რა გვინდა ავღანეთში?

 რა გვინდა ავღანეთში?

        გასულ კვირას თბილისს მოულოდნელად ეწვია ევროპაში ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი როჯერ ბრედი. ბუნებრივია, იგი საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო და სწორედ ჟურნალისტების თანდასწრებით, ამერიკელმა გენერალმა ჩვენს ქვეყანას «ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და უღალატო მოკავშირე» უწოდა.
        რასაკვირველია, ბრედმაც და ამერიკის სამხედრო სარდლობამაც შესანიშნავად იციან, რომ მათ ნებისმიერ გამონათქვამს ყურადღებით აანალიზებენ მოსკოვში. ესე იგი იმასაც ითვალისწინებენ, რომ «რუსეთის ნომერ პირველ მტრად» შერაცხულ ამ პატარა ქევყანაში გაკეთებული ესოდენ ხმამაღალი განცხადებები როგორც კრემლის, ასევე რუსული გენერალიტეტის გაღიზიანებას გამოიწევვს.
        საერთოდ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით რუსი კოლეგებისაგან, ამერიკელი სამხედრო ჩინოსნები პოლიტიკაში არასდროს ერევიან არც პირდაპირ და არც ირიბად. მათი ყოველი ვიზიტი თუ გამონათქვამი (რასაც პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს) აუცილებლად შეთანხმებულია სახელმწიფო დეპარტამენტთან.
        შემთხვევითი არ არის, რომ გენერალმა ბრედმა იქვე გაიხსენა აგრეთვე ჰილარი კლინტონის გამონათქვამი: «საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია საერთაშორისო ძალისხმევის წარმატებისთვის».

რუსული ულტიმატუმი

        ნიშანდობლივია, რომ გენერალ ბრედის ვიზიტი შედგა და შესაბამისი განცხადებები გაკეთდა სწორედ მაშინ, როდესაც უკვე საბოლოოდ ხდება ნათელი, რომ რუსეთი არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას არც ერთ საკითხში, რაც ამერიკისა და ობამას ადმინისტრაციისათვის მნიშვნელოვანია: იქნება ეს ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ან სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირება. ბოლო საკითხი პირდაპირ უკავშირდება ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, ესე იგი სამკვდრო-სასიცოცხლო თემას.
        მოსკოვი სანაცვლოდ მოითხოვს არა მხოლოდ კავკასიისა და საქართველოს მთლიანად დათმობას, არამედ 1) ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე სტამბულის ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომელიც ნატოს აუკრძალავს ჯარების განლაგებას ბალტიისპირეთში და 2) მედვედევ-პუტინის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ შემუშავებული უსაფრთხოების პაქტის აღიარებას. ეს ფაქტობრივად გულისხმობს კრემლის პრიორიტეტის აღიარებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე, უკრაინის ნატოში გაწევრების თაობაზე ყოველგვარი საუბრის შეწყვეტას და, საბოლოოდ, დასავლეთის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე «ინტეგრაციული» პროცესების მხარდაჭერას, რაც უკვე დაიწყო რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსის საბაჟო კავშირის შექმნით.
        უკანასკნელ მოვლენას საქართველოში ყურადღება არავინ მიაქცია. სასაცილოდაც არ ეყოთ. არადა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სსრკ დაშლის, მაშასადამე, 1991 წლის დეკემბრის შემდეგ. ამით რუსეთის ეკონომიკური საზღვარი ფართოვდება ათასობით კილომეტრზე სამხრეთით და დასავლეთით, ხოლო ასტანა და მინსკი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ პუტინ-მედვედევის ულტიმატუმს, რომლის შესაბამისად, ახალ საბაჟო კავშირში შემოსავლების 92 პროცენტს (!) მოსკოვი მიიღებს, ხოლო დანარჩენ 8 პროცენტს ბელორუსი და ყაზახეთი გაინაწილებენ.
        ამ ფონზე ბელორუსი მეცნიერების მოთხოვნა რუსულად ბელო(!)რუსი კი არა ბელა(!)რუსი უნდა იწერებოდესო – უბრალოდ სასაცილოა.

