საერთაშორისო მიმოხილვა. 23 აპრილი. 2024 წელი
ალიევის მოსკოვში ვიზიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი, მისი პრეზიდენტიანად, ცხოვრობს წარსულში: იმ საბჭოთა-რუსულ წარსულში, სადაც აზერბაიჯანიც, საქართველოც და კიდევ უამრავი აწ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა მოსკოვიდან იმართებოდა.
ირკვევა, რომ ალიევი პუტინმა მოსკოვში იმ მიზნით მიიწვია, რათა საჯაროდ გადაეხადა მადლობა მამამისის, სსრკ სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის, ჰეიდარ ალიევის წვლილისთვის ე.წ. „ბაიკალ-ამურის მაგისტრალის“ მშენებლობაში.
50 წლის წინ, 1974 წელს, სსრკ კომკავშირმა მიიღო „ისტორიული გადაწყვეტილება“ აეშენებინა Байкало-Амурская Магистраль (БАМ) ანუ რკინიგზა ბაიკალის ტბიდან - მდინარე ამურამდე.
ჰეიდარ ალიევი ამ „საუკუნის მშენებლობას“ კურირებდა. პუტინმა მისი შვილი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ახლა მიიწვია მოსკოვში, რათა საჯაროდ მადლობა ეთქვა.
კომიკური ისაა, რომ БАМ ბოლომდე დღესაც არაა დასრულებული.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპი მძიმე არჩევანის წინაშეა: ნიუ იორკში გრძელდება სასამართლო პროცესი პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვის საქმეზე - სექსის შესახებ დუმილის სანაცვლოდ
ეს სისხლის სამართლის საქმეა, განსხვავებით იმ სამოქალაქო პროცესისგან, რომელიც ეხებოდა ქონების ზედმეტად შეფასებას და ტრამპს იქ მხოლოდ ჯარიმა ემუქრება. თუნდაც ძალიან დიდი ჯარიმა.
სთორმი დენიელსის საქმეზე კი თეორიულად ციხეც შეიძლება მიუსაჯონ.
მით უმეტეს, რომ მისი ყოფილი ადვოკატები, ვინც ეხმარებოდა პორნოვარსკვლავის მოსყიდვაში, „ხელს მისკენ იშვერენ“ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ: „ტრამპმა დაგვავალა და მანვე მოგვცა ფული, რათა პორნოვარსკვლავი გაგვჩუმებიაო“.
აბა ვისკენ უნდა გაიშვირონ ადვოკატებმა ხელი? ცხადია ისინი ტრამპის დავალებას ასრულებდნენ.
ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, გამოვა თუ არა ტრამპი მოწმედ (საკუთარ საქმეზე მოწმედ!) პროცესის განმავლობაში.
ამერიკის კონსტიტუციით, არავინაა ვალდებული იყოს მოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ. ანუ მისცეს ჩვენება თავის საწინააღმდეგოდ. მაგრამ....თუ თანხმობას განაცხადებს თვითონ, რატომაც არა?
ტრამპს იმიჯმეიკერებმა უთხრეს, რომ მისთვის სასამართლო პროცესზე გამოსვლა ერთდროულად შანსიც არის (საარჩევნო კამპანიის ფარგლებში) და რისკიც, ანუ გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს.
რისკია იმიტომ, რომ პროკურორები სისხლს გაუშრობენ და უამრავ ისეთ კითხვას დაუსვამენ, რაც მისთვის არაკომფორტული იქნება.
შანსია იმიტომ, რომ ამით შეძლებს კიდევ უფრო მეტი მომხრე გაააქტიუროს და მოამზადოს იმ პერიოდისთვის, როცა საარჩევნო კამპანიის პარალელურად „ქუჩის აქტივობაც“ დაიწყება.
სასამართლო პროცესზე, რომელიც ალბათ ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდება, შესაძლოა თვით პორნოვარსკვლავიც დაიკითხოს.
NYT აღნიშნავს, რომ მიუხედავად ტრამპის მოწოდებისა, სასამართლოსთან არც ისე ბევრი მისი მომხრე შეიკრიბა.
თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს: „ქუჩა“ ცვალებადია და „თავების თვლას“ აზრი არა აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული The Sun აქვეყნებს სენსაციურ ცნობას, - ბრიტანული და სხვა ევროპული სპეცსამსახურებიდან გაჟონილ ინფორმაციას, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში ათასობით (!) საავიაციო რეისს ბალტიის ზღვის რეგიონში საფრთხე შეექმნა: GPS სისტემა „აირია“ გარეგანი „უცნაური ზემოქმედებით“
როგორც ჩანს, ძალიან არ სურდათ ამის აღიარება, მაგრამ მაინც იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ამ დივერსიას ახორციელებს.....რუსეთი! რუსული რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. და ამით მოსკოვი საფრთხეს უქმნის ათიათასობით მგზავრს.
განსაკუთრებით ინტენსიურად რუსეთის არმიამ (!) ამ დივერსიის განხორციელება ბალტიის რეგიონში დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აკრძალა რუსულ ავიაკომპანიათა ფრენები ევროპაში.
ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ ჩამოვარდნილა და არავინ დაღუპულა
„ჯერ“ ოღონდ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული თავდასხმების შედეგად, ამ ოლქში უკვე 120 ადამიანი დაიღუპა და 651 დაიჭრა.
ძალიან დიდი ციფრებია.
აქ ნიშანდობლივია, რომ გუბერნატორმა გლადკოვმა ეს ციფრები ხმამაღლა გააჟღერა. არაფრით არ „აწყობდა“ ეს პუტინს - ანუ იმის დემონსტრირება და ილუსტრირება, რომ ის და მისი არმია რუსებს რუსეთის ტერიტორიაზეც ვერ იცავს.
როგორც ჩანს, რუსეთის Deep State ანუ „გადაწყვეტილების მიმღებ“ საშუალო რგოლის ბიუროკრატიაში მწიფდება უკმაყოფილება კრემლით.
გლადკოვის განცხადება ამის სიმპტომია: „თუ ჩვენი დაცვა არ შეგეძლო, ამ ომს რაღას იწყებდიო“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
თურქულმა ავიაგიგანტმა Turkish Airlines რუსებს შეუზღუდა ფრენები მექსიკის მიმართულებით. ბორტზე არ უშვებენ უბრალოდ და ამის გამო თურქეთში რუსეთის საელჩომ უკვე გამოთქვა პროტესტი.
თანაც ბორტზე არ უშვებენ უკვე მას შემდეგ, რაც რუსს ბილეთი აქვს ნაყიდი მოსკოვიდან მეხიკოში! ესე იგი ტრანზიტით ჩაფრინდა ამ ავიაკომპანიით სტამბულში და სტამბულში კი ბორტზე არ აუშვეს, რათა მექსიკაში გაფრენილიყო.
აი, ასე მუშაობს დასავლური, მათ შორის ამერიკული სანქციები, როცა მოინდომებენ: რა თქმა უნდა Turkish Airlines ამერიკელებმა გააფრთხილეს, რომ რუსები, სინამდვილეში, მექსიკაში მიფრინავენ, რათა შემდეგ ამერიკაში გადავიდნენ და თუ არ შეზღუდავდა ამ პრაქტიკას, მაშინ ამერიკა შეუზღუდავდა თვითონ თურქულ ავიაკომპანიას ამერიკის ქალაქებში ფრენებს.
ბოლო დროს რუსები, ვინც მექსიკაში მიფრინავდა რათა იქიდან ამერიკაში გადაპარულიყო, იმდენად გათავხედდნენ, „უკანა გზის“ ბილეთსაც აღარ ყიდულობდნენ თუნდაც ყალბად: ეგღა გვაკლია ამაზე ფული დავხარჯოთო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიაში სამი მოქალაქე (ორი მამაკაცი და ქალი) დააპატიმრეს სპეცსამსახურებმა ჩინეთის სასარგებლოდ (!) შპიონაჟის ბრალდებით.
