საერთაშორისო მიმოხილვა. 24 აპრილი. 2024 წელი
ლონდონის მოლაპარაკება უკრაინის, ამერიკის და ევროპის ზესახელმწიფოთა (საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია) მონაწილეობით ჩაიშალა, რადგან აშშ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უარი განაცხადა ლონდონში ჩასვლაზე მას შემდეგ რაც რამდენიმე საათით ადრე ზელენსკიმ თქვა; „ყირიმის „რუსულად“ აღიარება უკრაინული კონსტიტუციის მიღმა იქნებოდა და გამორიცხულიაო“.
ეს ამბავი ფართოდ გაშუქდა მთელს მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ იმ ნიუანსებს, რაც შედარებით ნაკლებად განიხილებოდა ანალიზისას:
ა) ზემოხსენებულ ევროპულ ზესახელმწიფოებს (ანუ გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს) აზრადაც არ მოსვლიათ შეკრებილიყვნენ უკრაინის თემაზე ამერიკის გარეშე.
ანუ..... თეორიულად ხომ იყო თითქოს შესაძლებელი, ისინი „მაინც“ წასულიყვნენ ლონდონში. მით უმეტეს, რომ პარიზს, ბერლინს და თვით UK-ს ამერიკისგან აშკარად განსხვავებული ხედვა აქვთ უკრაინული კონფლიქტის დასრულების თვალსაზრისით?!
მაგრამ არა - რაკი სახმდივანი რუბიო არ ჩადიოდა, თვითონაც გადაწყვიტეს არ ჩასულიყვნენ.
ლაპარაკია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
ეს რაზე მეტყველებს? აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ გაბედეს (!) ამერიკის გარეშე შეკრება, რაკი რუბიოს უარის შემდეგ ეს მსოფლიოში იქნებოდა აღქმული როგორც დიპლომატიური დემარში ვაშინგტონის წინააღმდეგ, რაც დონალდ ტრამპს კიდევ უფრო მეტად გააბრაზებდა.
ევროპა აშკარად არ არის მზად ამგვარი მწავვე დემარშებისთვის ამერიკის მიმართ. დღესაც კი ეს „მეტისმეტად“ მიაჩნიათ ევროპულ დედაქალაქებში
ანუ ევროპა მეტი...„რიდით“ ეკიდება ამერიკასთან ურთიერთობას, ვიდრე „ტრაპის ამერიკა“ - ევროპასთან ურთიერთობებს.
ბ) მეორე საგულისხმო მომენტი კი ის არის, რომ ტრამპის გუნდმა გამოაქვეყნა ძირითადი „სამშვიდობო“ ინიციატივა და მოთხოვნა (!) კიევისადმი.
ფორმულა დაახლოებით ასეთია: „ჩვენ არ მოვითხოვთ, უკრაინამ ცნოს ყირიმი რუსულად, რაკი ასე ძალიან არ გინდათ და კონსტიტუციაც გიკრძალავთ. მაგრამ ჩვენი წინადადებაა, დაეთანხმოთ იმას, რომ ამერიკამ ცნოს (!) ყირიმი რუსეთის ნაწილად.“
კიევი ჯერ-ჯერობით ამასაც არ თანხმდება: როგორ უნდა დაეთანხმოს ან როგორ არ უნდა დაგმოს, თუკი უკრაინული კონსტიტუციით ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და პუტინს კიევი ანექსია-ოკუპაციაში ადანაშაულებს?
თანაც აქ ლაპარაკია არა „დე-ფაქტო“ აღიარებაზე (როგორც დონბასისა) არამედ სწორედაც „დე-იურედ“ აღიარებაზე, რაც საშუალებას მისცემს პუტინს „სამუდამოდ დახუროს“ ეს ქეისი.
და რა იღონოს ამ შემთევვაში უკრაინამ? დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს ამერიკასთან და ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვიოს?
