საერთაშორისო მიმოხილვა. 13 იანვარი. 2022 წელი
აფხაზეთში გრძელდება იმ ოპოზიციონერების და აქტივისტების დაპატიმრება, ვინც მონაწილეობა მიიღო საახალწლოდ გამართულ ანტისამთავრობო აქციებში. ოთხიდან - რვა წლამდე ემუქრებათ არეულობაში მონაწილეობისათვის.
სულ ექვსი პირია დაკავებული, თუმცა ესეც ბევრია პატარა აფხაზეთისთვის.
`პრეზიდენტი ბჟანია`, რომელიც თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში მისი წინამორბედი `პრეზიდენტი ჰაჯიმბას` გაძევებით, ახლა ასამართლებს ჰაჯიმბას მომხრეებს, რომლებმაც ასევე სცადეს მისი გაგდება.
რა თქმა უნდა აფხაზეთში, სადაც ყველა-ყველას ნათესავია, ეს სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ თუ აქტივისტებს არ დააპატიმრებდა, ამით კიდევ უფრო წაახალისებდა მოწინააღმდეგეებს და მაშინ იძულებული იქნებოდა ან გაქცეულიყო, ან ისევ გამოეყვანა ქუჩაში ე.წ. `აფხაზური არმია`, რომელმაც მიტინგი დაარბია აფხაზეთის პარლამენტის შენობასთან.
აფხაზური ოპოზიცია იმუქრება, რომ `ამ დაპატიმრებებს ასე არ დატოვებს და ხელისუფლება დაისჯება დაპატიმრებებისათვის`. მათი არგუმენტი ლოგიკურია: თუკი დღევანდელი ხელისუფლება აპატიმრებს და სჯის მათ, ვინც ახლა მიიღო მონაწილეობა არეულობაში, რატომ არ სჯის იმათ, ვინც 2 წლის წინ ეს ხელისუფლება მოიყვანა აფხაზეთის სათავეში ასეთივე არეულობით?
რა თქმა უნდა ყველაფერი რუსეთზე იქნება დამოკიდებული. მოსკოვს ახლა `პრეზიდენტ ბჟანიას სული ხელში უჭირავს` და ის კიდევ უფრო მეტადაა კრემლის თოჯინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რუსეთის ჯარმა სამშვიდობო მისია დაასრულა და 10 დღეში ყაზახეთს დატოვებსო. მაგრამ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მაშინვე შეუღრინა: `დავტოვებთ მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლითო`.
რუსებს არსადაც არ უნდათ წასვლა. მით უმეტეს ჩრდილოეთ ყაზახეთიდან, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ. რუსული ოფიციოზი (ანუ პროპაგანდისტული და მთავრობასთან დაახლოებული მედია) ავრცელებს ჭორებს, თითქოს ყაზახეთის ბიო-ლაბორატორიებიდან ბაქტერიებმა გარეთ გამოჟონა და დიდი საფრთხე ემუქრება ყაზახეთს, რუსეთს და მსოფლიოს.
ეს საბაბია, რომ არ წავიდნენ ყაზახეთიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სანამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ყაზახეთში `კოლექტიური ძალების შეყვანა-გამოყვანითაა` დაკავებული (ფორმალურად სწორედ ისაა ამჟამად ОДКБ-ს თავმჯდომარე) სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყო. რამდენიმე აზერი და სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. თან სომეხი მეტი, ვიდრე აზერი, რაკი აზერბაიჯანული არმია ბევრად უკეთაა მომზადებული და აღჭურვილი, ვიდრე სომხური.
ОДКБ – Организация Договора Коллективной Безопасности რუსეთმა შექმნა 1990-იან წლებში NATO-ს საწინააღმდეგოდ.
მასში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და სომხეთი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს მსოფლიოში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ვიდრე `რა უნდა პუტინს` ან `რას აპირებს რეალურად პუტინი`?
სამწუხაროდ, პასუხი არავის არა აქვს. თვით ყველაზე გამჭრიახ პოლოტოლოგებსა და ექსპერტებს.
