საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მაისი. 2024 წელი

ძალზე სახიფათოდ ვითარდება მოვლენები ტაივანის გარშემო. ჩინურმა არმიამ, რომელსაც ტოტალიტარული კომუნისტური ტრადიციით კვლავინდებურად ეწოდება „სახალხო-განმათავისუფლებელი არმია“ (ისე, საინტერესოა ჩინეთს ახლა ვისგან ათავისუფლებენ ან ტაივანს ვისგან ათავისუფლებენ - ტაივანელებისგან?!) დაიწყო უპრეცედენტოდ მასშტაბური სწავლებები კუნძულს ტაივანის გარშემო.

ხაზს ვუსვამ: გარშემო, ანუ არა მხოლოდ სრუტეში კონტინენტურ ჩინეთსა და კუნძულ ტაივანს შორის, არამედ ჩინურმა გემებმა (სულ 20 სამხედრო გემი მონაწილეობს) აღმოსავლეთიდანაც ალყა დაარტყეს ტაივანს.

თანაც, ჩინური არმის მეთაურობა აღარც მალავს, პირდაპირ ამბობენ დაუფარავად, რომ ამ სწავლებების მიზანია „დაამუშაონ ტაივანზე კონტროლის დამყარების სცენარი“ ანუ „პრობლემის“ ძალისმიერი გზით გადაჭრისთვის ემზადებიან.

უშუალო მიზეზი, თუ რატომ დაიწყო ახლა ჩინურმა არმიამ ასეთი მასშტაბური სწავლებები ჯერ უცნობია. შესაძლოა ეს ამერიკაში საარჩევნო კამპანიის გამწვავებაც იყოს. ანუ პეკინში იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონს ახლა „არ სცალია“.

თუმცა ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტს მუდამ „სცალია“ და წყნარი ოკეანის აუზში ზუსტად იმ მიზნითაა დისლოცირებული, რათა მოკავშირეები, შესაბამისად ამერიკის სამხედრო-სტრატეგიული ინტერესები დაიცვას.

ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტს, რომელიც დღემდე უფრო მძლავრია, ვიდრე მთელი ჩინური ფლოტი, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იმდენად არ აინტერესებს, რაიმე გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს: ტაივანი რომ ამერიკის მოკავშირეა და დასაცავია, ეს ორპარტიული კონსენსუსის თემაა ამერიკაში.

ჩინური „სწავლებების“ საბაბი კი უდავოდ გახდა ტაივანის ახლად არჩეული პრეზიდენტის Lai Ching-te- ინაუგურაცია.

საინაუგურაციო სფიჩში მან განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთისგან დამოუკიდებელია.

უფრო ზუსტად, გაიმეორა ტაივანელების ისტორიული ნარატივი გომინდანის (ანუ გასული საუკუნის 1940-იანი წლების) ეპოქიდან: სწორედ ჩვენ ვართ ნამდვილი ჩინეთი, ეს კომუნისტური მარაზმი კი დროებითი წარმონაქმნიაო.

Lai-ს საინაუგურაციო სიტყვის „ღერძულა იდეა“ ის იყო, რომ ტაივანი დემოკრატიაა და მსოფლიო დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი.

 

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: პეკინში, შანხაიში, სხვა ჩინურ ქალაქებში, მოედნებზე, ცათამბჯენებზე, უდიდეს ტელე-მონიტორებზე ჩინური არმიის სწავლებები პირდაპირ ეთერში გადაიცემა - პატრიოტული სულისკვეთების გასაძლიერებლად.

 არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ჩინელების 99% მხარს უჭერს სი ძინპინის პოლიტიკას ტაივანის მიმართ და ჩინელი ავტოკრატის ძალაუფლება მხოლოდ განმტკიცდება, თუ ტაივანის დაპყრობას შეძლებს ანუ „ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გრძელდება „დაჭერები“.

დააპატიმრეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალი შამარინი.

დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

პუტინის გარეშე ასეთი რაღაცეები და ხმაურიანი დაჭერები რუსეთში არ ხდება.

გამოდის, პუტინის დავალებით რუსული პროკურატურა „უახლოვდება“ თავდაცვის ექს-მინისტრ შოიგუს (ახლა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს) და გენშტაბის უფროს გერასიმოვს.

