საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ოქტომბერი. 2022 წელი
1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ამერიკული კანონი `ლენდ-ლიზის` შესახებ: უკრაინა ბევრად მეტ იარაღს მიიღებს.
. . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიოში უდიდესი რეაქცია მოჰყვა ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორის` და პუტინის ყურმოჭრილი ყმის, რამზან კადიროვის პოსტს, რომელშიც რამზანი უმწვავესად აკრიტიკებს რუსულ გენერალიტეტს ქალაქ ლიმანის დატოვების გამო.
სწორედ იმ დროს, როცა პუტინი, მარიონეტებთან ერთად, კრემლის სვეტებიან დარბაზში ხელს აწერდა ბრძანებულებას `ნოვოროსსიის` შემოერთების შესახებ, უკრაინულმა არმიამ ლიმანი გაათავისუფლა და რუსულ არმიას ძალიან მწარე დამარცხება აგემა.
საინტერესოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უმალვე აღიარა ე.წ. `წითელი ლიმანის` (ეს რუსული სახელწოდებაა ამ ქალაქის და არა უკრაინული) დატოვება და პირდაპირ თქვა: ქალაქი რომ არ დაგვეტოვებინა, ალყაში მოგვაქცევდნენო`. სპეციალისტები ამბობენ, რომ ლიმანი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ პუტინს ეს არ აწყობდა, რაკი `საზეიმო ხელმოწერა` და `საზეიმო კონცერტი` მთლად თავსლაფისდასხმის ფონზე წარიმართებოდა. მაგრამ რეალურად მაინც ასე გამოვიდა.
რუსული ოფიციოზი (ანუ კრემლთან განსაკუთრებით დაახლოებული მედია) აღიარებს, რომ ლიმანის გათავისუფლებისას უკრაინულ არმიას გადამწყვეტად დაეხმარა HIMARS ზალპური ცეცხლის სისტემა და.....ამერიკული დაზვერვა ანუ კოსმოსურ თანამგზავრთა მონაცემები.
ზოგადად ეს მონაცემები, რომელსაც ამერიკა ყოველდღიურად აწვდის უკრაინული არმიის გენერალურ შტაბს, ფასდაუდებელი დახმარებაა ომის დროს: სად არის მოწინააღმდეგე, რა ძალები აქვს, რა ტექნიკა აქვს, სად გადის ლოჯისტიკა და ა.შ.
აქ არსებითი მომენტია, რომ უკრაინელებსაც და მის მხარდამჭერ მსოფლიოსაც მწარედ ახსოვთ 2014 წლის ამბები, როდესაც რუსულმა არმიამ სრულიად მოუმზადებელი და კორუფციით მაშინ (!) დასუსტებული უკრაინული არმია რამდენჯერმე მოაქცია ალყაში: ილოვაისკში და დებალცევოში. იარაღი დააყრევინეს, შეპირდნენ აღარ გესვრით გასვლის დროსო, თუმცა მოატყუეს და ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ამოწყვიტეს.
ამას უკრაინელები არასდროს დაივიწყებენ და არასდროს აპატიებენ არა მხოლოდ პირადად პუტინს, არამედ რუსეთს.
სწორედ ილოვაისკისა და დებალცევოს ალყები (Котлы) გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაშინ უკრაინა იძულებული გახდა ხელი მოეწერა ე.წ. `მინსკის შეთანხმებებისათვის`, რომლებიც კატასტროფულად წამგებიანი იყო ამ ქვეყნისთვის
და აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ ანტიუკრაინული დოკუმენტების მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ისევ და ისევ ქალბატონმა ჰაიდე ტალიავინიმ, რომელმაც 2008 წლის რუსული აგრესიის შესახებ `დადო` ისეთი `დასკვნა`, რაც რუსეთს ძალიან გამოადგა პროპაგანდაში.
2008-2009 წლებშიც და 2014 წელსაც, ტალიავინი გამოხატავდა იმ ძალთა ინტერესს ევროპა-ამერიკაში, ვინც იმ დროს ჯერ კიდევ მზად იყო `ჩაებარებინა` რუსეთისთვის ლამის მთელი პოსტსაბჭოური სივრცე, `ოღონდ არ იყოს ომი`. ახლა ეს ძალებიც იძულებულნი გახდნენ მხარში ამოსდგომოდნენ უკრაინას და ეს მათ აიძულა (!) უკრაინის არმიის გმირულმა ბრძოლამ.
თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ კადიროვის პოსტს რუსული გენერალიტეტის წინააღმდეგ.
რამზანის ეს დემარში იმიტომაა ნიშანდობლივი, რომ ადასტურებს `რყევას` დღემდე პუტინის ერთგულ ელიტებში, მათ შორის სამხედრო ელიტებში, ანუ გენერალიტეტში.
