საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მარტი. 2025 წელი
Bloomberg-მა გამოაქვეყნა ამერიკა-უკრაინის Mineral deal ანუ წიაღისეულზე შეთანხმების ახალი დოკუმენტის შინაარსი.
ეს დოკუმენტი უკრაინისთვის უბრალოდ „ცუდი“ კი არ არის ან „წამგებიანი“, არამედ ტოტალური კატასტროფაა.
იგი გულისხმობს, რომ უკრაინა ამერიკას უთმობს არა მხოლოდ მინერალურ რესურსებს..... ვთქვათ ფერად ლითონებს, ალუმინს, ლითიუმს, ურანს...... არამედ ყველაფერს რაც მიწის ქვეშაა. ყველა სახეობის წიაღისეულს.
ვგულისხმობთ „უთმობს კონტროლს“.
ანუ ვერც ერთი ინვესტორი ამ უკრაინულ ბაზრებზე და ეკონომიკის სექტორებში ვერ შემოვა, ვერც ერთი ინვესტორი ამერიკის თანხმობის გარეშე ერთ ცენტსაც ვერ ჩადებს, მოგება გაიყოფა იმ გათვლით, რომ ამერიკამ აინაზღაუროს სრულად ის ფინანსური დახმარება, რაც უკრაინას გაუწია 2022 წლიდან - რუსული აგრესიის დაწყებიდან.
და ეს ყველაფერი არ არის:
მიწისზედა ინფრასტრუქტურაზე ანუ კომუნიკაციებზე, გზებზე, პორტებზე კონტროლიც ამერიკის ხელში გადადის.
საპასუხოდ დოკუმენტში რაიმე გარანტია უსაფრთხოებისა არ ჩანს.
ტერიტორიების დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
და რაც ყველაზე მთავარია: ეს შეთანხმება, თუ ამ ფორმით გაფორმდა, აბსოლუტურად გამორიცხავს უკრაინის გაწევრებას (არც ხვალ არც 20 ან 30 წლის შემდეგ) ევროკავშირში!!
იმდენად ფუნდამენტურია წინააღმდეგობა ევროკავშირის წესებთან, მის ღერძულა ინსტიტუციებთან - „თავისუფალ ვაჭრობასთან“ „კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევასთან“ და ა.შ და ა.შ.
დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ ზელენსკი კვლავ უარს იტყვის ამ დოკუმენტის გაფორმებაზე. შესაძლოა ისე ხმაურიანად არა, როგორც წინა შემთხვევაში, შეიძლება დიპლომატიური ტექნოლოგიები გამოიყენოს, დრო გაწელოს (თუკი გაბედავს) მაგრამ „ამაზე“ ხელმოწერა მას ნამდვილად გაუჭირდება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ კიევი არ აღიარებს ვალს ამერიკის წინაშე.
და ეს განცხადება არის აბსოლუტურად გამართული იურიდიულადაც და პოლიტიკურადაც:
ამერიკამ 2022 წლის შემდეგ დაახლოებით 130 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, მაგრამ ამ თანხის უდიდესი ნაწილი იყო გრანტი და არა სესხი. იურიდიულად ასეა. თუმცა.....პოლიტიკურად, რასაკვირველია არ არის ასე. ტრამპი ვერ აიტანს იურიდიულ მხარეზე აქცენტს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ამერიკაში დარჩა. ესე იგი ამერიკის სამხედრო ინდუსტრიებში დაიხარჯა უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის დასამზადებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საოკუპაციო არმიამ დაარტყა ქალაქ დნეპრს.
„უპილოტოებით“ ამჯერად.
სამიზნე იყო საცხოვრებელი კომპლექსი და ქალაქში პოპულარული რესტორანი.
ანუ აშკარად რეზონანსზე გათვლილი დარტყმაა და არა რაიმე სამხედრო ობიექტების დაზიანების მცდელობა.
მსხვერპლი არ არის.
4 ადამიანი დაიჭრა.
თავისთავად ფაქტია მნიშვნელოვანი. დნეპრი ხომ უკრაინის მეორე ქალაქია ყოველმხრივ - კიევის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გრენლანდიაში ჩავიდა.
„მაინც ჩავიდა“ - მიუხედავად გრენლანდიის ოფიციალური ხელისუფლების პროტესტისა.
