საერთაშორისო მიმოხილვა. 23 სექტემბერი 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 სექტემბერი 2021 წელი.

 

ის, რაც მნიშვნელოვანია here and now

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში თანდათან ძლიერდება და სულ უფრო მრისხანე ხდება მორიგი სკანდალი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტ ტრამპს.

ტრამპის პრეზიდენტობა უკვე შევიდა ამერიკის 200 წლოვან ისტორიაში, როგორც აბსოლუტურად უპრეცედენტო ბევრი თვალსაზრისით.

ახალი სკანდალი ბევრად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკული დემოკარტიისათვის (ანუ მთელი მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ძლიერი და სტაბილური ამერიკა გვჭირდება-დ.) ვიდრე ისეთი ადრე `აფეთქებული` სკანდალები, როგორიც იყო პრეზიდენტ კლინტონის ადიულტერი თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკისთან;  ან თუნდაც 1970-იანი წლების სკანდალი, როცა გაირკვა, რომ პრეზიდენტ ნიქსონის ბრძანებით, მისი დაცვა ფარულად უსმენდა დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას. ამის გამო ნიქსონი გადადგა და კინაღამ ციხეზე მოხვდა:  მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯერარდ ფორდმა შეიწყალა გაპრეზიდენტების შემდეგ თორემ.......

იმ სკანდალს ეწოდებოდა `უოთერგეითი` (სასტუმროს სახელით, სადაც დემოკრატთა შტაბ-ბინა იყო და სადაც დაამონტაჟეს მოსასმენი აპარატურა), ხოლო იმ ამბის `გახეთქვაში` გადამწყვეტი როლი შეასრულა ჟურნალისტმა ბობ ვუდვორდმა.

ახლა იგივე ვუვდორდი აგორებს ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას: ირკვევა, რომ პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში (ნოემბრის არჩევნების შემდეგ), ესე იგი ბაიდენის იანვრის ინაუგურაციამდე (ჯერ კიდევ) პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა გამოეყენებინა ძალისმიერი სტრუქტურები, რათა ჩაეშალა ბაიდენის იანვრის ინაუგურაცია!

ამას აკეთებდა არა უბრალოდ `გაყალბებაზე` ლაპარაკით, არამედ კონკრეტულ ბიუროკრატებზე ზეწოლით. მათ შორის (ვიმეორებ) ძალისმიერ სტრუქტურებში.

ეს თუ დადასტურდა (ძნელი დასამტკიცებელია, თუმცა მაინც) ტრამპს ციხე არ ასცდება, თუმცა რესპუბლიკელები აქტიურად დაიცავენ.

ვუდვორდმა გაარკვია, რომ სწორედ ტრამპის ამ მცდელობამ აიძულა ამერიკის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბი, გადაედგა აბსოლუტურად გაუგონარი, უკანონო ნაბიჯი და უმაღლესი მხედართმთავრისაგან, ესე იგი ტრამპისგან მალულად შეეცვალა `ბირთვული კოდები`.

როგორც იცით, პრეზიდენტს მუდამ თან დაჰყვება (ღამითაც მის საძინებელთან ზის) ოფიცერი ე.წ. `ბირთვული პორტფელით`, რისი მეშვეობითაც პრეზიდენტს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

სწორედ ეს კოდები შეუცვალეს ტრამპს მალულად - `ვერ არის საღ ჭკუაზე და რამე არ ჩაიდინოსო`......

ამის მერე აშშ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა  მარკ მილიმ (მისი თანამდებობის ოფიციალური სახელწოდებაა ``აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის მეთაური``Joint Chiefs of Staff ) დაურეკა ჩინელმ ასევე რუს კოლეგას და ამის შესახებ აცნობა.

გენერალი მილიც  შეიძლება დაიჭირონ ამის გამო.

ჩინელებს და რუსებს აცნობა იმიტომ, რომ ბირთვულ იარაღზე კონტროლის შესახებ შეთანხმებები, რაც ამერიკას გაფორმებული აქვს ამ ორ ბირთვულ სახელმწიფოსთან (ჩინეთთან და რუსეთთან) ავალდებულებს მხარეებს ერთმანეთს დაუყოვნებლივ აცნობონ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ბირთვული იარაღის მართვის სისტემაში. პირდაპირ ასე წერია ხელშეკრულებაში და ამ წესის დარღვევა გამორიცხულია. .

სკანდალი მხოლოდ ახლა იწყებს `აგორებას` და 2022 კონგრესის შუალედურ არჩევნებზე დიდ ზეგავლენას მოახდენს უეჭველად.

საპასუხოდ, ამერიკელი რესპუბლიკელები `აგორებენ` სკანდალს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მოწინააღმდეგის, ჰილარი კლინტონის მიმართ, თითქოსდა მან შეცდომაში შეიყვანა კონგრესის კომისია იმ არჩევნებში პუტინის ჩარევის შესახებ.

პუტინი უმეტესწილად ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა 2016 წლის არჩევნებში. თუმცაღა, საერთოდ, ის მოქმედებს ერთი უხიაგი ქართული ჟარგონული ტერმინით `ამერიკელებს დაგიჭამიათ ერთმანეთი`.

იმედია ამ სკანდალებს, რასაც (უკვე ცხადია) `დემოკრატიის სისუსტედ` აღიქვამს და იყენებს ამერიკის ყველა მტერი, აშშ-ს  სერიოზული დასუსტება და საგარეო ასპარეზზე პასიურობა არ მოჰყვება.

