საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მარტი. 2022 წელი
აფხაზეთის ხელისუფლებამ უზნეობის ყოველგვარი `ფსკერი` გახვრიტა და ფსკერზე დაბლა დაეშვა რუსეთის აგრესიის მხარდაჭერაში.
იმის შიშით, ვაითუ პუტინი გაბრაზდეს რომ მხარს არ ვუჭერთო, სტადიონზე გამართული სასირცხვილო მიტინგი არ იკმარეს, ახლა ბევრად სასირცხვილო კონცერტი მოუწყვეს პუტინს სოხუმში, რომელზეც ყირიმის ანექსიის 8 წელი იზეიმეს. ანუ აფხაზურად უმღერეს და უცეკვეს პუტინს და მის ე.წ. `საელჩოს`, რომელიც სრული შემადგენლობით დაპატიჟეს.
ერთ-ერთი მოტივი ის გახდა ამ `კონცერტის` მოწყობისა, რომ პუტინი როგორც სჩანს მაინც უკმაყოფილოა: ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები საომრად რატომ არ მოდიხართ მარიოპოლის ასაღებად და კიევის ასაოხრებლადო.
არ მიდიან იქ აფხაზები, რადგან სინამდვილეში ძალიან არაპოპულარულია ის ომი და ოსებისგან განსხვავებით, მათ რომ ჰკითხო, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კი არა დამოუკიდებლობა უნდათ და რუსების `ჩაფრობა`/მონობა არ მოსწონთ ვითომ.
`კონცერტი` კი ბატონო.
ზოგადად, აფხაზებს მიაჩნიათ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ან კონკრეტულმა მთავრობამ (ვთქვათ კონცერტი გამართოს, მიტინგი მოაწყოს) ამით აფხაზეთს ვერ შეარცხვენს.
ხოლო თუ აფხაზები წავლენ და ჩეჩნებივით იომებენ უკრაინის წინააღმდეგ იმ დროს, როცა ამ ომს მთელი მსოფლიო გმობს, ამით სამუდამოდ მოიჭრიან გზას დამოუკიდებლობისკენ ანუ დარჩებათ ერთადერთი გზა (როგორც ოსებს და ჩეჩნებს): რუსეთის შემადგენლობაში, რაც სინამდვილეში არ უნდათ - დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პრეტენზია აქვთ და გაეროს წევრობისა, თუმცაღა რუსეთზე ტოტალურად არიან დამოკიდებულნი.
მოსკოვის გაბრაზების კიდევ ერთი მიზეზი (რის განეიტრალებასაც ახლა ცდილობენ ამგვარი სიქლესით) ის გახდა უეჭველად, რომ 12 მარტის ე.წ. `საპარლამენტო არჩევნების` შედეგად არც ერთი რუსი აფხაზეთის პარლამენტში არ მოხვდა.
მოსკოვი ეუბნებათ: ``კი მაგრამ, ჩვენ გასმევთ, ჩვენ გაჭმევთ, ქართველებისგან გიცავთ და რა გახდა ერთი რუსი მაინც აგერჩიათ დეპუტატად იმ რუსებიდან, ვინც აფხაზეთში ცხოვრობსო``.
არადა, აფხაზეთში, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, საკმაოდ ბევრი რუსი ცხოვრობს. დაახლოებით 50 ათასი. ეს ნამდვილად ბევრია აფხაზების ოდენობასთან შედარებით (80 000 რეალურად)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მარიუპოლთან მოკლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი. მანამდე იყო ცნობილი, რომ 5 უკრაინელი გენერალია ლიკვიდირებული უკრაინაში.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მეტყველებს რუსული არმიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე: როდესაც ამ რანგის ოფიცრები ფრონტის ხაზს გასროლის მანძილზე უახლოვდებიან, მაშასადამე ისინი იძულებულნი არიან, მოსკოვის ბრძანების შესასრულებლად, პირადად `გარეკონ` ჯარისკაცები და დაბალი რანგის ოფიცრები უკრაინელთა სამხედრო პოზიციებისკენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკა თურქეთს სთხოვს გადასცეს უკრაინას რუსული საზენიტო სისტემა С-400. სანაცვლოდ სთავაზობს ამერიკულ ანალოგს Patriot ან/და აუახლეს ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს F-22 და F-35.
