საერთაშორისო მიმოხილვა. 28 დეკემბერი. 2023 წელი
აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტმა“ დაამტკიცა ხელშეკრულება ბიჭვინთის საუკეთესო ტერიტორიის პუტინისთვის გადაცემის შესახებ, რადგან მოსკოვი იმუქრებოდა, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, რუსეთი სეპარატისტულ აფხაზეთს ბენზინისა და ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტდა.
მაგრამ უკანასკნელ მომენტში აფხაზეთის ხელისუფლებამ კანონმდებლობაში შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის თანახმად, თუ ხსენებული ხელშეკრულება დაემუქრება აფხაზეთის სუვერენიტეტს, აფხაზეთს ექნება მისი დენონსაციის უფლება.
აქ იგულისხმება შემდეგი: ბიჭვინთის აგარაკი (უფრო ზუსტად, „აგარაკები“ - სულ 7 აგარაკია) კი გადაეცა პუტინს, მაგრამ თუ, მაგალითად, კრემლის ბინადარი მოინდომებს ჩავიდეს ბიჭვინთის აგარაკზე ზღვით ან საჰაერო გზით ისე, რომ წინასწარ არ შეუთანხმოს აფხაზეთის ხელისუფლებას თავისი მარშრუტი და ჩასვლა, მაშინ სოხუმი ხელშეკრულების დენონსაციას მოახდენს.
გაბედავს თუ არა ამას აფხაზეთის ხელისუფლება - რიტორიკული კითხვაა. ყოველ შემთხვევაში, ახლა აფხაზეთის რეჟიმი ამ შესწორებით ცდილობს „სახის შენარჩუნებას“ და ოპოზიციის დამშვიდებას.
. . . . . . . . . . . . . .
Politico, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ და კარგად ინფორმირებულ რესურსად ითვლება, აქვეყნებს სამწუხარო (უკრაინის გულშემატკივართათვის ნამდვილად სამწუხარო) სტატიას სათაურით The Biden Administration Is Quietly Shifting Its Strategy in Ukraine (ბაიდენის ადმინისტრაცია ჩუმ-ჩუმად ცვლის სტრატეგიას უკრაინის მიმართ), რომლის ავტორი, თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკი უკრაინულმა შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო, ამერიკა ამიერიდან აქცენტს გააკეთებს იმ თავდაცვითი ხაზის გაძლიერებაზე, რასაც რუსეთი უეჭველად შეუტევს ახალი წლიდან; ანუ აშშ უკრაინას დაეხმარება არა 1991 წლის საზღვრების აღდგენაში, არამედ მხოლოდ იმის შენარჩუნებაში, რაც ამჟამად გააჩნია.
თეთრ სახლში თვლიან, რომ ამით კიევი გაიძლიერებს პოზიციას „უკვე გარდაუვალ“ მოლაპარაკებებზე მოსკოვთან.
იგულისხმება დონბასთან და ბელორუსთან გამყოფი საოკუპაციო ხაზის გამაგრება.
Politico აღნიშნავს, რომ ამერიკული სტრატეგიის კორექტირებას უკრაინული ფრონტის „გაყინვის“ მიმართულებით ორი სისტემური მიზეზი აქვს და ორივე შიდაპოლიტიკურია უპირატესად:
ა) კონგრესმა (სენატმა) ჯერაც არ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დაპირებული 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ და სრულებით ცხადია, რომ ეს თანხაც არ იქნება საკმარისი
ბ) ბაიდენს არ შეუძლია დიდი ომით გარისკოს იმ ვითარებაში, როდესაც დონალდ ტრამპი უკვე უსწრებს რეიტინგებში და იწყება ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოდ „სამკვდრო-სასიცოცხლო“ საარჩევნო კამპანია.
