ჭიდილი ხელისუფლებასა და კაპიტალს შორის
ის, რაც გუშინ მთავრობის სხდომაზე მოხდა, საქართველოსთვის უიშვიათესი შემთხვევაა. საქმე ის კი არ არის, რომ სკანდალები და დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისა და ისტებლიშმენტისთვის ლამის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მაგრამ ოთხშაბათს შედგა ძალიან მიშვნელოვანი პრეცედენტი: მთავრობამ პირველად, ღიად და მკაფიოდ გააფრთხილა «საფინანსო-სამრეწველო» კლასი, რომ თვითნებობას არათუ აღარ მოითმენს, არამედ სრეიოზული ბერკეტებიც აქვს მეტისმეტი ამბიციის ყოველგვარი გამოვლინების აღსაკვეთად.
საეჭვოა «არგადამხდელ საწარმოთა» აუქციონზე გაყიდვისა და ამ გზით ბიუჯეტის შესრულების მოთხოვნა მხოლოდ პირველი კვარტალის ბიუჯეტის არასაკმარისი შესრულებით და დაგეგმილი პარამეტრების ნაწილობრივი «ჩავარდნით» იყოს განპირობებული. რეალურად მიზეზი უფრო ღრმადაა საძიებელი, ვინაიდან წლეულს პირველ კვარტალში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პირიქით, 2003 წლის დასაწყისიდან აკრეფილმა თანხამ დიდად გადააჭარბა (ამას ვერავინ უარყოფს) შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს და სავალუტო ფონდსაც ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი აქვს სასაყვედურო, ხოლო ეროვნული ბანკისა და ხაზინის მონაცემთა შეუთავსებლობა – წლიდან წლამდე გრძელდება, - ძირითადად, აჭარიდან თბილისში თანხის გადმოურიცხველობის გამო, ანუ აქაც განსაკუთრებული არაფერია.
სეკვესტრის მოთხოვნაც არააქტუალურია – ყოველ შემთხვევაში, «მსხვილ არგადამხდელთა» აქუციონირებასთან ამას უშუალო კაშვირი არა აქვს.
რეალური მიზეზი კი უდავოდ ის არის, რომ ბოლო დროს «დიდმა ქართულმა კაპიტალმა» პოლიტიკური ამბიციის გამომჟღავნება დაიწყო. იგი უკვე აშკარად ცდილობს, შემდეგი ხელისუფლება არათუ მისი ინტერესების გამომხატველი იყოს, არამდე, თავად იქცეს ხელისუფლებად, - უშუალოდ დაეუფლოს სახელისუფლებო (აღმასრულებელი ხელისუფლების) ბერკეტებს.
ბუნებრივია, ამას არც ერთი ხელისუფლება სიხარულით არ შეხვდება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერ-თერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთ მეწარმე-ბიზნესმენს «ორიგინალური მორალი» აღმოაჩნდა. იგულისხმებოდა ქართული კაპიტალის წარმომავლობა. საქართვლეოში დღეს არ არსებობს კაპიტალი, რომლის დაგროვება სახელმწიფო მხადრაჭერის შედეგად არ გახდა შესაძლებელი. მათ შორის, პ ირველადი კაპიტალისგ ადაცემით (კრედიტი – საბრუნავი საშუალება, საერთაშორისო გრანტების განაწილება) ან შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებით, «უპირატესი ხელშეწყობის გარემოს» შექმნით და ასე შემდეგ.
დღევანდელ პრეზიდენტს და მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს ყოველივე შესანიშნავად მოეხსენება. მან ისიც იცის, რომ ხსენებული «უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი» ბევრ შემთხვევაში უცვლელად გრძელდება, ანუ ქართული კაპიტალი ისე ცდილობს პოლიტიკური ამბიციის გამჟღავნებას, რომ არც კი აქცევს ყურადღებას თავის სამართლებრივ და რეალურ მდგომარეობას – იგი მთლიანად ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ასე უსასურლოდ ვერ გაგრძელდებოდა – ხელისუფლებასა და კაპიტალს შორის ჭიდილში ერთ-ერთს უნდა დაედასტურებინა, რომ სწორედ ის არის სუვერენი.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს გააკეთოს, უპირველესად, იმის დემონსტრირებით, რომ კაპიტალს დიდწილად მისი კეთილი ნება ასულდგმულებდა, ოლო მეტისმეტი «გამედიდურებისთანავე» უეჭველად მიუჩენს კუთვნილ ადგილს.
ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევაც არ არის საჭირო. თქვენ წარმოიდგინეთ, არ არის საჭირო თვით ახალი კანონმდებლობის შექმნა – საკმარისია უკვე არსებულის ამოქმედება. ვთქვათ, კანონის «გაკოტრების» შესახებ. ხელისუფლებას რომ ეს საკანონმდებლო ნორმა ადრინდელ წლებში «ხმალივით» ეხმარა, - ბევრი იმათგანი, ვინც ახლა აუცილებლობაზე საუბრობს (ესე იგი, მას კი არ უნდა, თურმე, მაგრამ ქვეყნისთვის არის საჭირო) – კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა. ესეც უკეთეს შემთხვევაში.
კანონმდებლობა ხელისუფლებას სრულ უფლებას აძლევს, არგადამხდელი საწარმო აუქციონზე გაიტანოს და ნებისმიერ ფასად გაყიდოს, როგორც გაიყიდება. შესაბამისად, ბიუჯეტში გვარიანი თანხა შემოვა. სრულიად უსაფუძვლოა შიში, თითქოს ამით ქვეყანა საწარმოს დაკარგავს. რატომ? - განა ახალი მეპატრონე მას არ აამოქმედებს, რათა ინვესტიცია აანაზღაუროს?
ზუსტად ასევე, ზოგიერთ მონოპოლისტს თავი რომ ქვეყნის ბატონ-პატრონად წარმოუდგენია, - საკმარისია სახელმწიფომ ოდნავ შეარობილოს საბაჟო ტარიფები უცხოური წარმოების იმავე პროდუქციაზე, რომ ვითარება ბაზარზე უმალვე შეიცვლება. იგივე ითქმის შეღავათიან საგადამხდელო რეჟიმზე და ასე შემდეგ.
მაშასადამე, ხელისუფლება (და ეს ქვეყნისათვის უდავოდ საუკეთესო პროცესია) მის ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებით კუთვნილ ადგილს მიუჩენს ქართულ კაპიტალს და ამ გზით დაადასტურებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თანხის რაოდენობით არ განიზომება.
წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ სუვერენიტეტს კაპიტალი დაეუფლა), ჩამოყალიბდება ოლიგარქიული სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ პლატონს სახელმწიფოებრიობის ყველაზე უგვან ფორმად მიაჩნდა.
დილის გაზეთი, 17 აპრილი, 2003 წელი