ამაზე მეტი დამცირება წარმოუდგენელია: „არ შემოგვიშვებთ და...... თქვენი აჯობებსო“.
თანაც დამცირებაა არა იმდენად გრენლანდიის რასაკვირველია, არამედ..... NATO-ს და EU წევრი დანიის სამეფოსი.
ვიცე-პრეზიდენტი მოქმედებდა მაქსიმით: „აბა ერთი შეგვაჩერეთ“.
როგორ შეაჩერებდა დანია?
ვენსი ჩაფრინდა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე პიტუფიკ.
ეს არ არის ყველაზე ძლიერი ამერიკული ბაზა და ამ მხრივ რასაკვირველია ვერ შეედრება გერმანიაში რამშტეინის ბაზას, მაგრამ....ამერიკული სამხედრო ობიექტი გრენლანდიაში იმას გულისხმობს, რომ ცას გრენლანდიის თავზე ამერიკული ავიაცია აკონტროლებს. განა დანიის საბრძოლო ავიაცია გაბედავდა საჰაერო გზა გადაეჭრა? დანიის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალთა F-16 ებით?
არ დაგვავიწყდეს: ამერიკულ „რადიო-ელექტრონული ბრძოლის“ სისტემებს სულ ადვილად შეუძლიათ დანიური სამხედრო თვითმფრინავები „დააბრმავონ“ და განაიარაღონ, რადგან იმათი რადიო-სალოკაციო სისტემების კოდები ამერიკამ თავის დროზე დაიტოვა რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითმფრინავები „მოკავშირე“ დანიას გადასცა.
ვენსის განცხადებები, საკუთრივ გრენლანდიის ტერიტორიაზე, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა: დანიას არ შეუძლია უზრუნველყოს გრენლანდიის უსაფრთხოება და უსაფრთხოება არქტიკაში იმდენად, რამდენადაც ეს ძალუძს ამერიკასო.
ამიტომ.....„ამერიკა მოხარული იქნება დაამყაროს საკუთარი კონტროლი გრენლანდიაზეო“.
გამაოგნებელი იყო VICE-ს პასუხი კითხვაზე: „ამერიკა ამ მიზნით ძალის გამოყენებას ხომ არ გეგმავსო“.
ვენსი დაუყოვნებლივ პასუხობს: „ვიმედოვნებ, ეს საჭირო არ გახდებაო“
გარდა „პოლიტიკური დიპლომატიის“ ანუ კლასიკური დიპლომატიისა, არსებობს კიდევ „სამხედრო დიპლომატიაც“ და ამ დიპლომატიის ენიდან თუ „გადმოვთარგმნით“..... „ვიმედოვნებ ეს არ დაგვჭირდებაო“ პირდაპირი ულტიმატუმია: ან.....ან!!!
ვენსმა იქვე ტექნოლოგიაც კი აღწერა, რომელიც შემაძრწუნებლად გვაგონებს....„რაღაცას“: (ციტატა): „გრენლანდია ხომ ავტონომიაა? მან ჯერ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს დანიისგან და მერე უკვე ჩვენ, ამერიკა გავმართავთ მოლაპარაკებას და მივიღებთ ჩვენს შემადგენლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს გრენლანდიას, რაკი ეს მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნის ანუ ამერიკის და გრენლანდიის საქმე იქნება - სხვას აღარ ეხებაო“.
ვენსმა აგრეთვე ახსნა, რატომ სჭირდება ამერიკას გრენლანდია: რეგიონში ჩინეთის და რუსეთის გავლენათა გასანეიტრალებლადო.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გრენლანდიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მის პრემიერ-მინისტრს, მით უმეტეს დანიის რწმუნებულებს კუნძულზე საერთოდ არ შეხვდა.
ვენსის ვიზიტამდე თვით დონალდ ტრამპმა თქვა: გრენლანდია ამერიკას სჭირდება ნაციონალური და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თანაც ტრამპმა არსებითი და მნიშვნელოვანი ფრაზა დაამატა: „ჩვენ სხვა არჩევანი სხვა გამოსავალი არ გვაქვსო“.
კვლავ დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ დანიას ეუბნება ამერიკის პრეზიდენტი: „თქვენ არ გაქვთ სხვა გზა და სხვა არჩევანიო“.
