საერთაშორისო მიმოხილვა. 27 აპრილი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 აპრილი. 2022 წელი

აფხაზეთის ე.წ. `უშიშროება` აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში შევარდა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში  ვითომ `პროქართული საქმიანობის შემოწმების` მიზნით.

აფხაზური სპეცსამსახურები ამით ასრულებენ აფხაზეთის მთავრობის ბრძანებას მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრმა `ინალ არძინბამ მოითხოვა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის გაძევება, რაკი მათი სათავო ოფოსები, რა თქმა უნდა, თბილისში მდებარეობს და ასეც უნდა იყოს.

აფხაზური ე.წ. `უშიშროების` თანამშრომლები, ამ საბაბით, ელემენტარული, მდაბიო ძარცვა-გლეჯით არიან დაკავებულნი. მაგალითად, გალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი NGO-ში შევარდნენ, რომელსაც აფხაზეთისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, ხალხს ასაქმებდა, სასურსათო პროგრამებს ახორციელებდა და.....კომპიუტერები წაართვეს. 12 ნოუთბუკი გაიტაცეს ვითომ შემოწმების მიზნით. მათ შორის სულ ახალთახალი ნოუთბუკები. რასაკვირველია აღარც დაუბრუნებენ.

NGO-მ  ახალი კომპიუტერების პარტია უკვე იყიდა. კიდევ კარგი ინფორმაცია გლობალურ ქსელში ჰქონდათ განთავსებული.

აი ეს არის თანამედროვე აფხაზეთის ე.წ. `სახელმწიფო`: ბანდიტები და ყაჩაღები, რომლებიც საქართველოსადმი სიძულვილს ძარცვა-გლეჯისთვის იყენებენ როგორც ყოველთვის.

დააშინეს `აფხაზმა ვაჟკაცებმა` უმწეო ქართველი და აფხაზი გოგონები, ვინც იმ ოფისში მუშაობდა.

. . . . . . . . . . . . .

ვრცელდება სენსაციური ინფორმაცია, რომ ამერიკა მზადაა განაახლოს თურქეთისთვის F-35 მრავალფუნქციური საავიაციო კომპლექსის (ასე ეწოდება თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებს)  მიწოდება, თუ ანკარა უკრაინას მიაწვდის რუსული წარმოების C-400 საზენიტო სისტემებს, რომელთა მეშვეობით კიევს შეეძლება რუსეთის თავზეც ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები.

ეს საზენიტო სისტემები (ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში) თურქეთმა შარშანწინ მიიღო რუსეთსა და ამერიკას შორის `ბალანსირების` პოლიტიკის ფარგლებში.

ამერიკის წინადადებაზე, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, როგორც სჩვევია, საბოლოო პასუხი არ გაუცია.

არ არის გამორიცხული, არც გასცეს საბოლოო პასუხი და გააგრძელოს `ბალანსირება`. თუმცა უპილოტო საფრენ აპარატებს `ბაირაქტარ` (თურქულად `მედროშეს` ნიშნავს. აქედან მოდის სიტყვა `ბაირაღი` ანუ დროშა) კვლავ აქტიურად აწვდის უკრაინას.

მანამდე ბულგარეთმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინას გადასცეს C-300 სისტემები თუ ამერიკელები მიაწვდიან ანალოგს: Patriot ანტისაზენიტო ამერიკულ  სისტემებს.

თუმცა C-300 რეალურად უფრო სუსტია, ვიდრე C-400

ამ სისტემებს არა მხოლოდ თვითმფრინავების, არამედ ფრთისანი რაკეტების ჩამოგდებაც შეუძლიათ და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ისინი ჰქონდეს უკრაინას: ბოლო დროს ხომ რუსეთი სწორედ ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს უკრაინის ტერიტორიას დიდი სიშორიდან.

რაკეტების ერთადერთი სახეობა რასაც ვერც C-300 და ვერც C-400 ვერ ერევა, ვერ დაიჭერს ჰაერში, არის რუსული ზებგერითი რაკეტები.

