საერთაშორისო მიმოხილვა. 29 აგვისტო. 2024 წელი

ისრაელ-ჰეზბოლას დიდი ომის ალბათობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც პროირანულმა მილიტარისტულმა შიიტურმა დაჯგუფებამ „ჰესბოლლა“ რაკეტა ესროლა ისრაელს, ეს რაკეტა ჩამოვარდა სტადიონზე და 12 ბავშვი მოკლა.
მოკლული ბავშვები არ არიან ეთნიკური ებრაელები, თუმცა განეკუთვნებიან ისრაელისადმი ლოიალურ თემს: Druze community.
შესაბამისად, ახლა ისრაელის მთავრობა მსჯელობს, როგორ უპასუხოს.
თუ სახმელეთო ოპერაციებს დაიწყებს ლიბანის სამხრეთში, სადაც გამაგრებულია „ჰესბოლლა“, აუცილებლად ჩაერევიან შიიტები სირიიდან, ერაყიდან, იემენიდან და ირანიც ჩაერევა ანუ ეს იმდენად დიდი ომია, ღაზას საბრძოლო მოქმედებებიც ვერ შეედრება
უუუუუუდიდესი თავის ტკივილია ახლა ეს ყოველივე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკი სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლითაც პოზიციონირებს როგორც არა უბრალოდ ტრამპის მხარდამჭერი, არამედ ტრამპის მოძრაობა MAGA-ს (Make America great again) ერთ-ერთი იდეოლოგი და საზრისული ლიდერი.
გუშინ „დემოკრატთა“ საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს დააბრალა „კაცობრიობის ჰოლოკოსტის მცდელობა და სურვილი“ იმის გამო, რომ კამალამ მართლაც ცოტა არ იყოს უხეიროდ იმსჯელა გლობალური კლიმატის ცვლილებაზე და გამოთქვა შიში, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები ახალგაზრდა ადამიანებს არ ამოტივირებს შექმნან ოჯახი, იყოლიონ შვილები და ა.შ.
„ეს გამონათქვამი კაცობრიობის გენოციდს მოასწავებსო“ - აღნიშნა ილონ მასკმა.
ამ ფრაზაში არის ასევე დაფარული მინიშნება მასკის მხრიდან იმაზე, რომ თვით კამალას არ ჰყავს ბიოლოგიური შვილები, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვენსმა „წამოაძახა“ ქალ-კანდიდატს რამდენიმე დღის წინ.
თუმცა აქვე კიდევ ერთხელ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ამერიკულ არჩევნებს აქვთ ასეთი მახასიათებელი: საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკაში, სახელგანთქმული და მუდამ აგრესიული ამერიკული „პოლიტკორექტულობა“ „იძინებს“ დროებით იმ თეზისით, რომ დემოკრატიული არჩევნები არ შეიძლება არ იყოს წარმოუდგენლად ბინძური, ნებისმიერი შეზღუდვა მის დემოკრატიულობას ეჭვ ქვეშ აყენებს და რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას ყველაფერი (ბოდიში ჟარგონისთვის) „მოსულა“ .
ეს მეორდება არჩევნებიდან - არჩევნებამდე.
ყველაზე სენსიტიურ თემებზეც კი, რაც ეხება ქალს, რასას, შშმ პირებს და ა.შ და ა.შ.
2016 წელს ტრამპმა შშმ პირს დასცინა, რომელიც აკრიტიკებდა. გადაირია ამერიკის ლიბერალური შემოქმედებითი ელიტა: რობერტ დე ნირო, ასევე ჯულია რობერტსი, მერილ სტრიპი უმალვე გამოვიდნენ და რაც მათ მაშინ ტრამპზე ილაპარაკეს და როგორც ილაპარაკეს, ამას „კრიტიკა“ არ ჰქვია....„მკვდარი და ცოცხალი“......
თუმცა ტრამპი მაინც გახდა პრეზიდენტი.
აქვე უნდა ითქვას მოკლედ, რომ ზუსტადაც ამ „არაპოლიტკორექტული“ თემატიკის აქტუალიზების, მათი „გაპრავების“ და საჯარო სივრცეში დახურული სივრციდან გამოტანის გამო იძენს ტრამპი ქარიზმას პოლიტკორექტულობით „დაღლილ-დაქანცულ“ ამერიკულ საზოგადოებაში.
ისეთ ქარიზმას, რაც თვით დიდ რონალდ რეიგანსაც კი არ გააჩნდა: იგი მემარჯვენე კონსერვატორი იყო, მაგრამ ამერიკული პოლიტკორექტულობა არც ერთხელ არ დაურღვევია ღიად და პირდაპირ.
