ჩეჩნების ჟლეტა

ჩეჩნების ჟლეტა

     

        რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტის «კავკასიურ» საიტზე გამოქვეყნდა იჩქერიის მთავრობის განცხადება, რომელშიც მოყვანილი იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდის გეგმა.
        გეგმა დაამტკიცეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე 15 დეკემბერს. დოკუმენტის სინამდვილე იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს. პრინციპში, ამას არც ოფიციალური მოსკოვი უარყოფს. 15 დეკემბერს ნამდვილად შედგა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის ოქმი, საბჭოს აპარატმა გაუგზავნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (ფორმალურად ჯერ კიდევ) თავმჯდომარეს, გენადი სელეზნიოვს, მაგრამ ვინაიდან სელეზნიოვი ფაქტიურად უკვე აღარ არის თავმჯდომარე და სიტუაციას ვერ აკონტროლებდა (იგი მოსკოვის ოლქში იყრის კენჭს გუბერნატორად), «გოსდუმის» აპარატში შეცდომა დაუშვეს და სრულიად საიდუმლო დოკუმენტი (გამრავლების შემდეგ) დაუგზავნეს სახელმწიფო სათათბიროს წევრებს - მათ შორის ინგუშ დეპუტატებს, რომლებმაც, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ გადასცეს ეს სენსაციური ისტორიული დოკუმენტი თავიანთ ჩეჩენ ძმებს.
        ასეა თუ ისე, ჩეჩნებმა მოსკოვში 15 დეკემბერს გამართული «ეროვნული უშიშროების საბჭოს» სხდომაზე დამტკიცებული ისტორიული, სენსაციური დოკუმენტი ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
        ამ დოკუმენტის გაცნობა ნებისმიერ ადამიანს სულით ხორცამდე შესძრავს და შეაძრწუნებს. ასეთი რამ მხოლოდ ჰიტლერის ხელისუფლებას შეიძლებოდა შეემუშავებინა - ებრაელი ერის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
        თანაც, ვერმახტი (ჰიტლერული არმია) ამას არ იკადრებდა, ანუ ჰიტლერი იძულებული გახდებოდა «ეს-ეს»-ის ფორმირებისთვის დაევალებინა გეგმის განხორციელება.
        15 დეკემბრის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, იგორ სერგეევი.
        დოკუმენტი უემოციოდ აღწერს მიღებულ გადაწყვეტილებას: «რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს ვითარება, რომელიც შეიქმნა ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას და გამოიმუშავეს ოპერაციის დამამთავრებელი, მესამე ეტაპის კონცეფცია.
        აღინიშნა, რომ მთიანი ჩეჩნეთის დასახლებული პუნქტები ტრადიციულად არის ჩეჩნური სეპარატიზმის მორალური და მატერიალური დასაყრდენი. ამ რაიონის მაცხოვრებლებს ყოველთვის, ყველა ეპოქაში ჰქონდათ ანტირუსული და ანტისაბჭოთა სეპარატისტული განწყობა.
        აქედან გამომდინარე, თათბირის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მთიანი ჩეჩნეთი არ წარმოადგენს რაიმე ეკონომიკურ ან რაიმე სხვა ღირებულებას რუსეთისთვის, ამიტომ ეს დასახლებული პუნქტები მთლიანად უნდა განადგურდეს სექტორში: ბამუტი-ზანდიკი-იტუსკალე;
        ამ რაიონებში უნდა შეიქმნას ცხოვრებისათვის აბსოლუტურად შეუთავსებელი პირობები; ცოცხლად დარჩენილი (!) მოსახლეობა გადასახლებულ უნდა იქნას რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, სადაც უნდა მოხდეს მათი ასიმილაცია.
        პარალელურად, მთიან ჩეჩნეთზე განხორციელდეს მასირებული საავიაციო და საარტილერიო შეტევა; განადგურდეს ყველა შენობა, რელიგიური თუ პირველყოფილი საგვარეულო ნაგებობები (მაგალითად, კავკასიური «კოშკები» - ავტ გაუთანაბრდნენ ტერორისტულ ნაგებობებს (?!) და მთლიანად დაინგრენ - აღდგენის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე.