საინტერესოა, რომ კადიროვს მაშინვე დაუჭირა მხარი ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა, რომლის (ვითომდაც) `კერძო არმია` იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი კი, როგორც ცნობილია, ხელისუფელბაში 2 000 წელს მოვიდა სწორედ `ძალისმიერი ელიტების` მხარდაჭერით და მთელი ამ ხნის განმავლოაბში სწორედ მათ ეყრდნობოდა. თუ ამ `სახელისუფლებო ღერძში` რყევა დაიწყო, მაშინ პუტინის ისედაც მოფამფალებული ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდება და წარმოიქმნება ორი ალბათობა:
- პუტინს დაამხობენ ძალოვანები
- პუტინი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.
კრემლში, ხსენებულ თავსლაფდამსხმელ `საზეიმო ღონისძიებაზე` პუტინმა ისეთი სამარცხვინო სიტყვა წარმოთქვა, რომელიც მსოფლიო ისტორიას მხოლოდ აფრიკის ყველაზე ველური და უკულტურო ლიდერებისგან თუ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური ნარატივების ნაზავი იყო, თუმცა ადასტურებს, რომ პუტინი არსად წასვლას არ აპირებს.
მით უმეტეს საშიში ხდება ეს `რყევა ელიტებში`, რადგან ამ სიჯიუტეს და რადიკალიზმს აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამარჯვებები.
წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე კვირის შემდეგ სისტემა ჩამოიშლება.
ეს მობილიზაცია რომ სრულებით ფუჭია, აბსოლუტურად ნათელია ყველასათვის.
თავის გამოსვლაში პუტინმა დაადასტურა ის, რაც ბევრჯერ ვივარაუდეთ: იგი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ დათქმით, რომ უკრაინა აღარ შეეხება ახლა დაპყრობილ ხაზებს (იხილეთ ილუსტრაცია) ესე იგი `ნოვოროსსიას`, ანუ ყირიმისკენ სახმელეთო გასასვლელს. და იმედი აქვს, დასავლეთში` ტალიავინები` (ისინი არსად წასულან) აიძულებენ ზელენსკის, დათმოს არდასათმობი.
რუსულ შოვინისტურ საზოგადოებას სისხლი სწყურია. ეს უნდა იყოს ან უკრაინელთა სისხლი ატომური იარაღის გამოყენების შედეგად ან თვით პუტინის სისხლი.
ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინმა თავის სფიჩში საგანგებოდ გაუსვა ხაზი: როდესაც ამერიკამ 1945 წლის 6 აგვისტოს გამოიყენა ატომური იარაღი იაპონიის წინააღმდეგ, მან ამით შექმნაო `პრეცედენტი` ბირთვული ძალის გამოუენებისა. სიტყვა `პრეცედენტი` ამ კონტექსტში პირდაპირი მუქარაა ნამდვილად.
. . . . . . . . . . . . . . .
ანტიპუტინური სანქციების კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO – International Civil Aviation Organization): პირველად მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთი არ აირჩიეს ორგანიზაციის საბჭოში.
ეს თავისთავად საგანგებო შემთხვევაა, რადგან რუსეთი მსოფლიო ხმელეთის მეექვსედია, შესაბამისად უამრავი ავიახაზი გადის რუსეთის საჰაერო სივრცეში. განსაკუთრებით ევროპიდან - აზიის განვითარებული ქვეყნებისკენ: იაპონია, ინდონეზია, კორეა, მალაიზია და ა.შ.
მოსკოვი იმუქრებოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების პასუხად შეუზღუდავდა ან სულაც აკრძალავდა ფრენებს მის საჰაერო სივრეცში, თუმცა ამის გაკეთება რუსეთმა ვერ გაბედა, რადგან საპასუხო ზომებისა შეეშინდა. მაგრამ ეს ზომები მაინც შეიძლება დადგეს, ვინაიდან იმავე სანქციათა შესაბამისად, რუსეთი ვეღარ აზღვევს თავის თვითმფრინავებს; გარდა ამისა, მან ასეულობით თვითმფრინავი უბრალოდ მოპარა სალიზინგო კომპანიებს და ისინი ქვეყნის შიგნით ან ჩიინეთში და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში დაფრინავენ.
ამიტომ არა მხოლოდ ევროპამ, არამედ სხვა ქვეყნებმაც, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, შესაძლოა აკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა მათ საჰაერო სივრცეში. აქ ლაპარაკია უკევ არა მხოლოდ ევროპაზე.
საქმე ის გახლავთ, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კანონებით, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ხდება ავია-კატასტროფა, თუ ადამიანები იღუპებიან, ამაზე ეს სახელმწიფო აგებს პასუხს მაშინაც კი, თუნდაც ტექნიკურად გაუმართავი თვითმფრინავი (დაზღვევა გულისხმობს ტექნიკური გამართულობის მონიტორინგსაც) რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა. ახლა კი რუსული ავიაკომპანიების კუთვნილი თვითმფრინავების ტექნიკური მონიტორინგი აღარ ხდება - ამ მონიტორინგს ხომ იგივე სადაზღვევო კომოანიები ახორციელებდნენ?