რუსული С-400 უკრაინას საშაულებას მისცემს სანახევროდ მაინც `გადაკეტოს ცა`, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი დიდი ხანია ითხოვს NATO-სგან და ამერიკისგან.
მართალია С-400 შორიდან ნასროლ ყველა რუსულ ბალისტიკურ ან ზებგერით რაკეტებს ვერ გაუმკლავდება (მათ ვერც Patriot გაუმკლავდება - ზებგერითი რაკეტებისგან თავდაცვა სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს), თუმცა ის კი ნამდვილად შეუძლია, უკრაინის ცაში არც ერთი რუსული ბომბდამშენი არ გააჭაჭანოს.
ეს არის დღეს უკრაინული არმიის მთავარი პრობლემა, თორემ ვერტმფრენებს ფრონტის ხაზზე ამერიკული Stinger და ინგლისური `სამწევრა` რაკეტები Starstreak ახლა პანტა-პუნტით ყრიან. უდიდესი დანაკარგი აქვს რუსეთს საფრონტო ავიაციაში.
ამ ინდივიდუალური დამიზნების, მცირე სიმაღლის საზენიტო რაკეტებისგან განსხვავებით, С-400 რუსეთის საჰაერო სივრცეშიც კი მისწვდება რუსულ ავიაციას. ასევე შავი ზღვის თავზე. სწორედ შავი ზღვის საჰაერო სივრციდან ბომბავენ რუსები დასავლეთ უკრაინას: ლვოვსა და ივანო ფრანკოვსკს ფრთოსანი რაკეტებით.
С-400 შეთავსებადია უკრაინის არმიასთან. ბევრ უკრაინელს შეუძლია მისი მართვა.
მაგრამ თურქეთი, ჯერ-ჯერობით, С-400 უკრაინისთვის გადაცემაზე უარს ამბობს, რადგან რუსებმა მკაფიოდ უთხრეს, რომ ეს იქნება წითელი ხაზის გადაკვეთა. როცა გადასცა, პუტინმა ერდოღანს ხელი მოაწერინა, რომ ეს დანადგარები სხვაგან არ მოხვდებოდა.
გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ არის კიდევ ერთი ტექნოლოგიური პრობლემა: ამგვარ დანადგარებს სისტემაში აქვთ ჩადებული კოდი `ჩვენიანი-უცხო` (Свой – чужой) ანუ, როცა დაამზადეს, ამ კოდით მათ შეეძლოთ ემუშავათ ამერიკული, დასავლური თვითმფრინავების მაგრამ არა რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ.
ხსენებული კოდის (ჩემიანი, უცხო) `გატეხვა` კი ისე, რომ რუსულმა С-400-მა რუსული ავიაციის წინააღმდეგ იმუშავოს, არც ისე იოლია. თუმცა შეუძლებელი არ არის.
გააჩნია, როგორ აეწყობა უკრაინა - თურქეთის თანამშრომლობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის პუტინთან და თუ ეს მოლაპარაკება ვერ შედგება ან წარუმატებლად დასრულდება, არ გამორიცხავს `მესამე მსოფლიო ომის დაწყებას`.
ზელენსკის თქმით, ის ყოველგვარი კომპრომისისთვის მზად არის ნებისმიერ საკითხზე, გარდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა.
