საუკუნის ფრაზა
საუკუნის ფრაზა - ეროვნული მოძრაობა
მკითხველი ადვილად შენიშნავდა, რომ ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო საზოგადოების ფსიქოლოგიურ განწყობას - ატმოსფეროს, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში ქვეყანაში სუფევდა.
ამ მხრივ 1992 წლის იანვარ - თებერვალი მაინც გამორჩეულია: საყოველთაო აპათიამ გამოხატულება ჰპოვა თითქოსდა ძალზე უცნაურ, მაგრამ უაღრესად ნიშანდობლივ ცნობიერ სტერეოტიპებსა თუ ფსიქოლოგიურ ფანტომებში - მათ ადვილად როდი მოუძებნის ახსნას კაცი, ვინაიდან ჯანსაღი, ნორმალური, არაპათოლოგიური ეროვნული ცნობიერებისათვის წარმოუდგენელია, მაგალითად, ამგვარი ფსიქოლოგიური ფანტომი: «ქართველი ერი მოხუცდა. . .» ეს მაშინ ძალზე გავრცელებული წარმოდგენა იყო.
სხვა საკითხია, საერთოდ რამდენად შეიძლება «მოხუცდეს» ერი (ებრაელებმა, სომხებმა, ჩინელებმა ან იმავე აფსუებმა რაღა თქვან) და რამდენად გამართლებულია ზოგადად ერზე (აქ - ეთნოსზე) ამგვარი კატეგორიებით მსჯელობა. მაგრამ ასეთ განწყობის წარმოშობა და განვითარება მართლაც ძალზე ნიშანდობლივია.
რაც ყველაზე საინტერესოა, იმ დროს მის დამკვიდრებას ნაწილობრივ ინტელიგენციაც უწყობდა ხელს.
(და აქვე გეკითხებით, პატივცემულო მკითხველო: ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება აფხაზეთში სამკვდრო-სასიცოცხლო ომის მომგები იყო?!!!)
1992 წლის დამდეგს საქართველოში ჯანსაღი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა საერთოდ აღარ არსებობდა. ისინიც კი, ვინც გამსახურდიას ხელისუფლებას თავდავიწყებით ებრძოდნენ, ნათლად აცნობიერებდნენ, რომ ხელისუფლების დამხობა ქვეყანას უბედურების მეტს არაფერს მოუტანდა.
იმ დღეებში ჭაბუა ამირეჯიბი ესაუბრება ჟურნალისტს ბუხრის პირას: «. . . მთელი საქართველო ვერაფერს გახდა და აბა მარტო სამეგრელო რას გახდება. . . უნდა მოვილაპარაკოთ, - თუ ვერ მოვილაპარაკებთ, მოსულა ქართველი ერის აღსასრულის ჟამი. . .»
დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შემდეგ, თითო-ოროლა კლინიკური იდიოტის გარდა, გამარჯვების შეგრძნება არავის ჰქონია. ჰაერში გარდაუვალი სამოქალაქო ომის საზარელი სურნელი ტრიალებდა.
მოსალოდნელი ტრაგედიის კიდევ ერთი, შემაძრწუნებელი გამოძახილი გახდა ტელევიზიით ნაჩვენები სცენა - სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში თავის რაზმთან ერთად შესულ გია ყარყარაშვილს ტიპიური მეგრელი (ქართველი) ბებია ეკითხება: «ვინ ხარ შვილო შენ, რა გინდა ჩვენგან?» ყარყარაშვილს კინაღამ ცრემლი წასკდა: «არაფერი ბებო, მხოლოდ პური ცხვებოდეს, გზები გაიხსნას. . .» ეს სცენა დიდებული ილუსტრაციაა იმისა, რა საშინელებაა სამოქალაქო ომი და პატარა, სუსტი ერისათვის რაოდენ უპატიებელი სისულელეა ნებისმიერი იდეის, «იზმისა» თუ «კრატიისათვის» ასეთი ომის წამოწყება.
ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების იდეა პირველად 1991 წლის სექტემბერშივე გამოითქვა ერთ-ერთ შეკრებაზე. გურამ მამულიას, რომელმაც ამის თქმა გაბედა, ისეთი გნიასი აუტეხეს, კაცს ეგონებოდა - აი, ახლა კი წაავლებენ ხელს და იქვე ჩამოახრჩობენო. განსაკუთრებით ის ხალხი მძვინვარებდა, ვინც შემდგომ ედუარდ შევარდნაძის თავგამოდებულ მომხრედ იქცა «ახალ პარლამენტში». ესეც უდავოდ მეტყველებს, ზოგადად, ქართული «პოლიტოკრატიის» და ისტებლიშმენტის ინფანტილიზმზე.
თუმცა, 1991 წლის სექტემბრიდან - 1992 წლის მარტამდე, საზოგადოებრივ განწყობაში ბევრი რამ შეიცვალა. სამხედრო გადატრიალების დასრულებისთანავე ქართული ელიტა სრულმა დაბნეულობამ მოიცვა. მას ეგონა, საკმარისი იყო გამსახურდია დაემხო, ტელევიზია ხელთ ეგდო, ხალხისათვის ყოველივე «განემარტა» და პრობლემა თავისთავად მოიხსნებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, - დაძაბულობა დღითიდღე იზრდებოდა. მყარი პოლიტიკური ორიენტირი არ ჩანდა. ახალ ხელისუფლებას თავადაც დაეტყო შიშნეულობა. თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართებოდა «ზვიადისტთა» მიტინგები. საერთაშორისო თანამეგობრობაც საკმაოდ გულგრილად შეხვდა საქართველოში განვითარებულ პროცესებს. მართალია დიპლომატიური ურთიერთობები დამაყარდა, მაგრამ ქვეყანა მაინც იზოლაციაში რჩებოდა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა საქართველოს, როგორც «არასტაბილური, ნგრევადი ქვეყნის» (Failed state) იმიჯი. გრძელდებოდა საზარელი სისხლისღვრა «სამხრეთ ოსეთში». არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული პრესაც წერდა: «სამხრეთ ოსეთში საქმე უკვე რიტუალურ მკვლელობებამდე მივიდაო». ახალმა ხელისუფლებამ მიიღო დეკრეტები «თავისუფალი ვაჭრობისა» და «მიწის განსახელმწიფოებრივების» შესახებ. მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ქვეყანა კვლავ ჩიხში იმყოფებოდა.
ამ ფონზე, სავსებით ბუნებრივად გაძლიერდა მათი პოზიცია, ვინც აუცილებლად მიიჩნევდა ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებას.
მიუხედავად «სამხედრო საბჭოს» წევრთა წინააღმდეგობისა, ტელევიზიით უჩვენეს ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ.
(მძიმე ფიქრით შუბლშეჭმუხვნილი ვალერი კვარაცხელია, ჯიბეებში ხელჩაწყობილი, ბრძნული გამომეტყველებით თავდახრილი დაიარება თოვლიანი მოსკოვის ქუჩებში).
დაახლოებით იმ დროს, ანუ 1992 წლის იანვარ-თებერვალში, ასლან აბაშიძე მოსკოვში ორჯერ შეხვდა შევარდნაძეს საკუთარი ინიციატივით და საქართველოში დაბრუნება სთხოვა. „ზვიადისტებს“, რომლებიც შემდგომ ასლან აბაშიძის მზეს ფიცულობდნენ, ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ ეს ფაქტი (მოსკოვში ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა იმ ვითარებაში), ფაქტობრივად დეკემბერ-იანვრის მოვლენათა გამართლებას ნიშნავდა.
დისკუსია, რომელიც ისტებლიშმენტში მაშინ გაიშალა, მრავალი თვალსაზრისით საინტერესოა: «ზვიადისტები» დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ „დეკემბერ - იანვრის სამხედრო გადატრიალება «შევარდნაძემ მოაწყო, ხოლო პუტჩისტები მის მითითებებს ასრულებდნენ“. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომღა იყვნენ თავდაპირველად სიგუა და კიტოვანი შევარდნაძის დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგნი?
არადა, თებერვლის ბოლომდე სწორედ ასეთი ვითარება იყო: ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» უდიდესი უმრავლესობის განწყობის მიუხედავად, გადატრიალების მთავარ ორგანიზატორებს ხელისუფლება «სხვისთვის» არ ემეტებოდათ - ხელისუფლება, მათ, რასაკვირველია, თავისთვის უნდოდათ.
თენგიზ სიგუამ იმ დღეებში «მოსკოვსკიე ნოვოსტი»-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძემ რაღაც მაქინაციებით მიიღო «სოციალისტური შრომის გმირობა» - მისი თქმით, ჯერ ფალსიფიკაციის მეშვეობით შეასრულებინა გეგმა კახელ მეღვინეებს, მერე თვითონვე დახვრიტა ამ ფალსიფიკაციისთვის და ასე შემდეგ.
ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე კი სიგუამ თქვა: «ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შევარდნაძემ მოსკოვში შექმნა რაღაც ფონდი - გაუგებარია, რა მიზანს ისახავს იგი?»
დისკუსია უფრო და უფრო მძაფრდებოდა: «ელიტარულმა ინტელიგენციამ», რომელიც დარწმუნებული იყო, - საქართველოს შევარდნაძე თუ გადაარჩენდა, საკმაოდ ოსტატურად ითამაშა წინააღმდეგობაზე ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს შორის. «მხედრიონის» ლიდერი ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების თავგამოდებულ მომხრედ იქცა და სწორედ მისმა პოზიციამ შეიტანა გარდატეხა დისკუსიაში. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სიგუა-კიტოვანის ობიექტურ ინტერესებს, რომელთაც, დაახლოებით თებერვლის ბოლოსათვის, ისინი უკვე ნათლად აცნობიერებდნენ.
მოგვიანებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოიეში «ქარტიელი» დეპუტატის, თენგიზ დიხამინჯიას საყვედურის პასუხად (შევარდნაძე რატომ ჩამოიყვანეთო) თენგიზ სიგუამ ასე ახსნა თავისი თანხმობა ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებაზე: «აბა დაფიქრდი, ვთქვათ არ დავთანხმებულიყავით, - ეკონომიკურ ვითარებას ხომ ვერ გამოვასწორებდით? ინტელიგენციის წარმომადგენლები კი აუცილებლად იტყოდნენ: მეფე გვყავს, ოქროს ზოდი გვაქვს და რატომ არ ვიყენებთო. გარდა ამისა, ჩვენ რომ არ ჩამოგვეყვანა, არჩევნებისათვის შესაძლოა სხვა გზითა და ხერხით თვითონ ჩამოსულიყო.»
ერთობ საინტერესო ციტატაა: სიგუა-კიტოვანის ტანდემს ეშინოდა, რომ შევარდნაძეს შეიძლებოდა სხვა ხერხისათვის მიემართა - გამიჯვნოდა გადატრიალების ორგანიზატორებს (გაიხსენეთ მისი განცხადება შემოდგომაზე, - «შუამავლობის» შესახებ) და თბილისში დაბრუნებულიყო უშუალოდ 11 ოქტომბრის არჩევნების წინ, როგორც «მესამე ძალა».
ეს მათთვის ძალზე არასასიამოვნო და მართლაც საშიში ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, ისინი ამას რასაკვირველია არ დაუშვებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში იძულებული გახდებოდნენ მწვავე დაპირისპირებაზე წასულიყვნენ «ელიტარულ ინტელიგენციასთან», რაც აგრეთვე არ სურდათ და მეტისმეტ რისკად მიაჩნდათ.
