საერთაშორისო მიმოხილვა. 23 დეკემბერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 დეკემბერი 2021 წელი

როგორც ვწერდით, აფხაზეთში ხორციელდება მორიგი `სახელმწიფო გადატრიალების` მცდელობა. თუკი ` სახელმწიფო` შეიძლება ეწოდოს იმ ტერიტორიას და იმას, რაც იქ ხდება უკვე მერამდენედ.

გუშინ ოპოზიციის ათასობით მომხრე, მათ შორის საქართველოსთან ომის ვეტერანები მივარდნენ `პრეზიდენტის` ადმინისტრაციასთან, სადაც იმყოფება `პრეზიდენტი ბჟანია` და მისი გამოსვლა მოითხოვეს. ბჟანია არ გამოვიდა.

მასთან ერთ-ერთი ოპოზიციონერი შევიდა. მერე ბობოქარი მიტინგის მონაწილეებს აცნობა, რომ `პრეზიდენტი ბჟანია` უარს აცხადებს `გამოვიდეს ხალხთან`.

ამით გაბრაზებული `ხალხი` მივარდა უკვე პარლამენტთან  და დეპუტატებისგან მოითხოვა `სამშობლოს ღალატის` გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

 `პარლამენტის` შენობასთან, ბჟანიას ბრძანებით მობილიზებული იყო აფხაზეთის მილიცია და არმიის ნაწილებიც კი. ისმოდა სროლა. მომიტინგეებმა გადაატრიალეს ავტობუსები, აფეთქდა `ხმოვან-მაშუქი` ყუმბარები, თუმცა მომიტინგეები შორი-ახლოს მაინც არიან შეკრებილნი და პრეზიდენტის იმპიჩმენს კვლავინდებურად მოითხოვენ.

ბჟანია ჯერ არ გაქცეულა გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი კრიზისი გამწვავდა, ეს გარდაუვალი იქნება.

ისევე, როგორც, თავის დროზე, იმავე ბაზაზე გაიქცა მისი წინამორბედი `პრეზიდენტი ჰაჯიმბა`, იმის  წინამორბედი `პრეზიდენტი ანქვაბი`.......

ძალიან საინტერესოა, თუ რა პრეტენზიებს უყენებდნენ ასლან ბჟანიას მიტინგის მონაწილენი და ლიდერები:

მათი უკმაყოფილების მიზეზია არა მხოლოდ ის, რომ `პრეზიდენტმა გაყიდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა` ცნობილი განცხადებით `რუსეთისთვის აფხაზეთის სუვერენიტეტის გაყოფის შესახებ`, არამედ.........  `წყალი არ მოდის`, `დენი არ არის`....... არადა, რატომ არ არის? რატომ ითიშება ელექტროენერგია ხშირად წყალსაქაჩ სადგურებზე, რის გამოც `წყალი არ არის`? რატომ ითიშება `დენი`ანუ `Свет-სინათლე`?

იმიტომ, რომ აფხაზეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს მაინინგ-ფერმა, იხარჯება უდიდესი რაოდენობის ელექტროენერგია და აფხაზეთს აღარ ჰყოფნის საქართველოსათვის ენგურჰესზე წართმეული ელექტროენერგია.

რუსეთიც აღარ აწვდის ელექტროენერგიას საჭირო რაოდენობით.

სიტუაციის მარაზმატულობა კი ისაა, რომ იმ ხალხის 80%-ს ვინც იმ მიტინგში მონაწილეობდა, თავად აქვს სახლში ამგვარი `მაინინგ კრიპტო-ფერმები`და თავად იპარავს ელექტროენერგიას. მერე კი გამოდის და ხელისუფლებას ამუნათებს: `რატომ არ გვაქვს შუქი სახლში და წყალი რატომ არ მოდის ონკანშიო`.

ასევე, ერთის მხრივ, წინააღმდეგია რუსეთის შემადგენლობაში შესვლის, ხოლო მეორეს მხრივ `პრეზიდენტ ბჟანიას` აბრალებს: `რატომ ვერ გამონახა საერთო ენა მოსკოვთან, რათა მოსკოვი ძველებურად გვეხმარებოდეს ყოველწლიურად მილიარდობით რუბლითო`.

საეჭვოა ეს ყოველივე კარგად დამთავრდეს -  ე.წ. `დამოუკიდებელი აფხაზეთი` ისტორიულ ჩიხში იმყოფება და ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალია საქართველოსთან რაიმე კომპრომისი.