ბოლო მოლაპარაკებებისას დასავლეთმა პუტინს უკვე უთხრა ფოლადის `არა` მთავარ მოთხოვნაზე: იურიდიულად გაეუქმებინა NATO-ს ფუნდამენტური პრინციპი, `ღია კარის პოლიტიკა` და ხელი მოეწერა უკრაინა-საქართველოს Never-Ever არმიღებაზე ალიანსში
ახლა რას იზამს?
ამ კითხვაზე პასუხის კვლევას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ დავადგენთ რა მიზანი ჰქონდა, როცა ამ თავხედურ ულტიმატუმს უყენებდა დასავლეთს.
თუ პუტინის მიზანი (რეალურად) იყო `გამოღმა შემრჩესო` (ყირიმი, დონბასი, აფხაზეთი, ცხინვალი), სამწუხაროდ, მიზანს აღწევს! ანუ დასავლეთი იურიდიული გაფორმების გარეშეც ფრთხილი იქნება, რათა `სტატუს-კვოს` დანგრევა არ დააპროვოციროს რაიმე მკვეთრი მოძრაობით.
მაშასადამე, არ არის გამორიცხული, სამხედრო სწავლებების ინტენსივობა და ყოველგვარი კომუნიკაცია შემცირდეს. ასევე იარაღის მიწოდება იმის მიღმა, რაც საკმარისია ახლა არსებული სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლად და არა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
ანუ, ასეთ შემთხვევაში ეს ულტიმატუმი ყირიმის, ასევე სხვა ტერიტორიათა საბოლოოდ `შერჩენის` და ამისთვის `ყურზე ხახვის ვერდაჭრის`, ასევე სანქციათა არგამკაცრების ტექნოლოგია ყოფილა.
იმიტომ, რომ როცა კრემლის ბინადარს ეუბნები: `თუ (თუ!) კიდევ შეუტევ, თუ (!) უფრო მეტს მოინდომებ, მაშინ (მხოლოდ მაშინ და ამ შემთხვევაში!) შემოვიღებ ნამდვილ სანქციებსო, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა რაც არის, იმას გემრიელად ირგებს სერიოზული სანქციების გარეშე.
და იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა უკრაინის მხრიდან დონბასის, მით უმეტეს ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად აუცილებლად წააწყდება დასავლეთის მკვეთრ მიუღებლობას: ``რატომ აპროვოცირებთ რუსეთსო``.
თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ პუტინის ულტიმატუმი მიზანს ნამდვილად აღწევს.
მაგრამ თუ პუტინის მიზანი რეალურად იყო უკრაინის და მთელი პოსტსაბჭოური სივრცის (მინუს ბალტია) `შემომტკიცება` (ქართული ისტორიული ტერმინია), მაშინ ის მკვეთრ მოძრაობებს გააკეთებს;
ოღონდ, შესაძლოა არა მყისიერად, არამედ `მცოცავად` ანუ ე.წ. `გომბეშოს ნახტომებით` - დროში გაწელილად.
თან საქართველოს მიმართ უფრო (აქ ნაკლებ წინააღმდეგობას ელის დასავლეთისგან სამწუხაროდ) ვიდრე უკრაინის.
ცხინვალელ სეპარატისტებს, მოსკოვის დავალებით, უარი არ უთქვამთ პრეტენზიებზე თრუსოს ხეობის, ყაზბეგის და გუდაურის მიმართ ისე, რომ მყინვარწვერი მათი `ალანური იმპერიის` ცენტრში აღმოჩნდეს. ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` პრეზიდენტ ბიბილოვს ცხინვალის ოპოზიცია ამ დღეებში იმპიჩმენტს უწყობს იმ ბრალდებით, რომ თურმე ბიბილოვი ზმად არის ხელი მოუწეროს საქართველოს საზღვრის გავლებაზე 1922 წლის რუკების მიხედვით და ამის შემდეგ `ისტორიულ ოსურ მიწებს, გუდაურს, ყაზბეგს და თრუსოს ხეობას ვეღარ დავიბრუნებთო`.
