მოსკოვი საქართველოს «კანოსად» არ უნდა იქცეს

მოსკოვი საქართველოს «კანოსად» არ უნდა იქცეს

        რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ყველაფერს აკეთებენ, რათა ედუარდ შევარდნაძის დღევანდელი ვიზიტი მოსკოვში გერმანიის იმპერატორის «კანოსად მისვლას» დაამსგავსონ, როდესაც იგი კისერზე ბაწარშებმული, მუხლმოდრეკით იდგა რომის პაპის რეზიდენციის წინაშე (სამი დღის შემდეგ პაპმა ინება მისი შეწყალება)        ედუარდ შევარდნაძეს რუსეთის მიმართ (ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მიმართ) მოსანანიებელი ნამდვილად არაფერი სჭირს. უფრო, პირიქით - რუსეთმა უნდა მოინანიოს საქართველოს წინაშე - შოვინისტური ნიშნით ჩადენილი სისხლიანი დანაშაულები: დაწყებული 1956 წლის 9 მარტიდან, როდესაც ბარბაროსულად დახვრიტეს რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრაცია, რათა ნაძირალა ხრუშჩოვის ანტისტალინური (ფორმით ანტიქართული) გამოსვლის შემდეგ სტალინური რეჟიმის დროს ნაწამები ადამიანებისა და მთელი ხალხების სიძულვილი ქართველი ხალხისკენ მიემართათ.
        არადა, იოსებ სტალინი (როგორც ახლახან აღმოაჩინეს რუსებმა) თურმე რუსეთის პატრიოტი იყო და «რუსულ დერჟავას» აშენებდა).
        ხალხზე არ ითქმის, მაგრამ რუსულ ისტებლიშმენტს, განსაკუთრებით პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების წრეს, საოცარი «თვითსიბრმავე» ახასიათებთ.
        ედუარდ შევარდნაძის მოსკოვში მორიგ ვიზიტს «ნეზავისიმაია გაზეტამ» მორიგი ანტიქართული პასკვილი (უეჭველად, რუსულ სპეცსამსახურებში «გამოცხობილი») უძღვნა. იგი იმდენად ტენდენციური და ურცხვი სიცრუითაა აღსავსე, ძალაუნებურად «შევარდნაძისტად» გაქცევს, ვინაიდან ყველაფერს აქვს საზღვარი.
        თურმე ნუ იტყვით, «შევარდნაძის (საქართველოს) ბოლოდროინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ «ნაპადკებით» (არ ვიცი როგორ გადავთარგმნო) გამოირჩევა და რუსეთს პროვოკაციებში სდებს ბრალს. მაშინ, როდესაც რუსეთი - საქართველოს წინაშე ბავშვის ცრემლივით სუფთაა».
        «ნაპადკებს» რაც შეეხება, რატომღაც, არ სურთ იმის შემჩნევა, რომ დაწყებული აგვისტოდან, სწორედ რუსეთი ახორციელებს ასეთ «ნაპადკებს». დაწყებული შამილ ბასაევის სვანეთში «გამოზამთრებიდან», დამთავრებული საქართველოდან ჩეჩნებისათვის იარაღის ეშელონებით მიწოდებით.
        ეს არ არის «ნაპადკა», ხოლო თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა, როგორც იქნა, ფხა გამოიჩინეს და რუსებს იარაღით ვაჭრობის ფაქტზე «წაასწრეს», ეს «ნაპადკაა».
        სინამდვილეში, მოსკოვში ბოღმა იმის გამო ახრჩობთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში საქართველომ არ გაატარა რუსის ჯარი ჩეჩნეთში შატილის გავლით «ზურგში დასარტყმელად» და, სხვათა შორის, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად სწორად.
        მან ხომ 1994-1996 წლებში მხარი დაუჭირა რუსეთს, მაგრამ რა მიიღო სანაცვლოდ? – ახალი გენოციდი გალში მაისის მოვლენებისას! გარდა ამისა, თუ საქართველო ოქტომბერში რუსის ჯარს ჩეჩნეთში გაატარებდა, რუსი ჟურნალისტები ისევ საქართველოს «მზაკვრობასა და ორგულობაზე» ისაუბრებდნენ, რათა ჩრდილოკავკასიელთა სიძულვილი ჩვენკენ მოემართათ.
        ედუარდ შევარდნაძის მოსკოვში ვიზიტი, პოზიტიურად, ამ თვალსაზრისით ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან «ძალაში რჩება» მთავარი წინააღმდეგობა რუსეთსა და საქართველოს შორის: რუსეთს ძალიან უნდა, საქართველო მისადმი ლოიალური იყოს, რათა არ შესუსტდეს პოზიციები ჩრდილოეთ კავკასიაში; მაგრამ, იმავდროულად, რუსეთს არ სურს წავიდეს საქართველოს მიმართ დათმობაზე უმთავრეს საკითხში და რაიმე შეცვალოს აფხაზეთში.
        ეს კი არა, პუტინმა საერთოდ, გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე.
        დღევანდელ რუსულ ისტებლიშმენტს იმედი აქვს, რომ აფხაზეთში რაიმე დათმობის გარეშე, მაინც შეძლებს საქართველოს ლოიალურობის მოპოვებას. ამ რწმენას კრემლს უმტკიცებს ე.წ. «ოპოზიცია», რომელსაც არ სურს აღიაროს, რომ ზოგიერთ საკითხში ხელისუფლების პოზიცია შეიძლება გამართლებულიც იყოს.
        ედუარდ შევარდნაძის მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან დიალოგი ამ განლაგებაში აბსოლუტურად ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან პუტინი მისი წინამორბედი ელცინის შინაარსობრივად ანტიქართული პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება.

მერიდიანი, 24 იანვარი, 2000 წელი