საერთაშორისო მიმოხილვა. 26მარტი. 2023 წელი
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განალაგებს ბელორუსის ტერიტორიაზე!
ეს არის უმნიშვნელოვანესი აგრესიული ნაბიჯი, რომელიც მთლიანად ანგრევს სტატუს-კვოს, რაც ამ მხრივ შეიქმნა 1991 წლის ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 1992 წლიდან ყოფილი სსრკ ბირთვული იარაღი, ტაქტიკურიც და სტრატეგიულიც, განთავსდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
ანუ, ტაქტიკური ბირთვული იარაღი ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ასევე სამხრეთ კავკასიიდან (კი, აქაც იყო - დ.) და ბალტიის რესპუბლიკებიდან გაიტანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და დღემდე რუსეთს არც ერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი არ ჰქონია.
ესე იგი ბელორუსში განთავსება პირველი პრეცედენტია.
ოფიციალური ცნობებით, ამერიკული ბირთვული იარაღი (სტრატეგიულიც და ტაქტიკურიც) განთავსებულია მხოლოდ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და არა NATO-ს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ბოლო დროს გახდნენ ალიანსის წევრები.
თუმცა პოლონეთი, მაგალითად, დიდი ხანია სთხოვს ამერიკას, განალაგოს ბირთვული ძალები პოლონეთში თავდაცვის მიზნით.
პუტინის ამ განცხადების შემდეგ ეს პროცესი ალბათ დაჩქარდება.
აქ აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ხშირად არასწორად ესმით ტერმინი `ტაქტიკური ბირთვული იარაღი`.
რეალურად აქ იგულისმხება არა თვით ბირთვული მუხტის სიმძლავრე, არამედ მისი `მიტანის` საშუალებათა რადიუსი.
ანუ, მაგალითად, რუსული რაკეტა SS-26 Iskander (რაც რუსებმა ესროლეს გორს 2008 წლის 12 აგვისტოს) მაქსიმუმ 500 კილომეტრზე მიფრინავს, თუმცა მის მიერ `მიტანილი` ბირთვული ჭურვი შესაძლოა ათჯერ ძლიერი იყოს ვიდრე ის ბომბი, რაც ამერიკელებმა ჩამოაგდეს ხიროშიმაში 1945 წლის 6 აგვისტოს.
ანუ მსაზღვრელი მიტანის რადიუსია და არა ბირთვული მუხტის სიმძლავრე.
ამ მხრივ, ბელორუსში განლაგებული `ტაქტიკური ბირთვული იარაღი` `ფარავს` პოლონეთის მთელს ტერიტორიას.
მანამდე რუსეთს `ისკანდერები` და ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგებული ჰქონდა კალინინგრადის (ყოფილი აღმოსავლეთ პრუსსია, კიონიგსბერგი) ტერიტორიაზე, მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ნაწილია დღეს. თუმცა იქედან არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ გერმანიის დიდ ნაწილსაც ფარავდა.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ბელორუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება არ ნიშნავს ამ იარაღის გადაცემას უშუალოდ ბელორუსისათვის. ეს იარაღი რუსულ ბაზაზე განთავსდება და რუსული არმიის განკარგულებაში იქნება.
. . . . . . . . . . . . . . .
ჩვენს სამეზობლოში ვითარება კვლავ დაძაბული და გაურკვეველია: გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად (!) ღიად (!) დაადანაშაულა აზერბაიჯანის არმია სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელებმა დაიკავეს სტარტეგიული სიმაღლე შუშას რაიონში (თვით ქალაქი შუშა აზერების ხელშია 2020 წლის ომის შემდეგ) და განალაგეს იქ ბლოკ-პოსტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში პირველად (!) არის პირდაპირ ნათქვამი, რომ ეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაა.
