საერთაშორორისო მიმოხილვა. 23 მარტი. 2022 წელი

საერთაშორორისო მიმოხილვა.  23 მარტი. 2022 წელი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ორშაბათს და სამშაბათს,  სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს კიევთან, სადაც რუსის ჯარი ალყის შეკვრას ცდილობს.

თავიდანვე, პუტინს და მის გენერალიტეტს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლო მომენტამდე კიევის აღება კი არ ეცადა, რადგან ეს უდიდეს მსხვერპლთან იქნებოდა დაკავშირებული რუსული არმიის პირად შემადგენლობაში, არამედ ჯერ ალყა შემოერტყა,  შემდეგ ბლოკადა განეხორციელებინა - პერიოდული საავიაციო დარტყმათა ფონზე.

საპასუხოდ უკრაინელებმა აირჩიეს ერთადერთი სწორი ტაქტიკა: ნაცვლად ფრონტალური ბრძოლისა, როგორც კი ბელორუსიდან შემოსული რუსის ჯარის 60 კილოტერიანი კოლონა პუტინის გეგმის განსახორციელებლად `გაიშალა` კიევის მიდამოებში, უკრაინელები გადავიდნენ დივერსიულ და მცირე მასშტაბის შეტევათა ტაქტიკაზე, ასევე წერტილოვანი საარტილერიო დარტყმებისა, რაშიც უდიდეს დახმარებას უწევთ ამერიკის კოსმოსური დაზვერვა.

აქ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ `მართალი` მხარე, ანუ ის მხარე, რომელიც თავს იცავს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, დივერსიულ, პარტიზანულ ომს ბევრად მეტი მოტივაციითა და ასპირაციით ახორციელებს. კიევის მცველები ძირითადად კიეველები არიან, ხოლო უკრაინული არმიის 80% გადასროლილია სამხრეთში და აღმოსავლეთ უკრაინაში.

დამპყრობელი არმია კი პირიქით, ამგვარ საომარ მოქმედებებში აუცილებლად სუსტდება, დეგრადირებს, საბოლოოდ კარგავს მოტივაციას და იხრწნება. ამიტომაც, უკრაინელებმა აგრესორებს კიევთან რამდენიმე უბანზე სერიოზულად დაახევინეს უკან. და აგრესორთა მსხვერპლიც ბევრად მეტია ქალაქის მცველებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთში უკვე სერიოზულად განიხილავენ ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაძლებლობას.

NATO-ს კონტინგენტი ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში ბოლო 3 კვირის განმავლობაში გაორმაგდა, თუმცა მაინც ძალიან მცირერისცხოვანია - სულ რაღაც 6-7 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი სამივე ქვეყანაში ერთად აღებული.

მართალია იქვეა (ბალტიის ზღვაში) NATO-ს უძლიერესი საზღვაო ფლოტი, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთსაც ძლიერი ფლოტი ჰყავს. განსაკუთრებით წყალქვეშა ნავები (მათი სტრატეგიული ბაზაც იქვეა).

გარდა ამისა, ფსკოვის სადესანტო დივიზია უშუალოდ ბალტიის ქვეყნების საზღვართანაა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ პუტინმა `ფრაგმენტალური იმპერიალიზმის` ტაქტიკა აირჩია, NATO-ს მცირერიცხოვანი სახმელეთო შენაერთები, ასევე ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მცირერიცხოვანი არმიები რუსის ჯარს სერიოზულ წინააღდმეგობას ვერ გაუწევენ.

`ფრაგმენტალური იმპერიალიზმის ტაქტიკა` ნიშნავს არა ქვეყნის მთლიანად დაპყრობას, არამედ ქვეყნის იმ რაიონებისა, სადაც მოსახლეობა ლოიალურია რუსეთისადმი.

ზუსტად ეს ტაქტიკა აირჩია ჯერ-ჯერობით პუტინმა საქართველოს მიმართაც: აფხაზეთი და ცხინვალი დაიპყრო ამ ეტაპზე.

ყველაზე სუსტი რგოლი ბალტიისპირეთში არის ლატვია.

ჯერ ერთი, რუსული ეთნიკური მოსახლეობა იქ ნახევარია.

