საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მაისი. 2024 წელი

ქალბატონმა ნიკი ჰეილიმ (აშშ ყოფილი ელჩი გაეროში და „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი პრეზიდენტობისა) გუშინ განაცხადა, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცემს ხმას!

 ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თითქმის სენსაციური ამბავია რამდენიმე მიზეზის გამო:

 

ა) ნიკი ჰეილი დონალდის „რესპუბლიკელ ალერნატივად“ განიხილებოდა და უმწვავესად აკრიტიკებდა მას რესპუბლიკური პრაიმერიზებისა თუ  „კოკუსების“ დროს

 

ბ) ჰეილიმ ეს განაცხადა იმ კითხვაზე პასუხად, თუ, მისი აზრით, ვინ იქნებოდა უკეთესი პრეზიდენტი: ბაიდენი თუ ტრამპი. არადა ამერიკელი სოციოლოგები იმ ფანტასტიკურ ვარაუდსაც კი გამოთქვამდნენ, რომ თუ ჰეილი, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, „დემოკრატებიდან“ იყრიდა კენჭს პრეზიდენტობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ტრამპის დამარცხების რეალური შანსი ექნებოდა, როგორც დემოკრატიულ კანდიდატს“. ერთი შეხედვით აბსურდია, თუმცა ფაქტია.  

 

გ) ჰეილის არგუმენტი ფუნდამენტურია: „ტრამპს ხმას მივცემ, რადგან.....ამერიკის მტრებს პასუხს აგებინებს, საზღვრებს დაიცავს, მხარს დაუჭერს კაპიტალიზმსა და თავისუფლებას“. და სწორედ ამ თვალსაზრისით, მისი თქმით „ბაიდენი კატასტროფაა“

ისე......ამერიკულ მეინსტრიმულ მედიაში არა და არ წყდება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ტრამპმა სწორედ ჰეილის შეიძლება შესთავაზოს ვიცე-პრეზიდენტობა, რაც ამ „ტანდემს“ უძლიერესად აქცევს.

ზოგადად კი, დონალდის დაბრუნება თეთრ სახლში სულ უფრო რეალური ხდება თუ სოციოლოგიას გადავხედავთ (არადა სოციოლოგია ოხერია და მართლაც ძალიან ჯიუტი რამაა) ანუ ამისთვის მთელი მსოფლიო მათ შორის საქართველოც უნდა მოემზადოს, მოსწონს ვინმეს თუ არა.

ამ პლანეტის ბედი კვლავინდებურად ამერიკაში წყდება!

ეს აბსოლუტურად ობიექტური გლობალური მოცემულობაა და არა ვინმეს შეფასება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ „თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გამოიყენებს თუ არა ამერიკულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ არც არაფერს ვუკრძალავთ და არც არაფერზე ვუნთებთ „მწვანე შუქსო“.

დიპლომატიური „ენიდან“ თუ „გადმოვთარგმნით“ (მოგეხსენებათ, დიპლომატიას თავისი „ენა“ აქვს, რომელსაც ხშირად „თარგმნა“ სჭირდება), ბლინკენის განცხადება ასე „ითარგმნება“: „ჩვენს იარაღს გამოიყენებთ თუ არა მოსკოვის და პეტერბურგის დასაბომბად, თქვენი საქმეა, ოღონდ....თქვენვე უნდა იყოთ მზად რუსეთის საპასუხო რეაქციისთვის და თუ ეს რეაქცია საზარელი იქნება, ჩვენ იმაზე მეტს ვერ გავაკეთებთ თქვენს დასაცავად, ვიდრე ახლა ვაკეთებთო“.

აი ეს არის „თარგმანი“.

ოღონდ..... ბლინკენი არ გულისხმობს საპასუხოდ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.

შეგახსენებთ, რაც არა ერთხელ დაგვიწერია: ჯერ კიდევ 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, NATO-მ (ამერიკის ინიციატივით რასაკვირველია)  შეიმუშავა და გამოაქვეყნა დოქტრინა, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს (ფრონტზე ანუ ბრძოლის ველზე), NATO დაარტყამს რუსეთის არმიას უკრაინის ტერიტორიაზე ჩვეულებრივი იარაღით, ოღონდ მასირებულად!

თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ან/და ატომური ბომბებით დაბომბავს კიევს, სხვა დიდ ქალაქებს, NATO დაარტყამს რუსეთის სამხედრო ობიექტებს ჩვეულებრივი იარაღით უკვე  რუსეთის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ასევე მოიქცევა NATO-ს წევრ სახელმწიფოზე ჩვეულებრივი რუსული იარაღით დარტყმის შემთხვევაში.

ხოლო თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს NATO-ს წევრი ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ....დაიწყება ბირთვული ომი ჯერ ტაქტიკური, შემდეგ სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით.

 

ბლინკენის განცხადება ძალიან „აეწვათ“ რუსებს. ამაზე მიანიშნებს ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, გენერალ (!) ანატოლი ანტონოვის რეაქცია: როგორც კი ბლინკენის განცხადებამ გაიჟღერა და გამოქვეყნდა, გენერალმა ანტონოვმა, ვისაც  დიპლომატია „ისე ესმის, როგორც თხას ფორთოხალი“, მოიწვია პრეს-კონფერენცია და განაცხადა, რომ ეს თურმე „რუსოფობიური გამოხდომაა“ ბლინკენის მხრიდან, ხოლო უკრაინის „აგონიაში მყოფი რეჟიმი“ ცდილობს რუსეთსა და ამერიკას შორის ბირთვული ომი დააპროვოციროს.

„ჩვენი მოთმინება იწურებაო“ - იღრინება რუსი დიპლომატ/გენერალი.

მანამდე კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ამერიკა „მიკრომენეჯმენტით“ არის დაკავებული, როცა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას უკრძალავსო.

სულ სხვა პოზიცია აქვს თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს. იგი ჯიუტად იმეორებს, რომ უკრაინა უნდა დაკავდეს „ახლო დისტანციის ბრძოლებით“ და არა „შორი დისტანციის ბრძოლებით“, ესე იგი ამერიკული იარაღი გამოიყენოს ფრონტზე, ბრძოლის ველზე და არა რუსეთის ტერიტორიის, მით უმეტეს მოსკოვისა და პეტერბურგის დასაბომბად.

თუმცა გენერალი ოსტინი, რაოდენ ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს და დამსახურებული (ნამდვილად არის ავტორიტეტულიც და ბრწყინვალედ დამსახურებულიც!) ამერიკის დე-ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთა (decision maker) იერარქიაში მაინც მხოლოდ მეოთხეა პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და CIA დირექტორის შემდეგ.

პოლიტიკურ (!!!) გადაწყვეტილებებს სწორედ ეს ფიგურები იღებენ. ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება კი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუნდაც მისი მნიშვნელოვანი სამხედრო კომპონენტით.

 

ამ თემასვე უკავშირდება აშკარად Insider-ის პუბლიკაცია: ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებულ ძალთა ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფის მეთაურთან რომელმაც კორესპონდენტს მოუყვა, რომ როდესაც რამდენიმე კვირის წინ რუსებმა გადმოლახეს რუსეთ-უკრაინის საზღვარი ხარკოვის ოლქში და დაიწყეს შეტევა (სამწუხაროდ, ნაწილობრივ წარმატებული შეტევა) ქალაქ ხარკოვის მიმართულებით, ეს უკრაინული ქვედანაყოფი მხოლოდ აკვირდებოდა რუსის ჯარის კონცენტრაციას საზღვართან, ჰქონდა ამერიკული ATACMS რაკეტები, მაგრამ არ ჰქონდა ნებართვა, ეს რაკეტები გამოუყენებია რუსეთის ტერიტორიაზევე, რათა შეტევისთვის გამზადებული რუსული Units გაენადგურებინა.

რამდენად მართალია რასაც ეს უკრაინელი სამხედრო ყვება ახლა, ძნელი დასადგენია....... თუმცა ფაქტია: რუსები მართლაც 2 კვირის განმავლობაში კონცენტრირდებოდნენ საზღვართან და ისიც საგულისხმოა, რომ ეს ნარატივი გაჩნდა მას შემდეგ (ან განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ) რაც დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თემა განსაკუთრებით გამწვავდა.

და სხვათა შორის...... გამწვავდა ზუსტად იმიტომ, რომ უკრაინელი დიპლომატები, პოლიტესის მიღმა, ხშირად სრულიად „არადიპლომატიური ენით“,  ძალიან მკაცრად და მკვეთრად აკრიტიკებდნენ ამის გამო დასავლელ კოლეგებს; ზოგჯერ ღია (Public) სივრცეშიც ჟღერდა ეს კრიტიკა და ამან შედეგი გამოიღო: იხილეთ ბლინკენის განცხადება!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ დასავლეთის წინააღმდეგ ტრაგი-კომიკურ ხასიათსაც იძენს ხშირად.