ანუ დიპლომატიურ დონეზე უკვე გამოიკვეთა კონფლიქტი მოსკოვსა და ბაქოს შორის, თუმცა რა განვითარება ექნება მას, მით უმეტეს უკრაინაში რუსეთის `ჩაფლულობის` ფონზე, ძნელი სათქმელია.
ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასეთ პირდაპირ, ღია ბრალდებებს აზერბაიჯანული მხარის მიმართ ერიდებოდა და ქარაგმებით ანუ დიპლომატიური ენით შემოიფარგლებოდა.
შესაძლოა ეს ცვლილება უკავშირდებოდეს იმას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა 2 დღის წინ გააკეთა განცხადება აზერბაიჯანთან შერიგებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ამერიკისა და ევროკავშირის (არა რუსეთის) შუამავლობით.
ანუ სომხურმა ელიტებმა მოსკოვს მიანიშნეს: ან თქვენმა არმიამ ყარაბაღში გააკეთოს მისი საქმე, მოახერხოს სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის გზის დებლოკირება (ახლა ჩაკეტილია აზერი ეკო-აქტივისტების მიერ) ან საერთოდ რაში გვჭირდებით - ამერიკას და ევროკავშირს შემოვიყვანთ რეგიონშიო.
მოსკოვს ნამდვილად არ სცალია ახლა სომხეთისთვის, მაგრამ ამერიკული და ევროპული სამშვიდობო კონტინგენტის შემოყვანა, ისევე როგორც მოსკოვის გარეშე სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგება (უფრო `მორიგება`) მისთვის საერთოდ გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება.
აქ სიტუაცია რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის მწიფდება აშკარად.
რუსეთის სტრატეგიული ინტერესი რეგიონში არა მხოლოდ სამხედრო ყოფნის შენარჩუნებაა, არამედ ჩრდილო-სამხრეთის საკომუნიკაციო (სარკინიგზო/საავტომობილო) დერეფნის უზრუნველყოფა ირანთან და სპარსეთის ყურესთან დასაკავშირებლად საქართველოს გვერდის ავლით.
მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევვაში შეეძლება, თუ როგორმე დააკმაყოფილებს როგორც აზერბაიჯანულ, ასევე სომხურ მხარეებს - ასეა რეალური თუ ჰიპოთეტური საკომუნიკაციო მარშრუტების გათვალისწინებით. ცალმხრივად არ გამოვა.
. . . . . . . . . . . . . . .
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ვლადიმერ პუტინს `სამხედრო დამნაშავე` უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინმა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი უნდა აგოს.
ამ განცხადებით დესანტისი შეეცადა გამოესწორებინა საკუთარი ადრინდელი განცხადება, რომ `ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული დავაა` და ამერიკა `ასე აქტიურად არ უნდა იყოს მასში ჩართულიო`.
ამ განცხადებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კიევში, ასევე აშშ `რესპუბლიკურ პარტიაში`, სადაც ესმით, რომ ეს მხოლოდ და იმდენად ტერიტორიული დავა კი არ არის, არამედ რუსეთის მცდელობა, გაანადგუროს და წაშალოს მსოფლიო რუკიდან 40 მილიონიანი უკრაინული სახელმწიფო NATOს ზღურბლთან. შესაბამისად პირდაპირ `ურტყამს` ამერიკის სტრატეგიულ ინეტერსებს.
რონ დესანტისი დონალდ ტრამპთან ერთად `რესპუბლიკელთა` პრაიმერიზში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ბოლოს დროს გამოიკვეთა საინტერესო სოციოლოგიური ტენდენცია: ბევრი `რესპუბლიკელი`, ვინც ტრამპს აძლევდა ხმას, სოციოლოგთა კითხვაზე: `თუ ტრამპი არ/ვერ მიიღებს მონაწილეობას პრაიმერიზში`, მაშინ ვის ნომინირებას დაუჭერდით მხარს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?` აბსოლუტური უმრავლესობით პასუხობს: `...`მაშინ რონ დესანტისს`.
. . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკმა მის მიერ შარშან შეძენილი Twitter შეაფასა $20 მილიარდად, არადა $44 მილიარდად იყიდა.
გაიაფების მიზეზი გახდა რეკლამის უდიდესი ნაწილის დაკარგვა.
მარკეტელოგთა შორის არ არის ერთიანი აზრი იმაზე, რამ გამოიწვია `რეკლამისმიმცემთა` ასე მასობრივად გადინება (70%-ზე მეტი).
სხვადასხვა აზრი არსებობს.
ერთ-ერთის თანახმად, სოციალურ ქსელებს, ზოგადად, არ უყვართ მკვეთრი მოძრაობები - ასეა მოწყობილი მის მომხმარებელთა მენტალიტეტი.
შეგახსენებთ: მასკმა Twitter-ის ოფციათა ნაწილი ფასიანი გახადა.
Twitter ამერიკაში ბევრად გავრცელებული და პოპულარულია, ვიდრე Facebook
საქართველოში პირიქითაა, რასაც თავისი მიზეზები აქვს სოციალური მენტალობის თვალსაზრისით.
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის არმიამ დაბომბა ირანის არმიის პოზიციები სირიაში მას შემდეგ, რაც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 6 დაიჭრა სირიაში ამერიკის პოზიციებზე ირანული უპილოტო კამიკაძე აპარატის დარტყმის შედეგად.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ყოფილი სირიის რესპუბლიკის ტერიტორია რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი დე-ფაქტო:
ა) რუსეთის, სირიის (ანუ ბაშარ ალ ასადის არმიისა) და ირანული არმიის კონტროლირებადი ტერიტორია. ეს ტერიტორია უდიდესია დღეს
ბ) ჩრდილო სირია, იდლიბის რეგიონი, თურქეთთან საზღვარზე, სადაც თურქული არმისი პოზიციებია. იქ არიან გამაგრებული ანტიასადური ოპოზიციის ძალებიც
გ) ჩრდილო-აღმოსავლეთ სირია, ქურთებით დასახლებული (და ნავთობით ყველაზე მდიდარი) რაიონები, სადაც ამერიკული არმიაა დისლოცირებული.
ზუსტად არავინ იცის, ის დრონი ამერიკულ პოზიციებს `ა` სეგმენტიდან ესროლეს თუ უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან. ალბათ თვით ირანის ტერიტორიიდან, თუმცა ამერიკელებმა არა ირანის, არამედ სირიის ტერიტორიაზე გადაწყვიტეს საპასუხო დარტყმა.
როგორც წესი, ისინი ამ შემთხვევაში რუსებს აფრთხილებენ ხოლმე, რომ საავიაციო იერიშს რუსული ქვედანაყოფები განარიდონ.
დაახლოებით ასე იქცევა ისრაელიც, როცა სირიის ტერიტორიაზე მისი მოსისხლე, ეგზისტენციური მტრის, - ირანის პოზიციებს ბომბავს.
. . . . . . . . . . . . . . .
Silicon Valley Bank-ის გაკოტრებას და `საბანკო კრიზისს` ამერიკაში ნიშანდობლივი შედეგი მოჰყვა: ამერიკელები სულ უფრო ხშირად იყენებენ `ქეშს` ანუ ნაღდ ფულს ნაცვლად პლასტიკური სადებეტო ან საკრედიტო ბარათებისა.
ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგან პირდაპირ კორელირებს საბანკო სისტემისადმი ნდობის ეროზიასთან.
არადა `ქეში` ამერიკაში ათეულობით წელია თითქმის აღარ ბრუნავდა.
მახოვს ვაშინგტონში ერთხელ მთელი დილა ვცდილობდი 100 დოლარიანი დამეხურდავებინა მაღაზიებში (პლასტიკური ბარათი არ მქონდა) და გამყიდველები მეუბნებოდნენ: `რას ამბობ მაგდენი ქეში სად გვაქვსო`.