როგორც ბერლინის მთავრობა აცხადებს, ისინი სამხედრო ტექნოლოგიებზე აგროვებდნენ ინფორმაციას და შემდეგ პეკინს გადასცემდნენ.
ნიშანდობლივია, რომ ეს ხმაურიანი დაკავება დროში თითქმის დაემთხვა პეკინში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვიზიტს, რომლის მთავარი მისია იყო ჩინეთის ხელისუფლება გაეფრთხილებინა, რომ თუ არ შეწყვეტს რუსეთის მხარდაჭერას, დასავლეთი მიიღებს ზომებს.
სი ძინპინს ამ მუქარების არ ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ ბევრს (!) ვერაფერს გაუბედავენ - იმდენად ღრმაა უკვე ჩინეთისა და დასავლეთის ეკონომიკური, მათ შორის ინდუსტრიული „ურთიერთშეღწევა“ და კავშირები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელში ნამდვილად სერიოზული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისია მიუხედავად იმისა, რომ ირანის დარტყმამ ბევრი ვერაფერი დააკლო
იმიტომ, რომ ღაზაში უკვე მერამდენე თვეა გრძელდება სამხედრო ოპერაცია და მას ბოლო არ უჩანს. მძევალთა დიდი ნაწილი კი კვლავინდებურად არაა გათავისუფლებული.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი აარონ ხალივა გადადგა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 7 ოქტომბრის კატასტროფის გამო, როდესაც ღაზიდან პალესტინელმა ტერორისტებმა შეძლეს გაერღვიათ ჯებირი და შეჭრილიყვნენ ისრაელის დასახლებულ პუნქტებში.
აარონ ხალივამ აღიარა, რომ მან დააიგნორა უამრავი გაფრთხილება მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ.
ბუნებრივია, ეს გადადგომა არის რეაქცია საზოგადოების მოლოდინზე და მოთხოვნაზე: ვინმე ხომ უნდა დაისაჯოს იმ კატასტროფისთვის? რაც მთავარია ისრაელელებს აღარ სურთ ელოდონ, როდის დამთავრდება ომი, რათა ომის დამთავრების შემდეგ დაიწყოს გამოძიება.
გაიწელა ეს ომი თვეობით!
არ არის გამორიცხული, თუ კიდევ უფრო გაიწელება, პრემიერი ნეთანიაჰუც იძულებული გახდეს გადადგეს, რადგან 7 ოქტომბერს რაც მოხდა კატასტროფაა, მარცხია, ოღონდ ომის ამდენი ხნით გაწელვა - მეორე კატასტროფა და მეორე მარცხია უკვე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩეჩნეთის მარაზმატული „მთავრობის“ მინისტრი, ალიხან ცაკაევი დაღესტანში დააკავეს მას შემდეგ, რაც საავტომობილო გზაზე მისი მანქანა მოძრაობის საწინააღმდეგოდ გადაადგილდებოდა.
პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რამდენიმე პოლიციელს წიხლი ჩაარტყა..... ამის გამო დააკავეს, ხელბორკილები დაადეს, მაგრამ ჩეჩნეთიდან მოვარდა იქაური მიკროდიქტატორის, რამზან კადიროვის პირადი გვარდია „აჰმადი“ და ცაკაევი პოლიციელებს გამოსტაცა.
თვითონ კადიროვმა აღშფოთებული პოსტი გამოაქვეყნა: „ჩემს მინისტრს ამდენი როგორ გაუბედეთ რაც არ უნდა გაეკეთებინაო“.
ეს ინციდენტი - ილუსტრაციაა ამჟამად რუსეთში შექმნილი ვითარებისა: კრემლს აინტერესებს ლოიალობა და ჩეჩნეთის დახმარება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში, ხოლო ამ „ლოიალობის“ ფარგლებში რომ კადიროვის ბანდიტები რასაც უნდათ იმას სჩადიან, „თავზე დაიმხეს“ ქვეყანა, ეს.....არაფერი.