ტრამპის მოტივაცია აქ იოლად ასახსნელია: ტრამპს სურს თავად შეასრულოს პირობა ომის დასრულების შესახებ და აპირებს კომპრომისი ისე „შეუფუთოს პუტინს“, რომ კრემლის ბინადარს ჰქონდეს ქვეყნის შიგნით (!) „სათქმელი“: „კიევი ვერ დავიპყარი, დნეპრიც კი ვერ დავიპყარი, ვერც ოდესა დავიპყარი, მაგრამ......შავი ზღვის მარგალიტი, ყირიმი ხომ კვლავ რუსულია, თანაც ამერიკამ ეს აღიარაო“.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული 1954 წელს სსრკ-ს ავტოკრატმა მმართველმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას: იმ დროს რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარი არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრები;
მოსკოვს ერჩივნა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში ყოფილიყო, რაკი ეჩვენებოდა, რომ ასე უფრო იოლად ადმინისტრირებადი გახდებოდა.
მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას (РСФСР) ანუ საბჭოთა რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო საზღვარი არ არსებობდა.
„ყირიმის ხიდი“ კი სტალინმაც ვერ ააშენა.
იმ დროს მსოფლიოში მხოლოდ ამერიკას გააჩნდა შესაბამისი ტექნოლოგიები, ხოლო ვაშინგტონმა სტალინს უარი უთხრა.
ახლა ააშენა ეს ხიდი მოსკოვმა - ჩინეთმა გადასცა შესაბამისი ტექნოლოგიები მოსკოვს დიდი ხიდის ასაგებად.
თუ ყოველივე ისე დასრულდა, როგორც „ტრამპის გეგმა“ მოითხოვს, ანუ ცეცხლი შეწყდება დონბასის ხაზზე, ამერიკამ აღიარა ყირიმი რუსულად და კიევმა ეს მწვავედ არ გააპროტესტა, პუტინი მის „პროგრამა- მინიმუმს“ შეასრულებს;
პუტინის „მინიმალური“ მიზანი იყო ყირიმთან სახმელეთო დერეფნის გაჭრა და ამ დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხიდით მომარაგება მეტისმეტად ძვირი ჯდებოდა და რუსული ბიუჯეტი ამას დიდხანს ვერ „ასწევდა“.
ამერიკულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული (თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა და ტრამპი ჯერ-ჯერობით ამას ვერ ბედავს) უახლოეს დღეებში....... დონალდ ტრამპმა, მიუხედავად ზელენსკის უარისა, ხელი მოაწეროს ბრძანებულებას ყირიმში 2014 წელს ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმის“ აღიარების შესახებ.
ის რეფერენდუმი პუტინმა ჩაატარა რუსული ჯარების მეთვალყურეობით მას შემდეგ, რაც ყირიმი დამატებითი სამხედრო ნაწილებით გაავსო.
თუმცა თავს ნუ მოვიტყუებთ: რასაკვირველია, ყირიმის რუსული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრე იყო. გარდა ყირიმელი თათრების და ეთნიკური უკრაინელებისა.
მაგრამ....ამ ლოგიკით, ჰიტლერის მიერ ჩეხო-სლოვაკიის „სუდეტის ოლქში“ (სუდეტერლენდ) 1938 წელს ჩატარებული რეფერენდუმიც „ლეგიტიმური“ გამოდის.
იმასაც შეგახსენებთ, რომ რუსები, ვინც დღეს ყირიმში ცხოვრობს, სტალინმა და ბერიამ ჩაასახლეს იქ ყირიმელი თათრების ციმბირში გასახლების შემდეგ (1944წ). ამ უკანასკნელთ გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმი დააბრალეს. მანამდე ყირიმში თათრები იუყვენ უმრავლესობა და არა რუსები.
თუ საერთოდ არაფერი არ მოხდა, ზავი არ დაიდო და ომი ჩვეულებრივად გაგრძელდება, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკა „პროცესიდან გავა“ ანუ „ხელს დაიბანს“.
ოღონდ.......საკვანძო საკითხი ისაა, გააგრძელებს თუ არა ამერიკა ამის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ევროპა მაინც გააგრძელებს: ამერიკამ რომც ცნოს ყირიმი „რუსულად“.......და თვითონ უკრაინამაც კი რომ ცნოს ყირიმი რუსულად (რაც გამორიცხულია) ......ევროპა მაინც არ ცნობს!!
რადგან ეს იქნება გამანადგურებელი პრეცედენტი ევროპისთვის.