გუშინ რუსმა ექსპერტებმა kommersant.ru-დან გამოაქვეყნეს ძალიან კარგი რუკა 27 დეკემბერს საღამოსთვის ფრონტზე არსებული ვითარების და მხარეთა პოზიციების შესახებ. ეს რუკა, რომელსაც გიგზავნით, ნათლად მეტყველებს, რომ მხარეთა პოზიციები ბოლო რამდენიმე დღეა დიდად არ შეცვლილა, ხოლო რუსეთის საოკუპაციო არმიამ მარინკა ბოლომდე ვერ აიღო ისევე, როგორც ვერ აიღო ვერც ავდეევკა.
ოღონდ რუკაზე (მითითებებში) ისიც მკაფიოდ ჩანს, თუ რამდენად გააფართოვა კრემლმა უკრაინის დაპყრობილი ტერიტორია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბოლო დროს რუსეთში 160 მილიარდი რუბლის ($160 მლნ.) ოპტიკური სამიზნეები შეიტანეს ვითომდაც სანადირო თოფებისთვის; თუმცა ამერიკული და კანადური წარმოების ოპტიკური სამიზნეები სინამდვილეში მხოლოდ ფორმდება ფეიკ-იმპორტიორ მაღაზიებზე და რეალურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ. მათი მეშვეობით რუსი აგრესორები ხოცავენ უკრაინელებს.
მიწოდების წყარო ორია: ჩინეთი და ყაზახეთი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც გატყობინებდით, პენტაგონმა წყნარი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანეში გადაისროლა ავიამზიდი Eisenhower, რომელიც უკვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში იემენის ტერიტორიაზე მოქმედ პროირანულ შიიტურ დაჯგუფება „ჰუსიტებთან“, რომლებიც თავს იემენის კანონიერ ხელისუფლებას უწოდებენ, თუმცა საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები ამას არ ეთანხმებიან.
პენტაგონი ჯერ (!) არ ახორციელებს დარტყმებს უშუალოდ იემენის ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰუსიტებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა; თუმცა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავდა;
მაგრამ გუშინ Eisenhower-იდან აფრენილმა F-16 თვითმფრინავებმა ჰუსიტების მიერ წითელი ზღვის მიმართულებით გაშვებული თორმეტი რაკეტა ჩამოაგდეს. ასევე ჩამოაგდეს ოთხი დრონი, სამი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და ორი სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა.
ჩამონათვალი გამაოგნებელია სამხედრო სპეციალისტებისთვის: ამით ირკვევა, რა ხარისხის და ძალის იარაღი აღმოჩნდა ფანატიკოსი ისლამისტი ჰუსიტების ხელში, რითაც ისინი წითელ ზღვაში გლობალურად მნიშვნელოვან ნაოსნობას ემუქრებიან.
როდესაც ვამბობთ და ვწერთ „ჰუსიტები„ ან „ჰესბოლლა“, ვგულისხმობთ ირანს!!!
სინამდვილეში ირანი ესხმის თავს ნავთობტანკერებს წითელ ზღვაში!
და თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალოდ ირანის შეიარაღებულ ძალებს უკვე აქვთ 1000 კილომეტრის შორსწვდომობის ბალისტიკური რაკეტები, თანაც საზღვაო ბაზირებისა, გასაკვირი აღარ არის, რომ დასავლური მედია აქტიურად მსჯელობს, რა შედეგებს გამოიღებს გლობალური ეკონომიკისთვის საზღვაო ნაოსნობისა და ტვირთბრუნვის „გადამისამართება“ ახლო აღმოსავლეთიდან (სუეცის არხიდან) - აფრიკის შემოვლითი გზებისკენ.
განვმარტოთ: 1869 წლამდე, როდესაც სუეცის არხი ამოქმედდა (ბრიტანელებმა ააშენეს) შორეული აღმოსავლეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან გემები ევროპისკენ მოძრაობდნენ შემდეგი მარშრუტით: ინდოეთის ოკეანიდან - აფრიკის უკიდურესი „კეთილი იმედის კონცხის“ შემოვლით, მერე ატლანტის ოკეანის გავლით ამსტერდამის, ინგლისის ან სამხრეთ ევროპის პორტებისკენ.