`ზებგერითი` ნიშნავს, რომ ისინი მოძრაობენ ხმის სისწრაფეზე (დაახლოებით 1 200 კმ საათში) სამჯერ, ოთხჯერ, ზოგიერთი ათჯერ უფრო სწრაფად.

ოღონდ ასეთი რაკეტები (მათ შორის `Циркон`) საბედნიეროდ რუსეთს ცოტა აქვს: სულ რამდენიმე ათეული ცალი ჰქონდა და ბევრი დახარჯა უკვე. თუ უკრაინა მიიღებს C-400-სს, უფრო სწრაფად დაეხარჯება, რადგან ჩვეულებრივ ფრთოსან რაკეტებს ეს სისტემები იოლად აგდებენ.

ისევე, როგორც ამერიკული Patriot ოღონდ.....ამერიკა მაინც არ ჩქარობს საკუთარი სისტემა მიაწოდოს კიევს არა იმიტომ, რომ ენანება, არამედ იმიტომ, რომ...... ვაითუ ეს ტექნოლოგია რუსებს ჩაუვარდეთ ხელში ბრძოლის დროს.

ეს არის ერთადერთი (უკვე) მიზეზი, რატომაც ვერ ბედავენ NATO-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინას მიაწოდონ უახლესი ტექნოლოგიური `დამუშავებანი` და ნაწარმი.

თუმცა ომი ისეთ სტადიაზე გადადის უკვე, რომ სხვა გზა მაინც არ ექნებათ!

. . . . . . . . . . . . .

ოთხშაბათს დილით, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს.

ისტორიული გაზსადენი Ямал - Европа, რომელიც ჯერ კიდევ ბრეჟნევის დროს, ანუ 1970-წლებში ამუშავდა, აღარ ამარაგებს პოლონეთს და ბულგარეთს.

ამის ფორმალური მიზეზი გახდა პოლონეთის და ბულგარეთის უარი, გადაიხადონ ბუნებრივი აირის ღირებულება რუბლში და არა ევროში ან დოლარში.

თუმცა ეს ფორმალური მიზეზია. უფრო ზუსტად საბაბი. იმიტომ, რომ მასე გერმანიამაც თქვა უარი რუბლში გადაეხადა ბუნებრივი აირის საფასური.

ნამდვილი მიზეზი და მიზანი სხვაა

ა) ამ ორი ქვეყნის სამაგალითო, დემონსტრაციული დასჯა, რადგან სწორედ მათი ტერიტირიიდან მარაგდება უკრაინა NATO-ს იარაღით

ბ) ზოგადად დასავლეთ ევროპის, პირველ რიგში იმავე გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, ნიდერლანდის გაფრთხილება, თავი დაანებონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

ბუნებრივი აირის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ხვალვე პოლონელები და ბულგარელები გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩებიან> პოლონეთის გაზსაცავები 80%-ით სავსეა.

გარდა ამისა, ორივე ქვეყანას აქვს საშუალება რევერსით მიიღონ იგივე რუსული გაზი გერმანიისგან და არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ გერმანია მათ ამ გაზს, რა თქმა უნდა გაუყოფს საერთო-ევროპული სოლიდარობის ფარგლებში.

გერმანია ამ სოლიდარობის პრინციპს მუდამ ერთგულად იცავს, რაკი  გერმანული ელიტები არ ამბობენ ღიად, თორემ შესანიშანვად იციან, რომ ევროკავშირის და ევროპის გადარჩენა პირველ რიგში გერმანელი ერის პასუხისმგებლობაა.

მაგრამ გერმანიასაც თუ შეუწყვიტა პუტინმა ბუნებრივი აირის მიწოდება მაშინ რა ხდება? ამერიკული თხევადი გაზი, ფიქალის გაზი ამ დეფიციტს უახლოესი 5 წლის განმავლობაში ვერ ამოავსებს.

და ვერც ალჟირის გაზი - ლოჯისტიკური პრობლემების გამო.