ელემენტარული ლოგიკით, ამ ყოველივეს შემდეგ დანიამ მისი სუვერენული ტერიტორიიდან ამერიკული ბაზის გაყვანა უნდა მოითხოვოს, მაგრამ.....ვერ ბედავს.
ამერიკა კი დემონსტრირებას, რომ დანიის სუვერენიტეტი რეალურად არ არსებობს!
ანუ, გამოდის, გრენლანდია დღესაც კი დე-ფაქტო ამერიკის არმიის ესე იგი ამერიკის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ევროკავშირი დუმს. ევროპის დიდი სახელმწიფოები სდუმან.
იმიტომ, რომ....დანია სდუმს.
ვერაფერს ბედავს.
მართლაც საოცარ პროცესს ვადევნებთ თვალს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა USAID-ს სრული გაუქმების შესახებ.
მანამდე, როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ტრამპმა 90 დღით შეაჩერა ყველა პროგრამა და ეს გლობალური სამსახური „სახდეპს“ დაუქვემდებარა.
ახლა კი სრულად გააუქმა.
გაცხადდა, რომ იმ ფუნქციებს, რასაც USAID ასრულებდა 1960-იანი წლებიდან თვით სახელმწიფო დეპარტამენტი შეასრულებს.
ვერ შეასრულებს!!
იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არის ამერიკის ოფიციალური ინსტიტუტი და მისი ნებისმიერი ქმედება იმავე მიმართულებით უკვე აღიქმება, როგორც ამერიკის სახელმწიფოს მოქმედება შესაბამისი, გამომდინარე, დიპლომატიური და პოლიტიკური შედეგებით სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისთვის.
USAID კი, მიუხედავად კონგრესის დაფინანსებისა, მაინც პოზიციონირებდა, როგორც არასახელმწიფო ინსტიტუტი, შესაბამისად ჰქონდა საშუალება დაეფინანსებინა ისეთი პროგრამები სხვადასხვა ქვეყანაში, რასაც ამერიკის სახელმწიფო პირდაპირ, უშუალოდ ვერ დააფინანსებდა.
სწორედ ამაში იყო ამერიკის დიდი პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ამ მიგნების გენიალობა, რომელმაც შექმნა USAID თავის დროზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის არმიამ „ცახალ“ დაარტყა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს.
ოფიციალური განცხადებით ირკვევა, რომ სამიზნე იყო პროირანული დაჯგუფების („ჰესბოლლა“) იარაღის, კერძოდ დრონთა საწყობები.
ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად „ცახალის“ რამდენიმე ბრწყინვალე სპეც-ოპერაციისა, მაგალითად „პეიჯერების აფეთქება“ და შეიჰ ნასრალლას ლიკვიდაცია - „ჰესბოლლა“ ჯერ კიდევ მაინც ცოცხალია.
ახალი ლიდერი ჰყავს - ნაიმ კასემი.
და ძველი სპონსორი - ირანელ აიათოლლათა რეჟიმი.
ზოგადად, სანამ ეს რეჟიმია ირანში, ისრაელს მოსვენება არ ექნება. შესაძლოა თვით არაბებთან მოილაპარაკოს, პალესტინელებთან მოილაპარაკოს, ღაზელებთანაც კი მოილაპარაკოს, ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, თურქეთთან და ა.შ. მაგრამ ფანატიკოს შიიტ მულლებთან, რომლებიც 1979 წლიდან მართავენ იმ უზარმაზარ სახელმწიფოს - ირანის ისლამურ რესპუბლიკას - მოლაპარაკება და შეთანხმება შეუძლებელია.
85 მილიონიანი სახელმწიფო ვერ დაინგრევა, ვერ გაქრება და აღიგავება პირისაგან მიწისა.
თეორიული იმედი მხოლოდ რეჟიმის შეცვლაა ანუ ირანში დემოკრატიული წყობილების დამყარება, რაც მხოლოდ რევოლუციური გაზითაა შესაძლებელი.
დაახლოებით მთვარის დედამიწაზე ჩამოვარდნის ალბათობაა.
თეორიულად შესაძლებელია? დიახ. ჰოლივუდმა ფილმიც კი გადაიღო.