საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი. 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი. 2021 წელი.

აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა სამინისტრო` ავრცელებს ცნობას, თითქოს ევროკავშირის წარმომადგენელ გოთვრიდ ჰანესთან შეხვედრაზე, ევროპელმა დიპლომატმა `აფხაზეთს  საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამაში` ჩართვა შესთავაზა, და თითქოს ამ პროგრამის ფარგლებში აფხაზი ახალგაზრდები საქართველოს  გვერდის ავლით ისწავლიან ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში.

დამოუკიდებელი წყაროები ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ. არ არის გამორიცხული მორიგ რუსულ-აფხაზურ საინფორმაციო დივერსიასთან გვქონდეს საქმე. თუმცა თვალს ნუ დავიბრმავებთ და უნდა შევნიშნოთ, რომ დასაველთში არიან ძალები, იგივე `სასარგებლო იდიოტები`, რომლებიც ზოგჯერ  `კუდს უქიცინებენ` პუტინსაც და მის სეპარატისტებსაც.

ამის სხვა ინდიკაციები და მაგალითებიც არსებობს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ, გვიან საღამოს, ანუ 26 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ დონბასში, საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ  პირველად გამოიყენეს შესანიშნავი თურქული უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი `ბაირაქთარ`(Bayraktar TB2), რომელმაც შარშან გადამწყვეტი (არა უბრალოდ `დიდი`, არამედ გადამწყვეტი) როლი შეასრულა ყარაბაღის ომისას სომხური არმიის განადგურებაში.

უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა ამერიკას და ისრაელს, მიეწოდებინათ ასეთი დრონები, მაგრამ უარი მიიღო. ერდოღანი კი პუტინს არ შეუშინდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელმაც ისტერიკა გამოიწვია რუსეთში. მათ შორის რუსულ მედია-სივრეცში.

 ოღონდ აქ კვლავ მჟღავნდება პუტინის საგარეო პოლიტიკის ის თვისება, რომ იგი თურქეთთან ღია დაპირისპირებას ერიდება: ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ერდოღანს დღესვე შეუძლია გადაუკეტოს რუსულ გემებს, მათ შორის სამხედრო გემებს და სამხედრო-სატვირთო გემებს ბოსფორის სრუტე.

ამის უფლება ანკარას აქვს ომის დროს. არა მშვიდობიანობის დროს. მონტრეს 1933 წლის კონვენცია `სრუტეთა ღია სტატუსის` შესახებ მხოლოდ მშვიდობიანობის დროს ზღუდავს თურქეთის ამ უფლებას.

პირველივე დარტყმით, `ბაირაქთარმა` გაანადგურა რუსულ-სეპარატისტული საარტილერიო დივიზიონი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეოც გამოაქვეყნა, როგორ ზუსტად ურტყავს დრონი სეპარატისტთა არტილერიას. ასეთ ვიდეოებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ხშირად აქვეყნებდა შარშანდელი ომის დროს და იმ ომში აზერბაიჯანის `საინფორმაციო წარმატების` წინაპირობადაც აქცია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპა ბევრით ვერაფრით ეხმარება აგრესიის მოგერიებისას უკრაინას, რადგან რუსეთთან ომს ერიდება. მაგრამ რაც შეუძლია `აქ და ახლა` იმას აკეთებს მაინც: ამსტერდამის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ე.წ. `სკვითთა ოქრო` უკრაინას ეკუთვნის და არა რუსეთს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი, თუნდაც სიმბოლური, მაგრამ პოლიტიკურად ნიშანდობლივი გადაწყვეტილებაა, რომ ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა რუსეთშიც და უკრაინაშიც. მით უმეტეს დონბასზე ვითარების გამწვავევის პარალელურად.