სხვათა შორის, დიპლომატიური მოლაპარაკება რომ ჩაიშალა „საგარეოთა“ ხელმძღვანელების დონეზე, არ ნიშნავს, რომ შეხვედრა საერთოდ არ გამართულა ლონდონში უკრაინის თემაზე.
მაინც გაიმართა „ტექნიკური კონსულტაციები“ და მასში უკრაინის მხრიდან მონაწილეობდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი (ზე-ს მარჯვენა ხელი და ბევრ უკრაინელ მინისტრზე ასჯერ გავლენიანი ფიგურა) ხოლო ამერიკის მხრიდან - ტრამპის კიდევ ერთი სპეც-წარმომადგენელი კელოგი.
ოღონდ ეს შეხვედრა სრულიად საიდუმლო იყო. ჟურნალისტებს ადგილიც კი არ გაუმხილეს - თუ სად იმართებოდა.
ზელენსკიმ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი და მიანიშნა, რომ მხარეებმა აშშ წარმომადგენელი კელოგი შეძლებისდაგვარად „დატუქსეს“.
ოღონდ „შეძლებისდაგვარად“ და „დახურულ კარს მიღმა“.
რეალურად რას აპირებს ტრამპი, არავინ იცის. შესაძლოა ჯერ თავად არ იცოდეს, მაგრამ თუ გამართლდა ეს პროგნოზი და ინფორმაცია, თითქოს (ღმერთმა ნუ ქნას) ცალმხრივად აპირებს ყირიმის „რუსულობის„ აღიარებას 2014 წლის რეფერენდუმის დემაგოგიური „დალინკვითა“ და „დამოწმებით“ ეს იქნება კატასტროფა!
როგორც ჩანს, ზელენსკის ამის შესახებ უკვე შეატყობინეს.
ამიტომ მან შეახსენა ტრამპს, რომ იმის პირველი პრეზიდენტობის დროს, 2018 წელს, მისმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ სპეციალური დეკლარაციით გამორიცხა ყირიმის ე.წ. „რეფერენდუმის“ აღიარება.
დღევანდელ კატასტროფულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ისიც კი, რომ უკრაინამ ოფიციალურად უარი თქვას NATO-ს წევრობაზე, ნაკლებ არსებითად ითვლება.
ბოლოს და ბოლოს, იქნება უკრაინა ალიანსის ნამდვილი, სრულუფლებიანი, ოფიციალური წევრი თუ არ იქნება, მისი უსაფრთხოება მაინც ევრო-ამერიკის ნებაზეა დამოკიდებული უფრორე, ვიდრე რაიმე ფორმალურ სტატუსზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
The Trade war:
ევროკავშირმა ამერიკული გიგანტები Meta (Facebook და ა.შ.) ასევე Apple 700 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ესაა ბრიუსელის აქცია US-EU სავაჭრო ომის ფარგლებში. თუმცა ფორმალურ საბაბად გამოყენებულია ევროპული კანონმდებლობა „ციფრული ბაზრების დაცვის“ შესახებ რაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ინტერპრეტაციაა ერთგვარი.
ამ 700 მილიონიდან 500 მილიონი უნდა გადაიხადოს Apple-მა რაკი მომხმარებლებს არ აძლევდა საშუალებას Apple-store ის გარდა სხვა საშუალებებით ესარგებლა სერვისთა შესაძენად და თანხის გადასახდელად;
ხოლო Meta-ს ისტორია კიდევ უფრო საინტერესოა: 200 მილიონი უნდა გადაიხადოს იმის გამო, რომ მომხმარებლებს სთავაზობდა არჩევანს: ან გადაიხდი სხვადასხვა სერვისით სარგებლობისთვის, ან დაეთანხმები პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ანუ თუ ანონიომურობა ერჩივნა, მომხმარებელს ფული უნდა გადაეხადა.
ეს შეზღუდვა ცუკერბერგმა შემოიღო მას შემდეგ, რაც 2016 წლის არჩევნებისას უამრავი ტროლ-ბოტი შემოესია „ფეისბუკს“ (დიდწილად რუსი რასაკვირველია - პრიგოჟინის არმიიდან) და სწორედაც ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდნენ;
იმ დროს კრემლი უპირატესად ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ მუშაობდა.
პუტინმა „ფსონი“ თავიდანვე ტრამოპზე დადო, როგორც „ამრევზე“ და, სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, არც შეცდა.