საერთაშორისო მიმოხილვა. 24 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 აპრილი. 2023 წელი

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ `არუაა` აფხაზეთის პრეზიდენტ ბჟანიასადმი მუქარის წერილი გამოაქვეყნა იმის გამო, რომ აფხაზეთის ე.წ. `მთავრობამ` გამოსცა განკარგულება `საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაციის` შესახებ, ხოლო ენგურის ხიდთან რამდენიმე `დუთი - ფრი` გაიხსნა, სადაც საქართველოდან შეტანილი პროდუქცია იყიდება.

`არუაა` იმუქრება, რომ მიტინგებს გამართავს, თუ აფხაზეთის ხელისუფლება `მტრულ სახელმწიფოსთან ვაჭრობას არ გადაიფიქრებს`

რეალურად ვაჭრობის გადაწყვეტილება აფხაზი სეპარატისტებისთვის იძულებითი ნაბიჯია, რადგან რუსეთი თანდათანობით `უჭერს ხელს` ყველანაირ დახმარებას და ცდილობს აფხაზეთი `დიდი სოჭის` ჩვეულებრივ გაგრძელებად აქციოს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ აზერბაიჯანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მთიანი ყარაბაღის საბოლოო დაბრუნებისკენ: აზერბაიჯანული `ბლოკ-პოსტი` განთავსდა ე.წ. ლაჩინის დერეფნის დასაწყისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

`ლაჩინის გზა` - ერთადერთი კომუნიკაციაა, რომელიც მთიან ყარაბაღს აკავშირებს სომეხთთან.

2020 წლის 9 ნოემბერს, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს (პუტინის შუამავლობით) შეთანხმებას `ცეცხლის შეწყვეტის` შესახებ. ამ დოკუმენტით აზერბაიჯანმა `გაიფორმა` სამხედრო გამარჯვება. მაგრამ შეთანხმება არ აძლევდა მას უფლებას, გადაეკეტა ლაჩინის დერეფანი.

ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლოებამ ჯერ ეკოლოგიური აქტივისტებით გადაკეტა დერეფანი, ახლა კი უკვე შეიარაღებული ბლოკ-პოსტი განათავსა ლაჩინის დერეფანში, რითაც ფაქტიურად მოწყვიტა ყარაბაღი - სომეხთს.

აზერბაიჯანი ამ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, რომ არ ჰქონდეს ფარული `მწვანე შუქი` მოსკოვისგან.

პუტინი ძალიან გაბრაზებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე იმის გამო, რომ მას ევროკავშირის დამკვირვებლები შემოჰყავს რეგიონში. და ზოგადად, ფაშინიანის სომხეთი არ არის კრემლისადმი ისე ლოიალური, როგორც ადრე.

გარდა ამისა, ახლა პუტინი ჩაფლულია უკრაინის ომში და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესმის: აქვს `შესაძლებლობათა ფანჯარა`, რომელიც დაიხურება, თუ უკრაინის ომი ასე თუ ისე დასრულდა.

ბუნებრივია, პუტინი დიდ ანგარიშს უწევს თურქეთს და მის პრეზიდენტ ერდოღანს.

თუ `ლაჩინის დერეფანი` არ გაიხსნა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები რეგიონს დატოვებენ და რეგიონის ცენტრალურ ქალაქ ხანკენდიში (სტეპანაკერტი) აზერბაიჯანული დროშა აღიმართება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი განცხადება გააკეთა ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიემ.

მისი თქმით, ყირიმი მუდამ რუსეთი იყო და სსრკ მმართველმა ნიკიტა ხრუშჩოვმა იგი უკანონოდ გადასცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას.

მაგრამ ელჩი ამითაც არ შემოიფარგლა, უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ 1991 წელს, `არ არიან სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, - მათი სუვერენიტეტის საკითხი გაურკვეველია, რადგან არ არსებობს კონკრეტული საერთაშორისო ხელშეკრულება ამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის გასამყარებლად`.

