როგორ მეფობენ დრონი

როგორ მეფობენ დრონი

    მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ბაჩო ახალაია ჯერ ნახევარი საათი ალოდინა (დასამცირებლად და შესაძრწუნებლად) საშვის დაშვებამდე, ხოლო მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა, ერთი საბჭოთა კუპლეტი გამახსენდა: «Цветет в Тбилиси алыча, не для Лаврентий Палыча (იგულისხმება ბერია), а для Климент Ефремыча и Вячеслав Михалыча (ვოროშილოვი და მოლოტოვი)». ბოდიში მკითხველს, ვისთვისაც ეს ორსტროფა დღევანდელ პოლიტიკურ დისკურსში გაუგებარია. თუმცა, სინამდვილეში, „შუაში“ კი არა „თავშია“. და აქვე: ჩვენი თაობის შესაცოდი აბა რა სჭირთ, მაგრამ გულწრფელად მეცოდებიან ის კოლეგები ვისაც იმ დაუვიწყარ (დიახ, დაუვიწყარ!) ეპოქაში არ უცხოვრია. ბევრი რამ, რაც დღეს საქართველოში ხდება მათთვის სრულიად გაუგებარი იქნება. ეს არა კოგნიტიური ან ინტელექტუალური, არამედ ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემაა.
    საქართველო კვლავ საბჭოთა კავშირია! რამდენი „ოკუპაციის მუზეუმიც“ არ უნდა გავხსნათ, სტალინის ძეგლი სულ ბერლინის კედლის ნამსხვრევების ოდენა სუვენირებად რომ დავაქუცმაცოთ, საზოგადოების მთავარი თვისება იგივეა: ყოველი ახალი ხელისუფლება იწყებს (იძულებულია დაიწყოს) წინა ხელისუფლების დაჩმორებითა და დაჭერით. სხვაგვარად არ გამოდის: სხვაგვარად ჩვენი „სოვკოვური“ მენტალობა ხელისუფლებას არ აღიქვამს „ნამდვილად“ და „ძლიერად“ ანუ ლეგიტიმურად. სხვა შემთხვევაში მასზე აღარ იტყვიან „მაგარიაო“. „ბიძინა მაგარია“, „მიშა მაგარია“, „ირაკლი ოქრუაშვილი მაგარია“. ანუ ამ სივრცეში ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის (ვსაუბრობთ პოლიტიკურ და არა იურიდიულ ლეგიტიმაციაზე) მთავარი რესურსი კვლავაც წინა ხელისუფლების დაჭერაა! სხვანაირად არ გამოდის. სხვაგვარად უკვე თვით ეს ახალი ხელისუფლება „ჩმორდება“ იმავე საზოგადოების თვალში.
    მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს განსაკუთრებით სისხლისმსმელი და ბოროტი. უფრო მეტიც: რაკი ხელისუფლებაში პირველად მოხვდა და პოლიტიკას ჩვენს თვალწინ სწავლობს (ჟურნალისტებთან ურთიერთობით დაწყებული და პოლიტიკური კადრების შერჩევით დასრულებული) ძალიან ეჭვი მეპარება, მას ახლა პირადი შურისძიებისთვის ეცალოს ან ის მიაჩნდეს მაინცდამაინც მთავარ პრობლემად, თუ ვინ დაიჭიროს და ვინ შეიწყალოს. ამიტომ, ბაჩო ახალაია რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო, მისი ექსტრადირებისთვის თავს ნამდვილად არ გამოიდებდა - ბევრად უფრო რთული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. მაგრამ ახალაიამ თვითონ აიძულა ხელისუფლება იგი დაეჭირათ, რადგან მისი დაბრუნება და „ამაყი ყელმოღერებით“ გაკეთებული განცხადებები სწორად აღიქმებოდა გამოწვევად: „აბა თუ ბიჭები ხართ ყურებზე ხახვი დამაჭერითო“. ამის შემდეგ მისი „არდაჭერა“ უკვე მართლა იმდენად დააჩმორებდა მთავრობას, რომ რამდენიმე თვეში პრეზიდენტის მიერ მისი „გარეკვა“ აღარავის გაუკვირდებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    ისე, ქართველებს „ვიაჩესლავ მიხალიჩაზე“ ბევრად ღრმა გამონათქვამი გვაქვს ასეთი სიტუაციებისთვის: „დრონი მეფობენო“. როგორ შეიძლება არ იყო იმ ქვეყნის პატრიოტი, სადაც ასეთი გენიალური გამონათქვამი დაიბადა: „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. როდესაც საშვის მომლოდინე ბაჩო ახალაიას წამოწითლებულ სახეს ვაკვირდებოდი ტელეეკრანზე, 2004 წლის კადრები გამახსენდა: ზუსტად ასევე რომ დაამცირეს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დათო მირცხულავა, სანამ საშვს დაუშვებდნენ, რათა დაკითხვაზე შესულიყო და მერე დაეკავებინათ თითიდან გამოწოვილი ბრალდებით!!! „სიბნელეში რომ ვცხოვრობდით“ მთელი 1990-იანი წლები, ეს არა პიროვნულად დათო მირცხულავას, ან მხოლოდ კორუფციის, არამედ უმთავრესად იმის ბრალი იყო, რომ მაშინ ელექტროენერგია 7 თეთრი ღირდა და არა 18. გააიაფოს ახალმა მთავრობამ „დენი“ და ნახავს, თუ მაშინვე არ ჩაბნელდება ისევ ქვეყანა. ხოლო მირცხულავა (მოლაშვილი, ჩხაიძე და ა.შ და ა.შ) რელურად მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ რევოლუციური ბრბო „ვინმეს სისხლს“ ითხოვდა და ხელისუფლებას არ შეეძლო იგი ამ სისხლით არ დაერწყულებინა, თორემ 9 წელსაც ვერ გაძლებდა - მაშინვე „დაჩმორდებოდა“ და აღარ იქნებოდა „მაგარი“.
