შევარდნაძე და მისი „უმრავლესობა“

შევარდნაძე და მისი „უმრავლესობა“

კონსენსუსი ილუზიად რჩება
       

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტი შეხვდა «უმრავლესობის» წევრებს. ეს თითქოს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან სულ ახლახანს ედუარდ შევარდნაძემ გამართა მოლაპარაკება «ოპოზიციის» ფრაქციებთან, მაგრამ გუშინდელი შეხვედრა სულ სხვა დისკურსში უნდა განვიხილოთ და არა როგორც პრეზიდენტისა და «საპარლამენტო ოპოზიციის» ურთიერთმოქმედება, რაც ტაქტიკურ ასპექტებს არ გასცილებია.
        შევარდნაძე ძალზე იშვიათად ხვდება «უმრავლესობასა» და თავის პარტიას, ოღონდ ეს პოლიტიკური ძალა კვლავაც მისი სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრა კი იმან განაპირობა, რომ კულმინაციას მიაღწია ბრძოლამ ახალი სახელისუფლებო მოდელისა და ბალანსის ჩამოსაყალიბებლად, რისი გულანიცაა «მინისტრთა კაბინეტის» საკითხი.
        ბუნებრივია, ეს თემა კვლავაც მჭიდროდ უკავშირდება «თვითმმართველობის», «რეგიონალიზმის» და «საარჩევნო ადმინისტრაციის» პრობლემებს.
        გუშინ სახელისუფლებო კულურებშიც და პრესიდენტ - «უმრავლესობის» მოლაპარაკებებისას განიხილებოდა ორი ძირითადი პროექტი: პრეზიდენტი ნიშნავს გამგებლებს (ყოველგვარი გამონაკლისისა და შეღავათის გარეშე). მეორე: პრეზიდენტი ნიშნავს გამგებელსა და მერს არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობიდან. უაღრესად მნიშვნელოვანი დაზუსტება: რაიონის საკრებულო აირჩევა არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით. შესაძლოა, სწორედ ამან გაიტაცა ოპოზიცია და მისი ერთი ნაწილი (!) ფაქტობრივად დაეთანხმა «ხატიძის კომპრომისს»«, ანუ დანიშნული გამგებლის «ლეგიტიმურობის ამაღლებას». რა თქმა უნდა, სრული ლეგიტიმურობა იქნებოდა პირდაპირი არჩევნები, ოღონდ «ოპოზიციაშიც» კი ხვდებიან, რომ ეს საქართველოში 70 პრეზიდენტის არჩევას ნიშნავს. ამიტომ «შუალედი» (ოქროსა თუ ვერცხლის - სხვა საკითხია) მოიძებნა არჩეული საკრებულოდან გამგებლის დანიშვნით, რომელიც დაუყოვნებლივ დატოვებს საკრებულოს (ქალაქის საბჭოს), გადადის «საპრეზიდენტო ვერტიკალში», ანუ პრეზიდენტს ექნება ფლება, იგი გაათავისუფლოს თანამდებობიდან და არა მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევისთვის, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით.
        გუშინდელ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ (კომპრომისულ, შუალედურ) ვარიანტს დაეთანხმა. მართალია, აცხადებენ «განხილვაში მივიღებთ მხოლოდ მონაწილეობასო», მაგრამ ეს უკვე «ბოიკოტზე» უარის თქმაა, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია. თანაც საეჭვოა, ეს «ოპოზიციის» საერთო აზრი იყოს. მაშასადამე, ხსენებული თემა უმცირესობაში დაძაბულობის ზრდის ფაქტორად იქცევა.
        რაც შეეხება უმრავლესობას, მისი უმრავლესობა და პრეზიდენტი დაეთანხმნენ «დანიშვნის» ინსტიტუტს. არგუმენტი შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასებული არ იყოს, მაგრამ ობიექტურად ყურადსაღებია: საქართველოს პოლიტიკური კულტურა არ იძლევა «სახელისუფლებო ვერტიკალის» შესუსტების საშუალებას. ყოველ შემთხვევაში, ამას უეჭველად მოჰყვება დამანგრეველი შედეგი. რასაკვირველია, «მოქალაქეთა კავშირისთვის» დანიშნული გამგებელი ხელსაყრელია პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეზონს მოკლებულია არგუმენტი «არჩევითობის» ობიექტური შედეგების შესახებ.
        ამ აზრის ოპონენტებს ვერაფრით შეაგნებინებ, რომ კერძო და ზოგადი ინტერესები ძალიან ხშირად არ ემთხვევა, მაგრამ ზოგჯერ კიდეც ემთხვევა ერთმანეთს.
        «არჩეული სკერებულოდან გამგებლის დანიშვნა» (გუშინდელმა სხდომამ საკითხი დღის წესრიგში დატოვა) არის არა ხელისუფლების ახალი მოდელის, არამედ სახელისფლებო ბალანსის პრობლემა.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ესეც უკვე ტაქტიკის საკითხია. გააჩნია, ამ ტაქტიკური «ურთიერთმოქმედების» პროცესში რას დათმობენ მხარეები.
        მოკლედ შეიძლება ითქვას: «უმრავლესობას» არ უღირს დათმობა, რისთვისაც მზად არის «უმცირესობა». სხვა საქმე იქნებოდა, ოპოზიციას «პაკეტში» განეხილა (დათანხმებოდა ამგვარ რაკურსში განხილვას) «კაბინეტის» - «ადგილობრივ არჩევნებთან და «ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობასთან» დაკავშირებული საკითხები.
        მაგრამ ამისთვის უკვე «ოპოზიციური» ისტებლიშმენტი არ აღმოჩნდა მზად.

დილის გაზეთი, 24 ივლისი, 2001 წელი