თუმცა, ამ ისტორიულ ეტაპზე ესეც შეუძლებელია: აფხაზური საზოგადოება სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს, რომლის `მდგენელი` პარანოიდული ქართველოფობიაა. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ``როიტერსმა`` საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომ დასავლეთი განიხილავს ტექნოლოგიურ სანქციებს რუსეთის მიმართ, თუ პუტინის არმია შეიჭრა უკრაინაში.

მათ შორის სმარტფონთა ექსპორტის აკრძალვას რუსულ ბაზარზე.

ერთი შეხედვით, თითქოს, `რანაირად` უნდა აკრძალოს ვაშინგტონმა ან ბრიუსელმა ტელეფონების ექსპორტი? `ეფლ`-ისა კიდევ ჰო, მაგრამ` სამსუნგი`?

საქმე ისაა, რომ არა მხოლოდ `ეფლი` არამედ `სამსუნგიც` მზადდება მათ შორის იმ კომპონენტებით, იმ ტექნოლოგიური `ნაწილაკებით`, რაც 100%-ით ამერიკული ან ევროპული წარმოებისაა და რომელთა გარეშე ვერანაირი `სამსუნგი` ვერაფრით შეძლებს ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ტელეფონის წარმოებას.

ამ გარემოებაზე დაყრდნობით, დიახ, ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს შეუძლია აუკრძალოს ამერიკელ მწარმოებლებს კომპონენტთა და `ტექნოლოგიურ ნაწილაკთა` ექსპორტი სამხრეთ კორეაში, თუ ეს ქვეყანა სანქციებს არ დაემორჩილება.

სხვა გავლენის ბერკეტებიც რომ არ ჰქონდეს სეულზე (არადა რა თქმა უნდა სხვაც ბევრი აქვს, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური) მხოლოდ ესეც საკმარისი იქნება და `ეფლ` სიხარულით ცას ეწევა, თუ მისი გლობალური კონკურენტი ჩაიძირება.

ასევე შეუძლია ამერიკას აკრძალოს ტელეფონების რეექსპორტიც, ნაწილობრივ გარდა......ჩინეთისა პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა ჩინეთიც დიდწილად დამოკიდებულია ამერიკაზე ტექნოლოგიურად.

და დიდი ამბიციის მიუხედავად, პეკინში ეს არასდროს ავიწყდებათ

ხოლო თუ ჩინეთი არ დაემორჩილა, ამერიკას იმის საშუალებაც აქვს, გენიალური `გუგლ`-ის მეშვეობით, საოპერაციო სისტემები (ორივე, ო რ ი ვ ე საოპერაციო სისტემა!) დაბლოკოს რუსეთის ტერიტორიაზე. და თუ ეს სისტემები აღარ ექნებათ `პრადვინუტი` რუსებს, რაღად უნდათ სმარტფონი?

თუ `იუთუბ`-ს ვერ უყურა, თუ სტრიმები ვერ ნახა.......ამოიღოს მაშინ ბებიას სკივრიდან `ერიქსონი` ან `ნოკია` და ილაპარაკოს, კი ბატონო.

გასაგებია, რომ კერძო ექსპორტს ამერიკა ვერ აკრძალავს. მაგალითად ვერ შეუშლის ხელს ვინმე ცალკეულ სომეხს, ყაზახს, მოლდოველს, უზბეკს შევიდეს თავისი ქვეყნის მაღაზიაში, იყიდოს იქ ასი `სამსუნგი` ან `ეფლ` და ჩემოდნით წაიღოს რუსეთში, მერე გაყიდოს სადმე ბაზრობაზე. თუმცა ეს ინდუსტრიული მასშტაბის ვერ იქნება და აუცილებლად (აუცილებლად!) გააძვირებს ნაწარმს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მიაღწია შეთანხმებას, არ დააჩქარონ რუსულ გაზსადენ `ჩრდილო ნაკადის`სერტიფიცირების პროცესი უკრაინის კრიზისის დაძლევამდე.

გერმანიაში ეს შეთახმების საგანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრსა და კანცლერს (პრემიერ-მინისტრს) შორის, რაკი დემოკრატიულ ქევყანაში,  მით უმეეტს კოალიციურ მთავრობაში  კანცლერი ერთპიროვნულად ვერ მიიღებს ამ რანგის გადაწყვეტილებას. მით უმეტეს კოალიციის წევრი სხვა მინისტრის ნების საწინააღმდეგოდ.

პასუხად პუტინმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება: თითქმის მთლიანად შეწყვიტა გაზის ექსპორტი ევროპაში გაზსადენ `იამალით`, რომელიც გადის ბელორუსის და პოლონეთის ტერიტორიაზე. ოღონდ ისე, რომ ბელორუსს არ შეუწყვიტა - ევროპას შეუწყვიტა. ეს არის დარტყმა ევროპაზეც და ცალკე ``ისტორიულ მტერ პოლონეთზეც``.

