საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივლისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივლისი. 2022 წელი

დღეს, 5 ივლისს, შვედეთი და ფინეთი ბრიუსელში  ხელს მოაწერენ `ვაშინგტონის შეთანხმებას` და ოფიციალურად გახდებიან NATO-ს წევრები.

ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის მეორე ოფიციალური სახელწოდებაა `Washington treaty` ანუ `ვაშინგტონის ხელშეკრულება`, რომელიც შედგა და დაიდო ვაშინგტონში 1949 წელს.

აქ გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ......როცა დასჭირდათ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, არანაირი MAP, როგორც გარდამავალ/მოსამზადებელი ეტაპი არ გახსენებიათ: 4 ივლისს გაიმართა ერთდღიანი (!!!) ფორმალური მოლაპარაკება შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებთან (ფორმალობები რომ არ დაერღვიათ, 1 დღიანი მაინც გამართეს) და უკვე 5 ივლისს ხელი მოეწერება.

ამის შემდეგ 30-ვე ქვეყნის პარლამენტებმა უნდა განახორციელონ რატიფიკაცია და შესაძლოა მხოლოდ თურქეთმა `გააჯანჯლოს` - ქურთების პრობლემის გამო, თუმცა ჯერ ერთი, ეს პრობლემა დაძლევადია და რაც მთავარია, ხელმოწერაა მთავარი - ამის შემდეგ სამხედრო ვალდებულებები უკვე დე-ფაქტო ძალაში შედის.

ხოლო რატიფიკაცია - `დაეწევა`.

 . . . . . . . . . .

უკრაინამ რამდენიმე საჰაერო/სარაკეტო დარტყმა განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე. ბელგოროდზე და კურსკზე.

უპილოტო აპარატებით და რაკეტებით Точка-У, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დარჩათ.

მათ შორის, სამწუხაროდ, დაიღუპნენ მშვიდობიანი რუსები.

რუსები საპასუხოდ იმუქრებიან კიევის განადგურებით და ლამის ღიად ამბობენ: `ჩვენ კი გვაქვს უფლება დავხოცოთ მშვიდობიანი უკრაინელები, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება, დახოცოთ მშვიდობიანი რუსები`.

რუსული ნარატივით, მშვიდობიანი უკრაინელები კი იხოცებიან რუსული სარაკეტო დარტყმების დროს, მაგრამ `ჩვენ სამხედრო ობიექტებს ვუმიზნებდით, ზოგჯერ სცდება და მშვიდობიანი უკრაინელები ამიტომ იხოცებიან, ჩვენ მათი მოკვლა სულაც არ გვინდაო.`

ოღონდ არ იღებენ, როცა უკრაინელები ეუბნებიან იგივეს: `ჩვენც არ გვინდოდა, - ჩვენც სამხედრო ობიექტებს ვუმიზნებდით, სამწუხაროდ აცდა და მშვიდობიანი რუსები დაიღუპნენო`.

. . . . . . . . . .

გრძელდება საზარელი მასობრივი მკვლელობების ეპიდემია ამერიკაში. 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ტერორისტმა სახლის სახურავიდან სროლა აუტეხა აბსოლუტურად მშვიდობიან მსვლელობას, პატრიოტ ამერიკელებს, რომლებიც ჩიკაგოს გარეუბანში გამოვიდნენ თავისი ქვეყნის დაბადების დღის აღსანიშნავად. 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ უფრო მეტი დაიჭრა.

ტერორისტი მიიმალა, მეორე დღეს პოლიციამ მისი ავტომანქანა შენიშნა, ალყა შემოარტყა, მკვლელი მშვიდად გამოვიდა, ხელები ასწია და ჩაბარდა.

მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი უფლებების დარღვევას ვერავინ გაბედავს, ძალიან კარგად იცის, რომ არავინ მოკლავს ციხეში და ციხის საკანშიც ცხელ ამინდში ნაყინს არ მოაკლებენ.

მკვლელმა ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ილინოისის შტატში (ჩიკაგო ამ შტატის ნაწილია) სიკვდილით დასჯა 2011 წელს გაუქმდა.

ასე ჩაუშხამა ტერორისტმა დღესასწაული ილინოისელებს, ჩიკაგოელებს და მთელს ამერიკას.

