საერთაშორისო მიმოხილვა. 31 იანვარი. 2024 წელი
სულ უფრო იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც იორდანია - სირიის საზღვარზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას დრონით დაარტყა პროირანულმა დაჯგუფებამ სირიის ტერიტორიიდან. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 40 (!) დაიჭრა. მათ შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა, ჟურნალისტების კითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა მან როგორ უპასუხოს ირანის (!) აგრესიას, მიუგო: „დიახ“.
ანუ...... რას ნიშნავს ეს `Yes`? - მოკლე, მშრალი და კონკრეტული?!
იმას, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს საპასუხო დარტყმა, მაგრამ არ გადაუწყვეტია როდის?
თავდასხმა ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრშია. უამრავი სპეკულაციაა თემაზე „როგორ ვუპასუხოთ“.
ამ ფონზე პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის Yes შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ადმინისტრაციამ, განსჯის შედეგად, ფარულად გადაწყვიტა მთავარი საკითხი: საპასუხოდ დაარტყას თვით ირანს თუ დაარტყას პროირანულ დაჯგუფებებს ერაყსა და სირიაში ან თუნდაც ლიბანში?
დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ლიბანში, „ჰესბოლლაზე“ დარტყმა თითქმის გამორიცხულია, რადგან ამან შესაძლოა დააპროვოციროს მეორე ფრონტის გახსნა ისრაელის წინააღმდეგ იმ ვითარებაში, როცა „ჰესბოლლა“ აქტიურად ჯერ არ უტევს;
რაც შეეხება ერაყს, ერაყში მოქმედმა პროირანულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ყველა ოპერაციას ე.წ. „საოკუპაციო ამერიკული ჯარების“ წინააღმდეგ, რათა ერაყი არ აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ.
თანაც ფაქტია, რომ სირიიდან განხორციელდა დარტყმა და არა ერაყიდან.
ანუ სამიზნედ რჩება სირიაში მოქმედი რამდენიმე პროირანული დაჯგუფება, რომელთაგან ზოგიერთი ირანული არმიის ოფიციალური ქვედანაყოფია (მაგალითად „ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი“) და თვით ირანი.
ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ ბაიდენის Yes ალბათ გულისხმობს დარტყმას ირანის Proxy არმიაზე სირიაში, რადგან ირანზე დარტყმა დიდმა პრეზიდენტმა რეიგანმაც კი ვერ გაბედა მას შემდეგ, რაც ხსენებულმა „კორპუსმა“ ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ (1979-1980) შტურმით აიღო აშშ საელჩო თეირანში და ამერიკელი დიპლომატები ტყვედ აიყვანა იმ რევოლუციის სულიერი ლიდერის, მრისხანე აიათოლა ხომეინის ბრძანებით.
ამ ისტორიაში ანალიტიკოსთა ყურადღებას იქცევს ასევე ის გარემოება, რომ ძალიან მაღალტექნოლოგიურად მოქმედებდნენ თავდამსხმელები ამერიკულ ბაზაზე დარტყმისას: ირანული წარმოების დრონი, რომელიც ამერიკული ბაზისკენ მიფრინავდა, „დაიმალა“ ამერიკული სადაზვერვო დრონის მიღმა, რომელიც ბრუნდებოდა ბაზაზე. ესე იგი რადიოსალოკაციო საშუალებებმა ვერ შეძლეს ირანული დრონის გარჩევა ამერიკული დრონისგან და ამიტომაც მოახერხა მან „კუდში მიჰყოლოდა“ ამერიკულ დრონს; შემდეგ კი დაცემულიყო ბაზაზე.
ეს იმას ნიშნავს...... ანუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიამერიკული სპეცოპერაცია პროფესიონალური არმიის დონეზე იყო დაგეგმილი. დიდი ალბათობით იმავე „კორპუსისა“, რომლის სარდლობამ დონალდ ტრამპის დროს დაიფიცა, რომ „სისხლიანად იძიებს შურს“ თავისი ლეგენდარული მთავარსარდლის, გენერალ კასიმ სულეიმანის ამერიკული დრონით ლიკვიდაციის გამო.
