საერთაშორისო მიმოხილვა. 30 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 იანვარი. 2024 წელი

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრე პაველმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპს აირჩევენ პრეზიდენტად, ის „გაურიგდება პუტინს უკრაინის ხარჯზე“.

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა დაიქადნა, რომ 24 საათში დაასრულებს ომს უკრაინაში.

ახლახან კი დონალდ ტრამპმა დააზუსტა, კონკრეტულად როგორ მოიქცევა. „დააზუსტა“ იმიტომ, რომ მისმა ფრაზამ „24 საათის“ შესახებ დიდი გაუგებრობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

ტრამპის თქმით, თუ პრეზიდენტად აირჩევენ დაურეკავს ზელენსკის და ეტყვის: „კმარა, უნდა წამოხვიდე კომპრომისზე“. მერე დაურეკავს პუტინს და გააფრთხილებს, რომ თუ კომპრომისზე არ წავა „ამერიკა იმდენს მიაწვდის უკრაინას (იარაღს-დ.) რაც დღემდე არასდროს მიუწოდებიაო“.

აბსოლუტურად ნათელია რას გულისხმობს ტრამპი ამ „კომპრომისში“: კონფლიქტის „გაყინვას“ ამჟამინდელი ხაზზე, რათა უკრაინამ არ სცადოს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, დონბასი, ყირიმი, ხოლო პუტინმა აღარ სცადოს კიევის, მით უმეტეს ლვოვის აღება.

დღევანდელ სიტუაციაში ტაქტიკურად ამგვარი „კომპრომისი“ უფრო პუტინს აძლევს ხელს ვიდრე ზელენსკის.

იმიტომ, რომ თუ ფრონტის ხაზი გაიყინება ნამდვილად, ანუ უკრაინა იკისრებს ვალდებულებას, აღარ შეუტიოს რუსულ საოკუპაციო არმიას, ზელენსკი აუცილებლად გახდება იძულებული, ჩაატაროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, რაკი ფორმალურადაც და დე-ფაქტო თვალსაზრისითაც აღარ იქნება საომარი მდგომარეობა: ამ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კი უეჭველად გამოიწვევს ელიტების გახლეჩას, უკრაინისთვის ტრადიციულ შიდა დაპირისპირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ყველაფრის თავი და თავი, მიზეზთა-მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინის სტრატეგიული კონტრშეტევა, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კი ისაა, რომ დასავლეთმა მეტისმეტად დიდხანს „ითრია ფეხი“ მიეწოდებინა თუ არა უკრაინისათვის სერიოზული იარაღი. მათ შორის შორსმწვდომი რაკეტები და დღემდე უკრძალავს კიევს  ადეკვატური ზომების მიღებას რუსეთის ქალაქების მიმართ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

CNN ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც პრო-ირანულმა ძალებმა სირიაში, დაარტყეს ამერიკულ სამხედრო ბაზას სირია-იორდანიის საზღვარზე, მოკლეს სამი და სერიოზულად დაასახიჩრეს 30 ამერიკელი ჯარისკაცი.

ასეთი რამ ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა.

დილემა კი ისაა, რომ როგორც CNN წერს „ბაიდენის ადმინისტრაციამ არ შეიძლება ეს შეტევა უპასუხოდ დატოვოს, თუმცა ცდილობს დაიცვას ბალანსი საპასუხო დარტყმის აუცილებლობასა და ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის თავიდან აუცილების აუცილებლობას შორის“.

მართლაც, ასეთია ზესახელმწიფოს ბედისწერა: აუცილებლად უნდა დაარტყას საპასუხოდ, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამერიკულ ბაზას სწორედ ირანი დაესხა თავს, „საპასუხო დარტყმა“ მხოლოდ ირანის Proxy ჯგუფებზე სირიაში, იმავე მსოფლიოს მიერ არ აღიქმება ზესახელმწიფოს „საკადრის“ ადეკვატურ პასუხად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკომისარმა ვალდის დუმბროვსკისმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება „ტრანსკასპიური მარშრუტის“ განვითარებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიიდან - ევროპისკენ.