გარდა ამისა, არის ასეთი რაიონი ბალტიაში: დაუგავპილსი. ზედ რუსეთის საზღვარზე. იქ რუსები აბსოლუტური უმრავლესობაა. ისევე, როგორც კოხტლა იარვეს რაიონი ესტონეთში. იქ 99% რუსი ცხოვრობს.

`ფრაგმენტალური იმპერიალიზმის ტაქტიკა` გულისხმობს, რომ პუტინისთვის მაინცდამაინც ის კი არ არის მნიშვნელოვანი, უმრავლესობა გამოვარდეს და რუსული არმიის მხარდამხარ იბრძოლოს, არამედ ის, რომ პასიური უმრავლესობა (!) გულგრილი იყოს და მისთვის როგორც მინიმუმ `სულ ერთი იყოს`, ლატვიაში იცხოვრებს თუ რუსეთში. ანუ ეს არ ენაღვლებოდეს.

ამ მხრივ ძლიერი პოზიციები აქვს ლიტვას. მაგრამ განა ვინ თქვა, რომ სატანასავით ცბიერი პუტინი იქ შეუტევს, სადაც ძლიერი წინააღდმეგობა შეხვდება? რა თქმა უნდა იქ შეუტევს, სადაც მეტი შანსი აქვს და ნაკლები წინააღდმეგობა ექნება. .

თუმცა ამერიკის პრეზიდენტმაც და ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სარდლობამაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინი ახალ აგრესიას თუ წამოიწყებს, წამოიწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც (თუ- ღმერთმა ნუ ქნას) რაიმეს მიაღწევს უკრაინაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი სტალინიზაციის გზაზე: რუსული ოპოზიციის (ნამდვილი ოპოზიციის!) ლიდერი, ალექსეი ნავალი, ვინც  ციხეში იხდის 3 წლიან სასჯელს, რუსულმა სასამართლომ, რომელიც ციხეში გაიმართა (!) `რუსული არმიის დისკრედიტაციაში` დაადანაშაულა და 9 წელი დაუმატა!

თანაც სასჯელოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

`მკაცრი რეჟიმის კოლონია` იმას ნიშნავს, რომ პატიმარს ნაკლები პაემნები ექნება, ნაკლები კომუნიკაცია და სასტიკი დღის წესრიგიც დილიდან-საღამომდე.

ანუ ჩვეულებრივ კოლონიაში რომ ვერ გატეხა, ახლა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უპირებს გატეხვას.

ალექსეი ნავალნი რუსული სისტემური, ესე იგი სახელმწიფოებრივი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლია. საქართველოს მეგობარი არ არის 2008 წლის რუსული აგრესიიდან, თუმცა რეალურად, სიტუაციურად იგი დასავლეთისა და საქართველოს მოკავშირეა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პუტინს მისი იმდენად ეშინია, მის  ქვეყნიდან გაძევებასაც ვერ ბედავს, როგორც გააძევა ხოდორკოვსკი. იმიტომ, რომ ხოდარკოვსკის არც ნავალნისეული ქარიზმა ჰქონდა და არც ასეთი მხარდაჭერა - არა მხოლოდ `პრადვინუტი`, არამედ ჩვეულებრივ რიგით რუსებშიც, ვისაც პუტინი 22 წლის მანძილზე ყელში ამოუვიდა.

ნავალნი და მისი ანტისისტემური საზოგადოებრივი მოძრაობა, სინამდვილეში, პოტენციურად, პუტინის რეჟიმის მთავარი საფრთხეა.

არა       რუსი კომუნისტები და მათი ლიდერი ზიუგანოვი, არა კლოუნი ჟირინოვსკი და მისი `ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია`, არა თუნდაც `არისტოკრატი`, მუდამ სიბრძნის მფრქვეველი, ინტელექტუალური სნობი და მანერული გრიგოლი იავლინსკი (ესენი ყველანი `სისტემური`,  ანუ `ხელზე მიჩვეული` ოპოზიციაა) , არამედ სწორედ ნავალნია რეალური მტერი.

ეს იცის პუტინმა ძალიან კარგად. ცბიერება არ აკლია.