`სკვითთა ოქრო` ნიდერლანდებში გამოფენაზე იყო წაღებული ყირიმის მუზეუმიდან 2014 წელს, როდესაც ნახევარკუნძული რუსეთმა დაიპყრო. მას შემდეგ მოკოვი მოითხოვდა ამ საგანძურის დაბრუნებას და მოთხოვნას ასე ასაბუთებდა:  ``ყირიმი უკვე რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ სკვითთა ოქრო ისევ ყირიმის მუზეუმში უნდა დაბრუნდესო``. უკრაინა კი მოითხოვდა, ეს საგანძური კიევის მუზეუმს გადასცეოდა დროებით - სანამ არ დამთავრდება ყირიმის ოკუპაცია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად მიულოცა უკრაინელებს ეს გამარჯვება. პოლიტიკურად ნამდვილად გამარჯვებაა და პუტინის მარცხი.

სკვითები - უძველესი მომთაბარე ტომია, უფრო ზუსტად, ტომთა გაერთიანება, რომელთა  ეთნიკური კუთვნილება ბოლომდე გარკვეული არ არის. ისინი დღევანდელი აღმოსავლეთ უკრაინის, სამხრეთ რუსეთის და ყირიმის ტერიტორიაზეც სახლობდნენ ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში. .

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბერლინში გამართულ სასამართლო პროცესზე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვისას,  გამოვიდა ბრალდების მოწმე, უკრაინის მოქალაქე, რომელმაც მკვლელში ამოიცნო საკუთარი ქვისლი. მოწმე ამტკიცებდა, რომ მკვლელი რუსული სპეცსამსახურების აგენტია, ხოლო ზელიმხან ხანგოშვილი პირადად პუტინის ბრძანებით მოკლა.

პენკისელი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკ ტირგარტენში მიგზავნილმა მკვლელმა 2019 წლის აგვისტოში მოკლა თავხედურად, დღისით, მზისით. მაშინვე დააკავეს მაგრამ მას შემდეგ დუმილის უფლებით სარგებლობს რაკი იცის, რომ თანამედროვე გერმანიის ციხეში შოკოლადი არ მოაკლდება, ხოლო რუსული სპეცსამსახურები ადრე თუ გვიან აუცილებალდ გამოიხსნიან. გაცვლიან მაინც ვინმეში. მისმა ოჯახმა კი უკვე მიიღო მნიშვნელოვანი თანხა რუსეთში.

ამ მკვლელის ნამდვილი სახელი და გვარი რა თქმა უნდა არავინ იცის. პუტინის და მისი ოპრიჩნიკების გარდა რასაკვირველია.

უამრავი ასეთი მკვლელობა აქვთ დაორგანიზებული ევროპაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე რომ ლაპარაკობდა, პუტინმა მხოლოდ ის თქვა - ეგ ტერორისტი ქართული გვარის მატარებელი კია, მაგრამ ეროვნებით ქართველი არ იყოო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა ქვეყნიდან 10 დასავლური სახელმწიფოს,  (მათ შორის ამერიკის) ელჩების გაძევების შესახებ საშინაო საქმეებში ჩარევისთვის, მოვლენები ბევრისთვის მოულოდნელად, თუმცა საქმეში ჩახედულთათვის მოსალოდნელად განვითარდა: ერდოღანმა გადაწყვეტილება გააუქმა. ოღონდ.....გააუქმა მხოლოდ მას მერე, რაც ყველა `გასაძევებელმა` ელჩმა, მათ შორის ამერიკის ელჩმაც, ფაქტიურად ბოდიში მოიხადეს და საჯაროდ პირობა დადეს, მომავალში აღარ ჩაერევიან თურქეთის საშინაო საქმეებში.

რა თქმა უნდა, ელჩები პრეს-კონფერენციაზე რა გამოსულან, მუხლებზე არ დაუჩოქიათ და სიტყვა `ბოდიში` არ უთქვამთ. დიპლომატიაში ასე არ ხდება. თუმცა სწორედაც დიპლომატიური ტექნოლოგია მოიძებნა: ყველა საელჩომ განაცხადა, რომ ამიერდიან იხელმძღვანელებენ `ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ`.  ეს კონვენცია კი კრძალავს სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევას.

შეგახსენებთ: გასულ კვირას ელჩებმა ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს რამდენიმე წლის წინანდელი სამხედრო გადატრიალების იდეოლოგთა გათავისუფლება ანუ ერდოღანის ოპოზიციონერთა ციხეებიდან გამოშვება.