გენერალი შამარინი უკვე მეხუთე მაღალჩინოსანია რუსულ გენერალიტეტში, ვინც დააპატიმრეს ამ ბრალდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ უკრაინამ ფრთოსანი რაკეტებით შეუტია ყირიმს.

დაიღუპა ორი რუსი მაცხოვრებელი.

შეტევა განხორციელდა ფრანგული Scalp და ბრიტანული Storm shadow რაკეტებით.

საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ ყირიმში ფრანგულ და ბრიტანულ იარაღს ერთად XIX საუკუნის „ყირიმის ომის“ შემდეგ არ უმოქმედიათ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დავაკვირდეთ პუტინის ანტიდასავლური „ჰიბრიდული ომის“ ახალ ტექნოლოგიას. უფრორე ახალ გამოვლინებას:

გუშინ ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ და სასაზღვრო უწყებამ დაადასტურეს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო მდინარე ნარვაზე მოხსნეს 50-იდან 25 „საწყლო მარკერი“ ანუ ე.წ. Буи რომლითაც ხდებოდა მდინარის შუა წელზე გამავალი საზღვრის დემარკაცია.

ეს ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან მდინარე ნარვაზე საზღვარი ესტონეთსა და რუსეთს შორის ბოლომდე დელიმიტებული (ანუ ზუსტად განსაზღვრული, შეთანხმებული) არ არის, რაკი მოსკოვს იმედი ჰქონდა, რომ უარი დელიმიტაციაზე ხელს შეუშლიდა ესტონეთის NATO-ში გაწევრებას;

თუმცა ვერ შეუშალა ხელი.

რაც შეეხება „წყლის მარკერებით“ ანუ „მოტივტივე ნაკეთობებით“ (Буи) საზღვრის დემარკაციას, ეს მაინც ხდებოდა ორივე მხარის თანხმობით პროვოკაციების ან/და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

მით უმეტეს, რომ იქვეა ორი საკმაოდ დიდი ქალაქი: ესტონური ნარვა და რუსული ივანგოროდი.

ოღონდ ახლა, უკვე ორი-სამი დღეა, აშკარად პროვოკაციული მიზნით, რუსეთმა ამ მარკერების მოშლა დაიწყო, რათა პროვოკაციულად შეუღიტინოს - შეუჩხიკინოს NATO-ს წევრ ესტონეთს და ესტონეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საკმაოდ მძლავრ დაჯგუფებას, რომელიც ვალდებულია ამგვარ ინციდენტებზე ირეაგიროს.

კვლავ დავაკვირდეთ, რა ქვეწარმავლური ეშმაკობით მოქმედებენ რუსი პროვოკატორები: როდესაც NATO-ს სარდლობა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ეკითხებათ „რას სჩადიხართ, რატომ მოაშორეთ ეგ მარკერები რისთვის ემზადებითო“, რუსები თვალთმაქცურად პასუხობენ: „არა, არა, არაფრისთვის არ ვემზადებით, უბრალოდ.....მდინარემ მცირედ იცვალა კალაპოტი და.....ახლა ვსწავლობთ ახალი კალაპოტის ვექტორს, მის  კოორდინატებს რათა მარკერები უკვე ახალ ხაზზე დავაყენოთო“.

„უჩხიკინებენ“ სინამდვილეში და „მცირე პროვოკაციების“ ტექნოლოგიას მიმართავენ.

ბუნებრივია, ესტონურ მედიაში ეს ინციდენტი დიდი განხილვის საგანია, რადგან პატარა ესტონეთს აშინებს ამ ვეებერთელა დათვის მეზობლობა.

მით უმეტეს, როცა იქვეა ფსკოვის საჰაერო-სადესანტო რუსული დივიზია, რომელიც სამწუხაროდ, ბევრად, შეუდარებლად მრავალრიცხოვანია და ძლიერია, ვიდრე ესტონეთში დისლოცირებული რამდენიმე ათასი NATO-ელი სამხედრო.

რუსეთი იმედია ვერაფერს გაბედავს და თუ გაბედა, NATO-ს, ძირითადად, ავიაციითა და ფლოტით მოუწევს რეაგირება, სანამ დამატებით სახმელეთო ძალებს გადაისვრის.

20 წლის განმავლობაში, რაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი NATO-ს წევრები არიან, ვერა და ვერ მოხერხდა ბალტიის ქვეყნებში ნამდვილად მძლავრი სახმელეთო დაჯგუფების შექმნა.

