საერთაშორისო მიმოხილვა. 21 აპრილი. 2024 წელი
ამერიკის კონგრესის ქვედა, ანუ წარმომადგენელთა პალატამ როგორც იქნა დაამტკიცა სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.
360-მა კონგრესმენმა ხმა მისცა კანონს, 58 წინააღმდეგი აღმოჩნდა.
„რესპუბლიკელთა“ მნიშვნელოვანმა ნაწილმა აქტს მხარი დაუჭირა.
ეს არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უდიდესი გამარჯვება და „ოვალური კაბინეტის დიპლომატიის“ წარმატებაც, რაკი სწორედ ბაიდენმა, ინტენსიური კონსულტაციებით თეთრ სახლში, დაარწმუნა საბოლოოდ სპიკერი ჯონსონი, რომ რესპუბლიკურ უმრავლესობას მხარი უნდა დაეჭირა ამ პაკეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო ცუდად და სახიფათოდ განვითარდებოდა მოვლენები რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.
ეს იყო მთავარი არგუმენტი.
სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კანონის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ იგი აუცილებელია, რადგან „თუ უკრაინას დაამარცხებს, რუსეთის არმია მარშით დაიძვრება სხვა ქვეყნებისკენ“
„ჯონსონი ჩერჩილს დაემსგავსაო“ - ოდნავ შესამჩნევი ირონიით წერს ამ დილით CNN.
უკრაინა მიიღებს თითქმის 61 მილიარდ დოლარს (ზუსტად თუ ვიტყვით $60,84). აქედან 23 მილიარდი იმ იარაღის ღირებულებაა, რასაც ამერიკა გადასცემს უკრაინულ არმიას. დანარჩენი დაიხარჯება უკრაინის ბიუჯეტის შესავსებად.
ამავე პაკეტით 25 მილიარდ დოლარს მიიღებს ისრაელი!
და $8,12 მილიარდს ტაივანი, რათა თავი დაიცვას ჩინეთისგან.
იმავე კანონით, დაშვებულია TikTok-ის აკრძალვა ამერიკაში, რაკი ჩინეთს ეკუთვნის და ჩინური ხელისუფლება მას ბოროტად იყენებს სხვადასხვა საინფორმაციო დივერსიებისთვის..
ამავე დროს, კონგრესმა მხარი დაუჭირა ამერიკაში გაყინული რუსული აქტივების გადაცემას უკრაინისთვის.
ეჭვს არ იწვევს, რომ დემოკრატიული უმრავლესობა სენატში (ზედა პალატაში) კანონს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს.
ჯერ ჯერობით არ არსებობს პასუხი მთავარ კითხვაზე: ნამდვილად ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო კონგრესმა, მაგრამ.....კონკრეტულად რა შეიარაღებას გადასცემენ ამ დახმარების პაკეტით თეთრი სახლი და პენტაგონი უკრაინულ არმიას? გადასცემენ თუ არა შორსმწვდომ რაკეტებს? თვითმფრინავებს?
ეს არ არის ჯერ ბოლომდე ცხადი.
მთელი პაკეტი 95 მილიარდია.
მისმა დამტკიცებამ სერიოზულად გაყო რესპუბლიკელები კონგრესში, რადგან ბევრი მაინც წინააღმდეგი აღმოჩნდა.
აქედან კი უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა: უკრაინული დახმარების დამტკიცება ასუსტებს რესპუბლიკურ ისტებლიშმენტს 5 ნოემბრის სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნების წინ.
დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბოლომდე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ, ამერიკულმა საზენიტო სისტემამ Patriot შავი ზღვის თავზე ჩამოაგდო რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту22М3. უკრაინის ნაპირიდან 300 კილომეტრის მანძილზე.
რუსული თვითმფრინავი საბოლოოდ როსტოვის მხარეში ჩამოვარდა; ოთხი პილოტიდან სამმა კატაპულტირება მოასწრო. მეოთხე დაკარგულად ითვლება.
ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უკრაინულმა საზენიტომ მოახერხა ორი X-22 ულტრა-ზებგერითი რაკეტის ჩამოგდება, რაც ამ თვითმფრინავიდან გაუშვეს უკრაინის მიმართულებით.
ირკვევა, რომ ახლა უკრაინას მხოლოდ 3 Patriot გააჩნია.
მეოთხეს გერმანია შეჰპირდა.
ოთხის ნაცვლად რომ ათი ასეთი სისტემა ჰქონდეს, რუსული თავდასხმები ხომ მთლიანად მოგერიებული იქნებოდა?!
სულ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში 100 ამგვარი სისტემაა დისლოცირებული.
არავინ არ ითხოვს ასივეს, მაგრამ რამდენიმეს თუ დაუმატებენ, უკრაინა ამ ომს მოიგებს მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავებსაც მიიღებს.
იმიტომ, რომ Patriot-ით საბოლოოდ ჩაკეტავს მთელს საჰაერო სივრცეს, ხოლო F-16 თვითმფრინავები საშუალებას მისცემს, შორსმწვდომი ულტრა-ზებგერითი ჰაერი-ზედაპირი რაკეტებით დაბომბოს რუსეთის ტერიტორია.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანსის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს აქვს საშუალება Patriot-ები გადასცეს უკრაინას, რაკი „საკმარისი რაოდენობით გააჩნიათ შეიარაღებაზეო“.
გენმდივანს არ დაუსახელებია ეს ქვეყნები და არც რაოდენობა უთქვამს
თუმცა ირკვევა, რომ 12 Patriot აქვს გერმანიას და სწორედ გერმანიამ მიაწოდა თურმე უკრაინას ის 3 სისტემა, რაც ახლა გააჩნია უკრაინულ არმიას.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სტოლტენბერგი უფრორე გულისხმობდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომელთაც პირდაპირი საზენიტო საფრთხე არა აქვთ: საფრანგეთს, ესპანეთს და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა შორსმწვდომი დრონებით რუსეთის რამდენადმე რეგიონში: Belgorod, Bryansk, Kursk, Tula, Smolensk, Ryazan, Kaluga regions, and even Moscow region.
ანუ მოსკოვის რეგიონშიც კი. დრონებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, რადგან რუსულ „საზენიტოს“ აქვს საშუალებაისინი ჩამოაგდოს და უმეტესობა ჩამოაგდო კიდეც. გარდა ამის, დრონებს არა აქვთ იმდენი ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც რაკეტებს და ბომბებს, მაგრამ....თავისთავად ფაქტი შესანიშნავია.
გარკვეული ზიანი ამ დარტყმამ ენერგო-ინფრასტრუქტურას მაინც მიაყენა რუსეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებენ სამხედრო პროფილის რესურსები: გუშინ ამერიკაში, Whiteman Air Force Base-იდან ერთდროულად აფრინდა ოცი (!) სტრატეგიული ბომბდამშენი B-2.
ირკვევა ამავე პუბლიკაციებიდან, რომ ამერიკას 40 ასეთი ბომბდამშენი აქვს.
B-2 დამზადებულია „სტელს“ (რადარებისთვის „უხილავი“) ტექნოლოგიით და „მფრინავი ფრთის“ კონფიგურაციით......
1990 წლიდან დაფრინავს და ამერიკამ პირველად გამოიყენა 1999 წელს, როდესაც მთლიანად გაანადგურა იუგოსლავიის (სერბეთის) არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურა კოსოვოსა და სერბეთში.
რას უკავშირდება ასეთი მასობრივი აფრენა ([პირველად მრავალი წლის განმავლობაში) ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არარის გამორიცხული სწავლებები იყოს.
ოღონდ თვით ეს სწავლებები რამ განაპირობა, ამაზე მსჯელობა ჯერ-ჯერობით თეორიულია მხოლოდ: ან ახლო აღმოსავლეთს, ან უკრაინას ან ტაივანს.....
