიშნა უკრაინაში საოკუპაციო ჯარების სარდლად, ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში მოუწიოს `მძიმე გადაწყვეტილებების` მიღება ხერსონთან დაკავშირებით. ანუ, იგულისხმა ხერსონის დატოვება, რაკი აქტიურად უტევენ უკრაინელები.

სუროვკინი ქარაგმულად დაიმუქრა, რომ  ააფეთქებს  კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს!  ესე იგი,  რუსი გენერალი `გამომწვარი მიწის` ტაქტიკას აანონსებს:  თუ იძულებული გავხდებით ხერსონიდან უკან დავიხიოთ, ქვას-ქვაზე არ დავტოვებთ, - რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია ხერსონიდან უკვე ხორციელდებაო.

ამავე დროს სუროვკინმა რუსებს და უკრაინელებს `ერთი ერი` უწოდა. აქ აშკარად გულისხმობდა: `უკრაინელები იგივე რუსები არიან, უბრალოდ ამას ვერ ხვდებიან, რაკი NATO-მ ტვინი აუმღვრიათო`.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომლის ქალიშვილი ამერიკის მოქალაქეა, გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი `გადახედავს დასავლეთში დიპლომატიური `ყოფნის` პარამეტრებს` (Дипломатическое присутствие), რადგან, თურმე `დასავლეთი მუშაობის საშუალებას არ აძლევს რუსეთის არც დიპლომატიურ, არც ეკონომიკურ წარმომადგენლობებს`, ამიტომ `ახალი ორიენტაცია აზიაზე და აფრიკაზე უნდა გადავიდეს`.

ეს ნიშანდობლივი განცხადებაა: რატომღაც ლავროვის ქალიშვილი ჩინეთში და აფრიკაში კი არ ცხოვრობს  და ჩინეთის მოქალაქეობა კი არ მიიღო, არამედ ამერიკისა.

თუმცა ეს ნარატივი ნიშანდობლივია თანამედროვე რუსული ელიტებისთვის: `დასავლეთი აღარ გვინდა - ჩინეთი აგერ არ არისო`.

თანაც ამას ამბობენ არა მხოლოდ და არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც კულტურულ ჭრილშიც. თუმცა...... განა ტრადიციული რუსული კულტურა ჩინური ცივილიზაციის ნაწილია? თუ ევროპული ცივილიზაციის განშტოებაა?

ლევ ტოლსტოი, ფიოდორ დისტოევსკი, პეტრე ჩაიკოვსკი აღმოსავლური, ჩინური კულტურით საზრდოობდნენ? თუ ევროპული კულტურის მოსწავლეები იყვნენ?

თუმცა, ეს ნარატივები (ლავროვის, პუტინის და სხვების) მხოლოდ სიტყვები და მხოლოდ დემაგოგიაა. სინამდვილეში, რუსები საკუთარ ისტორიას ვერ გაექცევიან. და ამიტომაც დამარცხდებიან. რუსული კულტურა ბევრად ახლოსაა ევროპულ ცივილიზაციასთან, ვიდრე ჩინურ ცივილიზაციასთან.

. . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინას დაპირდა, რომ ალიანსი უახლეს ანტიდრონულ სისტემებს გადასცემს კიევს.

ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა ირანული კამიკაძე დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) გამოყენება დაიწყო და კიევი დაბომბა.

იგულისხმება, რომ უკრაინა ახლავე მიიღებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს: არ არის აუცილებელი უპილოტო კამიკაძე-დრონების ჭურვით ან ტყვიით ჩამოგდება: ხშირად საკმარისია მისი მართვის სისტემაში შეღწევა და უსაფრთხო ადგილას დანარცხება ან მიწაზე დასმაც კი.

უცნაური ისაა, რომ რადიო-ელექტრონული ბრძოლის ამგვარ სისტემებს უკრაინა ახლაღა იღებს და დღემდე ეს საკითხი არ წამოჭრილა. არადა, რუსეთი თავიდანვე იყენებდა ავიაციას. მათ შორის დრონებს.

დედამიწაზე ბოლო ომებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე ომს იგებს 4 კომპონენტი:

  1. კოსმოსური დაზვერვა და მიზნის ლოკაცია `ჭკვიანი` ჭურვებისა და ბომბებისთვის;
  2. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები;
  3. ავიაცია, მათ შორის დრონები;
  4. `ჭკვიანი არტილერია`

. . . . . . . . . . . . . . .

როგორც ცნობილია, რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა რუსულ ქალაქ ეისკში,  აზოვის ზღვის რუსულ სანაპიროზე.

ძალიან საინტერესოა ნარატივი, რაც რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება და ოფიციალური `პროპაგანდაც აფიარებს`:  `როგორ დასუსტდა რუსული არმია საბჭოთა არმიასთან შედარებით: საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა მფრინავი პარაშუტით კი არ გადმოხტებოდა თვითმფრინავიდან, როცა თვითმფრინავი ქალაქს ეცემოდა, არამედ თავს გაწირავდა, თვითმფრინავს უკაცრიელ ადგილას მიიყვანდა და მასთან ერთად დაიღუპებოდაო`.