იმიტომ, რომ ჯერ ერთი  „ძვირია“ და.....მეორეც,  სამწუხაროდ, დე-ფაქტოდ კვლავინდებურად მოქმედებს „პრიმაკოვის“ დოქტრინა, ანუ კლინტონ-ელცინის აქტი (ე.წ. „პარიზის აქტი“. 1997წ.), რომლითაც NATO-მ იკისრა ვალდებულება, არ განათავსოს არსებითი (! Substantial) სამხედრო ძალები ალიანსის წევრ ახალ სახელმწიფოებში: არც აღმოსავლეთ ევროპაში და არც ბალტიის ქვეყნებში.

არადა, ამ აქტმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებისთანავე დაკარგა იურიდიული ძალა, რადგან იმ დოკუმენტში, ამერიკული დიპლომატიის ძალისხმევით, მკაფიოდ ჩაიწერა: NATO-ს არა აქვს Reason ანუ მიზეზი, ასეთი ჯარები განალაგოს აღმოსავლეთით.

დიპლომატიური ენიდან თუ „გადმოვთარგმნით“ იგულისხმებოდა, რომ თუკი Reason გაუჩნდებოდა, უნდა განელაგებინა Significant forces.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსი მხატვრული მოციგურავე, ანაბელ მოროზოვა ამერიკის სახელით გამოვა ამიერიდან. ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

რა არ სცადა პუტინმა, რომ რუსი სპორტსმენების „გაქცევა“ არ დაეშვა, მაგრამ....საბოლოოდ მაინც გარბიან, რადგან დასავლური სანქციები, მათ შორის რუსებისთვის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა მაინც „მუშაობს“: მარტო ფული არ არის მნიშვნელოვანი ნამდვილი სპორტსმენისთვის. მთავარია „მონაწილეობა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გრძელდება მაღალმხატვრული „სპექტაკლი“ ე.წ. „აპპარტ ჰოტელების“ თემაზე ანუ სასტუმრო აპარტამენტებისა, რომლებიც რუსებს უნდა გადაეცეთ.

მოსკოვი კვლავინდებურად ცდილობს, აფხაზურ სეპარატისტულ ხელისუფლებას ეს კანონი მიაღებინოს.

აფხაზეთის „პრეზიდენტი“,  „მთავრობა“ ერთის მხრივ და ე.წ. „პარლამენტი“ მეორეს მხრივ კი „პინგ-პონგს“ თამაშობენ: ხან შეიტანენ ამ კანონს პარლამენტში, იქიდან დააბრუნებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მერე ისევ შეიტანენ, ისევ დააბრუნებენ, შესწორებებს შეიტანენ, დაამუშავებენ, ისევ შეიტანენ, ისევ დაიწუნებენ......და ა.შ

ახლა მორიგი რაუნდია: შეიტანეს პარლამენტში დამუშავებული ვარიანტი, რომლითაც „აპარტ-სასტუმროები“ გალის რაიონში აშენდება და რუსებს გალის რაიონში ჩამოასახლებენ, რაკი აფხაზებმა ვერა და ვერ მოახერხეს ამ რაიონის ათვისება, იქ მცხოვრები ქართველების გააფსუება ან აფხაზების მასობრივი ჩასახლება, მით უმეტეს თურქეთში მცხოვრები აფხაზების გადმოსახლება.

შესაბამისად, ახლა „კომპრომისს“ მოსკოვთან იმ მოდალობაში ეძებენ, რომ გალის რაიონი აითვისონ რუსებმა, ვინც „აპარტ-სასტუმროებს“ დაეუფლება.

თანაც იგულისხმება ბინების აშენება რუსული ფულით. მაგრამ აფხაზ სეპარატისტთა მთავარი იდეოლოგები ამის წინააღმდეგაც კი არიან.

დიდი ისტერიკაა ამაზე: „გალი რა, აფხაზეთი არ არისო?!  - იქ თუ 60 000 რუსი დასახლდა, ეს იქნება სახელმწიფო-სახელმწიფოში და აფხაზეთი დამოუკიდებლობას დაკარგავსო.

„პრეზიდენტი ბჟანია“ კი ცდილობს დაამშვიდოს ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზობა: „ისინი ხომ რუსეთის მოქალაქეები იქნებიან და არა აფხაზეთისო“. თუმცა ამაზე პასუხობენ: „ეგრე ჩვენც ხომ ყველანი რუსეთის მოქალაქეები ვართო“