და რაც ყველაზე საზარელია, გამოსავალი ამ უბედურებიდან არ ჩანს: ადვოკატები ყველანაირად შეეცდებიან ახლა მკვლელი ავადმყოფად გამოაცხადონ და რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენით, როდესაც ლაპარაკია მოტივირებულ მკვლელობაზე, ანუ მაგალითად მძარცველი მოკლავს ადამიანს ძარცვის დროს, ჩხუბის დროს მოკლავს ადამიანი - ადამიანს და ასე შემდეგ, მის მიმართ სამართლიანად დგება ხოლმე სასიკვდილო განაჩენი ამერიკის იმ შტატებში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ არ გაუქმებულა.

მაგრამ....როდესაც ლაპარაკია ამგვარ არამოტივირებულ მკვლელობაზე, უკვე თვით ეს არამოტივირებულობა, ამერიკაში არსებული პრაქტიკით და დომინანტური ლიბერალური ნარატივით, ზრდის იმის ალბათობას, რომ მკვლელი ავადმყოფად შერაცხონ, რაკი `აბა ასე, არაფრის გამო ადამიანებს, ვინც დღესასწაულზე გამოვიდა, ჯანმრთელი ადამიანი რატომ მოკლავდა?` `აბა სკოლაში ბავშვებს რატომ დახვრეტდა?` (ტეხასის შემთხვევა) `აბა ლას-ვეგასში სასტუმროს აივნიდან კონცერტზე შეკრებილ 60-ზე მეტ ადამიანს ფოირვერკების და კონცერტის ხმაურში რატომ მოკლავდა შორსმსროლელი შაშხანიდან` და ასე შემდეგ.

 

`იარაღის აკრძალვა` გამოსავალი არ არის. ეს უარეს შედეგს მოიტანს იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკაში 500 მილიონი ლეგალური და არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღი ბრუნავს, ანუ კრიმინალები მკვლელობის იარაღს ყველა შემთხვევაში მაინც იშოვიან თუნდაც არალეგალურად, ხოლო კანონმორჩილი მოქალაქე  განიარაღდება მკვლელის, ბანდიტის, მძარცველის და სექსუალური მოძალადის მიმართ.

 

ყველაზე ცუდი კი, რაც ამგვარ სისხლიან ექსცესებს მოსდევს ისაა, რომ თუ თვალს მივადევნებთ მეინსტრიმულ ამერიკულ მედიას, რომლებიც ქმნიან იმ გრანდიოზულ ქვეყანაში საზოგადოებრივა ზრს, ამგვარი მასობრივი მკვლელობები `ზედ ედება` იმ პრობლემებს, რაც ისედაც წარმოშვა უკრაინის ომმა.

მაგალითად ის, რომ ამერიკაში 1 გალონი ბენზინი უკვე 5 დოლარი ღირს (ანუ 1 ლიტრი ღირს 3 ლარი და 11 თეთრი ჩვენს ფულზე-3,11 ლარი) და ეს უპრეცედენტოდ ძვირია ამერიკელებისთვის, ამის გამო ყველაფერი გაძვირდა, რაკი ამერიკის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ `ამერიკა დგას ბორბლებზე` ანუ მათ შორის ლოჯისტიკაც ძირითადად `ბორბლებზეა` აწყობილი და არა მატარებლებზე და ა.შ და ა.შ.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ბაიდენმა, რომ ეს გაძვირება და პრობლემები უკრანიის ომის შედეგი არ არის, ნამდვილად პუტინის აგრესიის შედეგია თუმცა  ამ საერთო სტრესებთან ერთად, ამ მხეცურ მასობრივ მკვლელობებთან ერთად სინქრონში, სოციუმები ამერიკაშიც და ევროპაშიც თანდათან იღლებიან, მით უფრო იჯერებენ პუტინის გველურ პროპაგანდას, რომ `ყველაფერი უკრაინის ბრალია` და რომ უნდა `აიძულონ ზელენსკი კომპრომისზე წავიდეს`.