ამ ესკალაციის მიზეზთა-მიზეზი კი (რაზეც ამერიკელები პოლიტკორექტულობის გამო ვერ საუბრობენ) უდავოდ ის არის, რომ ისრაელმა მეტისმეტად გააჭიანურა ოპერაცია ღაზაში.
ვერც მძევლები გაათავისუფლა და ვერც ღაზის სექტორზე დაამყარა სრულად კონტროლი.
შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთი დაემსგავსა დიდ ბომბს, რომელსაც ტაიმერი აქვს ჩართული და როდის იფეთქებს სრულად, არავინ იცის.
ამ ფონზე პრეზიდენტ ბაიდენის გაუშიფრავი Yes, ისევე როგორც ამ გამოცდილი, ბრძენი პოლიტიკოსის აშკარა ყოყმანი (ახლო აღმოსავლეთი მისი დიდი ხნის სპეციალიზაციაა) გასაკვირი ნამდვილად არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირში გაჩნდა ახალი ურთულესი თემა, რაც სერიოზულ უთანხმოებას იწვევს და წვრილმანად არავის მოეჩვენოს:
საფრანგეთის პარლამენტის (ეროვნული ასამბლეის) ქვედა პალატამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (493 მომხრე, 30 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში (!) ცვლილებას და აბორტების უფლების კონსტიტუირებას.
ინიციატორი გახდა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ხოლო ინსპირატორები - ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები მას შემდეგ, რაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო და ქალთა ეს უფლება ეჭვ ქვეშ დააყენა.
თავისთავად ისტორიული ფაქტია, რომ საფრანგეთში, ერთ-ერთ ძირძველ ევროპულ ქვეყანაში, აბორტის უფლება სულ მალე (კიდევ პროცედურებია გასავლელი) კონსტიტუციური დებულება გახდება.
ამგვარი რამ სულ მცირე ხნის წინ წარმოუდგენელი იყო.
საფრანგეთში შესაბამისი კანონი, რომელიც ქალებს აბორტის უფლებას ანიჭებს, 1975 წლიდან მოქმედებს.
მაგრამ როდესაც ევროკავშირის პოლიტიკურად და ღირებულებითად ლიდერი ქვეყანა (საფრანგეთი) ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, უმალვე ჩნდება კითხვა, როგორ მოიქცევიან სხვა ევროპული სახელმწიფოები? პოლონეთში, მაგალითად, იქაური ზემძლავრი კათოლიკური ეკლესიის გავლენით, ბოლო დრომდე პირუკუ პროცესი მიმდინარეობა და „კონსტიტუირებაზე“ ხომ ლაპარაკი ზედმეტია; ასევე კათოლიკურ იტალიაში.
ევროპარლამენტზე ლაპარაკიც კი არარელევანტურია ამ კონტექსტში, რადგან ევროკავშირის პარლამენტი (სტრასბურგსა და ბრიუსელში მოქმედი) მხოლოდ „მოდელურ კანონებს“ იღებს და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში ეს თემა სულ მალე ცენტრალურად იქცევა: დააკანონონ თუ არა კონსტიტუციურად (!) აბორტის უფლება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპის გარშემო მორიგი სკანდალი მწიფდება, რომელიც კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის წყარო შეიძლება აღმოჩნდეს: ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ტრამპის PAC -მა 50 მილიონი დოლარი დახარჯა დონალდ ტრამპის ადვოკატებზე, - მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში.
არადა ეს თანხა ეკუთვნის არა ტრამპს პიროვნულად, არამედ მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო დონაციებით შეგროვდა.
წამოიჭრება კითხვა: აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტობის კანდიდატს, მისთვის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შენაწირი ფული გამოიყენოს „პირადი მიზნებისთვის“?
ან/და არის თუ არა „პირადი მიზნებისთვის“ გამოყენება ადვოკატთა ანაზღაურება სასამართლო პროცესებზე მხარდაჭერისთვის?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამერიკულ კანონმდებლობაში, როგორც ჩანს არ არსებობს, რადგან ზოგადად ტრამპის ქეისია აბსოლუტურად უნიკალური ამერიკის ისტორიაში.
