საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ნოემბერი. 2023 წელი

ბულგარეთმა და ჩრდილო მაკედონიამ მაინც `გაუხსნეს ცა` ანუ საჰაერო სივრცე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს, რომელიც სკოპიეში (ჩრდ. მაკედონია) მიემგზავრება OSCE (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტზე დასასწრებად.

დიდი დისკუსია იყო იმის თაობაზე, უნდა  შეეშვათ თუ არა ლავროვი  სამიტზე, როდესაც რუსეთი არღვევს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას და თვით ამ ორგანიზაციის პრინციპებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა.

როგორც ჩანს, სკოპიემ და სოფიამ `ცა გაუხსნეს` ლავროვს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა, ბერლინმა და პარიზმა `ურჩიეს` ასე მოქცეულიყვნენ.

ეს დასავლური დაშოშმინების პოლიტიკა.......სამწუხაროდ რთულად `სწავლობენ ჭკუას` ევროატლანტიკური ელიტები.

სამაგიეროდ, რუსეთის მეზობელი ქვეყნები იცნობენ კრემლს კარგად. ამიტომ, ლავროვის სამიტზე `შეშვების` გამო, პროტესტის ნიშნად, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და, რა თქმა უნდა, უკრაინამ უარი განაცხადეს სამიტში მონაწილეობაზე.

ლავროვი სკოპიეში `ხელცარიელი` კი არ მიფრინავს, არამედ პროვოკაციული პოლიტიკური დივერსიით: მოსკოვი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს (OSCE ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით იღებს)  ესტონეთის `თავმჯდომარეობას` OSCE-ში მას შემდეგ, რაც ჩრდილო მაკედონიის უფლებამოსილება ამოიწურება.

OSCE ყოველ წელს ირჩევს ახალ თავმჯდომარე-ქვეყანას როტაციის წესით, ოღონდ ამასაც კონსენსუსი სჭირდება.

ლავროვმა წინასწარ განაცხადა, რომ რუსეთი ალბათ (!) არ დაუჭერს მხარს ესტონეთს, რადგან, თურმე ნუ იტყვით, `ესტონეთი რუსეთისადმი მტრული სახელმწიფოა` ამიტომ კრემლი მოითხოვს  OSCE-ს თავმჯდომარე იყოს `ნეიტრალურად განწყობილი` ქვეყანა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი.

არსებობს ასეთი სახელმწიფო? რა თქმა უნდა! მაგალითად აზიაში მდებარე ყაზახეთი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სსრკ დაშლის შემდეგ `ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის` წევრია და უკვე იყო კიდეც OSCE თავმჯდომარე.......... ან შვეიცარია - ებროპაშია, თუმცა NATO-ს წევრი არ არის და არც იქნება არასდროს.

თუმცა ლავროვმა შემთხვევით არ გააჟღერა სიტყვა `ალბათ` - იგი სავაჭროდ მიფრინავს სკოპიეში, რომ დასავლეთს ამ და სხვა საკითხებზე კომპრომისის სანაცვლოდ უკრაინის ქეისში რაიმე გამოსტყუოს.

OSCE-დან რუსეთის გარიცხვასაც მოითხოვდა უკრაინა, ასევე ბალტიის სახელმწიფოები, თუმცა ამგვარ მექანიზმს ორგანიზაცი წესდება არ ითვალისწინებს. რუსეთს თუ გარიცხავენ (ისევე, როგორც ევროპის საბჭოდან გააგდეს სარშან), OSCE უკვე სულ სხვა ორგანიზაცია იქნება.

ზოგადად, ბევრ ობიექტურ დამკვირვებელს დღევანდელ პირობებში `ცივი ომის ანაქრონიზმად` მიაჩნიათ OSCE არსებობა, რაკი რუსეთი ამ ორგანიზაციას მუდმივად აშანტაჟებს და იყენებს აგრესიათა ლეგალიზებისთვის.

როგორც 2008 წელს გამოიყენა.