საფრთხე რეალურია.
იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ესოდენ ხმამაღალ ულტიმატუმს საერთოდ აღარაფერი მოჰყვება `სტატუს-კვოს` განმტკიცების გარდა, საკუთარი ქვეყნის შიგნით პუტინის ლეგიტიმურობა შესუსტდება.
არადა ის სამარადჟამოდ აპირებს იქ `პრეზიდენტობას`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ, მოლაპარაკებათა პარალელურად, პუტინის ბრძანებით, უკრაინის საზღვრებთან დიდი ხნის წინ ჩაყენებული რუსული არმიის ქვედანაყოფებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო მანევრები ვორონეჟის, ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებში, რაც ადასტურებს ვერსიას, რომ თუ პუტინმა მაინც გადაწყვიტა (ეს არავინ იცის) შეუტიოს უკრაინას, მაშინ ის შეუტებს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ასევე ყირიმიდანაც.
ძალიან ცუდი ნიშანია, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით (ამ ინფორმაციის გავრცელება შეგნებული პრევენციული ნაბიჯია) რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი რუსეთიდან უკრაინის საზღვრებისკენ გადაისროლა რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური იარაღი, რომელშიც რუსებს დღემდე ცოტა შეედრება მსოფლიოში: ზალპური ცეცხლის დანადგარები. (РСЗО)/ ამ იარაღმა, რომლის სიშორე 100 კილომეტრსაც კი აღწევს, გადამწყვეტი როლი შეასრულა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ.
მათი კორექტირება ხდება უპილოტო საფრენი აპარატებით და/ანუ საკმაოდ ზუსტია.
ამერიკას მზად აქვს სანქციათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს რუსეთში ნებისმიერი (!) ტექნიკის ექსპორტის აკრძალვას არა მხოლოდ ამერიკიდან არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, სადაც ტექნიკა იწარმოება ამერიკული ტექნოლოგიით და ამერიკული კომპონენტებით. ანუ ყველაფრის.
ასეთი ყაიდის სანქციები ამერიკამ ფიდელ კასტროს კუბას წინააღმდეგ შემოიღო 1960-იან წლებში. ესე იგი არა მხოლოდ ამერიკამ აკრძალა ყველაფრის ექსპორტი კუბაზე, არამედ ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანას და კანადას აუკრძალა. შედეგად კუბა გადაიქცა `მშიერ დიქტატურად`. თუმცა...... კუბას ბირთვული იარაღი არ ჰქონდა.
მაგრამ არც დღევანდელი რუსეთია კუბა: რუსებმა გაუგეს გემო კომფორტს, გაუგეს გემო სმარტფონებს, Googl-ის გენიალურ აპლიკაციებს, ხარისხიან მაცივრებს, პლაზმურ ტელევიზორებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს (ემბარგო ამ კატეგორიასაც შეეხება -დ), ამიტომ პუტინს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს `ფასის გადახდა` თუ საქმე რეალურ სანქციებამდე მივიდა/
გარისკავს? ესეც არავინ იცის მსოფლიოში.
ამერიკელმა სენატორებმა მოამზადეს პერსონალური სანქციები პუტინის წინააღდმეგ. კერძოდ, მას აუკრძალავენ ამერიკაში შესვლას. ევროპაც მიიღებს ანალოგიურ პერსონალურ სანქციებს პუტინის წინააღმდეგ. თითქოსდა რაში ანაღვლებს ახლა პუტინს ამერიკულ ან შენგენის ვიზას მისცემენ თუ არა, იმოგზაურებს ამერიკა-ევროპაში თუ არა?
ოღონდ მთლად ასეც არაა, რადგან სანქციები შეეხება ასევე მისი ოჯახის წევრებსაც. კერძოდ ორივე ქალიშვილს, რომლებსაც ძააააააალიან უყვართ ევროპა-ამერიკაში მოგზაურობა, მილანში შოფინგი, ფლორიდაში შეზლონგებზე წამოწოლა და კურშაველში თხილამურებზე სრიალი.