საერთაშორისო მიმოხილვა. 9 სექტემბერი 2021 წელი.
რუსეთმა რამდენიმე კვირაა გააძლიერა ზეწოლა სეპარატისტულ აფხაზეთზე: აღარ აწვდის ბენზინს, რაც ხელს უშლის ტურიზმს. მოითხოვს ისევ და ისევ ბინების თავისუფალ ყიდვა-გაყიდვას (რუსებზე), მაშინ, როდესაც აფხაზეთის `კანონმდებლობით` აფხაზეთში ბინების ყიდვა მხოლოდ თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს ანუ აფხაზი `მუჰაჯირების` შთამომავლებს შეუძლიათ, ვისი წინაპრებიც რუსეთმა გაყარა სამშობლოდან XIX საუკუნის 70-იან წლებში და მაინც ჩვენ უფრო ვძულვართ, ვიდრე იმპერიალისტები.
აფხაზეთს რომ რუსეთის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ნათლად ჩანს გუდაუთის რაიონში (აფხაზური სეპარატიზმის სამჭედლოში) ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან. რადენიმე კვირაა ქალაქ გუდაუთაში წყალი არ არის, მდინარის წყალს სვამენ, ხელისუფლება კი წყალსაქაჩის შეკეთებას ვერ ახერხებს. რუსეთს ეხვეწებიან დახნარებას, მაგრამ მოსკოვი ყურს იყრუებს - მუჰაჯირებმა შეგიკეთონო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სკანდალი უკრაინაში. ზელენსკის სერიოზული პრობლემები ელის.
CNN-ზე გავიდა სიუჟეტი ცნობილი ისტორიის შესახებ, რაც უკავშირდება ე.წ. `ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის` (Частная военная компания (ЧВК) Вагнер) მებრძოლებს, რომლებიც შარშან ბელორუსში დააპატიმრეს და შემდეგ რუსეთს გადასცეს.
როგორც ცნობილია, ეს დაქირავებული მკვლელები (ყოფილი ჯარისკაცები და ოფიცრები) თითქოს ვენესუელაში უნდა გაფრენილიყვნენ ნავთობსარეწების დასაცავად თურქეთის გავლით. თვეში 5 000 დოლარს დაპირდნენ თითოეულს. თვითმფრინავს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უნდა გადაეფრინა. უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია მოაწყვეს და `ვაგნერელი მკვლელების` გამოტყუებას ცდილობდნენ ვითომ ვენესუელური კომპანიის სახელით, აპირებდნენ შემდეგ თვითმფრინავი ძალით დაესვათ კიევში და `ვაგნერელები` გაესამართლებინათ დონბასში და ყირიმში ჩადენილი ანტიუკრაინული დანაშაულებების გამო, როგორც შეიარაღებული სეპარატიზმის მხარდამჭერები. შემდეგ კი გაეცვალათ უკრაინელ ტყვეებში.
ტელეკომპანია CNN ამტკიცებს, რომ CIA (ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ყველაფრის საქმის ყურში იყო და ეხმარებოდა უკრაინის სპეცსამსახურებს როგორც ტექნიკურად, ასევე თავისი აგენტურით თურქეთსა და ვენესუელაში. მაგრამ.....უკანასკნელ მომენტში, როდესაც ვაგნერელი მკვლელები მინსკის აეროპორტში უნდა გამგზავრებულიყვნენ სტამბულში გასაფრენად, ეს საქმე კიევიდან ვიღაცამ `გახეთქა`, - ბელორუსულ სპეცსამსახურებს შეატყობინა, ვაგნერელები აიყვანეს და მერე მოსკოვს გადასცეს.
CNN პირდაპირ არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ საქმე ჩაშალა პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციამ, რომელსაც შეეშინდა, რომ თუ უკრაინული ავიაგამანადგურებლები სამოქალაქო თვითმფრინავს კიევში დასვამდნენ ძალით, მაშინ რუსეთი ომს დაიწყებდა იმის მომიზეზებით, რომ იმ ბორტზე ვაგნერელების გარდა უამრავი ტურისტი იყო, ვინც უბრალოდ თურქეთში მიფრინავდა და თურმე `მათ სიცოხლესაც საფრთხე შეექმნა ამ ოპერაციით`.
ასეა თუ ისე, ახლა უკრაინული ოპოზიცია (მათ შორის პოროშენკო) ზელენსკის წინააღდმეგ იყენებს ამ ამბავს. არ არის გამორიცხული, ზელენსკის იმპიჩმენტის საკითხიც დასვან.
აქ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ CNN-ს ეს ინფორმაცია (ოპერაციაში CIA მონაწილეობის შესახებ) ვიღაცამ მიაწოდა. ამგვარი `გაჟონვები` მედიაში შემთხვევით არ ხდება. CNN კი სერიოზული მედიაა და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით, უტყუარი წყაროების გარეშე, ამგვარ ინფორმაციას არ გაავრცელებდა.