ბუნებრივი აირის ფასმა  ევროპაში 2 100 ევროს(!) მიაღწია, როდესაც შარშან ამ დროს 400 ევრო ღირდა.

ევროპას ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივ ამერიკა დაეხმარა: ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახერხა (ეს არ არის იოლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში), რომ ამერიკული თხევადი გაზი, ნაცვლად აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისა, ევროპისკენ დაიძრა. ათეულობით გემი, რომელიც ინდოეთისკენ, კორეისკენ, მალაიზიისკენ, ფილიპინებისკენ მიემართებოდა,  ოკეანეში  შემოაბრუნეს და ევროპისკენ მიმართესს.

ნაწილობრივ ეს გადაწყვეტს ევროპის პრობლემას ამ ზამთარს.

თუმცა, უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, როცა უკრაინის გიგანტური გაზსადენი სისტემა გადაიკეტება,  მხოლოდ `ჩრდილო ნაკადი` დარჩება.  პუტინი ევროპას ეტყვის: ან გააცოცხლეთ `ჩრდილო ნაკადი`, დაუმატეთ კიდევ მესამე, მეოთხე წყალქვეშა ხაზები, ან.....გაიყინებით.

2 100 ევრო 1 000 კუბურ მეტრზე  მდიდარი ევროპისთვისაც კი მეტისმეტია. ყველაზე მეტად მაინც გერმანია დაისჯება, რადგან საფრანგეთისგან და ინგლისისგან განსხვავებით, გერმანიამ ატომური ელექტროსადგურებიც დახურა და ქვანახშირის გამოყენებაც აკრძალა გერმანელ `მწვანეთა` მოთხოვნით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ისტორიულად მცდარი აღმოჩნდა მეტისმეტი  აქცენტი ე.წ. `ქარის` და `მზის` ელექტროსადგურებზე, რადგან ასე დაემთხვა, რომ მაგალითად წელს არა მხოლოდ ცივი შემოდგომა-ზამთარია ევროპაში, არამედ უქარო, უმზეო ამინდებიც იყო მთელი გაზაფხული-ზაფხული. ანუ ბუნებრივი აირი ევროპის გაზსაცავებიდან დაიხარჯა, რუსეთმა კი ისინი მიზანმიმართულად არ შეავსო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯერ ჯერობით გერმანია (ევროპის `ლოკომოტივია` ყველა თვალსაზრისით) მაინც `მაგრად დგას` გაზსადენის, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის საკითხში.

სულაც რომ ომი არ დაიწყოს, თუ პუტინი მიიღებს `ჩრდილო ნაკადს`, ის ნელ-ნელა, უომრადაც მოახრჩობს უკრაინას გაზის ტრანზიტის შეწყვეტით, როცა ექნება ალტერნატივა `ჩრდილო ნაკადის` და გაზსადენთა წყალქვეშა ქსელის სახით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა ბელორუსიაში რუსეთის ელჩად დანიშნა ბორის გრიზლოვი.

ეს მორიგი ძალიან ცუდი ნიშანი და ომის მომასწავებელია: ბორის გრიზლოვი უმაღლესი რანგის ფიგურაა პუტინის გარემოცვაში. ის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ანუ იერარქიით მეოთხე პირი იყო რუსეთის სახელმწიფო იერარქიაში: 1 პრეზიდენტი, 2 პრემიერ-მინისტრი, 3 ფედერალური საკრებულოს ზედა პალატის, ანუ ფედერალური კრების თავმჯდომარე და მეოთხეა უკვე `გოსუდარსტვენნაია დუმას` თავმჯდომარე.

გრიზლოვის დანიშვნა ბელორუსიაში რუსეთის ელჩად იმას ნიშნავს, რომ პუტინი ბელორუსიის `გადაყლაპვას` გეგმავს მომავალ წელსზე.

გარდა ამისა, გრიზლოვი (რომელიც ბელორუსში რუსეთის ელჩად დაინიშნა) იმავდროულად პუტინის წარმომადგენელია იმ მოლაპარაკებებში, რასაც მოსკოვი უკრაინასთან აწარმოებს სეპარატისტული ტერიტორიების შესახებ.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ბელორუსიას რუსეთი გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დროს: უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან და თუნდაც დონბასიდან კიევი შედარებით შორსაა........თუმცა ბელორუს-უკრაინის საზღვრიდან უკრაინის დედაქალაქი ერთი ხელის გაწვდენაზეა.