არადა გერმანიამ უკვე `ლეოპარდის` ტიპის ტანკების მიწოდება დაგეგმა უკრაინისთვის ანუ კრემლში ბოღმა იზრდება

პუტინი ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ იღებს ერთადერთი მიზეზით (არადა ძალიან უჭირს უკვე ომში); რუსი ავტოკრატის გარემოცვაშიც მოიძებნება თითო-ოროლა კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც მას ეუბნებიან, რომ თუ გერმანიას და ევროპას მთლიანად ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს, შესაძლოა ევროპა კი არ დანებდეს მოსკოვს, არამედ, ბოლოს და ბოლოს გაბრაზდეს,  კიდევ უფრო შეკავშირდეს რუსეთის წინაააღდმეგ და ღირებულებათა გადასარჩენად მოითმინოს!!! სანამ რუსეთს საერთოდ არ გაანადგურებს ეკონომიკურად და იქნებ არა მხოლოდ ეკონომიკურად

პირვეკ რიგში, ამით რუსეთი სავალუტო შემოსავალს საერთოდ დაკარგავს. თუნდაც რუბლებში გაფორმებულს. რუბლში საფასურის გადახდა ხომ პუტინს იმისთვის სჭირდებოდა, რუბლი გადაერჩინა.

. . . . . . . . . . . . .

მსოფლიო საბანკო სისტემის ერთ-ერთი ტიტანი, `დოიჩე ბანკი` გლობალურ რეცესიას წინასწარმეტყველებს.

გერმანელები ის ხალხი არაა, საკითხის შეუსწავლელად ამგვარ განცხადებებს აკეთებდნენ. `დოიჩე ბანკის` პროგნოზით, ეს იმდენად ღრმა რეცესია იქნება, რომ მსოფლიოს არანაკლებ უბედურებას მოუტანს, ვიდრე პანდემიამ ან უკრაინის ომმა. `დოიჩე-ბანკი`თვლის, რომ მომავალ გარდაუვალ რეცესიას, რაც ძალიან მწარედ დაარყამს მთელს მსოფლიოს (მათ შორის რასაკვირველია საქართველოსაც - დ) ორი ძირითადი მიზეზი ექნება:

ა) რუსეთის აგრესია უკრაინაში

2) ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის (პირობითად, აშშ `ცენტრალური ბანკის`) ჯიუტი მცდელობა, შეამციროს ინფლაცია მისი ობიექტური წინაპირობების მიუეხდავად და ამ მცდელობაში, გერმანელების აზრით, FR იძულებული იქნება იმდენად `ძლიერ დააჭიროს მუხრუჭს`, რომ ამერიკის კოლოსალურ ეკონომიკასაც და/მაშასადამე  მსოფლიოს ეკონომიკასაც უკანმიუბრუნებელ, მრავალწლიან რეცესიაში გადაჩეხავს.

 

მას შემდეგ რაც გენიალურმა ამერიკელმა ილონ მასკმა Twitter შეიძინა, რეიტინგებში იგი `პლანეტის ყველაზე გავლენიან პიროვნებად` სახელდება.

შარშან ბევრმა მწარედ გააკრიტიკა ინგლისური გამოცემა Time, რომელმაც სწორედ ილონ მასკი დაასახელა პლანეტის ყველაზე გავლენიან პერსონად. მაგრამ ახლა ყველა აღიარებს, რომ არც ერთი სხვა პერსონა დედამიწაზე არ ფლობს გადამწყვეტ ხმას ისეთ საკაცობრიოდ მნიშვნელოვან სფეროებში (თანაც ერთდროულად) როგორიცაა კოსმოსი, სოციალური კომუნიკაცია, ავტონომიური უპილოტო საავტომობილო მოძრაობა, ეკოლოგიურად სუფთა მობილურობა (ელექტროძრავიანი ავტომანქანა Tesla) და ხელოვნური ინტეელქტი.

ნიშანდობლივია, რომ წარსულში Time და სხვა სოლიდური გამოცემები......პუტინს ასახელებდნენ ხოლმე პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად. თუმცა ახლა მიხვდნენ, რომ საბედნიეროდ ბევრად გავლენიანი ხდება ის, ვინც აშენებს, ქმნის და არა ანადგურებს. პუტინი ვერანაირად ვეღარ იქნება ყველაზე გავლენიანი, რადგან ის წარსულის ადამიანია - წარსულიდან შემორჩენილი ურჩხულია და მისი ადგილი წარსულშია. არა მომავალში.