    „ბაჩო ახალაიას ანგარიშს უსწორებენო“. კი მაგრამ, განა 2003-2004 წლების ტელედაჭერები ერთის მხრივ მარად სისხლმოწყურებული ბრბოსთვის დადგმული სანახაობა, მეორეს მხრივ კი სწორედაც პირადი ანგარიშსწორება (ლევან მამალაძე) არ იყო რევოლუციურ პროცესში დამარცხებული მოწინააღმდეგეების მიმართ? სხვა საქმეა, რომ იმ სანახაობათა მთავარი შემსრულებელი - ირაკლი ოქრუაშვილი - მერე და მერე ლამის ოპოზიციის „ზნეობრივ გმირად“ იქცა.
    მთელი იმდროინდელი დემაგოგია „კორუფციის“ შესახებ (თანაც შერჩევითი სამართლით) ისევე არარელევანტურია, როგორც დღევანდელი მცდელობა ბაჩო ახალაიას „მონსტრუალიზებისა“. მთავარი მაშინაც და დღესაც ყბადაღებული „იმიჯი“ იყო, თორემ აბა სად გაგონილა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ჯარისკაცის ცემისთვის დააკავონ? მეტი არაფერი გაქვთ ასეთი „მონსტრის“ წინააღმდეგ? იმედია, უახლოეს მომავალში პროკურატურა უფრო სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებს, თორემ ის რაც დღეს მიუყენეს უბრალოდ კომიკურია: გენერალს უკლებლივ ყველა ქვეყანაში უცემია ჯარისკაცი, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში თანამდებობიდან გადაყენებისა და არმიიდან უსამხრეებოდ გაძევების ნაცვლად მისი დაპატიმრება ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი (ამერიკიდან - გერმანიამდე) ჰომერულ ხარხარს გამოიწვევს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სხვაობა პოლიტიკასა და მის „მომიჯნავედ“ მიჩნეულ სფეროებს შორის, რომელთაც, სინამდვილეში, პოლიტიკისგან წყნარი ოკეანის ღრმული ჰყოფთ: არჩილ კბილაშვილი განსაკუთრებული ორატორული ნიჭით ვერ გამოირჩევა და ხშირად ვერ ანსხვავებს ჟურნალისტურ აუდიტორიას მისთვის ნაცნობი და „შეხუმრებული“ სასამართლო დარბაზისგან, მაგრამ უდავოდ ბრწყინვალე იურისტია და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატიც იყო. ამიტომ მან ბაჩო ახალაია და გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე დააპატიმრა იმ ბრალდებით, რომლის მართებულობა იურიდიული თვალსაზრისით იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს: ვერავინ უარყოფს (რაკი ფოლადისებრ ურყევი მტკიცებულებებითაა გამაგრებული), რომ ახალაიამ და კალანდაძემ ნამდვილად ცემეს ჯარისკაცები. არის თუ არა ეს საქართველოს სსკ 333 მუხლით გათვალიწინებული დანაშაული? 1000 პროცენტით!!!! ჰოდა რას ერჩით? არაფერს, მაგრამ პოლიტიკაში სამართლებლრივი ლოგიკა არ ჭრის. უფრო მეტიც, ზოგჯერ უცხო სხეულივით განიდევნება.
    როგორ მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უდავოდ უფრო მეტად „ტვინავდა“ პოლიტიკურად, ვიდრე დღევანდელი მთავარი პროკურორი? როგორ და ახალაიას დაიჭერდა არა ჯარისკაცების ცემის, არამედ 2006 წლის ციხის ბუნტის ბრალდებით. მერე რა, რომ „უფლებამოსილებათა გადამეტება“ ამ შემთხვევაში იურიდიულად ბევრად ნაკლებ გამართული იქნებოდა, რადგან ნებისმიერი იურისტი გეტყვით, რომ „გადამეტებისთვის“ პასუხისმგებლობის დისკრეცია დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ იმ სპეცნაზელზე, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევისას უნებლიედ ან განზრახ მოკლა პატიმარი, - ვინც წინააღმდეგობას უწევდა - და არა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსზე, რაკი წესრიგის აღგენის ბრძანება გასცა და ფორმალურად ამის სრული უფლება ჰქონდა.
    მაგრამ ოქრუაშვილი ასეთი სისულელეებისთვის თავს როგორ აიტკივებდა? მის დროს ამგვარი იურიდიული ნიუნასები არ ჭრიდა. დღეს ჭრის, რაკი კბილაშვილი და წულუკიანი ბევრად კეთილსინდისიერი იურისტები (და ადამიანებიც!) არიან. თუმცა მათი ეს თვისება შეიძლება ახალი მთავრობის უბედურებად იქცეს, რადგან ჩვენ ისევ „საბჭოთა კავშირი“ ვართ, სადაც თუ „ნიკიტა სერგეიჩმა - ლავრენტი პალიჩი“ არ დაიჭირა, „მისი უდიდებულესობა ხალხი“ ასეთ ხელისუფლებას სერიოზულად აღარ აღიქვამს.

2011