გამოდის არც საქართველოს არც უკრაინას და არც ყაზახეთს ჩინეთის ელჩი სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ სცნობს?

ეს არის არა მხოლოდ პირდაპირი `მწვანე შუქი` რუსეთისთვის, რათა მან დაიპყროს სრულად უკრაინა, არამედ ჩინეთის მეზობელ ყაზახეთსაც და სხვა მეზობლებსაც გაუჩნდებათ კითხვები, რას უპირებს ჩინეთი მათ - ხომ არ უპირებს გადაყლაპვას, სანამ რუსეთი უკრაინას იპყრობს?!

ევროკავშირის `საგარეომ` - ჟოზეფ ბორელმა - უკვე მოუწოდა საფრანგეთს, გააძევოს ჩინეთის ელჩი ქვეყნიდან.

თუმცა მისი გაძევება არც ისე იოლია, რადგან საფრანგეთის პრეზიენტი ემანუელ მაკრონი სულ ახლახანს იმყოფებოდა ჩინეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით, ხოლო ელჩის გაძევება ფაქტიურად ომისწინა დემარშია.

პეკინი ჯერ არ ჩქარობს თავისი ელჩის მავნებლური განცხადების დეზავუირებას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დორა დურომ განაცხადა, რომ უკრაინა, თურმე, NATO-ს წევრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც......რუსეთი განაცხადებს ამაზე თანხმობასო.

დურო უნგრეთის მმართველის, ვიქტორ ორბანის ინეტრესებს გამოხატავს და მის სათქმელს ამბობს.

ორი დღით ადრე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტიოლტენბერგმა თქვა, რომ `ყველა მოკავშირე შეთანხმდა: უკრაინა აუცილებალდ გახდება ნატოს წევრიო`.

ამაზე ვიქტორ ორბანმა `თუითერზე` დაწერა: `რაო?`(What?)

ანუ არც არაფერზე შევთანხმებულვართო.

არადა სტოლტენბერგი აშკარად გულისხმობდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, სადაც მოკავშირეებმა თქვეს, რეზოლუციაშიც ჩაწერეს:  საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთში ფაქტიურად ყაზარმული რეჟიმის დამყარებამ ის შედეგი გამოიღო, რომ აღორძინდა დიდი ხნის წინ მივიწყებული `დონოსების` ანუ დაბეზღების და ანონომური წერილების, ე.წ. `ანონიმკების` ტრადიცია.

სტალინის დროსაც და სტალინის შემდეგაც მილიონობით `დანოს/ანონიმკა` იწერებოდა `ხალხის მტრებზე` და მოღალატეებზე.

ახლა რუსები წერენ `როსკომნადზორში` და აბეზღებენ ყველას, ვისაც` საეჭვო` პოზიცია აქვს უკრაინის ომთან დაკავშირებით - მეზობლებს, თანამშრომლებს, ფეისბუკ/ფრენდებს და ა.შ.

რუსეთი საბოლოოდ დაბრუნდა წარსულში. ყველა თვალსაზრისით.

პირველ რიგში სოციალური მენტალობის მხრივ.

როგორც ჩანს, იქედან ხეირიანად არც გამოსულა თუნდაც ელცინის ეპოქაში, როცა `რუსული ფსევდოდემოკარტია` დამყარდა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 

`შეტევაზე გადავალთ მაშინ, როცა დასავლეთი საკმარის იარაღს მოგვაწვდის` - ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მომავალი შეტევისა და ამჟამად შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას.

უკრაინა იღებს იარაღს დასავლეთისგან, მაგრამ მას ყველაზე მეტად სჭირდება მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია.

გარდა ამისა, შეტევას, კლასიკური სამხედრო ხელოვნების თანახმად, ესაჭიროება მტერზე სამჯერ მეტი უპირატესობა.

ანუ სამჯერ მეტი უპირატესობა ფრონტის კონკრეტულ `გასარღვევ` მონაკვეთზე როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე საბრძოლო ტექნიკაში.

