1996 - «დიდი წმენდა» საქართველოში

1996 - «დიდი წმენდა» საქართველოში

    განვლილი წლის უმთავრეს შედეგად უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების პოზიციათა განმტკიცება. წინა წლებში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი თვისება სწორედ ხელისუფლების სისუსტე და ამორფულობა იყო, რაც 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან იღებს სათავეს.
    შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს გარდამტეხი ამ თვალსაზრისით 1995 წელი გახდა, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გაანადგურა «მხედრიონი» და ორი უძლიერესი კლანის ლიდერი (ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი) ციხეში განამწესა. მაგრამ სინამდვილეში სწორედ 1996 წელს დაფიქსირდა ის უმთავრესი გარემოება, რომ ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნიათ, მათი სოციალური ბაზა მთლიანად განადგურებულია და დისკრედიტირებული «შევარდნაძის გუნდის» მიერ.
    ჯაბა იოსელიანი 1991 წელს ზვიად გამსახურდიამაც დააპატიმრა, მაგრამ იმ დროს «ბებერ მოჯაჰედინს» დიდი პოტენციალი და პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდა, ვინაიდან ზვიად გამსახურდიამ ვერ შეძლო მისი სოციალური ბაზის მოსპობა.
    ამავე (1996) წელს დაიწყო «დიდი წმენდა» იმ ფონდშიც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აკონტროლებდა ბოლო დრომდე. პარლამენტის ეგიდით ჩამოყალიბებული «ანტიკორუფციული კომისია» არა მხოლოდ «ყოფილ» ვიცე-პრემიერთა პასუხისმგებლობაში მიცემას ისახავს მიზნად, არამედ ამზადებს საფუძველს მომავალი «წმენდისათვის» დღევანდელ მინისტრთა კაბინეტშიც.
    1996 წელს, ხანგრძლივი «რყევის» შემდეგ ხელისუფლებამ მდგომარეობა განიმტკიცა და მას მიეცა საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
    პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ «აფხაზური პროცესი» კარგა ხანია ღრმა ჩიხში შევიდა და უახლოეს მომავალში რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად შეუძლებელია: სამხედრო ძალით პრობლემის გადაწყვეტის უფლებას და საშუალებას რუსეთი არ მოგვცემს, ხოლო «ეკონომიკური ბლოკადა» (ისიც ნაწილობრივი) ვერ აიძულებს აფხაზ სეპარატისტებს, რეალურ დათმობაზე წავიდნენ საქართველოს მიმართ.
    1996 წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის აუცილებელი, თუმცა, ბოლო დროს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ ეჭვქვეშ დაყენებული ჭეშმარიტება, რომ არასდროს არავის მოლაპარაკებით არ დაუბრუნებია ომით დაკარგული ტერიტორია.
    მოლაპარაკებათა პროცესს (ეს პროცესი გასულ წელსაც გრძელდებოდა) აფხაზური მხარე იყენებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი საერთაშორისო სამართალ-სუბიექტურობის დასაფიქსირებლად. რუსეთი (თავი მხრივ) აფიქსირებს საკუთარ გავლენას კავკასიის რეგიონში, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (ფაქტობრივად, უმაქნისთა საკრებულო) ყველა კონფლიქტსა და ომში შუამავლობისას უფრო «მუნდირის ღირსების» შენარჩუნებაზე ფიქრობს, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტაზე.
    ასევე ჩიხშია შესული სამშვიდობო პროცესი «ცხინვალის რეგიონშიც». ოსებს უკეთესი მდგომარეობაც კი აქვთ, ვინაიდან «ჩრდილოეთ ოსეთის» საზღვარზე «ნაწილობრივი ბლოკადაც» არ არის გამოცხადებული, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებათა ფორმატში სულ უფრო აქტიურად ერთვება ჩრდილოეთ ოსეთი, რაც მთლიანობაში ოსური ნაციონალისტური მოძრაობის უმთავრესი მიზნის - «ერთიანი ოსეთის» შექმნის საკმაოდ მნიშვნელოვან წინაპირობად იქცა.
    «სამხრეთ ოსეთის» და აფხაზეთის პრობლემები ხელისუფლებას გასულ წელსაც არ აძლევდა საშუალებას, შეევსო კონსტიტუცია, ანუ მიეღო თავი «ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ». კონსტიტუციის სრულყოფის გაჭიანურება კი სერიოზულ სახელმწიფოებრივ და სახელისუფლებო კრიზისს მოასწავებს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქვეყნის ძირითადი კანონი მისი მიღებიდან (1995 წლის 24 აგვისტოდან) ორი წლის განმავლობაში უნდა იქნას სრულყოფილი.
    ყველა ამ პრობლემის მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ შედეგთა კომპენსირებას 1996 წლის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა ეკონომიკის სფეროში «შოკური თერაპიის» გაძლიერებით.
    მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პურზე ფასების ლიბერალიზაციის შესახებ, გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის თაობაზე და ა.შ. «შოკური თერაპიის» შედეგად მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე მივიდა; სამაგიეროდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეკორდულია არა მხოლოდ «პოსტსაბჭოური სივრცის», არამედ მთლიანად «განვითარებული სამყაროსათვის». 14-პროცენტიანი ზრდა მთლიანი ეროვნული პროდუქტისა ერჰარდის «ეკონომიკური სასწაულის» პერიოდში გერმანიაშიც არ ყოფილა.
    ეკონომიკური ინტერესები და ის გარემოება, რომ თავად გაძვალტყავებული რუსეთისაგან რაიმე ეკონომიკური დახმარების მოლოდინი უბრალოდ სასაცილო იქმნებოდა, აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკურ სფეროში აქცენტი დასავლეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე გააკეთოს. კასპიის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების გეგმა, ისევე, როგორც ზოგადად «ევრაზიული დერეფნის» პროექტი, სწორედ ეკონომიკურ ინტერესთა პოლიტიკური «კრისტალიზაციის» შედეგია.
    ჯერ კიდევ 1994 წელს საქართველოში სერიოზულად განიხილებოდა «წესრიგის დასამყარებლად რუსეთის ჯარის შემოყვანისა» და «რუბლის ზონასთან მიერთების» საკითხები; 1996 წლის მიწურულს კი საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომლითაც, ფაქტობრივად, მიესალმა ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით.
    ამგვარი «სითამამე» უეჭველად იმის შედეგია, რომ საქართველოს ეკონომიკაში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების, ეკონომიკის ძირითად დარგთა «საგარეო ორიენტაციის შეცვლისა» და დასავლური კაპიტალის საქართველოთი დაინტერესების, აგრეთვე თურქეთთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში თანდათან, მაგრამ განუხრელად ყალიბდება მძლავრი სოციალური დაჯგუფება, რომელიც სისხლხორცეულადაა დაინტერესებული დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციით.
    «პრორუსულმა» ორიენტაციამ საქართველოში სრული კრახი განიცადა: ყველასათვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი საქართველოს პრობლემებს არც გადაწყვეტს და ვერც გადაწყვეტს. ამდენად, 1996 წელს ჩაისახა პოლიტიკური კურსი, რომელიც მომავალ, 1997 წელს საქართველოს საბოლოოდ გამოიყვანს რუსეთის გავლენის სფეროდან, თუ კრემლმა ვერ მოახერხა კიდევ ერთი «პრორუსული პუტჩის» ორგანიზება თბილისში.

«მერიდიანი», 31 დეკემბერი, 1996 წელი.