ბუნებრივია, დონალდ ტრამპის PAC იტყვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეები და მისი „დევნა“ საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რამდენად დაეთანხმებიან ამას აშშ იუსტიციის სამინისტროში და პროკურორთა ოფისში, რომელთა ერთ-ერთი უმკაცრესი ვალდებულებაა საარჩევნო კამპანიისას ფულის ხარჯვის კანონიერების კონტროლი?
თუმცა..... ტრამპმა უკვე იმდენად გადალახა ყველა „წითელი ხაზი“ და ისეთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია შესული, ერთი სისხლის სამართლის საქმით მეტი იქნება თუ ნაკლები, დიდი და არსებითი მნიშვნელობა მისთვის უკვე აღარ აქვს.
კაცმა რომ თქვას, ელემენტარული ადამიანური ლოგიკით, ის უბრალო WASP ამერიკელი, ვინც 100 დოლარს ურიცხავს თავის Icon-ს (ტრამპს) საარჩევნოდ, უეჭველად იმასაც გულისხმობს ალბათ, რომ ამ ფულით ტრამპმა თავი უნდა დაიცვას „ბოროტი ბაიდენის და დემოკრატების დევნისგან“.
სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეთიკურად, რომ მილიარდერი (!) ტრამპი საკუთარ ფულს კი არ ხარჯავს სასამართლო პროცესებზე და პროკურატურასთან ომზე, არამედ შემოწირულ თანხებს.
თუმცა, „ფულის თვლა“ მას არასდროს ეშლებოდა - სხვაგვარად მილიარდერიც ხომ ვერ იქნებოდა?!
. . . . . . . . . . . . . . . . .
BBC აქვეყნებს საფუძვლიან ჟურნალისტური გამოძიებას უკრაინული არმიის მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის არშემდგარი „გადაყენების“ შესახებ.
ამ სერიოზული რესურსის ცნობით, უმაღლესმა მხედართმთავარმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაიბარა მთავარსარდალი ზალუჟნი....(შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმაროვი) და განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დაატოვებინოს პოსტი.
ინფორმაცია უმალვე გავრცელდა უკრაინულ „ფაბლიკებში“. მათ შორის იმ ტელეგრამ-არხებზე, რომლებიც თითქოს ანონიმურნი არიან, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ თავის დროზე დაფუძნდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საჭირო მომენტებში ინფორმაციის ხელოვნურად „გაჟონვისთვის“
ზალუჟნი უკრაინაში ლამის ეროვნულ გმირად ითვლება და ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.
მთავარსარდალ ზალუჟნის შემცვლელებად იგივე „ფაბლიკები“ ასახელებენ სახმელეთო ძალების სარდალ გენერალ სირსკის და სამხედრო დაზვერვის უფროსს, კირილ ბუდანოვს.
ამ აურზაურის ფონზე „ბანკოვის ქუჩა“ (ანუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია) დიდხანს დუმდა და მხოლოდ 6 საათის შემდეგ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს ანუ ზალუჟნი არავის გადაუყენებია.
სინამდვილეში, როგორც BBC ამტკიცებს, სახელისუფლებო „ფაბლიკებში“ ინფორმაციის გაჟონვამ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩაერიენ ამერიკელები და ზელენსკის მკაცრად „გადააფიქრებინეს“.
აქ ზალუჟნიში არ არის პიროვნულად საქმე. საქმე ისაა, რომ ამერიკელებს აქვთ ისეთივე პოზიცია ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც ზალუჟნის: სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლა მინიმუმ 2024 წლის განმავლობაში! ანუ ამჟამად არსებული ფრონტის ხაზის შენარჩუნება.
სირსკი, ბუდანოვი და ზელენსკი კი ბევრად რადიკალურნი არიან და ყირიმზე სტრატეგიულ შეტევას ამზადებენ, რაც ამერიკელებს არ მოსწონთ, რაკი ეშინიათ, რომ ვირთხასავით კუთხეში მომწყვდეული პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რაც NATO-ს აიძულებს პირდაპირ ჩაერიოს ომში.
სხვათა შორის თავდაცვის მინისტრი უმეროვი ეთნიკური წარმომავლობით ყირიმელი თათარია და ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ლობირებს იგი „დიდ შეტევას“ ყირიმზე უკვე რამდენიმე თვის შემდეგ.