ქარაგმულად კი: როცა კალიფორნიის გუბერნატორი იყო რეიგანი, აფროამერიკელ ლიდერებთან შეხვედრაზე შავი ჰალსტუხი გაიკეთა დემონსტრაციულად - ჩამოცრჩობებზე მინიშნებით.
თუმცა ასეთი ქარაგმები პოლიტკორექტულობის დარღვევად არ ითვლება. „მესიჯს“ კი ქმნის, ოღონდ მინიშნებით და არა პირდაპირ.
ტრამპი და მისი იდეოლოგები კი ღია მესიჯებს არ ერიდებიან. ეს ერთის მხრივ სახიფათოა, თუმცა მეორეს მხრივ შედეგის მომტანია.
ოღონდ ანალიტიკოსები ამერიკის მეინსტრიმულ მედიაში იმასაც წერენ, რომ „მედალს“ აქვს მეორე მხარეც და ამგვარი ღია მესიჯები „ამობილიზებს“ მეორე მხარესაც ანუ შესაძლოა არჩევნებზე ის კატეგორიაც მივიდეს შეშინებული და იმ კატეგორიამ მისცეს ხმა კამალას (ანუ ტრამპის წინააღმდეგ) ვინც მანამდე, ამერიკის პოლიტიკურ რუტინაში არ მონაწილეობდა და სახლში, ტელევიზორთან გულგრილად აკვირდებოდა ნებისმიერ არჩევნებს.
მაშასადამე, სოციალური „სტრესი“ - „ორმხრივად სამობილიზაციო რესურსია“ – ერთგვარი „ორლესული ბასრი დანაა“ და ამ შემთხვევაში როგორ იმუშავებს, ზუსტად არავინ იცის.
ამერიკელმა პროფესორმა ალან ლიხტმანმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კამალა ჰარისი მოუგებს დონალდ ტრამპს!
ლიხტმანი ცნობილია იმით, რომ 1981 წელს, ამერიკელ მათემატიკოს კეილის-ბოროკთან ერთად შეიმუშავა სოციოლოგიური „ინსტრუმენტი“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთა პროგნოზირებისთვის.
ამ „ინსტრუმენტს“ ეწოდება „თეთრი სახლის 13 გასაღები“.
გამოკითხულებს უსვამენ 13 კითხვას, რომელზეც უნდა უპასუხოს ერთმნიშვნელოვნად: „კი“ ან „არა“.
კითხვები ეხება ეკონომიკას, სოციალურ მღელვარებებს, სკანდალებს და ა.შ
თუ 13-დან 6 კითხვა დადებითია მოქმედი ხელისუფლების და მოქმედი ხელისუფლების კანდიდატის მიმართ, მაშინ ითვლება, რომ ეს კანდიდატი გაიმარჯვებს.
ანუ ხსენებული „ინსტრუმენტის“ არსი ისაა, რომ თუ მაგალითად პრეზიდენტი „დემოკრატია“ და გამოკითხულთაგან თუნდაც 6 დადებითად პასუხობს კითხვებს „დემოკრატებთან“ მიმართებაში, მაშინ „დემოკრატ“ პრეზიდენტს თეთრ სახლში შეცვლის ისევ „დემოკრატი“ პრეზიდენტი ან მოქმედი პრეზიდენტი დარჩება თეთრ სახლში.
დღევანდელ შემთხვევაში „დემოკრატ“ პრეზიდენტ ბაიდენს შეცვლის ისევ „დემოკრატი“ პრეზიდენტი კამალა ჰარისი და პირიქით: 13 კითხვიდან 6 პასუხიც რომ ყოფილიყო მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაშინ მისი ალტერნატივა იმარჯვებდა ამ პროგნოზით
ერთი შეხედვით თითქოს უცნაური „ინსტრუმენტია“, რაკი ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება: 6 არ არის უმრავლესობა 13-დან.
მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ჩვენ რა გვეჩვენება ან სხვას, არამედ ის გარემოება, რომ 1981 წლიდან - დღემდე ამ ინსტრუმენტით პროფესორმა ზუსტად იწინასწარმეტყველა თითქმის ყველა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.
მით უმეტეს საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში „დემოკრატების“ სასარგებლო „დიახ“ იყო არა 6 არამედ.....რვა პასუხი! ანუ 13-დან 8!