რეალისტთა გამოღვიძება

        მაშასადამე, ობამას «კაცთმოყვარე» ადმინისტრაციაშიც კი, მთელი მისი პრაგმატიზმისა და «რიალპოლიტიკისადმი» მიდრეკილების მიუხედავად, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მოსკოვს სურს გამოიყენოს დასავლეთისა და ამერიკის «დაკავებულობა» ისლამურ სამყაროში, რათა ყოფილი იმპერიის სივრცეზე ახალი დერჟავა ააღორძინოს. ამ პროცესში კი საქართველო «პირველი ბარტყის» როლს ასრულებს.
        ეს პირველი პასუხი გახლავთ კითხვაზე «რა გვინდა ავღანეთში?». G»გვინდა» თუნდაც ის, რომ ძლივს გამოღვიძებულ ამერიკელ რეალისტებს ამით ვაძლევთ საშუალებას, უპასუხონ რუსეთთან ჰარმონიული, შეხმატკბილებული თანაცხოვრების ილუზიით შეპყრობილ რომანტიკოსებს, რომლებიც ვაშინგტონში, მით უმეტეს მეორე მსოფლიოს ომის დროს მილიონობით რუსი ჯარისკაცის მიერ გაუპატიურებულ ევროპულ დედაქალაქებში მრავლად არიან.
        მათთვის გასაგები და მისაღები მხოლოდ ასეთი პასუხია: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ იმიტომ, რომ მოსახლეობის ოდენობასთან შეფარდებით მან ყველაზე დიდი კონტინგენტი გააგზავნა ავღანეთში, ხოლო ერაყში ქართული ჯარი მესამე იყო რიცხოვნობით ამერიკულისა და ბრიტანულის შემდეგ.
        ეს ერთი. თუმცა, არსებობს ავღანეთში ჯარის გაგზავნის სხვა არგუმენტებიც. თანაც აშკარაა, რომ ათასი სამხედრო მოსამსახურით ეს კონტინგენტი არ ამოიწურება: თუ ოპერაცია მომავალ წელს ვერ დასრულდა (არადა ვერ დასრულდება, რაკი ლამის ათი წელია უკვე გრძელდება), საქართველო შემოდგომაზე კიდევ უფრო გაზრდის კონტინგენტს და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ამ ქვეყანაშიც ქართული კონტინგენტი მესამე-მეოთხე იყოს.
        რატომ? პასუხისთვის ჩავრთოთ ნებისმიერი დასავლური არხი: CNN, BBC, Euronews და ასე შემდეგ. რა არის უპირველესი, ყველაზე მნიშვნელოვანი «ნიუსი», რის თაობაზე იმართება ბობოქარი დებატები, რა განიხილება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად? რა თქმა უნდა სიტუაცია ავღანეთში, მოსაზღვრე პაკისტანში და ნატოს მიერ განხორციელებული სამშვიდობო ოპერაცია.
        ხელისუფლება აშკარად ცდილობს, სწორედ ამ საინფორმაციო-პოლიტიკურ ტალღაზე მოაქციოს საქართველო, რათა ქართული პრობლემატიკა არ იქნას დავიწყებული და კვლავ ფიგურირებდეს მსოფლიო პოლიტიკის «დღის წესრიგში».
        დავაკვირდეთ იმასაც, რომ კრემლის მიზანი საპირისპიროა: იგი სწორედ იმას ცდილობს, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ და მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტმა დასავლეთისთვის მეორე, მესამე, მეოთხე, მეოცე და მეასე პლანზე გადაიწიოს, აღარ იყოს აქტუალური და აღარ განიხილებოდეს პრიორიტეტთა არა მხოლოდ პირველ არამედ მეორე, მესამე, მეოთხე წყებაში.

მსოფლიო ტალღაზე

        ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობით საქართველო რუსეთს (რომელიც, სინამდვილეში იქ ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს თავისი აგენტურით და ეს დასავლურმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად იციან) ართმევს საშუალებას «დაავიწყებინოს» საქართველო დასაველთს, აყენებს ნატოს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც პრაგმატიზმი სწორედ საქართველოს მხარდაჭერა ხდება და არა რუსეთთან ვაჭრობა ჩვენი ქვეყნის «ხურდაში დაბრუნების» თაობაზე.
        ერთ –ერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე პუტინმა ძალზე ნიშანდობლივი რამ თქვა: «ამერიკა წინააღმდეგია რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდესო».
        კი მაგრამ, ამერიკამ ხომ მოუწერა ხელი რუსეთს მსო-ში შესვლაზე, ხომ გადაწყვიტეს ყველა წინააღმდეგობა. მაშ რას გულისხმობდა პუტინი? აშკარად იმას გულისხმობდა, რომ ვაშინგტონი არ «პრესავს» საქართველოს, რათა თბილისმაც აუნთოს «მწვანე შუქი» მოსკოვს ამ ორგანიზაციაში შესასვლელად. ეს უკვე ძალიან კარგი და დამაიმედებელი სიმპტომია.
        და ბოლოს: აგვისტოში რუსეთმა საქართველო დაამარცხა, მაგრამ რაკი თბილისში «იგორ გიორგაძე» ვერ დასვა, პარადოქსული ვითარება შეიქმნა: ვაშინგტონი რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ზემოთჩამოთვლილ სტრატეგიულ საკითხებში დათმობაზე არ წავა, მაშინ ამერიკა გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოსთან.
        მაგალითად, საქართველო ჩაერთვება ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაში, რასაც რუსული საზოგადოება მოპოვებული პოზიციების დათმობად და პუტინ-მედვედევის დამარცხებად აღიქვამს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
        სწორედ ამიტომ, ავღანეთში მრავალრიცხოვანი ქართული საჯარისო კონტინგენტის გაგზავნა მიზანშეწონილი და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რასაც მხოლოდ ის ხალხი არ დაეთანხმება, ვისაც ჰგონია, რომ ჯარი ქვეყანას სამხედრო აღლუმებისთვის ან სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბანკების მიერ გაცემული გრძელვადიანი კრედიტების დასაფინანსებლად სჭირდება.