ასევე ნიშანდობლივია, რომ ამერიკულ მედიაში ამ ინფორმაციამ `გაჟონა` ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ. ეს შეხვედრა საკმაოდ მძიმე იყო. თანაც ორივე მხარისათვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არსებობს მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შეეცდება ძალით გადაჭრას `უკრაინის პრობლემა` ესე იგი ან მთლიანად დაიპყროს უკრაინა, ან გაჭრას `დერეფანი` ყირიმისკენ და უკრაინა მოწყვიტოს ზღვისპირეთს.
მოსკოვს ამას აიძულებს პერსპექტივაში ევროპის დამოკიდებულების შემცირება რუსულ გაზზე, რაც მოსკოვის მთავარი ბერკეტია ევროპასთან Engagement-ში.
დღეს ევროპა 30-35%-ით რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. ეს ძალიან დიდი პროცენტია! ევროპელებმა ეს იციან, ამას უფრთხიან, ამიტომ ევროპული ზესახელმწიფოები (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია) ბოლო 2-3 წელია უდიდეს ინვესტიციას დებენ თხევადი გაზის გადამამუშავებელ საწარმოებში.
თხევადი გაზი გენიალური მიგნებაა, ისევე, როგორც ფიქალის გაზი.
რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ლიდერი იყო ბუნებრივი აირის მოპოვებისა და გაყიდვის მხრივ. მაგრამ 2015 წელს, როდესაც ამერიკამ ფიქალის გაზის მოპოვება დაიწყო, აშშ-მ მოპოვებული ბუნებრივი აირის ოდენობით გაასწრო რუსეთს! პირველად ისტორიაში.
ახლა ამერიკას იმდენი ბუნებრივი აირი აქვს უკვე, რომ საკუთარ მოთხოვნილებებს მთლიანად აკმაყოფილებს და შეუძლია ევროპასაც მიაწოდოს.
სწორედ ამიტომაა საჭირო თხევადი გაზის ტექნოლოგია. ანუ ეს ბუნებრივი აირი ამერიკაში ჯერ თხევადდება, იტვირთება უზარმაზარ კონტეინერებში, ტანკერებზე, იგზავნება ევროპაში და მერე მისი ხელახლა აირიზება ხდება.
კი, ჯერ ჯერობით ძვირია, მაგრამ უკვე იმდენია ეს თხევადი გაზი, რომ დიდად იმაზე ძვირიც არ იქნება, ვიდრე რუსული გაზია.
რუსული სპეცსამსახურები ყველანაირად უშლიან ხელს ევროპაში ფიქალის გაზის მოპოვებას. ამისთვის იყენებენ ევროპელ `მწვანეებს` ანუ `სასარგებლო იდიოტებს`, რომლებმაც ზოგჯერ არც იციან, ვინ და რატომ აფინანსებთ სინამდვილეში.
მაგრამ ამერიკა იმდენად დიდია, იმდენი დაუსახლებელი რეგიონი აქვს (ევროპისგან განსხვავებით), რომ იქ მწვანეთა და სხვა `სასარგებლო იდიოტთა` ასე ინსტრუმენტალიზება რუსულ სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ.
თუ ევროპა შეამცირებს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას, უკრაინის საკითხში მისი პოზიციაც უფრო მკაფიო და შეურიგებელი გახდება რუსეთის მიმართ. პუტინმა ეს იცის. ამიტომაც ჩქარობს. უახლოეს დღეებში იწყებს დიდ სამხედრო სწავლებებს უკრაინის საზღვრებთან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი რომ უკვე ბებრული ფსიქიკური აშლილობის სტადიაში შედის, უდავოდ მეტყველებს რუსული ოფიციოზის ცოფიანი, ისტერიული რეაქცია უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის განცხადებაზე: უკრაინას `რუსეთი-1` (Россия – один) დავარქვათ, რათა ყველასათვის ცხადი იყოს, რომ სწორედ ჩვენ ვართ ნამდვილი რუსეთი (Русь), კიევის რუსეთმა მიიღო პირველმა ქრისტიანობა 988 წელსო.
რუსული `საინფორმაციო ჯარები` დილიდან საღამომდე ამას აშუქებენ ტელევიზიებით.
`საინფორმაციო ჯარები` რუსეთში შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობაა. ისევე, როგორც ავიაცია, ფლოტი და ა.შ.
ასე გადაწყვიტა პუტინმა და ხელიც მოაწერა შესაბამის საიდუმლო ბრძანებულებას 2007 წელს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და კიდევ ერთი ნიშანი რუსეთის მზადებისა უკრაინასთან ომისათვის: `დონეცკის` სეპარატისტულმა რესპუბლიკა და `ლუგანსკის` სეპარატისტულმა რესპუბლიკამ განაცხადეს, რომ იწყებენ შერწყმას.