ევროკომისრის თქმით, პირველ ეტაპზე ევროკავშირი გამოყოფს მილიარდ ნახევარ ევროს, ხოლო საბოლოოდ 10 მილიარდ ევროს ამ მარშრუტის განსავითარებლად, რათა ცენტრალური აზიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან ტრანზიტი განვითარდეს არა რუსეთის, არამედ კასპიის ზღვის და სამხრეთ კავკასიის გავლით.

ეს ძალიან სერიოზული გადფაწყვეტილებაა პუტინის იმპერიალიზმის საწინააღდმეგოდ

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ერევანში მოხდა ისტორიულად  მნიშვნელოვანი და რეზონანსული ფაქტი, რამაც უდიდესი აღშფოთება გამოიწვია რუსეთში და აშკარად მეტყველებს სომხურ საზოგადოებაში ანტირუსული (!) განწყობების ზრდაზე: სომეხმა სამოქალაქო აქტივისტებმა დაარბიეს ერევანში ლენინგრადის ბლოკადის მემორიალი. ვინმე სამველ შირანიანმა ჩამოგლიჯა რუსეთის დროშები და შემდეგ ეს ძალიან საინტერესოდ ახსნა: „ლენინგრადის ბლოკადა დოკუმენტურად დასაბუთებული არ იყოო“.

ასე უპასუხა მან რუსული „საგარეოს“ სფოუქსპერსონის, მარია ზახაროვას ფრაზას ბოლო პრეს-კონფერენციაზე: „მთიან ყარაბაღში სომეხთა ეთნიკური წმენდა დოკუმენტურად დასაბუთებული არ არისო“.

შირანიანიც ასე პასუხობს: „თუ რუსეთის აზრით, სომეხთა ეთნიკური წმენდა ყარაბაღში დოკუმენტურად დასაბუთებული არ არის მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სომეხმა დატოვა ისტორიული საცხოვრისი და ახლა სომხეთში ცხოვრობს“ (ანუ თვალნათელი ფაქტია, რასაც დოკუმენტური დასაბუთება არ სჭირდება ან ამგვარი დასაბუთების მოთხოვნა უბრალოდ დემაგოგიაა), მაშინ არც ლენინგრადის ბლოკადა ყოფილა დოკუმენტურად დასაბუთებულიო.

და მართლა არ ყოფილა დოკუმენტირებული - ამისთვის რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას ეცალა მაშინ?

ეს ისტორია მკაფიოდ მანიფესტირებს, რამდენად ღრმაა სომხურ საზოგადოებაში ის ტრავმა, რაც ყარაბაღის დაკარგვამ და იქიდან სომხური მოსახლეობის გადმოცხოვრებამ გამოიწვია სომხეთში.

ამას სომხები, მათთვის დამახასიათებელი „ისტორიულად ტრავმატული მეხსიერების“ გათვალისწინებით, რუსებს არასდროს არ აპატიებენ.

გვიან საბჭოთა პერიოდში ისიც კი მწარედ ახსოვდათ, რომ თურმე ლენინმა და სტალინმა „მთა არარატი თურქეთს აჩუქეს“.

მთიანი ყარაბაღი კი მათთვის იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და „წმიდა მიწა“ იყო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა სომხეთის მთელს მრავალათასწლოვან ისტორიას.

როგორც ჩანს ეს მიწა სომხეთმა მართლაც სამუდამოდ დაკარგა და ვეღარასოდეს ვეღარ დაიბრუნებს. თანაც მაქსიმალისტური გაგებით - ანუ სომხები იქ საეროდ ვერ დაბრუნდებიან ვერასდროს.

ამგვარი გაგება სომხურ საზოგადოებაში სულ უფრო მკვიდრდება და სულ უფრო იზრდება, ამასთან, „გაბრაზება“ რუსეთზე. მით უმეტეს, როცა რუსეთის თანამედროვე ლიდერები აღარც მალავენ, რა მოსაზრებებით „ჩააბარეს“ მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა (წარმოშობით ნახევრად სომეხია სხვათა შორის, - თბილისელი ვინმე  კალანტარიანის შვილი) ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შაბათს განაცხადა, რომ რუსეთი აშენებს სტრატეგიულ მარშრუტს ჩრდილო-სამხრეთი, რომელიც რუსეთიდან წარიმართება აზერბაიჯანში, შემდეგ კი ირანში.