ამიტომ ერჩივნათ, შევარდნაძე სწორედ იმ ვითარებაში და იმ «აურით» დაბრუნებულიყო, როცა ნებსით თუ უნებლიედ იძულებული გახდებოდა ეკისრა სრული პასუხისმგებლობა იმისათვის, რაც დეკემბერ-იანვარში მოხდა.
ზვიადისტებს ხომ ვერაფრით შეაგნებინებდი და გადაათქმევინებდი იდეაფიქსს: «გადატრიალება შევარდნაძემ მოაწყო, ხოლო სიგუა და კიტოვანი მხოლოდ მის მითითებებს ასრულებდნენ». არადა, ეს ჩლუნგი თეზისი ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება. ვიმეორებ: თუ სიგუა-კიტოვანი შევარდნაძის მითითებებს ასრულებდნენ, მაშინ როგორღა იქნებოდნენ მისი დაბრუნების წინააღმდეგნი?
თენგიზ სიგუას თავადაც არაერთგზის განუცხადებია ინტერვიუში: «შევარდნაძეს არავითარი წვლილი არ მიუძღვის ტირანის დამხობაში». ეს განცხადება «ანტიზვიადისტებისათვის» იყო განკუთვნილი, რომელთაც გადატრიალებაში «არმონაწილეობა» დანაშაულად მიაჩნდათ და არა ღირსებად.
სიგუას ჭკუა ნამდვილად არ აკლდა. მან სწორად გათვალა ქართული მასის ფსიქოლოგია: შევარდნაძის დაბრუნების შემთხვევაში სწორედ იგი გახდებოდა პასუხისმგებელი არა მხოლოდ იმისათვის, რაც შემდგომ მოხდებოდა, არამედ იმისთვისაც, რაც მანამდე მოხდა.
საერთოდ, სიგუა-კიტოვანს ბევრი რამ წინასწარ გათვლილი ჰქონდათ. მაგალითად, აფხაზეთში ომის დაწყებას (ძალით მოპოვებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის) ისინი ისევე ვარაუდობდნენ იმთავითვე, როგორც სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვემო ქართლში კენჭისყრას საპარლამენტო არჩევნებისას.
ზვიადისტები, რომლებიც გადატრიალებისთანავე სიხარულით აცხადებდნენ: «მაგათ ხმას ვინ მისცემსო», - იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში, დმანისისა და ბოლნისის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ 99 პროცენტით სწორედ სიგუა-კიტოვანი აირჩია.
ეს «ზვიადისტები» ინტელექტით რომ არ გამოირჩეოდნენ, ცხადია, მაგრამ განსაკუთრებით ამაზრზენია მათი შემდგომი მოქმედება, როდესაც, შევარდნაძის სიძულვილით, იმ პოლიტიკურ კოალიციებში აღმოჩნდნენ, რომელთა ზოგიერთ წევრსა და მოკავშირეს, სინამდვილეში, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში შევარდნაძეზე ბევრად მეტი წვლილი მიუძღვის.
მაგრამ სიძულვილით დაბრმავებულებს არაფრის გაგონება და შემჩნევა არ სურდათ. მათ შორის არც იმის, თუ როგორ აცუნდრუკებდნენ თავის ჭკუაზე, «ზვიადის» დაუძინებელი, აშკარა თუ ფარული მტრები.
«სამოქალაქო ომი შევარდნაძემ მოაწყოო» - ისევ და ისევ იმეორებენ ჩლუნგი სიჯიუტით. არადა, ესეც მტკნარი სიცრუეა: ედუარდ შევარდნაძეს ძალიანაც რომ მოენდომენინა (კაცმა რომ თქვას, არც იყო ვალდებული გამსახურდია დიდად ყვარებოდა), მოსკოვიდან - თბილისში სამოქალაქო ომს ვერ მოაწყობდა.