სუეცის არხმა ეს მარშრუტი ერთბაშად 8 000 კილომეტრით შეამცირა, თუმცა დღეს ირანის ფანატიკოს აიათოლათა რეჟიმი კაცობრიობას შუა საუკუნეების საზღვაოსნო ეპოქაში დაბრუნებას უქადის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
Military Times წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ევროპის რეგიონში (ან, როგორც სამხედრო თეორეტიკოსები წერენ ხოლმე „ევროპის შესაძლო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე“) ამერიკის შეერთებული შტატების არმიის „სამხედრო ყოფნის“ გაძლიერება - ამერიკულ შენაერთთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა.
მაგალითად, ამერიკული კონტინგენტის საერთო რაოდენობა ევროპის სახელმწიფოებში 20 000-ით გაიზარდა, რაც NATO-ს სტანდარტებით საკმაოდ დიდი ციფრია.
ამერიკული კონტინგენტი იზრდება რუმინეთში, პოლონეთში და....(ამას დავაკვირდეთ) უნგრეთშიც!
გერმანიაში გაძლიერებულია საკოორდინაციო შტაბი. აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ გერმანიაა ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის „ცენტრი“. ასე ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
გარდა ამისა, ამერიკა ბევრად უფრო აქტიურად იყენებს სამხედრო-საზღვაო კომპონენტის გასაძლიერებლად იტალიის ლეგენდარულ სამხედრო პორტს „როტა“.
„ლეგენდარულს“ იმიტომ, რომ ეს ბაზა „ცივი ომის“ დროს ბევრჯერ აღმოჩენილა სპეცსამსახურთა ფარული ომის ცენტრში.
ამაზე წერდა თუნდაც შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი და ГРУ-ს ყოფილი (ინგლისში გაქცეული) ოფიცერი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის არმიამ მიიწვია NBC News, რათა დაესწროს ღაზის სექტორში ყველაზე დიდი გვირაბის აფეთქებას.
ირკვევა, რომ ეს გვირაბი „ჰამასმა“ ააშენა ქალაქ ღაზიდან იმ კედლამდე, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმისას ტერორისტებმა გაარღვიეს.
გვირაბის ამოსასვლელიდან კედლამდე („ერეზის“ გამშვებ პუნქტამდე) სულ რაღაც 10 წუთის სავალია ფეხით.
აქვე: ძალიან უცნაურია, რომ ისრაელის დაზვერვამ ეს ვერ შენიშნა. „კი ვიცოდით, თუმცა ის არ ვიცოდით, რომ ამსიგრძე იყო და ასე ახლოს მოდიოდა კედელთანო„-ამბობენ ახლა ისრაელის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებმაც ამერიკული ტელეკომპანია მიიწვიეს გვირაბის აფეთქებაზე.
ირკვევა აგრეთვე, რომ გვირაბი რამდენიმე კილომეტრის სიგრძისაა და რაც მთავარია, იმდენად ფართოა, მასში ავტომობილი თავისუფლად მოძრაობს.
ჩაბეტონებულია მთლიანად.
გარდა ამისა, აქვს ვერტიკალური შახტები, რომლებშიც იარაღი და პროვიანტი ინახებოდა.
როგორც ჩანს, ისრაელმა საბოლოოდ თქვა უარი გვირაბების ზღვის წყლით დატბორვის გეგმაზე და აირჩია მათი აფეთქება.
ეს ბევრად რთულია, ძვირია, მაგრამ დატბორვას შეიძლება შედეგი არც მოჰყოლოდა თუმცა ღაზის სექტორს სოფლის მეურნეობისთვის სრულებით გამოსადეგარად ააცევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისრაელს ომის დასრულების შემდეგ თვითონ უნდა გამოეკვება ორმილიონნახევარი პალესტინელი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
94 წლის ასაკში გარდაიცვალა ავსტრიელი გასტონ გლოკი - რევოლუციური პისტოლეტის Glock შემქმნელი.
ძალიან საინტერესო პიროვნებაა: ფრანგმა კონკურენტმა დაიქირავა ადამიანი, ვინც გლოკს ჩაქუჩით დაესხა თავს და კინაღამ მოკლა.