ზუსტად ამის შედეგია ის `ღია წერილი`, რაც ამ დილით გამოქვეყნდა ევროპის წამყვან გამოცემებში და რომლის ავტორები (ფილოსოფოსები, მწერლები, ჟურნალისტები) ფაქტობრივად მოუწოდებენ ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს, `დაამთავრონ ომი რუსეთთან` უკრაინის ხარჯზე. ანუ იმ მოდუს ვივენდით, რომ პუტინს შერჩეს დონბასი მთლიანად, ყირიმი და ყირიმისკენ მისასვლელი გზა მთლიანად, უკრაინის არმიამ უკან დაიხიოს და გაფორმდეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენიმე წლით.

. . . . . . . . . . . . .

პუტინმა `გმირის` წოდება მიანიჭა რუსული არმიის დაჯგუფება `ცენტრის` სარდალს მას შემდეგ, რაც რუსის ჯარმა აიღო ლისიჩანსკი, ალყაში გაანადგურა ასეულობით უკრაინელი პატრიოტი მეომარი და გავიდა ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის` (ყოფილი ლუგანსკის რაიონი) საზღვრებამდე. დიდი ზარ-ზეიმი აქვთ ატეხილი, რომ `ლუგანსკი მთლიანად გავათავისუფლეთ უკრაინელებისგან` და ასე შემდეგ.

ახლა პუტინმა განაცხადა, რომ იერიშის შემდეგი მიმართულება იქნება დონეცკის რაიონის სრული გათავისუფლება.

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, პუტინი დაურეკავს ევროპის ლიდერებს, პირველ რიგში მაკრონსა და ოლაფ შოლცს, შესთავაზებს მათ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება `დაუდონ მაგიდაზე` ზელენსკის. ოღონდ სანქციების მოხსნის პირობით და მაშინვე დაემუქრება, რომ თუ ევროპა ამაზე არ წავა, თუ ზელენსკიზე ზეწოლას არ განახორციელებს, მაშინ შეტევა და დაბომბვები გაგრძელდება უკვე ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით.

პუტინის `მზაკვრული` გათვლა ისაა, რომ მისცეს ევროპელებს `სათქმელი`: ჩვენ კი ვამბობდით პუტინმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოსო და სანამ ის არ დამარცხდება არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება არ უნდა დაიდოსო, საქნციები არ უნდა მოიხსნასო, მაგრამ....ხომ ხედავთ არ გაუმარჯვია, პირიქით, დამარცხდა რაკი კიევი ვერ აიღო დნეპრი ვერ აიღო და ხარკოვი ვერ აიღო და მდინარე დნეპრზე ვერ გახლიჩა უკრაინაო.

სინამდვილეში, პუტინს ამ ეტაპზე შესაძლოა უკვე ისიც აკმაყოფილებდეს (დროებით, რამდენიმე წლით) რასაც მიაღწია ანუ ყირიმისკენ გზის გაჭრა და დონბასის დაპყრობა.

დონბასი, სინამდვილეში, ევროპის `ეკონომიკური მარგალიტია` მისი შავმიწა ნიადაგით და ინდუსტრიული კომპლექსით.

რამდენიმე წლის შემდეგ კი, ამ მარგალიტის და ზღვაზე გასასვლელის გარეშე დარჩენილ უკრაინას, რომელიც ამის გამო კიდევ უფრო დასუსტებული იქნება, პუტინი კვლავ შეუტევს, როცა უკრაინელთა შორის გაძლიერდება `გულდაწყვეტა` დასავლეთის მხრიდან გულგრილობის და `მიტოვების` გამო.

გარდა ამისა, უკრაინა ძალიან კორუმპირებული ქვეყანაა, ეს კორუფცია არსად გაქრება ამ ელიტების ხელში, ხოლო კორუფცია ის შხამია, რომელიც მეომარ უკრაინელთა თვალში სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას გამოიწვევს ბევრად იმაზე მეტად, ვიდრე რუსული აგრესია.

კორუფცია სახელმწიფოს (ესე იგი დამოუკიდებლობის) ნომერ პირველი მტერია, რაკი სახელმწიფო მის მიმართ მოქალაქის ნდობასა და პატივისცემაზე დგას.

. . . . . . . . .

გუშინ რუსეთის ნაპრეზიდენტალმა პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი `კოკაინდამოკიდებულია` და სულ კოკაინს ყნოსავსო.

ეს რუსული ნარატივი, როგორც ჩანს უცვლელია და სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა პრეზიდენტის მიმართ ერთიანი მესიჯ-ბოქსით გამოიყენება.