საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მაისი. 2024 წელი
ამერიკამ ოფიციალურად დასდო ბრალი მოსკოვს ქიმიური მომწამვლელი ნივთიერების chloropicrin-ის გამოყენებაში უკრაინის ფრონტზე.
ეს არის იმ საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევა, რაც მსოფლიო თანამეგობრობამ გააფორმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გერმანიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი: ფრანგული და ბრიტანული პოზიციებისკენ უშვებდნენ მომწამვლელ გაზს როცა ქარის მიმართულება ხელსაყრელი იყო.
ეს პირველად მოხდა სოფელ იპრთან, რის შემდეგაც გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებას „იპრიტი“ უწოდეს. შემდგომში კრებითი სახელი გახდა.
რუსეთი უარყოფს ქიმიური ნივთიერების გამოყენებას. მაგრამ ვაშინგტონი ამგვარ სენსაციურ განცხადებას საბუთის გარეშე არ გააკეთებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
კონგრესში გაიმართა Hearing რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე.
პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ უკვე ლაპარაკია არა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კოსმოსში, არამედ მის განთავსებაზე კოსმოსში
ეს პრინციპული სხვაობაა: იგულისხმება არა ბირთვული მუხტის სროლა კოსმოსური სამიზნეების (ამერიკული და სხვა თანამგზავრების) მიმართულებით, არამედ ბირთვული მუხტების განთავსება რუსულ თანამგზავრებზე უშუალოდ კოსმოსურ სივრცეში.
ასეთი მუხტის განთავსება კოსმოსში და მისი აფეთქება იმას გამოიწვევს - როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა - რომ „ახლო კოსმოსური ორბიტა“ გამოუსადეგარი გახდება თანამგზავრებისთვის რადიაციის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში 1 მაისის დღესასწაული ტრადიციულად იმართებოდა სლოგანით Мир, Труд, Май.
მიმდინარე წელს МИР ანუ მშვიდობა ამ სლოგანიდან და, შესაბამისად ლოზუნგებიდან თუ პლაკატებიდან ამოიღეს. თითქოს არც ყოფილა.
ეს ბუნებრივია: რომელ „მშვიდობაზეა“ ლაპარაკი, როდესაც გუშინ (მხოლოდ გუშინ) რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ერთდროულად ხარკოვი და ოდესა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის ენერგოსისტემა, მისი მიმდებარე ელექტროსადგურები, მთლიანად განადგურებულია. ხარკოვის ადმინისტრაცია იძულებული გახდა უკრაინის სხვა რეგიონებიდან მიეღო ელექტროენერგია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განაცხადა, რომ სამხედრო ინდუსტრიის მობილიზაციის თვალსაზრისით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსეთი ბევრად ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე მთელი დასავლეთი, რაკი პუტინმა უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიყვანა მრეწველობა სამხედრო რელსებზე და რუსული ინდუსტრიები კოლოსალური რაოდენობით აწარმოებენ ახლა რუსული არმიისთვის აუცილებელ შეიარაღებას.
კულებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად უკრაინის არმიას საარტილერიო ჭირვები სჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა Google World-ს შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის კოსმოსიდან გადაღება, რაკი ეს ფოტოები შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს, როგორც „მიზანმიმართულება“ უკრაინაზე დარტყმებისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება 1914 წლის „სომხურ გენოციდთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მოვლენები პროვოცირებული იყო „ყალბი დაპირებებით“ რუსეთის მხრიდან.
ანუ ფაშინიანმა გაიმეორა მნიშვნელოვანი ნარატივი (რომელიც არც ისე შორსაა რეალობისგან), რომ რუსეთმა ჯერ დააპროვოცირა სომხური აჯანყება აღმოსავლეთ თურქეთში, ხოლო შემდეგ მიატოვა სომხები თურქული არმიის და ქურთული რაზმების პირისპირ.
ფაშინიანის განცხადება სრულად თავსდება ბოლოდროინდელ რუსულ-სომხურ დისკურსში, როცა ერევანი ცდილობს მოსკოვისგან დისტანცირებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ავტორიტეტული და სანდო რესურსების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, აშშ ადმინისტრაცია ამზადებს 10 წლიან (!) ხელშეკრულებას უკრაინასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
ფაქტობრივად, ეს ხელშეკრულება შეიძლება იყოს სტრატეგიული გარანტია ამერიკის მხრიდან - უკრაინის მიმართ.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაიდენი ჩქარობს ამ ხელშეკრულების გაფორმებას, რაკი თუ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს ტრამპი, მან ვეღარ შეძლოს უკრაინის „ჩაბარება“ რუსეთისთვის.
თუმცა გაურკვეველია, რამდენად მოესწრება ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება უკრაინასთან, შემდეგ კი მისი რატიფიცირება კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობას „ჭირვეული“ რესპუბლიკელები და დიდწილად დონალდ ტრამპის მომხრეები წარმოადგენენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიცამ მიანიშნა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში გაანადგურებს ყირიმის ხიდს.
პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიანიშნა: ამ ხიდის ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ კი ცარიელი ფოტო წარწერით - „აქ იყო ყირიმის ხიდი“.
