ტრაიბალიზმი ქართულ სახელმწიფოებრიობას წალეკვით ემუქრება

ტრაიბალიზმი ქართულ სახელმწიფოებრიობას წალეკვით ემუქრება

  

    ცნობისათვის «ტრაიბალიზმს» დასავლურ მეცნიერებაში აფრიკული ტომების ურთიერთდაპირისპირებას უწოდებენ.
    აფრიკის კონტინენტი გაუთავებელი ტრაიბალისტური ომებითაა მოცული: ტუტსის ტომი უპირისპირდება «მუტსის» ტომს და ასე შემდეგ.
    თანაც, ეს ხდება ერთი ერის შიგნით, - განსხვავებაა მხოლოდ დიალექტებში, სხვადასხვა წეს-ჩვეულებებში... ცივილიზებული კაცობრიობა კარგა ხანია ამ ფენომენს სერიოზულ ყურადღებას აღარც აქცევს, ვინაიდან ტრაიბალისტური ომები, ჯერ ერთი, მარაზმია და მეორეც, - ცივილიზებულ ჩარევას არ ექვემდებარება.
    სუდანში ტომებმა კინაღამ გაწყვიტეს ერთმანეთი, ამერიკელები ცოტა ხნით ჩაერივნენ, მაგრამ როგორც კი ორიოდე ჯარისკაცი დაეღუპათ, დაუყოვნებლივ აკრიფეს გუდა-ნაბადი და სამშობლოში დაბრუნდნენ.
    ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის, ცივილიზებული ერის დამოკიდებულება ტრაიბალისტური ომისადმი არის ერთმნიშვნელოვანი: «ისემც გიქნიათ, ამოგიწყვეტიათ ერთმანეთი!»
    რაოდენ სასტიკად ან ამორალურად არ უნდა ჟღერდეს ამგვარი ფორმულა, იგი ერთადერთი შესაძლო პასუხია იმ პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტაც ცივილიზებულმა კაცობრიობამ ვერ შეძლო. «ტუტსებსა» და «მუტსებს» მაინც ვერაფერს შეაგნებინებ, ვერც გააშველებ (უმსხვერპლოდ), ამიტომ, ისღა დაგრჩენია, შორიდან უყურო, როგორ იცავენ ერთმანეთს.
    საქართველო 1999 წელს ევროპის საბჭოში შესასვლელად ემზადება. ევროსაბჭოს სპიკერი ლენი ფიშერი აშკარად ყოყმანობდა, დაეჭირა თუ არა მხარი საქართველოს გაწევრიანებისათვის, ვინაიდან მოუგვარებელი გვაქვს აფხაზეთის, «სამხრეთ ოსეთის», თურქი-მესხების პრობლემები, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო მაინც ტრაიბალიზმია. რომელ ევროპის საბჭოზე გვაქვს პრეტენზია, როდესაც არათუ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის», არამედ ტრაიბალიზმის პრობლემაც ვერ მოგვიგვარებია?
    1992-1993 წლებში სამეგრელოს მოსახლეობა აბსოლუტურად მხარს უჭერდა კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას და პირადად, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.
    განურჩევლად იმისა, იყო თუ არა გამართლებული კანონიერად არჩეული პრეზიდენტის (ქვეყნის პირველი პრეზიდენტის) დამხობა კრიმინალურ ნაძირალათა ბანდის მიერ, რუსეთის ჯარების დახმარებით - იმთავითვე შეიმჩნეოდა, რომ სამეგრელოს მოსახლეობის თითქოსდა პოლიტიკურ მოტივაციას სინამდვილეში ეთნიკური იდენტიფიკაციის შეფერილობაც ჰქონდა, ანუ (ჩვენდა სამარცხვინოდ) ტრაიბალისტური განწყობა ედო საფუძვლად.
    მას შემდეგ დიდი დრო გავიდა - ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, ჯაბა იოსელიანსაც «ხუთი წლით სამუდამო პატიმრობა» მიუსაჯეს, მაგრამ ტრაიბალისტური განწყობა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით მხოლოდ გაძლიერდა;
    დღესაც იმართება მიტინგები, რომლის მონაწილეთა უმრავლესობა (ძნელი მოსასმენია, მაგრამ ფაქტია) სწორედ გარკვეული «კუთხური მოტივებით» მოქმედებს.