«ზვიადისტების» დიდ ნაწილს სულ მალე «შევარდნაძის საქართველოში დამბრუნებელი რუსის ჯარის გაყვანის» მოთხოვნა საერთოდ დაავიწყდა. ეს გასაგებიცაა - მათი უმრავლესობა სამოქალაქო ომის შემდეგ მოსკოვში გაიქცა და იქედან ხომ არ მოითხოვდნენ «რუსეთის საოკუპაციო ჯარის» გაყვანას?
რამდენიმე წლის შემდეგ კი ეს «ზვიადიზმი» ფაქტობრივად ბინძური ტრაიბალიზმის იდეოლოგიად იქცა და საბოლოოდ გადაგვარდა საერთოდ გულისამრევ მარაზმში.
1992 წლის 7 მარტს, ედუარდ შევარდნაძე თბილისში დაბრუნდა. სწორედ მაშინ, აეროპორტშივე თქვა მან ფრაზა, რომელიც, მასში ჩაკირული პოლიტიკური დიდოსტატობითა და შორსმჭვრეტელობით «საუკუნის ფრაზად» მიმაჩნია:
«. . . მივესალმები ქართულ ინტელიგენციას, რომელმაც იარაღი აიღო ხელში. . .»
მოდით ამ ფრაზას ყურადღებით დავაკვირდეთ. მას ერთდროულად რამდენიმე «შინაგანი აზრი და მდინარება» აქვს.
უპირველეს ყოვლისა: შევარდნაძე (ამაზე არავინ დავობს) ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი პოლიტიკოსია. ასეთი კატეგორიულობა და ერთმნიშვნელოვნება მისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი. მარტივი პოლიტიკური საზრისის ადამიანიც მიხვდებოდა, რომ იმ ვითარებაში ამგვარი მკაფიო განცხადება პოლიტიკურად წამგებიანი იყო, ვინაიდან ამით შევარდნაძე იმთავითვე დადგა «ბარიკადის მეორე მხარეს» - ნაცვლად იმისა, გულისწუხილი გამოეთქვა მომხდარის გამო და «შერიგებისაკენ» მოეწოდებინა. არადა ამას მოითხოვდა ჩვეულებრივი, მარტივი პოლიტიკური ტექნოლოგია.
ბუნებრივად ისმის კითხვა: ედუარდ შევარდნაძეს ამგვარი რამ არასდროს შეშლია და რაღა 1992 წლის 7 მარტს დაუშვებდა ესოდენ მძიმე შეცდომას?
ამ უცნაურობის ახსნა სულ ადვილად შეიძლება: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ეს ფრაზა იყო სიგუა-კიტოვანის (ალბათ არა მხოლოდ მათი) მტკიცე პირობა შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებისათვის!
ანუ, ბოლოს და ბოლოს, დიდი კამათის, ხვეწნა-მუდარის, მუქარის (ჯაბა პირდაპირ დაემუქრა სიგუას) და საკუთარი ინტერესების პრაგმატულად გათვალისწინების შემდეგ, სიგუა-კიტოვანის ტანდემმა შევარდნაძის დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მხოლოდ იმ პირიბით, თუ იგი ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირებდა დადებით დამოკიდებულებას დეკემბერ-იანვრის მოვლენებისადმი და არ შეეცდებოდა გამიჯვნოდა ორივე მხარეს. თანაც, ეს უეჭველად იყო არა მხოლოდ «ორი თენგიზის» ხსენებული ტანდემის, არამედ «ელიტარული ინტელიგენციის» მნიშვნელოვანი ნაწილის (თუნდაც არადეკლარირებული) მოთხოვნაც.
«საუკუნის ფრაზას» მეორე ასპექტიც აქვს: რატომ მაინც და მაინც «ინტელიგენციას» მიესალმა, როგორც სამოქალაქო ომისა და სამხედრო გადატრიალების მთავარ მოქმედ პირს?