ბოლო თეზისში უეჭველად იგულისხმება არა ის, რომ უკრაინა ხელს არ მოაწერს კომპრომისს, სანამ უკანასკნელი რუსი ოკუპანტი არ დატოვებს ყირიმს და დონეცკს, არამედ ის, რომ უკრაინა და მისი პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ ყირიმს რუსეთის ნაწილად, ხოლო ე.წ. `დონბასის რესპუბლიკებს` - დამოუკიდებლად. სწორედ ამას მოითხოვს მათგან პუტინი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა ქონების კონფისკაციის შესაძლებლობას.
ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი იყო მისი არგუმენტაცია: ``პოლონელებს მართლა არ ესმით, თუკი იტალიამ მოახდინა რუსთა ქონების კონფისკაცია, მაშინ პოლონელებს რატომ არა აქვთ ამის უფლება იმის ფონზე, რასაც რუსეთი სჩადის მეზობელ უკრაინაში``
აქ აღსანიშნავია 2 მომენტი:
ა) მორავეცკის არ დაუზუსტებია, ყველა რუსის ქონების კონფისკაციას და მერე უკრაინისთვის გადაცემას აპირებს თუ მხოლოდ იმ რუსებისა, ვინც სანქცირებულია ევროკავშირის მიერ.
თუ მეორე კატეგორიას გულისხმობდა (მხოლოდ), მაშინ ეს კატეგორია არც ისე მრავალრიცხოვანია, რადგან რუს ოლიგარქებს და ძალიან მდიდარ ადამიანებს, ვინც უკვე სანქცირებულია, პოლონეთი იმაზე ნაკლებად იზიდავს, ვიდრე ლონდონი, ბერლინი, პარიზი და ა.შ.
თუ მეორე კატეგორიას გულისხმობდა, ანუ ჩვეულებრივ რუსებს, მათ მართლაც დიდი ქონება აქვთ პოლონეთში, რადგან პოლონეთი ერთის მხრივ ევროპაა და მეორეს მხრივ იაფია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ანუ რუსებს აქვთ შანსი თან ევროპაში იყიდონ ბინა, იცხოვრონ, თან იაფად იყიდონ ეს ბინები.
ბ) იტალიას და სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის ინგლისს, რუსებისთვის ქონება ჯერ არ ჩამოურთმევიათ. ეს ქონება მათ დ ა ა ყ ა დ ა ღ ე ს. რაც სულ სხვა სამართლებრივი მდგომარეობაა.
მაგალითად იტალიის მთავრობამ დ ა ა ყ ა დ ა ღ ა მთავარი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილლები კომოს ტბაზე, მილანთან. მაგრამ არ გაუყიდია. სოლოვიოვმა დაიქირავა საუკეთესო იტალიელი ადვოკატები, უდიდეს ჰონორარებს უხდის, რომ ეს ვილლები შეინარჩუნოს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში კანონი კანონობს, არ არის გამორიცხული, სოლოვიოვმა და მისთანებმა ქონება მაინც შეინარჩუნონ და ყადაღაც კი მოახსნევინონ იტალიის მთავრობას იტალიური სასამართლოს მეშვეობიოთ. სამწუხაროდ, ასე ხშირად იყენებენ ევროპის მტრები ევროპულვე ინსტიტუტებს.
თეორიულად, ყადაღების მოხსნა ამ შემთხვევაში (და ოლიგარქთა ლონდონური ვილების ქეისებშიც) გამორიცხული, სამწუხაროდ, ნამდვილად არ არის ოღონდ......მანამ, სანამ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ან ჰააგის ტრიბუნალი პუტინს და მის რეჟიმს, ასევე ამ რეჟიმის მსახურებს `სამხედრო დამნაშავეებად` არ სცნობს.
აი ეს იქნება გარდამტეხი! ამის შემდეგ უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ინგლისს და საერთოდ ყველა სახელმწიფოს მთელს მსოფლიოში, ექნება აბსოლუტურად წყალგაუვალი სამართლებრივი საფუძველი, არა მხოლოდ დააყადაღოს ეს ქონება, არამედ პირდაპირ გაყიდოს აუქციონზე და აღებული თანხა უკრაინას ჩაურიცხოს აგრესიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.