სომხეთს რა შეუძლია სანაცვლოდ შესთავაზოს რუსეთს? თითქოსდა არც არაფერი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი რუსი „გეოპოლიტოლოგი“ და იმპერიალისტი, კონსტანტინე ზატულინი ეკამათებოდა სომეხ მოღვაწეს და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთს არ ძალუძდაო ხელი შეეშალა აზერბაიჯანისთვის ეყიდა იარაღი მთელს მსოფლიოში. საინტერესო ლოგიკა აქვთ რუს „იმპერცებს“, მათ შორის ზატულინს: „ჩვენ თუ არ მივყიდდით სომხებს იარაღს, სხვები მიჰყიდდნენ მაინც და......“

ზატულინის ეს დებულება სრული ცრუპენტელობაა. აბა გავიხსენოთ: როცა მოსკოვს „უღირდა“ და „ეადვილებოდა“, იგი წარმატებით ახერხებდა, ჯერ კიდევ 2008 წლის აგრესიამდე საქართველოსთვის (!) ხელი შეეშალა ეყიდა იარაღი მთელს მსოფლიოში; არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნები, არამედ აზიური სახელმწიფოებიც და საერთოდ ყველა ქვეყანა, სადაც რუსეთს საელჩო ჰქონდა, „ფეხს ითრევდნენ“ და საქართველო ძლივს-ძლივძლივობით ახერხებდა იარაღის შეძენას (ვიმეორებ) ჯერ კიდევ 2008 წლის რუსულ აგრესიამდე.

აგრესიის შემდეგ მით უმეტეს.

ისრაელმა კი მოგვყიდა სადაზვერვო დრონები, თუმცა შემდეგ ამ დრონთა მართვის კოდები რუსეთს გადასცა, რაკი მოსკოვი დაემუქრათ, რომ შორსმწვდომ რაკეტებს და უახლეს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს მიაწვდიდნენ „ჰამასსა“ და „ჰესბოლლას“.

გარდა ამისა, ისრაელმა ცალმხრივად გაწყვიტა საქართველოსთან სნაიპერთა მომზადების პროგრამა, მიუხედავად იმსია, რომ ფული უკვე გადახდილი გვქონდა.

საქმეც სწორედ ისაა, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში, რუსეთს ასე არ „ეადვილებოდა“ და რაც მთავარია „არ უღირდა“ ბაქოსთან არათუ დაპირისპირება, არამედ ურთიერთობათა ამ დონეზე გაფუჭება.

ოღონდ.... ყველაფერს ამქვეყნად აქვს ფასი: რაკი „არ უღირდა“ და „არ ეადვილებოდა“, ამის „ფასი“ ის იქნება, რომ „რუსეთმა გაგვყიდა“ იქცევა ამიერიდან ძალიან მაღალკულტუროსანი, დასავლეთში საკმაოდ გავლენიანი და პროფესიული დიპლომატიური კორპუსის მქონე სომეხი ერის ისტორიული ნარატივი, მისი ნაციონალისტური „მითოსის“ განუყოფელი ნაწილი;

 ხოლო საქართველოსთან „კავშირში“ ეს საკმაოდ პრობლემური გახდება მოსკოვისთვის ახლო ისტორიული პერსპექტივაში.

უბრალოდ, აზერბაიჯანი და თურქეთი არ აღმოჩნდა ისე იოლად „დასაჩაგრი“ მოსკოვისთვის, როგორც საქართველო და სომხეთი.

თტქმის უმაგალითოა მსოფლიო ისტორიაში ის, რაც რუსეთმა ცაიდინა სომხეთის მიმართ:

მან დაუშვა იმ ქვეყნის გამარჯვება (აზერბაიჯანის), რომელმაც დიდი ხნის წინ გააძევა რუსული არმია საკუთარი ტერიტორიიდან, არ შედიოდა არც ერთ პრორუსულ გაერთაინებაში (ЕВРАЗЭС, ОДКБ) და მეორეს მხრივ, რუსეთმა დაუშვა იმ ქვეყნის დამარცხება, სადაც იმყოფებოდნენ რუსული სამხედრო ბაზები, რომლსი საზღვარს იუცავდნენ რუსი მესაზღვრეები, რომელიც შედიოდა ყველა პრორუსულ გაერთიანებაში და ა.შ.

ეს უკვე ისტორიულად შემდგარი ფაქტია და აღარ შეიცვლება.