        ტოტალურად განადგურდეს ყველა სახლი, ხოლო ტერიტორიის დაკავების შემდეგ ამ რაიონებიდან გაიზიდოს ან განადგურდეს ყველაფერი, რაც მომავალში შეიძლება იქნას გამოყენებული საშენ მასალად.
        რუსეთის ინტერესების შესაბამისად, ეს რეგიონი «უსიცოცხლოდ» უნდა იქცეს, რათა სამუდამოდ მოისპოს სეპარატისტთა გასახლების (?) შესაძლებლობა.
        კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ რუსეთი ვერ უარყოფს ამ დოკუმენტის სინამდვილეს, რის გამოც მოსკოვში დიდი სკანდალია ატეხილი. ზოგიერთი ცნობით, უკვე დააპატიმრეს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, ვინც დოკუმენტი დეპუტატებს დაუგზავნა.
        მაშ ასე - ეს ისტორიული დოკუმენტი აგვირგვინებს რუსეთის საუკუნოვან პოლიტიკას ჩეჩენი ხალხის მიმართ, რომლის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ არ სურს იცხოვროს რუსეთში, არამედ სურს იცხოვროს თავისუფლად.
        მივაქციოთ ყურადღება: როდესაც დოკუმენტში ლაპარაკია «მთიან ჩეჩნეთზე», - ეს არის სწორედ მთელი ჩეჩნეთი! მთა ჩეჩენი ხალხის ძლიერებისა და უკვდავების ისეთივე წყარო იყო საუკუნეთა განმავლობაში, როგორც ქართველი ხალხისათვის, ამიტომ, «მთიანი ჩეჩნეთის განადგურება» ნიშნავს მთლიანად, ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ერის განადგურებას.
        ამ ბინძური, ფაშისტური «ვერდიქტით» ამთავრებს რუსეთი მე-2 ათასწლეულს და შედის ახალ ეპოქაში, ეს დოკუმენტი ზოგიერთ რუსულ გაზეთშიც გამოქვეყნდა, ამიტომ სრული უფლება გვაქვს ვიკითხოთ: სად არის ახლა ის «დიდი რუსული ინტელიგენცია», რომელიც 1988 წლიდან საქართველოს ბრალად სდებდა «ანტიჰუმანიზზმს», «პატარა ხალხებისადმი შეუწყნარებლობას» და საერთოდ, «ქართველობა» ლამის არაადამიანურობისა და უკეთურობის სინონიმად აქცია?
        სად არიან ახლა ის რუსი «ინტელიგენტები» - «მწერლები», «პოეტები», «კინემატოგრაფისტები», რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად (ამ უკანასკნელთ «ღვაწლი» ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ) გულმხურვალედ ამხელდნენ და უპირისპირდებოდნენ «ქართულ ფაშიზმს»?
        და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, სად არიან, რომელ სოროში შეძვრნენ ის «ამაყი აფსუები», «ამაყი ადიღები», ერთი სიტყვით, «ამაყი კავკასიელი მთიელები», - მთიელ ხალხთა კონფედერაციის იდეოლოგები და ჯარისკაცები, ვინც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას (რაკი ზურგს რუსეთი უმაგრებდათ) ახლა კი სოროებში შეძვრნენ ვირთხებივით?
        სად არის ახლა სოსლანბეკოვი, შანიბოვი, სოსნალიევი, სად არიან აკბაშევები, შამბები, კალმიკოვები, არძინბები, სხვები და სხვები, სად არის ახლა მათი შემართება, მათი რისხვა, რატომ არ ისმის მათი აღშფოთების ხმა, რატომ ვერ ბედავენ კრინტის დაძვრას, ანუ ბინძური სოროდან დინგისა თუ საყნოსის გამოყოფას?
        საქართველომ ხომ გააკეთა, რაც შეეძლო, - უდიდეს რისკზე წავიდა, რათა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა ჩეჩენ ხალხს.
        ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ხმა მაინც ამოვიღეთ, - მიუხედავად ყველაფრისა.
        ამ ღირსებით გევლოთ «ამაყო აფსუებო»!

7 დღე, 29 დეკემბერი, 1999 წელი