ედუარდ შევარდნაძე მინსკში მიემგზავრება

ედუარდ შევარდნაძე მინსკში მიემგზავრება

        1-2 დეკემბერს, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა მორიგი სამიტი. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს აპირებს მინსკში გამგზავრებას. ამასთან დაკავშირებით მან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «ჩემთვის სულაც არ არის მეორეხარისხოვანი ის გარემოება, რომ სამიტი ბეოლორუსში ტარდება. უდიდეს პატივს ვცემ ბელორუს ხალხს. საკმარისია ითქვას, რომ ამ ხალხის ყოველი მეოთხე წარმომადგენელი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, ათეულობით ათასი ქართველი იბრძოდა ამ მიწა-წყლის დასაცავად იმ შავბნელი ძალისაგან, რომელმაც მშვენიერ ბელორუსში საზარელი განოციდი გააჩაღა მეორე მსოფლიო ომის დროს. გარდა ამისა, აქ არის პიროვნული მომენტიც: ბელორუსიაში დამარხული ჩემი ძმა»
        ამ განცხადებას, ყველაფერთან ერთად, თან ახლავს ერთი ძალზე საინტერესო მომენტი. ორი წლის წინ ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაქო ჰიტლერი «გერმანიაში მშვენიერი საავტომობილო გზების» აშენებისათვის. ამ განცხადებამ მაშინ ევროპაში დიდი სკანდალი გამოიწვია და ეს ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ახსოვს. ანუ, მისი სიტყვები «ბელორუსში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების შესახებ» ლუკაშენკოსთვის «თავში ჩარტყმა» იყო.
        ბელორუსი 1992 წლიდან - დღემდე ჯიუტად არ ცნობს საქართველოს და არ სურს ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, ლუკაშენკოს სპეცსამსახური მფარველობს იგორ გიორგაძეს, რომელსაც ერთდროულად ორი კონსპირაციული ბინა აქვს – მინსკსა და ბეირუთში. ორივე ბინა ჩვენმა მეგობარმა პლეხანოველმა «ჟენკა პრიმაკოვმა» მოუწყო. თუმცა, ეს სხვა თემაა. იგორ გიორგაძის გარდა, მინსკში ბორია კაკუბავაც ცხოვრობს, მაგრამ ეს უკვე წვრილმანია.
        დსთ-ს მინსკის სამიტი შეიძლება ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩნდეს. პოლიტიკური საკითხები ამჯერად საერთოდ არ განიხილება. იმსჯელებენ მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემატიკაზე. მათ შორის, «თავისუფალ სავაჭრო ზონაზე», რომლის ამოქმედებას მხოლოდ რუსეთი უშლის და კვლავაც შეუშლის ხელს.
        ერთი სიტყვით, მინსკის სამიტიც ისევე ფუჭი იქნება, როგორც ყველა წინა სამიტი ამ სრულიად უმაქნისი ორგანიზაციისაა. თუმცა, ედუარდ შევარდნაძე ვინც არ აპირებს სნგ-დან საქართველოს გამოსვლის საკითხის ინიციირებას, ვინაიდან მას არ სურს ამით გაემიჯნოს უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს, უზბეკეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს.
        ასეთი პოზიცია, ალბათ მიანც გააზრებულია, ვინაიდან სნგ-დან გამოსვლას არ ჩქარობენ ის ქვეყნები, ვისთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში კიევში არ შეიკრიბებიან «სუუამის» წევრი ზემოხსენებული ქვეყნები და არ ჩამოაყალიბებენ დაახლოებით ისეთსავე ორგანიზაციას, როგორიცაა დსთ, ანუ ასეთივე უფლებამოსილებით და შინაარსით.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება «მწიფდება» და «სუუამის» სამიტიც შეიძლება უახლოეს მომავალში გაიმართოს.
        ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებს შორის მინსკში შევარდნაძე-პუტინის შეხვედრის შესაძლო ორგანიზების თაობაზე. ამგვარი შეხვედრა, მართლაც შეიძლება გაიმართოს, მაგრამ მას რეალური შედეგი არ მოჰყვება არც ბაზების, არც სავიზო რეჟიმის მიმართულებით.
        რუსეთი უკან აღარ დაიხევს ბაზების საკითხში, ვინაიდან ამის უფლებას მას თვით ქართველოფობიურად განწყობილი რუსული საზოგადოება არ მისცემს. იმავდროულად, საქართველოსაც აღარ აქვს უკანდასახევი გზა «ბაზებთან» დაკავშირებით. სულერთია, რუსეთმა უკვე გამოგვიცხადა ცივი ომი და პროვოკაციების განხორციელებას თავს აღარ დაანებებს. ბაზები რომ დავაკანონოთ, ეს არაფერს მოგვცემს, - პროვოკაციები გაგრძელდება, ვინაიდან რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირება და ხელისუფლების დამხობაა.
        ინტერნეტ გაზეთ «სნგ-რუ»-ში ვინმე ორლოვი ნიშანდობლივ განცხადებას აკეთებს.: «სავიზო რეჟიმითა და ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტებით რუსეთი, უეჭველად, აიძულებს საქართველოს, წავიდეს დათმობაზე ბაზების საკითხში, მაგრამ სასაცილო იქნებოდა იმის თქმა, რომ მხოლოდ ამ ბაზებით განმტიცდება რუსეთის პოზიცია საქართველოში. სინამდვილეში, ამით ქართული საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ისედაც გაღიზიანებულია ჩვენი მხრიდან აფხაზეთის მხარდაჭერით, კიდევ უფრო ანტირუსულად განეწყობა, ხოლო ხელისუფლება დაიბოღმება და ხელსაყრელ დროს დაელოდება სამაგიეროს გადასახდელად. ამიტომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ამა თუ იმ მეთოდით».
        ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. გავითვალისწინოთ, რომ «ამა თუ იმ მეთოდში» იგულისხმება ძალისმიერი ხერხები, რათა ხელისუფლების შეცვლა, დესტაბილიზაციის პროვოცირებისა და სოლიდური უკმაყოფილების გამოყენებით – ახალი სამოქალაქო ომის წყაროდ იქცეს. მხოლოდ ამ გზით შეუძლია რუსეთს სამხრეთ კავკასიის საკვანძო ქვეყანაში «ყოფნის» შენარჩუნება.

მერიდიანი, 29 ნოემბერი, 2000 წელი