ამერიკული და გერმანული ტანკები თანდათან ჩადის უკრაინაში; თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ საბრძოლო ტექნიკის გამოყენება უამრავ ლოგისტიკურ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.

გარდა ამისა, მათი რთული კომპიუტერული სისტემების გამოყენება მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ, ხოლო სამხედრო სპეციალისტთა მომზადებას და გაწვრთნას დრო სჭირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაბომბავს რუსეთის ტერიტორიას ან არმიით შეიჭრება რუსეთის ტერიტორიაზე რათა გადაუჭრას მტერს კომუნიკაციები `ეს სრულიად მისაღები ქმედება იქნება`, ოღონდ უკრაინამ რუსეთის ქალაქები არ დაბომბოსო.

გერმანიის (!) თავდაცვის მინისტრის ეს ისტორიული განცხადება რუსეთში ნამდვილი ისტერიკის მიზეზი გახდა და რუსული` საგარეოს` სფოუქსპერსონმა, მარია ზახაროვამ გერმანელ მინისტრს ურჩია: კარგად დაიმახსოვრე ეს შენი განცხადებაო`.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის არმია არ დათმობს ბახმუტს, რომელსაც რუსები კრამატორსკს უწოდებენ და სადაც უკვე რამდენიმე თვეა სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის არმიასა და ოლიგარქ პრიგოჟინის `ვაგნერს` შორის.

ზელენსკიმ არ დამალა, რომ ბევრი სამხედრო სპეციალისტი მას სთავაზობს დათმოს ბახმუტი, გამოიყვანოს ჯარები, თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინა მცირე საბაბსაც არ მისცემს რუსეთს, ამ პლაცდარმიდან დაემუქროს უკრაინის სხვა ტერიტორიებს: კრამატორსკსა და სლავიანსკს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკელ რესპუბლიკელთა 70% მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ნომინირებას პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წლის საპერზიდენტო არჩევნებზე.

ასეთია ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული სოციოლოგიური სამსახურების კვლევათა შედეგი.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Great old party-ს ანუ ამერიკის დიად ძველ პარტიას (რესპუბლიკელებს) არ სურს თავი დაიზიანოს, იგი იძულებულია მიჰყვეს საკუთარ ამომრჩეველთა ნებას.

აქვე გავითვალსიწინოთ, რომ ამერიკის პარტიული და საარჩევნო სისტემები ისეთნაირადაა მოწყობილი, პარტიულ ისტებლიშმენტს ფორმალურად შეუძლია დააიგნოროს რიგით წევრთა მისწრაფებები და ათასი პროცედურული ხრიკით თუ ინტრიგით დაბლოკოს `სახალხო კანდიდატი`.

მაგრამ რა `რეზონი`, რა აზრი აქვს ახლა რესპუბლიკელებისთვის ამის გაკეთებას?

მხოლოდ ის, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული?

მერედა ეს ხომ არ ცვლის მისდამი დამოკიდებულებას მასაში?

როგორც ჩანს, ამერიკაში მართლა იქმნება სიტუაცია, რომ თუ დონალდ ტრამპს არჩევნებამდე დააპატიმრებენ (ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც) ბევრი `ბობოლა რესპუბლიკელი` შვებით ამოისუნთქებს.

ოღონდ ფარულად.

ღიად იტყვიან: `ჩვენი დონალდი დემოკრატებმა მოიშორეს, როგორც სახიფათო კონკურენტიო`.

მიზეზი მარტივია: დონალდ ტრამპი მხოლოდ დემოკრატიულ პარტიას კი არ დაუპირისპირდა პოლიტიკაში მოსვლით, არამედ მთელ ამერიკულ ისტებლიშმენტს და ამ ქევყანაში საუკუნეობით ჩამოყალიბებულ `თამაშის წესებს`

მათ შორის ბევრ `მეგანარატივსა` და სტილს.