სამწუხაროდ მაშინ ნაწილობრივ წარმატებულიც იყო კრემლის მცდელობა, რადგან ეუთოს ზოგიერთმა დამკვირვებელმა, - რომლებიც მანამდე ცხინვალში იყვნენ განლაგებულნი, - რუსულ პროპაგანდას კვერი დაუკრეს.  

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ბრიუსელში გაიხსნა NATO-ს საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

დღეს გაიმართება NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაც.

გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელება, რადგან `თუ პუტინმა გაიმარჯვა, ყველა დიქტატორი მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთი გადაწყვეტს, რომ შეუძლია სხვა ქვეყნებში დაუსჯელად შეჭრა`.

მნიშვნელოვანი, დროული განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ დასავლური             `სკეპტიციზმის` ზრდას უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო და ასევე გავითვალსიწინებთ ალიანსის გეგმებს, განავრცოს, ამა თუ იმ ფორმით, გავლენა წყნარ ოკეანეზე() და არა მხოლოდ ატლანტიკაზე.

სხვა თემებიდან აღსანიშნავია თურქეთის ორჭოფობა და `თამაში` შვედეთის ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით.

ერდოღანმა კი მოაწერა ხელი ვილნიუსის სამიტზე შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა თურქეთის პარლამენტი ჯერ-ჯერობით რატიფიცირებაზე უარს აცხადებს; რა თქმა უნდა არავის ბრიუსელში არ სჯერა, რომ ეს ერდოღანის გარეშე ხდება და სწორედ ერდოღანი არ აჭიანურებს პროცესს, რათა ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზს და ბერლინს  `ევაჭროს` სხვადასხვა თემებზე. უპირველესად ამერიკული იარაღის იმპორტზე.

NATO-მ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ფინეთს, რომელმაც დღეიდან, 29 ნოემბრიდან უკანასკნელი სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა რუსეთთან საზღვარზე.

მოსკოვი ამის გამო `იღრინება`, თუმცა ფინეთი უკვე NATO-ს მძლავრი `ქოლგის` ქვეშაა და `კრემლის დათვის` ღრენისა აღარ ეშინია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრი (!) მედინსკი იხსენებს მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის 2022 წელს, აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

ეს მოლაპარაკებები თავდაპირველად მინსკში გაიმართა. შემდეგ სტამბულში გაგრძელდა.

მედინსკი დღეს აღიარებს, რომ მოსკოვი უკრაინისგან მაშინ მხოლოდ NATO-ში გაწევრებაზე უარს და ნეიტრალიტეტს კი არ მოითხოვდა აგრესიის შეწყვეტის სანაცვლოდ, არამედ  ყირიმის `რუსულად` აღიარებას, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის `დამოუკიდებლობის` ცნობას.

დავაკვირდეთ ამ ფორმულირებათა სხვაობას: `დონბასის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობა` და `ყირიმის რუსულობა`.

ანუ დონეცკთან და ლუგანსკთან დაკავშირებით კრემლი მზად იქნებოდა მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ `უკრაინასთან კონფედერაციაში შეეყვანა` ისინი, რათა ამ მეთოდით ექცია დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის `ნეიტრალობისა` და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შეუსვლელობის გარანტორებ.

ყირიმის საკითხი კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დახურულიყო.

 

ბებრი ანალიტიკოსი თვლის, რომ დაახლოებით იგივე გეგმა ჰქონდა და აქვს მოსკოვს საქართველოსთან დაკავშირებითაც: `უარი თქვით ევროპულ ინტეგრაციაზე, აღიარეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მე გაგიფორმებთ მათთან `კონფედერაციას`...... ოღონდ ლტოლვილთა დაბრუნება დაივიწყეთ ერთხელ და სამუდამოდ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

`კოსმოსური სკანდალი` ვითარდება დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთს შორის.

