ევროკავშირის «სამეული» საქართველოს «სინჯავს»

ევროკავშირის «სამეული» საქართველოს «სინჯავს»

      

        საქართველოში ევროკავშირის ეგრეთ წოდებული «სამეული»: ხავიერ სოლანა, კრის პატენი და ანა ლინდი ჩამოდის. ნათელი რომ გახდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა საქართველოსთვის, საკმარისია ითქვას, რომ იგი არანაკლებ «ფასეულია» (ყველა თვალსაზრისით), ვიდრე, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ან საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი იქნებოდა.
        «სამეული» კონკრეტულად ახორციელებს ევროპული კონფედერაციის პოლიტიკას და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს როგორ გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების განვითარებაში.
        «სამეულს» შეუძლია მისცეს რეკომენდაცია ევროკომისიას, რათა გაუწიოს უშუალო დახმარება საქართველოს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
        ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ხელშეკრულება (ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს), რაც თანამშრომლობის საკმაოდ მაღალ ხარისხს გულისხმობს.
        ევროკავშირი ერთ-ერთი სუბიექტია, რომელსაც შეუძლია უშუალოდ (არა სავალუტო ფონდის არხებით) გამოუყოს ამა თუ იმ ქვეყანას დახმარება. თუმცა, ბრიუსელი მაინც ითვალისწინებს სავალუტო ფონდის აზრს, მაგრამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, «მეტი ავტონომია» აქვს.
        ამჟამად, სავლაუტო ფონდთან ურთიერთობის აღდგენასთან ერთად, საქართვლელოს ეძლევა შანსი, მიიღოს შეპირებული ათეულობით მილიონი დოლარი გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით.
        ოღონდ, ნიშანდობლივი ნიუანსი: ევროკავშირი მაშინაც კი, როდესაც გრანტს გვაძლევს (ანუ ფულს გვჩქუნის), მოითხოვს ამა თუ იმ პროგრამის წილობრივ დაფინანსებას, რათა გრანტმა ხელი შეუწყოს განვითარებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისგმებლობა და ქვეყანა მუდმივ «ღარიბ ნათესავად» არ დარჩეს.
        სამწუხაროდ, არ ყოფილა შემთხვევა, ამ «თანადაფინანსებაში» პრობლემა არ შექმნილიყო. რა თქმა უნდა, ქართული მხარის მიზეზით.
        არადა, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ჯანსაღი ტრადიციის შექმნა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია - არავინ დავობს, რომ 21-ე საუკუნეში გაერთიანებული, 400 მილიონიანი ევროპა (გერმანიით ცენტრში) მსოფლიოს ეკონომიკურ ლოკომოტივად იქცევა და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უკან მოიტოვებს.
        ევროკავშირთან «ეკონომიკური თანამშრომლობის» მატერიებზე საუბარი, ჯერჯერობით უაზრობაა. ამჟამად საქართველოს გეოპოლიტიკური «კუთვნილების» საკითხია გასარკვევი.
        ამერიკისა და ევროკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში მთლიანად ემთხვევა (რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში) ერთმანეთს, მაგრამ სწორედ «ამჟამად», ვინაიდან ეს რეგიონი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების «გარე» რკალში იმყოფება კვლავაც.
        «შიდა რკალი» ყოფილი «სოციალისტური ბანაკის» ქვეყნებს შემოსაზღვრავს - იგი უკრაინასაც კი არ მოიცავს, ჯერჯერობით.
        მიუხედავად ამისა, ინტერესი იზრდება და ინტერესის ხარისხიც არ არის მუდმივი კატეგორია. «სამეულის» ვიზიტი, ამ თვალსაზრისით, თავისთავად მეტყველია: შეუძლებელია ბრიუსლეში არ ესმოდეთ, რამდენად გააღიზიანებს მოსკოვს «წყეული» ხავიერ სოლანას გამოჩენა საქართველოში - მით უმეტეს, საქართველოში(!), ამჟამინდელი რუსულ-ქართული ურთიერთობების გათვალისწინებით.
        ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ბრიუსელში სამხედრო-სტრატეგიულ განზრახულობებზე «სპეციალიზდება» და ევროატლანტიკურ კავშირში «მეორე ეშელონის» ქვეყნების მიღებას ამზადებს.
        რაც უფრო გაძლიერდება თურქეთი, რაც უფრო გაიზრდება რევანშისტული განწყობა რუსეთში, მით უფრო გაიზრდება ინტერესი «სამხრეთ კავკასიური ალტერნატივისადმი».
        ევროკავშირი კი, ერთი გადმორუსულებული ფრანგული ანდაზით, «ნელა კაზმავს, მაგრამ სწრაფად აჭენებს».
        თუ საქართველო განვითარების გარკვეულ დონეს მიუახლოვდება (საამისოდ კიდევ დაახლოებით 8 ათასი კანონის მიღება და ამოქმედებაა საჭირო!) მაშინ ევროკავშირი იდეალური «ნავსაყუდელია», ვინაიდან იქ პატარა სიდიდეები არ არსებობს.

დილის გაზეთი, 20 თებერვალი, 2001 წ.