ეს საშიში პროცესია იმიტომ, რომ ერთობლივი სახელი იქნება `Новороссия`. ოღონდ ისტორიულად ამ `ნოვოროსსიაში`, ჯერ კიდევ იმპერატორ ეკატერინე დიდის ეპოქიდან შედიოდნენ უკრაინის სხვა რეგიონებიც, რომლებსაც ახლა კიევი აკონტროლებს, ხოლო რუსი პროპაგანდისტები მოუწოდებენ პუტინს, `აღადგინოს ნოვოროსიის მთლიანობა` ანუ დაიპყროს უკრაინის მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩრდილო კორეაში, რომელიც ერთი დიდი საკონცენტრაციო ბანაკია, გამალებულად გრძელდება ბირთვული შეიარაღება. სულ მალე ამ დიქტატორულ, მარაზმატულ, არაადამიანურ სახელმწიფოს 200 ბირთვული ქობინი და მათი `მიტანისათვის` საჭირო რაკეტებიც ექნება. მათ შორის ისეთი რაკეტები, რომლებიც ამერიკის დასავლეთ სანაპირომდე, კალიფორნიამდე მიაღწევენ.
ბუნებრივია, ამერიკის ნებისმიერ ადმინისტრაციას ეს ამბავი ძალიან აშფოთებს. ტრამპი პირადადაც შეხვდა მთელი მსოფლიოს თვალწინ ამ საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორ კიმ ჩენ ინს და ხელიც ჩამოართვა, თუმცა საბოლოოდ ამით მხოლოდ იმ დიქტატორმა მოიგო და ბირთვული შეიარაღება გააგრძელდა.
აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს გამოიყენოს ამერიკელთა ეს შიში და ევაჭროს ამერიკელებს: თუ პოსტსაბჭოურ სივრცეზე, უკრაინასა და საქართველოზე ჩვენს ინტერესებში `გაგვიცვლით`, ჩვენ გვაქვს ბერკეტები ჩრდილო კორეის ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვისო.
კი, ნამდვილად აქვთ ასეთი ბერკეტები. იმდენად არა ეკონომიკური (ამ მხრივ ჩრდ.კორეა უფრო ჩინეთზეა დამოკიდებული), რამდენადაც სამხედრო, რადგან ჩრდ.კორეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სწორედ რუსულ ბირთვულ ტექნოლოგიებს იყენებს, ხოლო ხსენებული რაკეტები სხვა არაფერია თუ არა მოდერნიზებული საბჭოთა რაკეტა СКАД - იმ ძრავით, რომელსაც დღემდე მხოლოდ რუსეთი აწარმოებს.
იგივე პოლიტიკურ ტექნოლოგიას იყენებს რუსეთი ირანის ბირთვული დოსიეს საკითხში: ირანის ბირთვული პროგრამა აშინებს ამერიკას და ისრაელს. არადა ირანელი აიათოლლების ბირთვული პროგრამა 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული ტექნოლოგიურადაც და ლოჯისტიკურადაც.
ეს საკმაოდ საშიში ვითარებაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კატასტროფულად ვითარდება მოვლენები ავღანეთში. ფანატიკოსმა თალიბებმა დაასახელეს `ახალი მთავრობა`, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი ერგო ტერორისტს, ვინც ტერორისტული ორგანიზაცია `ალ ყაიდას` რამდენიმე საქმეზე იძებნება ინტერპოლის მიერ. ასევე, მთავრობის წევრები გახდა `გუანტანამოს` ციხის რამდენიმე ბინადარი.
`გუანტანამო` კუბაზე ამერიკული სამხედრო ბაზაა, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მთელს მსოფლიოში ტერორიზმისათვის დაპატიმრებული ისლამისტი ტერორისტი მკვლელი ფანატიკოსები ჰყავდათ დაპატიმრებული ამერიკელებს, რაკი თვით ამერიკის ტერიტორიაზე მათ მიმართ `სპეც-მეთოდებს` ვერ გამოიყენებდნენ.
სწორედ ამ `სპეც-მეთოდების` წყალობით შეძლო CIA-მ `ნომერ პირველი ტერორისტის`, ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის კვალზე გასვლა და მისი ლიკვიდაცია 2011 წელს.
გუანტანამოდან ტერორისტები გამოუშვეს ტრამპის შეთანხმებით თალიბებთან გასულ წელს, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მათ მოელაპარაკა, რომ ამერიკული ჯარი ავღანეთს დატოვებდა.
ახლა ეს ტერორისტები ავღანეთის მთავრობაში არიან.
თალიბებმა ქაბულში ქალების მიტინგები უკვე დაშალეს ჰაერში სროლით. კრიკეტის თამაშიც აუკრძალეს ქალებს, რადგან მკლავები უჩანთ თამაშის დროს, რასაც ისლამი კრძალავს.
თეთრმა სახლმა განაცხადა ოფიციალურად, რომ ავღანეთის ასეთ მთავრობას, სადაც არიან ტერორისტები და არ არის არც ერთი ქალი, იგი არ სცნობს.
რუსეთის ელჩმა კი პირიქით. არადა `თალიბანი` რუსეთის ტერიტორიაზეც აკრძალულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
დათო