რუსულმა პოლიციამ ნავალნის ადვოკატები ციხის კარებთანვე დააპატიმრა, როცა პრეს-კონფერენციას მართავდნენ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამხედრო სპეციალისტთა თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ვერ გადასხვა დესანტი ოდესაში ის არის, რომ უკრაინული გენერალიტეტი მოიქცა ძალიან პროფესიულად: მან დანაღმა სანაპირო ათეულობით კილომეტრზე (რა დროს მზეზე გარუჯვაა- შემოღობეს კიდეც, რომ იქ ჩვეულებრივი ოდესელები ევრ შევიდნენ) და გარდა ამისა, ზღვაზე დააყენა ნაღმები. ამის გამო რუსული ფლოტი სანაპიროს ვერ უახლოვდება და დესანტის გადასხმას ჯერ ჯერობით ვერ ახერხებს.

რაც შეეხება დაბომბვებს, რუსული ფლოტი ოდესის მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავს, ოღონდ ბომბავს ძალიან ფრთხილად. ბევრად იმაზე ფრთხილად, ვიდრე ხარკოვს მაგალითად, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ.

პუტინს ეთნიკური რუსები (უკრაინის მოქალაქეები) დიდად არ ენაღვლება, მაგრამ უკრაინის ერთ-ერთი თავისებურება მისი ტრადიციული ეთნიკური მრავალფეროვნებაა. ოდესა `ებრაული ქალაქია`.

ოდესა რუსულენოვანი ებრაული კულტურის აკვანია.

რუსეთის იმპერიის დროიდან მოყოლებული, ოდესაში მოსახლეობის დომინანტური ნაწილი ებრაელები იყვნენ. ოდესიდან არიან წარმომავლობით გენიალური რუსულენოვანი ებრაელი ხელოვანები: ილფი და პეტროვიდან - ჟვანეცკიმდე.

ამიტომაც, პუტინი ოდესის მიწასთან გასწორებას ვერ ბედავს, რაკი ეს აუცილებლად გამოიწვევს ისრაელის მწვავე რეაქციას, ხოლო ისრაელი რეაქცია, ამ ქვეყნის გავლენის გათვალისწინებით, მსოფლიოს რეაქციას ნიშნავს.

მეორე მაგალითი: პუტინი უმოწყალოდ ბომბავს, ანადგურებს  მარიუპოლს (ბერძნულად `Mariupolis`- მათი დაარსებულია ანტიკურ ხანაში), სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური რუსულენოვანი ბერძენია.  ამის გამო მოსკოვს სერიოზულად გაუფუჭდა ურთიერთობა საბერძნეთთან. ბერძნული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ საბერძნეთის მთავრობის წევრები მარიუპოლიში ჩასვლასაც კი აპირებდნენ ჰუმანიტარული ტვირთის მოტივით. არის ასეთი დიპლომატიური `ტექნოლოგია`- აღშფოთების კულტურულად გამოსახატად.

რუსები არ შეუშვებდნენ, მაგრამ პოლიტიკურად მოსკოვი ამით დაზარალდებოდა.

არადა....... ბოლო დრომდე  (ათწლეულების განმავლობაში) საბერძნეთი რუსეთის `ტრაოს ცხენად` ითვლებოდა ნატოსა და ევროკავშირში.

ამ აგრესიამ ბევრი რამ შეცვალა - პუტინის გიჟური გადაწყვეტილებების შედეგად

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ `თუ რეალური საფრთხე შეექმნება`, მოსკოვი `ატომურ იარაღს გამოიყენებს`

`რეალურ საფრთხეში` პუტინის ეს ყურმოჭრილი მონა და გამხმოვანებელი გულისხმობს, როგორც სჩანს, უკრაინული არმიის ფართომასშტაბიან კონტრშეტევას. და ამიტომ აფრთხილებს დასავლეთს, რომ იარაღის მიწოდება უკრაინისათვის სერიოზულად აძლიერებს უკრაინას და ქმნის ბირთვული ომის საფრთხეს.

სხვათა შორის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში წერია, რომ თუ რეალური საფრთხე შეექმნება რუსეთს ან/და მის მოკავშირეებს, რუსეთი იტოვებს უფლებას, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

მანამდე ასეთი ჩანაწერი არ იყო. მანამდე რუსეთის სამხედრო დოქტრინა აცხადებდა, რომ პირველი არასდროს გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. ანუ მხოლოდ ბირთვული დარტყმის საპასუხოდ გამოიუენებდა

თანაც ვინ არიან ეს `მოკავშირეები` დაზუსტებული არაა. სრულიად შესაძლებელია ამთ შორის იგულისხმებოდეს აფხაზეთიც და ცხინვალიც