ეს საბჭოთა მითოსია, თუმცა დღეს, ანუ პუტინის ეპოქაში  რომ `აკულტივირებენ` - ნიშანდობლივია.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსი ტერორისტი, იგორ სტრელკოვი (გირკინი) დაბრუნდა დონბასზე და აგროვებს თავის `ბოევიკებს` უკრაინასთან საომრად.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან იგორ სტრელკოვი სხვა რუსი ტერორისტებისგანაც კი გამოირჩეოდა სისასტიკით.

2014 წელს, კრემლის და რუსული სპეცსამსახურების დავალებით, იგი დონბასზე ანტიუკრაინული ამბოხის მთავარი ორგანიზატორი გახდა. უამრავი სისატიკე და დანაშაული ჩაიდინა უკრაინელების წინააღმდეგ. მაგრამ შემდეგ, როცა სტრელკოვის ქვედანაყოფმა მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდო დონბასის თავზე სადაც უამრავი ნიდერლანდელი და ევროპელი დაიღუპა, პუტინის ბრძანებით სტრელკოვი უკრაინას მოაშორეს, რადგან პუტინი მაშინ აშშ პრეზიდენტ ობამას `მოთაფვლას` ცდილობდა: ყირიმზე ნუღარაფერს იტყვით და დონბასზე უკრაინელებს უომრად მოველაპარაკებითო.

ახლა ეს `პოლიტესი` და ცრუპენტელობანი აღარაფერში სჭირდება პუტინს. თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარავის მოთაფლავს. შესაბამისად, ნომერ პირველი დონბასელი ტერორისტიც დააბრუნა სცენაზე, რაკი მისი მეშვეობით დონბასზე მცხოვრები ანტიუკრაინული ძალების მობილიზაციას შეეცდება.

. . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია, რომ ჩინეთი აქტიურად `ავერბოვკებს` ბრიტანელ გადამდგარ სამხედრო მფრინავებს, რათა მათ გაწვრთნან ჩინელი სამხედრო მფრინავები.

საქმე ის გახლავთ, რომ ბრიტანელი მფრინავები საუკეთესოდ ითვლებიან თვით NATO-ს მფრინავთა შორისაც კი. ანუ შესანიშნავი სპეციალისტები არიან.

ბევრი ბრიტანელი მფრინავი, რომელიც გადამდგარია და სახელმწიფო პენსიაზე ცხოვრობს, ამ შეთავაზებას დათანხმდა, რაკი ცდუნებას ვერ გაუძლო.

თუმცა მეორეს მხრივ ჩინეთის გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან ჩინეთს საკუთარი და საბჭოთა/რუსული წარმოების ავიაგამანადგურებლები აქვს უმეტესად. ისინი სხვა `ფილოსოფიითაა` ხშირ შემთხვევაში აწყობილი ავიონიკის და ფრენის ტაქტიკის ან ცეცხლის მართვის თვალსაზრისითაც. თუმცა აქ ალბათ იგულისხმება ფრენის ჩვევები თავისთავად, ასევე ფსიქოლოგიური მომზადება და ა.შ.

ბრიტანეთი აპირებს მიიღოს კანონი `უცხოური გავლენის` შესახებ (ანალოგიური კანონი აქვს ამერიკას), რომლითაც ბრიტანელ გადადგარ მფრინავებს ამ `ჩინური` წინადადების მიღება აეკრძალებათ.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა დაიწყო ე.წ. `ელექტრომაგნიტური იარაღის` გამოყენება.

ჯერ ჯერობით იყენებენ სპეციალურ ელექტრომაგნიტურ შაშხანებს, რომლითაც ცდილობენ თურქული უპილოტო დრონების, `ბაირაქტარების` ჩამოგდებას.

 თუმცა რუსეთის, ისევე როგორც ამერიკის სამხედრო არსენალში არის კიდევ ელექტრომაგნიტური ქვემეხები, რომლებიც ისვრიან სპეციალურ ელექტრომაგნიტურ ჭურვებს.  ეს ჭურვები ფეთქდება მტრის ფრონტალურ ტერიტორიაზე, 200-300 მეტრის სიმაღლეზე და  მთლიანად გამოჰყავს მწყობრიდან ნებისმიერი ელექტრონიკა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. მათ შორის კავშირგაბმულობის საშუალებები.

მოკვლით არავის კლავს, მაგრამ თანამედროვე ომში ელექტრონიკა, ელექტრონული სისტემები ტანკებში, ჯავშანმანქანებში, არტილერიაში  გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მათი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან დიდი უპირატესობაა და ალბათ ამერიკელებიც გადასცემენ ამგვარ სისტემებს უკრაინას.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება ამ სისტემების `ჭიდილი` ბრძოლის ველზე: რუსულის და ამერიკულის.

 

დათო