ეს რაუნდი ერდოღანმა მაინც მოიგო. იმიტომ, რომ თურქეთი დასავლეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. თურქეთის გარეშე, დასავლეთს გაუჭირდება თავისი პოზიციების დაცვა შავი ზღის რეგიონში და ახლო აღმოსაველთიდან ლტოლვილთა უსასრულო ნაკადების შეკავება. თურქეთის არმია უძლიერესია NATO-ში ამერიკის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი, ილონ მასკი უკვე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. არა მხოლოდ დღეს, არამედ კაცობრიობის ისტორიაში.

სტატუსურმა ჟურნალმა Forbes გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომ მასკის ქონება 271 მილიარდ 300 მილიონი დოლარია. ხოლო Tesla-ს `საბაზრო კაპიტალიზირებული ღირებულება` 1 ტრილიონ დოლარს აღწევს. მასკმა გაუსწრო კომპანია Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს.

ეს ციფრები იმაზე მეტყველებენ, რომ მომავლის ბიზნესი კოსმოსურ ტექნოლოგიებსა და ელექტრომობილებს უკავშირდება. ნავთობი და ბუნებრივი აირი ამოწურვადი რესურსებია. დიდი კაპიტალი მომავალ საუკუნეებზე ახლავე ფიქრობს. ამიტომაც აბანდებს Tesla-ში, სადაც მასკის წილი მხოლოდ 21%-ია.

ახლახანს, მანქანების გაქირავების გლობალურმა სერვისმა Hertz ილონ მასკის კომპანიისაგან 100 000 ელექტრომობილი შეიძინა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპი ამერიკულ პოლიტიკას ასე ადვილად არ მოეშვება. პოლიტიკა მისი სასიცოცხლო ენერგია ხდება. ამიტომ დემოკარტებიც მუდმივად უტევენ. ვირჯინიის შტატში, დემოკრატი  გუბერნატორობის კანდიდატის მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი ყველაზე წარუმატებელი პრეზიდენტი იყო ისტორიაში, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ვიდრე შექიმნაო.

ეს განცხადება არ არის სამართლიანი იმიტომ, რომ ტრამპმა ამერიკაში ჩინეთიდან და მექსიკიდან ბევრი ამერიკული საწარმო გადმოიტანა (2 000-იანი წლებიდან ამერიკაში ამერიკულ ჯინსს ვერ იყიდიდი - ისეთს, თვით ამერიკაში ყოფილიყო შეკერილი), ხოლო სამუშაო ადგილების დაკარგვა პანდემიამ უფრო გამოიწვია. თუმცა ბაიდენი მაინც ამტკიცებს, რომ ტრამპმა სულ 2 მილიონი ადამიანი აცრა, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს 190 მილიონი ამერიკელი აიცრა.

არც ეს არის ბოლომდე ობიექტური განცხადება: ტრამპის დროს ვაქცინები ჯერ სულ ახალი შემოსული იყო.

ეს ყოველივე მეტყველებს, რა სასტიკი დაპირისპირება იქნება ამერიკაში 2022 წლის შუალედურ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.ეს არ არის კარგი ჩვენთVის - ამერიკას მსოფლიუოსთვის უნდა `ეცალოს`.

ტრამპი ამერიკული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა და უკვე  ვერ მოიშორებს ვერავინ, როგორც ჩვენთან ევრავინ მოიშორებს მიშას.

დონალდს მისი თანაპარტიელები, რესპუბლიკელებიც აუჯანყდნენ: გავლენიანმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა `ცუდი იდეა` უწოდა ტრამპის განცხადებას, რომ აპირებს კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა რესპუბლიკელებს სხვა ასეთივე ქარიზმატული ფიგურა ნამდვილად არ ჰყავთ. და არც სჩანს ვინმე

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, პოლიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნები წაეგოს და 1 ან 2 ვადის შემდეგ ისევ აერჩიათ. ესაა დემოკრატი გროვერ კლივლენდი  1885-1889 და 1893-1897წწ

 თუმცა დონალდმა ბევრი ამერიკული სტერეოტიპი და ტრადიცია დაარღვია თავისი `ბულდოზერულ-ქოვბოური` სტილით.