იგი  ადასტურებს, რომ ისტორია და ნაციონალური იდენტობა კვლავინდებურად რჩება საერთაშორისო ურთიერთობათა მნიშვნელოვან ფაქტორად:

ლონდონში ყოფნისას, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა  კრიაკოს მიციტაკისმა, პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრამდე BBC-ს განუცხადა, რომ ბერძნული პართენონის საგანძური, მათ შორის სკულპტურები, რომლებიც `ბრიტანეთის მუზეუმშია` გამოფენილი, საბერძნეთს უნდა დაუბრუნდეს.

ეს საკაცობრიო მნიშვნელობის განძი, - ხელოვნების უჭკნობი ნიმუშები - საბერძნეთიდან დიდ ბრიტანეთში ინგლისელებმა გაიტანეს XIX საუკუნეში, როდესაც ბრიტანეთი გლობალური იმპერია იყო და მასში (როგორც იმ დროს ამბობდნენ) `მზე არ ჩადიოდა`, რადგან როცა დასავლეთ ნახევარსფეროში, ბრიტანულ კოლონიებში, ღამდებოდა, აღმოსავლეთ სანაპიროში უკვე  დღე იყო.

ბერძნები ჩუმ-ჩუმად, დახურულ კარს მიღმა ადრეც მოითხოვდნენ ამ განძის დაბრუნებას, მაგრამ პრემიერ-მინისტრის დონეზე, თანაც საჯაროდ ამგვარმა პრეტენზიამ  ინგლისური ელიტების გამძვინვარება გამოიწვია.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დემონსტრაციულად, დიპლომატიური` რევერანსების გარეშე` გააუქმა შეხვედრა ბერძენ პრემიერთან თავის რეზიდენციაში დაუნინგ სტრიტზე.

ეს უპრეცედენტო ფაქტია ორ ევროპულ სახელმწიფოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

The British museum   არის მსოფლიო კულტურის მარგალიტი.

იქ ინახება არა მხოლოდ ბერძნული განძი, არამედ საგანძურები ინდოეთიდან (რომელსაც დიდი ბრიტანეთი აჯინტროლებდა საუკუნის მანძილზე), ასევე აფრიკიდან და ა.შ.

ბრიტანელებს მიაჩნიათ, რომ ეს საგანძური `კაცობრიობას ეკუთვნის და არა აქვს მნიშვნელობა, ლონდონში იქნება თუ ათენში, ხოლო ისტორიის გადაწერა არ ეგების`.

ბერძნები ასე არ ფიქრობენ: ისინი თვლიან, რომ საგანძური ბერძენი ერის კულტურული მემკვიდრეობაა. ამიტომ საბერძნეთში უნდა ინახებოდეს.

იმავე ინტერვიუში მიციტაკისმა თქვა: `ბერძნული განძის მოთავსება არა ათენის არამედ ლონდონის მუზეუმში იგივეა `მონა ლიზა რომ ვინმემ შუაზე გაჭრასო`.

ცოტა არ იყოს უცნაური ანალოგია კია.

`ბრიტანეთის მუზეუმმა` მაშინვე უპასუხა: `ამგვარი განცხადებები და მოთხოვნები სახიფათო პრეცედენტს ქმნისო`.

მხედველობაში ჰქონდათ, რომ სახიფათო პრეცედენტს შექმნიდა განძის დაბრუნება, რადგან ამ ლოგიკით, ლეონარდო და ვინჩის შედევრიც უნდა დაუბრუნდეს იტალიას, ფლორენციას, საიდანაც ნაპოლეონმა...... `გაიტანა` ლაშქრობისას და ახლა ლუვრში ინახება.

განა იტალიელებს ეს სამართლიანად მიაჩნიათ?

და ეს კიდევ ყველაფერი როდია: დიდ ბრიტანეთში შესაძლოა საპარლამენტო კრიზისი მოჰყვეს პრემიერ-მინისტრ მიციტაკისის ქარაგმას, რომ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი, ლეიბორისტი  კირ სტარმერი, საიდუმლო მოლაპარაკებებისას ვითომდაც პართენონის განძის დაბრუნებას ჰპირდებოდა საბერძნეთს.