    სხვა ახსნა მათ მისწრაფებებს არც აქვთ. გიორგი გამსახურდიამ თბილისის პოლიციის სამმართველოს «ომონში» დაიწყო სამსახური; ამაზე დიდი დარტყმა ზვიად გამსახურდიას იდეებზე, ამაზე მძლავრი დისკრედიტაცია ამ იდეებისა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
    თუ ეს მანკიერი მოტივაცია საქართველოში არ განადგურდა, მაშინ ამ ქვეყანას განვითარება კი არა, არსებობაც არ უწერია. ამ ლოგიკით, კაკო ელიავასა და მისთანების «ამბოხებაც» უკვე სულ სხვა ელფერს იძენს.
    აშკარაა, რომ ზვიად გამსახურდია და «კანონიერი ხელისუფლება» მათ აინტერესებთ, მხოლოდ როგორც საბაბი - იდეოლოგიური შეფერილობა, ტრაიბალისტური თუ ტომობრივი წყენა - ბოღმით გამოწვეული აგრესიისა. არანაირი რაციონალური, პოლიტიკური საფუძველი ამგვარ გამოხდომებს არ გააჩნია და თანდათანობით, თუ ვითარება პერმანენტულად გამწვავდა, ტრაიბალიზმი შეიძლება სხვა ფენომენშიც გადაიზარდოს.
    ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქართველობა, შინაგანად არაშეკავშირებული, სუსტი ერი აღმოჩნდა. ასეთი სისუსტის შედეგია სწორედ ტრაიბალიზმი, თორემ რატომ არ არსებობს მსგავსი რამ ებრაელებში, ფრანგებში, სომხებში, რუსებში?
    სხვათა შორის, სომხეთის «დაშნაკთა» პარტიის ლიდერმა, ოვანესიანმა უკვე განაცხადა, რომ «კონფლიქტები დასავლეთ საქართველოში ქართველი ერის შიგნით ეთნიკური სხვაობის გამოვლინებაა».
    როდემდე უნდა ვისხათ თავსლაფი საკუთარი ხელით? «ზვიადიზმი» მართლაც იყო პოზიტიური პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი, იგი ასოცირდებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლასა და დისიდენტურ შეურიგებლობასთან კრიმინალთა წინააღმდეგ, რომლებმაც ხელთ იგდეს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.
    მაგრამ, მერე და მერე, ექსპრეზიდენტის მომხრეთა მნიშვნელოვანი ნაწილის სიბრიყვის წყალობით, სულ სხვა შეფერილობა შეიძინა - ჯერ ერთი, ანტირუსული, ანტიიმპერიული რომანტიკული საბურველი ჩამოეცალა (როდესაც მანანა არჩვაძე - გამსახურდია, ოჯახით, მოსკოვში გადასახლდა), შემდეგ გიორგი გამსახურდიას საქციელი და სხვა მოვლენებიც, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას უერთგულეს თანამებრძოლთა «მოღალატეებად» გამოცხადება.
    აბა, მუხრან მაჭავარიანს რომ ზვიადის მოღალატედ გამოაცხადებ, რაზეა საუბარი? სწორედ ეს დისკრედიტებული «ზვიადისტური» ნაწილი იქცა ტრაიბალისტების დროშად.
    ანუ მან «ზვიადიზმი» იდეოლოგიურად გამოშიგნა. ზვიად გამსახურდია მაინც შევა ქვეყნის ისტორიაში, როგორც «პირველი პრეზიდენტი», გარკვეული ნაკლოვანებებით, შეცდომებით, მაგრამ დადებით პიროვნებად.
    თუმცა გამორიცხული არაა, ტრაიბალისტებმა ეს შანსი ნოლზე დაიყვანონ თავიანთი სიჩლუნგით და ტრაიბალისტური (ანუ იმთავითვე ყოველგვარ პოლიტიკურ, იდეურ და ზნეობრივ მოტივაციას მოკლებული) აქტივობით, სამუდამოდ დამარხონ «ზვიადიზმი», როგორც პოლიტიკური და იდეური მიმდინარეობა (ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა), ხოლო ზვიად გამსახურდია (მიუხედავად მისი პრეზიდენტობისა), აქციონ ჩვეულებრივ, ოდიოზურ ფიგურად, რომლის მსგავსი ძალიან ბევრი იყო საქართველოს ისტორიაში.

მერიდიანი, 22 იანვარი, 1999 წელი