გუშინ რუსეთის სპეცსამსახურმა (ФСБ – Федеральная Служба Безопасности) გამოაქვეყნა დოკუმენტები, რაც მის არქივში ინახებოდა და ეხება ამერიკელი, ფრანგი და ინგლისელი ჯარისკაცების „მხეცობებს“ დასავლეთ ბერლინის ტერიტორიაზე 1945 წელს.

როგორც ცნობილია, ბერლინი მთლიანად საბჭოელებმა აიღეს, მაგრამ შემდეგ ქალაქი  გაიყო ოთხ (საბჭოთა, ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ) საოკუპაციო ზონებად.

საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვა СМЕРШ (Смерть шпионам), რომლის ხელმძღვანელი იყო აბაკუმოვი (რეალურად ლავრენტი ბერიას ხელქვეითი) აგროვებდა ინფორმაციას დასავლეთ ბერლინის სამ ზონაში ამერიკელების, ფრანგების, ბრიტანელების ძალადობის ეპიზოდთა, გაუპატიურების ეპიზოდთა და ლუდის ბარებში ჩხუბის ეპიზოდთა შესახებ.

ასეთი ეპიზოდები ნამდვილად იყო, მაგრამ....აბა რა შედარებაა იმასთან, რაც სტალინის არმიამ ჩაიდინა აღმოსავლეთ გერმანიაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პრუსიაში (კენიგსბერგში) იმავე აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც 2 მილიონი (!) გერმანელი ქალი გააუპატიურეს და ბევრმა მათგანმა თავი მოიკლა.

აგრეთვე დახოცეს კიდეც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე.

 

სხვათა შორის, აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი: ბოლო დროს, როცა ამ მხეცობების ისტორიები ვრცელდება დასავლეთში, რუსული პროპაგანდა ცდილობს „შეაპაროს“ იმგვარი „გაპრავება“, რომ საბჭოთა არმიის დიდი ნაწილი შუა აზიელი უზბეკ-ყირგიზ-თურქმენ-ყაზახ-ტაჯიკებისგან შედგებოდა და მხეცობით სწორედ ისინი გამოირჩეოდნენო...... აბა რუსები, უკრაინელები, ბელორუსები მაგას როგორ იკადრებდნენ?!.

განსაკუთრებული, წარმოუდგენელი, ადრეშუასაუკუნოვანი მხეცობა მაინც კიონიგსბერგში მოხდა (კანტის სამშობლოში) სადაც არა მხოლოდ მასობრივად გააუპატიურეს, არამედ იქედან სამუდამოდ გაყარეს გერმანელები, ვინც ცოცხალი გადარჩა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ასეთ ვითომ „წვრილმანებს“ დიდ პოლიტიკაში აქვთ მნიშვნელობა: რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიშუსტინი, ბოლო დროს, როცა („Русский с Китайцем братья навек“ ანუ „რუსი და ჩინელი სამუდამოდ ძმები არიან“)...... საზოგადოებაში ჩნდება ჩინური წარმოების (!) სმარტ-საათით Polar Vantage V3.

ეს გაჯეტი, რომელიც დაახლოებით $ 1000 ღირს; ჩინელებმა დაამზადეს აეროკოსმიური კლასის (ანუ ხარისხის) ალუმინისგან; აქვს უამრავი ოფცია, მათ შორის აღჭურვილია ორსიხშირიანი GPS მოდულით, ხოლო დამუხტული ბატარეით 1 კვირას ინარჩუნებს ენერგიას.

როგორც ჩანს ამით „დიპლომატიურ ენაზე“ კრემლი ეუბნება პეკინს და სი ძინპინს: „თქვენი მაღალი ტექნოლოგიები, ჩვენი - ნავთობი და გაზი. თანახმა ვართ ვიყოთ ჩინეთის სანედლეულო ბაზა“

იმის გათვალისწინებით ოღონდ, რომ...... ეს დახვეწილი, მაღალტექნოლოგიური ჩინური გაჯეტი 99%-ით დასავლეთისგან მოპარული ტექნოლოგიებითაა დამზადებული!