საქმე ის გახლავთ, რომ ამ ინტელიგენციის ზნე - ჩვეულებას ედუარდ შევარდნაძე შესანიშნავად იცნობს. მან ძალიან ზუსტად განსაზღვრა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, «ელიტარული ინტელიგენცია» (სწორედ მას გულისხმობდა «ინტელიგენციაში») შეეცდებოდა ხელი დაებანა, გამიჯვნოდა 1991-1992 წლების მოვლენებს, სახელმწიფო გადატრიალებას, სამოქალაქო ომს (ვითომ თავად არაფერ შუაში არ იყო) და დაიწყებდა ძრომიალს იმ პოლიტიკურ ფიგურებთან (მაგალითად ასლან აბაშიძესთან), რომელთაც თითქოს არავითარი წვლილი ამ ამბებში არ მიუძღოდათ - რათა ამ ფიგურებთან ერთად თავადაც შეესრულებინა «დიდი შემრიგებლის» ფუნქცია და ყველაფერი, შეძლებისდაგვარად, «პოლიტიკოსებისათვის» (მათ შორის შევარდნაძისათვის) დაებრალებინა.
აი, სწორედ ამის საშუალება რომ არ მიეცა, ამიტომ თქვა საქართველოს მომავალმა მრავალწლიანმა პრეზიდენტმა ასეთი ფორმით ეს ფრაზა: « . . .მივესალმები ქართულ ინტელიგენციას . .» - რითაც სავსებით სწორად და სამართლიანად განსაზღვრა ადრესატი და წაართვა მას ისტორიული პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენის (ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების) საშუალება.
გარდა ამისა, უბრალოდ ამაზრზენია, რომ სწორედ ის ხალხი, ის «ზეპურნი», ვინც 1991 წლის შემოდგომასა და 1992 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩადიოდა და ედუარდ შევარდნაძეს ხელებს უკოცნიდა: «ეგება ჩამოხვიდე და რაიმეს გადარჩენა მაინც შეძლოო» - 10 წლის შემდეგ უკმაყოფილო იყო «შედეგით». მათ არაფრის დიდებით არ სურთ შეიგნონ და გაითვალისწინონ, რა საქართველო დაახვედრეს 1992 წლის 7 მარტს შესანიშნავ პოლიტიკოსს და რისი შექმნა შეიძლებოდა ამ «მასალიდან».
არადა მაშინ (1992 წელს), ქვეყანა «სომალიზაციის» რეალური საფრთხის წინაშე იდგა. და ამ საშინელი პერსპექტივისაგან მისი ხსნა ორ განსხვავებულ ფაქტორს შეეძლო: 1) ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ნიჭსა და სახელისუფლო ტექნოლოგიას; 2) რუსეთის იმპერიულ გულმოწყალებას, თუ იგი საქართველოს შეიბრალებდა და «სომალიზაციის» ჯოჯოხეთიდან მის დახსნას ინებებდა – რაც ძალზე საეჭვოა.
ნუთუ ვინმეს ჰგონია, ჩვენებური «გენერალი აიდიდები» ჭკუამხიარული «ელიტარული ინტელიგენციისა» და «პოლიტოკრატიის» ლაყბობას მიუგდებდნენ ყურს, რომ არა ედუარდ შევარდნაძე და მისი «რკინის ხელი რბილ თათმანში», რომლითაც მან «აიდიდობის კანდიდატებს» სულ მალე ციხეში ამოაყოფინა თავი.
შევარდნაძის პოლიტიკურ კარიერაში ძალიან რთული არჩევანის მომენტი ხშირად დამდგარა. 1992 წლის მარტში მან გადაწყვეტილება მიიღო მოვლენათა შემდგომი, შესაძლო განვითარების სრული და ღრმა ანალიზის შედეგად.