შესაძლოა გაფრთხილებაც იყოს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
Business insider აქვეყნებს საგულისხმო ინტერვიუს გადამდგარ ამერიკელ სამხედროსთან, რომელიც უკრაინაში ამერიკელებისგან (!) შემდგარ მოხალისეთა რაზმს ხელმძღვანელობდა. ახლა დაჭრილია და კიევში მკურნალობს
სამხედროს თქმით, ამერიკელი მოხალისეები ბრძოლისას 99% შემთხვევაში იყენებენ საბჭოთა-რუსული წარმოების ავტომატს АК-74 რადგან მისი ტყვია 5,45×39მმ სტანდარტისა იოლად იშოვება. მათ შორის რუსული შეიარაღების ალაფიდან, რომელიც ხშირად უვარდებათ ხელში ამ რაზმის წევრებს.
ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამერიკელები ამერიკულ ავტომატურ შაშხანებს M2 არ იყენებენ, რაკი ამერიკული და NATO- სტანდარტის ტყვია განსხვავებულია (5,56x45მმ) და იქ რთულად იშოვება.
ეს განცხადება ნათელს ჰფენს კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას, რაც აქვს უკრაინას და NATO-ს ამჟამად: იმ იარაღის შეუთავსებლობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან, რითაც ახლა იბრძვის უკრაინული არმია.
პრობლემა კი ისაა, რომ რუსულ-საბჭოთა სტანდარტის იარაღის, მათ შორის ტყვიების, საარტილერიო ჭურვების მოპოვება არც ისე იოლია. თვით აღმოსავლეთ ევროპაშიც კი, სადაც სსრკ არმიამ, თითქოს, 1990 წლიდან „იარაღის მთები“ დატოვა, როცა რეგიონიდან წავიდა.
ფაქტობრივად, უკრაინის ფრონტზე ახლა, პირობითად თუ ვიტყვით „ორი საბჭოთა არმია“ იბრძვის: რუსული და უკრაინული. და უკრაინული არმიის „გადაწყობას“ დასავლურ სტანდარტებზე წლები დასჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ღიად, თავხედურად აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში რუსული არმია დაიპყრობს ხარკოვს, რათა შექმნას „სანიტარული ზონა“ უკრაინასა და რუსეთს შორის.
ანუ ლავროვის თქმით, პუტინი ხარკოვის იურიდიულ შემოერთებას კი არ გეგმავს რუსეთის ფედერაციისთვის ახლა, როგორც მიიტაცა ხერსონი, ზაპოროჟიეს დიდი ნაწილი და ა.შ. იქ ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარა „ტრიალ მინდორში“ (ზაპოროჟიეში მაგალითად, სადაც ქალაქი ზაპოროჟიე ვერ დაიპყრო) არამედ აპირებს „სანიტარული ზონა“ შექმნას.
და ამ „სანიტარული ზონის“ შექმნისას მისი ტაქტიკაა, როგორც ჩანს......ხარკოვის დაცლა მოსახლეობისგან. ამიტომაც ბომბავს ყოველ დღე ხარკოვს დრონებით და ესვრის ბალისტიკურ რაკეტებს „ისკანდერ“.
თუმცა ხარკოვის აღება რუსეთმა 2022 წელსაც სცადა, მაგრამ იქიდან იძულებული გახდა გაძურწულიყო - უკრაინული კონტრშეტევის შედეგად.
იმედია, ამერიკული დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ, რუსეთის ეს აგრესიული გეგმები ილუზიებად იქცევა.
ასევე, არ არის გამორიცხული, ლავროვის ეს განცხადება დეზორიენტაციის მცდელობაც იყოს, რაკი ინდიკაციათა უმრავლესობა მიუთითებს, რომ რუსეთის არმია უფრო ქალაქ დნეპრს უმიზნებს ამჟამად (ავდეევკას მიმართულებიდან) და არა ქალაქ ხარკოვს.
თუმცა მეორეს მხრივ.....ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრშია და მისი მოსახლეობა ეთნიკურად ბევრად უფრო „რუსულია“ ვიდრე დნეპრისა.