თუმცა....აქვე გავითვალისწინოთ, რომ როგორც ბევრჯერ ითქვა უკვე, „ასეთი“ არჩევნები, ამგვარი საყოველთაო მობილიზაციით და პოლარიზაციით, ამერიკაში არათუ დიდი ხანია არ ჩატარებულა, არამედ....საერთოდ არასდროს ჩატარებულა!
. . . . . . . . . . . . . . . . .
ანეკდოტური ვითარება იქმნება რუსეთ-ჩინეთის პატრონყმურ ურთიერთობებში, სადაც ჩინეთი „პატრონია“, ხოლო რუსეთი - „ყმა“.
შარშან პუტინმა და სი ძინპინმა მოილაპარაკეს, ანგარიშსწორება განეხორციელებინათ იუანებსა და რუბლებში.
ბოლო დროს რუსული კომპანიები ჩივიან, რომ ჩინური კომპანიები უარს აცხადებენ არათუ რუბლების მიღებაზე ანგარიშსწორებისთვის, არამედ (რაც განსაკუთრებით სასაცილოა) იუანებშიც კი!
და დოლარს ან ევროს მოითხოვენ.
არა, რუბლებზე რომ უარს აცხადებენ ეს კიდევ გასაგებია მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დარღვევაა, მაგრამ ჩინური ფულის მიღებაზე რომ უარს აცხადებენ ჩინური (!) კერძო კომპანიები ეს ნამდვილად კომიკურ მდგომარეობაში აყენებს პუტინსაც და რუსულ მხარესაც სინამდვილეში.
მით უმეტეს, რომ ყველას ესმის: ჩინური კომპანიები ამას ვერ გაბედავდნენ, კომუნისტური ხელისუფლება რომ როგორც მინიმუმ თვალს არ ხუჭავდეს ამაზე.
ეს როგორც მინიმუმ.
„მაშინ რუსეთიც უარს იტყვის იუანების მიღებაზეო და“.....ვერა, ვერ გაბედავს: ხომ შეიძლება ძლევამოსილი „სი“ გაბრაზდეს ამაზე და „ქვეშევრდომი“ დასაჯოს?!
ანუ გადაუკეტოს ჟანგბადი!
დღეს „ჟანგბადს“ სწორედ ჩინეთი აწვდის რუსეთს და ტოტალურად ჩინეთზე არიან დამოკიდებულნი.
საკმარისია სი ძინპინმა ეს ჟანგბადი გადაუკეტოთ და ....მაშინვე იგრძნობენ ომის სუსხს უბრალო რუსები, რასაც ახლა ვერ გრძნობენ სწორედ ჩინეთის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის „პრეზიდენტ“ ბჟანიას გუშინ წამოსცდა რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში, რომ რუსეთის ხელისუფლება თურმე „2008 წლიდან აყენებს საკითხს აფხაზეთში უძრავი ქონების თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის შესახებ“
კი, ნამდვილად ასე იყო: პუტინის იმდროინდელი „მარჯვენა ხელი“, სურკოვი ხშირად ჩადიოდა აფხაზეთში და აფხაზური ხელისუფლებები „ჭიმავდნენ დროს“....უდიდესი ოსტატობით, როგორც ამჟამადაც ახერხებენ.
ამ ინტერვიუში ბჟანიამ ერთის მხრივ განაცხადა: „ეს ოხერი ოპოზიცია, ყოფილი ხელისუფლება, ყველანაირად გვიშლის ხელს“, რათა „აპარტამენტების“ ან „ბინების ყიდვა-გაყიდვის“ კანონი მივიღოთ რასაც მოსკოვი მოითხოვსო და იმავდროულად, ბუკვალურად მეორე წინადადებაში თქვა, რომ აფხაზეთს არა აქვს უფლება შეცდომა დაუშვას ასეთ სფეროში, გაიმეოროს სხვათა შეცდომა და საბოლოოდ უმცირესობაში აღმოჩნდესო საკუთარ ტერიტორიაზე.
თუ ასეა რაღაში არ ეთანხმება ოპოზიციას?
როგორც ჩანს ამ წინააღმდეგობრივი მესიჯებით რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის ისედაც „ბოჩოლა“, დაბნეულ მაყურებელს კიდევ უფრო აბნევს.
ესეც დიდოსტატური „ტექნოლოგიაა“ - ურთიერთსაწინააღმდეგო „მესიჯების“ გაჟღერება.
თანაც „აპარტამენტებზე“ კანონის „პარლამენტიდან“ გაწვევის ფაქტი საერთოდ არ უხსენებია.
თითქოს ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის.