ლარის დევალვაცია წინასაარჩევნო დირექტივა იყო

ლარის დევალვაცია წინასაარჩევნო დირექტივა იყო


   

    მიმდინარე კვირას ლარი «თავისუფლად გაფრინდება». უკვე დღეიდან ეროვნული ბანკი განახორციელებს ინტერვენციებს ეროვნული ვალუტის კურსის შესაკავებლად. მოსალოდნელია ლარის მნიშვნელოვანი დევალვაცია. სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის თავად დაარეგულირებს კურსს ისეთ დონეზე, როდესაც იმპორტიორი იძულებული გახდება შეამციროს იმპორტი, შესაბამისად დაიკლებს მოთხოვნა დოლარზე და იგი «გაუსწორდება» ლარზე მოთხოვნას სადღაც 2,5 ლარის ფარგლებში.
    სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს. ლარი შეზღუდული რაოდენობითაა მიმოქცევაში გაშვებული, ამიტომ დოლარის კურსი უსასრულოდ ვერ გაიზრდება. ვთქვათ, ვერ გახდება 10, 15, 20 და ა.შ. სხვა საქმე იქნებოდა ემისიის შემთხვევაში, მაგრამ ეროვნული ბანკი «ფულის მოჭრას» არ აპირებს.
    უკანასკნელი ცნობებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჯერ კიდევ სექტემბერში მოსთხოვა ხელისუფლებას ლარის დევალვაცია, რათა არ დახარჯულიყო სავალუტო რეზერვი, მაგრამ მაშინ, საარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებამ ამგვარ გადაწყვეტილებას თავი აარიდა;
    თუნდაც ოქტომბერში «ლარის გაშვება» უეჭველად გამოიწვევდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე «მოქალაქეთა კავშირის» დამარცხებას; მეორეს მხრივ, ნოემბრის ბოლოსთვის ხელისუფლება მიხვდა, რომ ლარის ძველ ნიშნულზე შეკავება უკვე შეუძლებელი იყო. ეროვნული ბანკის რეზერვები კატასტროფულად მცირდებოდა და ზოგიერთი ცნობით, 40 მილიონ დოლარზე დავიდა; პარალელურად მცირდებოდა ექსპორტი და იზრდებოდა მოთხოვნა დოლარზე. სავალუტო რეზერვის ამოწურვა კი (დაახლოებით მარტში) სრულ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა.
    ამრიგად, გადაწყვეტილების მიღება სასწრაფოდ გახდა საჭირო. ხელისუფლებისათვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია - რაც უფრო გვიან მიიღებდა იგი ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო ნაკლები დრო დარჩებოდა აუცილებელ, გარდაუვალ შედეგთა ნეიტრალიზაციისათვის.
    ამჟამად კი, მომავალ არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დარჩა. ამ ხნის განმავლობაში, შესაძლებელია საზოგადოებრივი განწყობის მნიშვნელოვნად შეცვლა თუ რასაკვირველია, კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდა.
    ხელისუფლებამ მიიღო საშუალება, ამიერიდან ნებისმიერი სავალუტო შემოსავალი მიმართოს ბიუჯეტში და არა ლარის კურსის «დასაჭერად». მაგალითად, დევალვაციამდე განზრახული იყო, რომ თელასის პრივატიზებიდან მისაღები თანხა, - 25 მილიონი დოლარი, - მოხმარებოდა სავალუტო რეზერვების შევსებას და ბირჟაზე ინტერვენციების განხორციელებას. ახლა კი ეს თანხა შეიძლება ხელფასებისა და პენსიების დაფარვას მოხმარდეს.
    არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციებს არ ახორციელებს. მხოლოდ «გარდამავალი ეკონომიკის» სახელმწიფოებშია ამგვარი რამ შესაძლებელი. გარკვეულ დრომდე ეს გამართლებული იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდა, რომ რუსეთის ბაზრის განადგურების პირობებში «ლარის დაჭერა» მხოლოდ იმპორტის სტიმულირებას ნიშნავდა.
    ახლა კი ლარი დაეცემა იმ დონემდე, სადაც მას გააჩერებს სავაჭრო სალდო. ამიერიდან, საქართველოს მოსახლეობა ძალზე უცნაური მოვლენების მომსწრე შეიძლება გახდეს: რაკი ლარი «გაშვებულია» - იგი უეჭველად დაიწევს რამდენიმე ათეული პუნქტით, მაგრამ საკმარისია ექსპორტი გაიზარდოს, ანუ შეიცვალოს სავაჭრო სალდო, რომ ლარი დაიწყებს გამყარებას, ანუ პირიქით, დოლარი დაეცემა ლარის მიმართ, ვინაიდან ექსპორტის ზრდა უეჭველად გულისხმობს ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდასაც.
    რა თქმა უნდა, იდეალურია ვითარება, როდესაც ექსპორტი სჭარბობს იმპორტს, ან როცა ისინი თანაბარ დონეზე იმყოფებიან. ამ შემთხვევაში, სავალუტო ფონდის კრედიტები საერთოდ არ არის საჭირო, ამრიგად, თუ დეკემბრის ბოლოსთვის დოლარის კურსი გახდება 1-3-თან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი სამი-ოთხი თვის შემდეგ არ შეიძლება ისევ 1-1,5 გახდეს. ყველაფერი სავაჭრო ბალანსზე და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
    რასაკვირველია, თუ ეროვნული ბანკი ემისიას განახორციელებს, ან ე.წ. «შეღავათიან კრედიტს» გასცემს, მაშინ ლარს არათუ სავალუტო ფონდი, მიშელ კამდესიუ ან ბილ კლინტონი, არამედ თვით მამაზეციერიც ვერ უშველის. სხვათა შორის, სულ ტყუილად იფშვნეტენ ახლა ხელებს ყოფილი «წითელი დირექტორები» და «დამზადების უფროსები». ლარის დევალვაცია ნამდვილად არ ნიშნავს (არ უნდა ნიშნავდეს) მონეტარიზმზე უარის თქმას, ლარის კუპონიზაციას და ე.წ. ««ლიბერალური ფულად-საკრედიტო» პოლიტიკის ჭაობში დაბრუნებას.
    თუმცა, მეორეს მხრივ, ლარის პოზიციათა შერყევა, რასაკვირველია, შეასუსტებს ხელისუფლების პოზიციებს: ისე არავინ წარმოიდგინოს, თითქოს «მყარ ლარს» თავისი დადებითი თვისებები არ ჰქონდა; რა თქმა უნდა, ჰქონდა! უპირველესად, ეს ხელსაყრელი იყო ჩვენი საზოგადოების იმ ფენებისათვის, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს - საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომლებისათვის, მასწავლებლებისათვის, პენსიონერების და ა.შ.
    რა თქმა უნდა, ლარის დაცემა მათ რისხვას გამოიწვევს; თუმცა ისინი მაინც არ შეადგენენ მმართველი პარტიის ელექტორატს. ამ კატეგორიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ ან ლეიბორისტებს მისცა ხმა, ან სოციალისტებს.
    გაცილებით მნიშვნელოვანია ის სოციალური ფენა, რომელიც თავს «იმპორტით ირჩენდა». ვგულისხმობ არა მხოლოდ საკუთრივ «ბობოლა იმპორტიორებს», თუმცა ხელისუფლებისათვის მათი მხარდაჭერაც ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ წვრილ-წვრილ მოვაჭრეებს, რომლებიც თბილისის ქუჩებსა და ბაზრობებზე ათასგვარი წვრილმანის გაყიდვით გააქვთ თავი; ისინი ძირითადად მაინც ხელისუფლებას უჭერენ მხარს. დევალვაციამ ეს ელექტორატი სერიოზულად დააზარალა, რაც უეჭველად იქონიებს ზეგავლენას მათ არჩევანზე; არადა, ეს კატეგორია უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომლების «არმია».
    იმავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება საქართველოში მომხდარის გაიგივება რუსეთის კოლაფსთან. რუსული რუბლის დამხობა სხვა მიზეზებით უფრო იყო განპირობებული. მაგალითად, რუსეთი ბიუჯეტს 1995 წლიდან დღემდე ავსებდა ე.წ. «სახაზინო ვალდებულებებით». თანაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვალდებულებებს ყიდდა საზღვარგარეთ. ამ გზით იგებოდა გრანდიოზული პირამიდა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დამხობილიყო და დაემხო კიდეც.
    საბედნიეროდ, საქართველოში მსგავსი არაფერი გაკეთებულა, ამიტომ მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებათა ოდენობაც მიზერულია. თურქული «ემლაქ» ბანკის გარდა, რომელმაც ერთხელ 5 მილიონი დოლარის სახაზინო ვალდებულება დააფინანსა, ამ პროცესში უცხოური ბანკები არც ჩარეულან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში რუსეთზე უფრო მეტად თანმიმდევრულად განხორციელდა საბაზრო რეფორმა, სრულიად გათავისუფლდა ფასები, შეიკვეცა სახელმწიფო ხარჯები და ა.შ.
    ამრიგად, ეკონომიკური თვალსაზრისით, ლარის დევალვაცია მხოლოდ სარგებლობას მოიტანს, გააუმჯობესებს სავაჭრო სალდოს, ხელს შეუწყობს წარმოების ამოქმედებას, ექსპორტის ზრდას, იმპორტის შემცირებას და ა.შ. სამაგიეროდ, სოციალური თვალსაზრისით, ეს უდიდესი დარტყმა იქნება მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე.
    ბუნებრივია, ამგვარი სოციალური კატაკლიზმი გამოიწვევს ელექტორატის სტრუქტურისა და სოციალური თვისებრიობის შეცვლას, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, დაახლოებით გაზაფხულის ბოლოდან საქართველოში სამეწარმეო ბუმი დაიწყოს, რასაც მმართველი პარტია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს; ოღონდ ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის გარეშე ეს წარმატებაც დროებითი იქნება.

მერიდიანი, 7 დეკემბერი, 1998 წ.