თუ მაინც ასე მოხდა, მსოფლიოს საშინელი ქაოსი და ძალმომრეობა ელის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ იგივე გენერალი მილი ჰელსინკიში (!) შეხვდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს.

ფინეთში ეს შეხვედრა იმიტომ გაიმართა, რომ ფინეთი ტრადიციულად განიხილება როგორც ნეიტრალური ტერიტორია რუსეთსა და აშშ-ს შორის.......სამხედრო თვალსაზრისით.

როგორც ცნობილია ფინეთი არ არის NATO-ს წევრი და არც აპირებს შევიდეს ალიანსში

2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, ასევე ფინეთში შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და ფინეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალურ შტაბთა იმდროინდელი უფროსები.

ეს გუშინდელი შეხვედრაც ადასტურებს, რამდენად დაძაბულია ვითარება მსოფლიოში, მათ შორის ევროპულ კონტინენტზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაეროს გენერალურ ასსამბლეაზე გამოსვლისას, ძალიან მაგრად `დაარტყა` გაეროს, როგორც ინსტიტუტს. მას `მოძველებული` და `დონდლო` უწოდა იმის გამო, რომ ყირიმისა და დონბასის ანექსიაზე არ  რეაგირებს. და იმ ინიციატივაშიც არ იღებს მონაწილეობას, რომელიც კიევმა წამოიწყო და `ყირიმის პლატფორმა` ეწოდება.

უკრაინელები ამ `პლატფორმას` ისეთ დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ ღარიბაშვილიც კი, მიუხედავად მიშასადმი შიშისა, იძულებული გახდა კიევში გაფრენილიყო მონაწილეობის მისაღებად.

``გაერო``  უკრაინულ პლატფორმაში არ მონაწილეობს.

ზელესნკიმ ძალიან კარგად იცის რა არის მიზეზი: მეორე მსოფლიო ომის მიწურულს რუზველტმა, სტალინმა და ჩერჩილმა `გაერო` ისეთი კონფიგურაციით შექმნეს, რომ რამდენიმე სახელმწიფოს (დღეს არიან რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი) აქვთ ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოში, რომელიც მსოფლიოს მართვის უმაღლესი ორგანოა. ამიტომ გაეროს ადმინისტრაცია ვერც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დე-ფაქტო ვერ მიიღებს ამ `ხუთეულთან` შეთანხმების გარეშე. ხოლო მოსკოვი `ყირიმის პლატფორმაში` გაეროს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობის წინააღმდეგი იქნებოდა.

ზელენსკიმ ფაქტიურად ამ ელიტური კლუბისა და `ვეტოს` უფლების გაუქმება მოითხოვა. ასევე გენერალური ასსამბლეების ჩატარება არა მხოლოდ ნიუ იორკში, არამედ სხვადასხვა დროს ხუთივე კონტინენტზე.

გაეროს რეფორმირებას რუსეთი და ჩინეთი სასტიკად ეწინააღმდეგებიან ტრადიციულად;

არადა ეს ერთადერთი საერთაშორისო-სამართლებრივი  საშუალებაა მოსკოვის აგრესიის შესაკავებლად მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ.

თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ამერიკას ძალიან მოსწონს ვეტოს გაუქმების იდეა. ამ `ვეტომ` რამდენჯერმე გადაარჩინა ისრაელი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ერდოღანმა გაერო-ს ტრიბუნიდან (!) განაცხადა: `თურქეთი არ სცნობს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ`.

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთ-თურქეთის ალიანსი არის დროებითი და სიტუაციური.

სტრატეგიულად ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მეგობარი ვერანაირად ვერ იქნება: მეტისმეტად დიდია მათი ინტერესების `ჯახი` სირიაში, კვიპროსზე, აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში და ცენტრალურ აზიაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან ცუდი ამბავი მწიფდება პოლონეთში: ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ, გადაწყვეტილების რვაჯერ გადადების შემდეგ, შესაძლოა ბოლოს და ბოლოს გამოიტანოს ვერდიქტი LGBTQ+ ქეისზე.

საქმე ის გახლავთ, რომ პოლონეთის რამდენიმე რეგიონში ადგილობრივმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა მიიღეს კანონები, რომლითაც ისინი ზღუდავენ სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს.

თუ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში ამ გადაწყვეტილებებს არ გააუქმებს, ეს იქნება ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროსასამართლოს განაჩენთა დარღვევა. პოლონეთს ბრიუსელი დააკისრებს უდიდეს ჯარიმებს, შეუწყვეტს დახმარებებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთში იმ პროვოკატორებს, რომლებიც ევროკავშირიდან გასვლას მოითხოვენ.

რა თქმა უნდა, ამ საქმეში რუსეთის ხელი ურევია. მოსკოვი ამ თემას აქტიურად იყენებს მუდამ. ანუ იყენებს შავრაზმელებს და მათ იდეოლოგიას - ისევე, როგორც გამოიყენა საქართველოში ივლისის მოვლენების დროს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთის ავტორიტარი მმართველი სი ზინ პინი აცხადებს: `2050 წელს ჩინეთი ჩაანაცვლებს ამერიკას, როგორც ერთადერთი პლანეტარული ზესახელმწიფო და ამის მთავარი ნიშანი ის იქნება, რომ ჩინეთის ნაკრები მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში`.

ბევრს გაეცინება, თუმცა, ჩემი აზრით, სასაცილო სულაც არ არის.

ან `აღარ` არის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დათო