ამ მოვლენას ჩვენთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ დღემდე რუსეთი არ ნიშნავდა რეისს `მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვი` ან `პეტერბურგი-მოსკოვი-პეტერბურგი` ნაწილობრივ (!) სწორედ იმიტომ, რომ არ სურდა ICAO-ს წესები დაერღვია. ICAO-მ ჯერ კიდევ 1993 წელს დახურა საჰაერო სივრცე აფხაზეთის თავზე, როდესაც აფხაზებმა და რუსებმა სოხუმის აეროპორტში დაჯდომამდე ქალებით, ბავშვებით, მოხუცებით სავსე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სოჭიდან მოფრინავდა.
თუმცაღა, იყო მეორე მიზეზიც: რუსეთი ცდილობდა, მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის რეისი `გაეცვალა` რაიმე ისეთ დათმობაში, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად ბუნების თავისუფალ ყიდვა-გაყიდვაში რუსებზე. თუმცა ვერც ამას მიაღწია.
. . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ გაიხსნა ახალი ევროპული გაზსადენი, რომელიც საბერძნეთს აკავშირებს ბულგარეთთან; ანუ საბერძნეთს საშუალება ექნება მიიღოს აზერბაიჯანული გაზი იმ მილსადენით, რომელიც იწყება აზერბაიჯანის კასპიის შელფში, ჰკვეთს აზერბაიჯანის ტერიტორიას, შემდეგ საქართველოს ტერიტორიას, გადის თურქეთში და შემდეგ საბერძნეთს მიეწოდება, საბერძნეთიდან კი ბულგარეთს. ამ გაზსადენით ბულგარეთს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს საშუალება ექნებათ, მთლიანად განთავისუფლდნენ რუსული გაზისგან. ამ ეტაპზე საუბარია 5 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც ნამდვილად არ არის ცოტა.
ყველაფერთან ერთად საქართველოც მეტ შემოსავალს მიიღებს.
. . . . . . . . . . . . . . .
როგორც მრავალჯერ ვივარაუდეთ, აშშ პრეზიდენტი ბაიდენი კი გამოვიდა გაეროში ამ უნივერსალური ორგანიზაციის რეფორმირების წინადადებით, მაგრამ `ვეტო`-ს უფლების გაუქმება არ უხსენებია.
მთელი მისი `რეფორმა` ის იქნება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრებად (იმავე `ვეტო`-ს უფლებით) მიიღონ გერმანია, იაპონია, ინდოეთი და ბრაზილია. ანუ ხუთიდან - ცხრამდე გაიზარდოს წევრთა რაოდენობა, რასაც არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს თუკი ყველა მუდმივ წევრს დარჩება ვეტოს უფლება.
ამ უფლებით, რუსეთმა გუშინ დილით დაბლოკა უკრაინის ოკუპაციის საწინააღდმეგო რეზოლუცია, ხოლო მოსკოვის წარმომადგენელმა ნებენზიამ მხრები აიჩეჩა: თქვენ რა, გეგონათ რუსეთის დამგმობ რეზოლუციას რუსეთი ვეტო-ს არ დაადებდაო?
მიზეზი, თუ რატომ არ სურს ამერიკას ამ პრივილეგიის გაუქმება, მრავალჯერ მოგახსენეთ: ისრაელი, ისრაელი და ისევ ისრაელი: როგორც კი `ვეტო`-ს უფლება გაუქმდება, ამერიკას აღარ ექნება საშუალება, დაიცვას თავისი პატარა და ეგზისტენციური მოკავშირე საყოველთაო გაკიცხვისგან, რაც არაერთხელ მომხდარა 1960-იან, 70-იან, 80-იან წლებში. ევროპის ქვეყნების დიდი უმრავლესობაც კი გამოსულან იმ პერიოდში ისრაელის წინააღმდეგ და მხოლოდ ამერიკის `ვეტო`-მ დაიცვა.
თუმცა ესეც პირობითია: რომც გასულიყო ის რეზოლუციები რა? - ისრაელს ომს დაუწყებდა გერმანია? - მათი წარსულის გათვალისწინებით?!
ერთ-ერთი ასეთი კენჭისყრისას (ოღონდ არა უშიშროების საბჭოში, არამედ გაეროს `გენერალურ ასსამბლეაში`, სადაც `ვეტო`-ს უფლება არ არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ძალა აქვთ) ისრაელის ელჩმა გაეროში ისტორიული ფრაზა თქვა: `რაც გინდათ ის მიიღეთ და რაც გინდათ იმას მიეცით ხმა - საბედნიეროდ, ისრაელის ბედისწერა ამ დარბაზში არ წყდება`.
გულისხმობდა, რომ წყდება სინას მთაზე - უფლის მიერ.
. . . . . . . . . . . . . . .
საბედნიეროდ, ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო უკვე მარადიულია და მას ვეღარავინ გაანადგურებს.