რასაკვირველია, მას შეეძლო ეცადა იმ ვარიანტის განხორციელება, რაც უშუალოდ არ დააკავშირებდა დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ორგანიზატორებს (11 ოქტომბრის არჩევნებამდე ხელისუფლებაში მოსვლაზე უარის თქმა). მაგრამ, როგორც ჩანს, ანალიზის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გადატრიალებისაგან სრული გამიჯვნით («მესამე ძალის» პოზიციებიდან), საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნება არარეალური იყო - ამას იგივე «პოლიტოკრატია», «ელიტარული ინტელიგენცია» და «გვარდია-მხედრიონი» არ დაუშვებდნენ. ხოლო «ზვიადისტები» მაინც არ დაიჯერებდნენ შევარდნაძის ნეიტრალიტეტს.
ამრიგად, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე დასაბრუნებლად, ბარიკადის ერთ-ერთი მხარის არჩევა (ანუ, რასაკვირველია, ამ მხარისა) გარდაუვალი აღმოჩნდა.
თუმცა, დარწმუნებული ვარ: ედუარდ შევარდნაძეს, მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი და მთელი ის კამარილია, რომელმაც გადატრიალება მოაწყო ისევე ეზიზღებოდა, როგორც გამსახურდია და მისი მომხრე „ზვიადისტების“ ლუმპენიზებული მასა.
თენგიზ სიგუა ედუარდ შევარდნაძეს აეროპორტში არ დახვდა. სამაგიეროდ, მას შეეგება მთელი პოლიტიკური ბომონდი. «რატომღაც» ისე დაემთხვა, რომ სწორედ იმ დღეს, თბილისში ხალხი გაჩენის დღეს იწყევლიდა - პირველად გაჩერდა მეტრო.
შევარდნაძე «დეზერტირების ბაზარს» ეწვია და იქაც თქვა უცთომელი გუმანით მიგნებული სიტყვები, რომლებიც, ყველაზე მეტად მიესადაგებოდნენ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს: «ყველაფერი დანგრეულია - უნდა დავიკაპიწოთ ხელები და საქმეს შევუდგეთ».
«დავიკაპიწოთ ხელები, ხელების დაკაპიწება მოგვიწევს ყველას», - სიხარულით იმეორებდა ავთო მარგიანი და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის.
სწორედ ამ დროს, რუსეთის ტელევიზიამ გული მოიოხა საძულველი «გრუზინი» შევარდნაძის დამცირებით: ტელეკომპანია «Останкино»-მ, საუკეთესო დროს (20 საათზე), უჩვენა უნიჭიერესი რუსი ჟურნალისტის, ლეონიდ პარფიონოვის ფილმი შევარდნაძეზე ციკლიდან «Портрет на фоне». ანუ (ამ შემთხვევაში) შევარდნაძის პორტრეტი იმ კამარილიის ფონზე, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას.
ეს ფილმი გახლავთ დახვეწილი, რაფინირებული ქართველოფობიის «შედევრი». მასში საქართველო, ზოგადად ქართული ფენომენი, მოთხრილია ძირფესვიანად, ძირის-ძირამდე, საფუძველთა-საფუძვლამდე: «სულიკოდან» – სტალინ-ბერიამდე; ეროვნული მეობიდან - ქართულ კინომატოგრაფამდე, თეატრამდე, ინტელიგენციამდე: «….Простые люди в россии говорят: понаехали грузины…. а вот русская интелигенция до сих пор нас уверяла, что грузины самые красивые, самые талантливые, самые благородные…»
ამ სიტყვებთან ერთად ეკრანზე ჩანს ბაზრის საცოდავი, ბინძური, ჭუჭყიანი მაწანწალა.
და ყოველივე ეს აზარაშვილის გენიალური მუსიკის თანხლებით «შერეკილებიდან» - ელდარ შენგელაიას ულამაზეს ფილმში ამ მელოდიის ფონზე მიფრინავს ცაში აჭრილი ქართული ურემი