ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მუშაობას შეუდგნენ

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მუშაობას შეუდგნენ

        ამერიკელ ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ვაშინგტონმა ოფიციალური თბილისისგან დაჟინებით მოითხოვა (და მიიღო კიდეც) გარანტია საქართველოს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთა არგამოყენებაზე აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ.

        სხვათა შორის, ეს არ ნიშნავს, თითქოს ამერიკა გვიკრძალავს ზოგადად, აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას – ისინი ქვეყნის საშინაო საქმეში ესოდენ აშკარად არ ჩაერევიან, მაგრამ მოითხოვენ (და ეს სავსებით ბუნებრივია), მათი სახელი არ დაუკავშირდეს ახალ ომს აფხაზეთში, რაც არავის არ უნდა გაუკვირდეს: ამერიკა ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთი კონფლიქტების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას, მაგრამ არც აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუშვებს.
        მეორე მხრივ, ამერიკის ხელისუფლება (მათ შორის, სამხედრო სარდლობა) გულისხმობს, რომ თუ საქართველოს მოუწევს თავდაცვა ნებისმიერი აგრესიისგან, რა თქმა უნდა, მას სრული უფლება ექნება, ქვედანაყოფები გამოიყენოს, ხოლო პენტაგონი ამას არა თუ მიესალმება, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს თავდაცვით ღონისძიებებს.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა საქართველოში ამ დიდი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით «შემოსვლას» ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ (რეალობას უნდა შევურიგდეთ), ეს არ უკავშირდება აფხაზეთის «ომით დაბრუნებას». სამაგიეროდ, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას ამერიკული სამხედრო დახმარება ნამდვილად ხელს შეუწყობს. ამ თვალსაზრისით, «აღჭურვისა და წვრთნის» პროგრამა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია. საკმარისია ითქვას, რომ პენტაგონმა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ბრძოლისუნარიანობის გაზრდისთვის გამოყო 60 მილიონი დოლარი, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი.
        ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ აქციებს ყოველთვის უდიდეს ყურადღებას აქცევს და სკრუპულოზურად ამზადებს. ჩამოსული სამხედროები ჯერ ექსპერტები არიან. მათ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატარონ და ყველა თვალსაზრისით შეამზადონ ძირითადი კონტინგენტის ჩამოსვლა.
        ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი ადგილების, კომუნიკაციების და სხვა ინფრასტრუქტურის შემოწმება. როგორც ჩანს, «მწვანე ბერეტები» მაისის შუა რიცხვებში ჩამოვლენ. ამჟამად ისინი სწავლობენ საქართველოს თავისებურებებს, ისტორიას და ქართულ ენასაც კი, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ამერიკელთათვის და აბსოლუტურად უცხოა რუსებისთვის. საქართველოში 200 წლის განმავლობაში ყოფნის დროს არც ერთ ოფიცერს (ალბათ გრუ-ს ოფიცრების გარდა) არც ერთი ქართული სიტყვა არ უსწავლია. კარგად მახსოვს «სამხედრო კათედრებზე» რუსი ოფიცრები ნებისმიერი სამხედრო ტერმინის ქართულად წარმოთქმას ან ქართული ენით ინტერპრეტაციას გვიკრძალავდნენ.
        ამერიკის სამხედრო უწყება სხვა ტრადიციასაც იცავს. იგი მოითხოვს, თანამშრომლობა კოოპერაციული იყოს, ანუ საქართველომ აუცილებლად გაიღოს სახსრები იმავე პროგრამის განხორციელებისას. ამით ხდება პასუხისმგებლობის გადანაწილება. ფინანსთა სამინისტრომ მიიღო დავალება, გამოჰყოს 5 მილიონი ლარი იმავე პროგრამის ფარგლებში. მაგრამ ამერიკის წილი, როგორც აღინიშნა, გაცილებით მეტია. ისინი არა მხოლოდ წვრთნით ეხმარებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, არამედ იარაღითაც. პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ამერიკა იარაღით ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. დღემდე სამხედრო კატარღებსა და ვერტმფრენებს გვჩუქნიდნენ. შეიარაღების გადმოცემა (თუნდაც მსუბუქი იარაღისა) 10-ბალიან შკალაზე 2-3 ბალის ტოლლფასი თანამშრომლობაა ჯერჯერობით.
        გაიზრდება თუ არა თანამშრომლობის ხარისხი, მომავალი გვიჩვენებს.

დილის გაზეთი, 3 მაისი, 2002 წელი