როგორც ჩანს იგულისხმება, რომ უკრაინა გამოიყენებს ATACMS რაკეტებს, რაც ამერიკამ მიაწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმაოდ დიდი რაოდენობით.
თუმცა სამხედრო ექსპერტები დაჟინებით იმეორებენ (და ჩვენ მათი აზრი ბევრჯერ მოგვიყვანია), რომ ფრთოსანი რაკეტებით ხიდის განადგურება თითქმის შეუძლებელია.
შესაძლებელია მხოლოდ მისი დაზიანება. ეს ადრეც არაერთხელ მომხდარა
თუმცა თავის მხრივ, საინტერესოა, რომ უკრაინელი დიპლომატი ამაზე საკმაოდ გამჭვირვალედ მიანიშნებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის სმოლენსკის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ნაწილობრივ მიაყენა კიდეც დაზიანება. ასევე დაარტყეს მძლავრად რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ეს უკრაინული წარმოების დრონებია. ამერიკელებმა აუკრძალეს უკრაინას ATACMS გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.
ზოგიერთი ცნობით, ამერიკამ 100 ერთეული ATACMS რაკეტა მიაწოდა უკრაინის არმიას. აღსანიშნავია, რომ ამ რაკეტებს აქვთ სერიოზული უპირატესობა იმავე ბრიტანულ-ფრანგული Storm shadow/Scalp - თან შედარებით: ამერიკული რაკეტები ბევრად სწრაფია. შესაბამისად მისი ჩამოგდებაც უფრო რთულია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სამხედრო სპეციალიზაციის Think tank-ები აგრძელებენ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ანალიზს.
შვეიცარიის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ჟაკ ბოდმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიას აქვს ერთი ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა: დასავლური წარმოების იარაღის „შეუთავსებლობა“ საბჭოთა წარმოების იარაღთან. ანუ, ამ სპეციალისტის თქმით, უკრაინელები ვერ ახერხებენ დასავლური იარაღის ინტეგრირებას უკრაინის არმიისთვის ტრადიციულ შეიარაღებაში.
მაგალითად, როგორც გენერალი ჟაკ ბოდი წერს, ამერიკულ ტანკ ABRAMS-ს უკრაინელები იყენებენ, როგორც „თვითმავალ ქვემეხს“, რაც მისი დანიშნულება და ფუნქცია არ არის. ანუ გაჰყავთ პოზიციებზე და ისვრიან რუსული ქვედანაყოფების მიმართულებით.
ოღონდ აქ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ABRAMS ან ნებისმიერი სხვა ტანკი უძლური იქნება, რაკი არა აქვს დაცვა ჰაერიდან და როგორც ამ ომში აღმოჩნდა, ტანკი საკმაოდ მოწყვლადია ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების მიმართ.
სპეციალისტები აღიარებენ, რომ უკრაინული კონტრშეტევის მოგერიება რუსებმა პირველ რიგში სწორედ იმით შეძლეს, რომ დამცავი ზღუდის მთავარმა „არქიტექტორმა“, გენერალმა სუროვიკინმა სწორედ ნაღმებს მიანიჭა მთავარი როლი ამ ზღუდის ინსტალაციისას დონეცკის ფრონტის ხაზზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი აძლიერებენ ზეწოლას არაბთა გაერთიანებულ ემირატებზე, შეწყვიტოს რუსეთთან ვაჭრობა. ირკვევა, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია (ჩინეთთან ერთად) რუსეთში მიკროჩიპების და სხვა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების მხრივ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გაე-ის კომპანია Albait Al Khaleeje General Trading LLC რუსეთს აწვდის ავტომობილთა სათადარიგო ნაწილებს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლური სანქციები არა მხოლოდ რუსეთში ავტომანქანების ექსპორტს კრძალავს, არამედ სათადარიგო ნაწილებსაც, რაც რუსეთის უზარმაზარ ავტოპარკს (რაც მასიური და მრავალრიცხოვანი გახდა ბოლო 20 წლის მანძილზე განსაკუთრებით) მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულმა პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტის პრო-პალესტინური პიკეტი დაშალა. ათეულობით სტუდენტი დაკავებულია. ეს ნიუ იორკში მოხდა. ამავე დროს ლოს ანჟალესში კალიფორნიაში პოლიციამ პროპალესტინური სტუდენტური კამპუსი დაშალა მას შემდეგ, რაც დაიწყო შეტაკებები პრო-პალესტინურ და პრო-ისრაელის ჯგუფებს შორის.
ბოლო დროს ამერიკის ხელისუფლება ორმხრივი წნეხის ქვეშაა; განსაკუთრებით აქტიურობს ისრაელის ლობი, რომელიც მოითხოვს ზომების მიღებას „ანტიისრაელური და ანტისემიტური“ აქციების მიმართ ამერიკულ უნივერსიტეტებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ენტონი ბლინკენი მერამდენედ ჩავიდა ამ დღეებში ისრაელში, შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, შეხვდა ებრაელ მძევალთა ნათესავებს, თუმცა მოლაპარაკების შედეგად ვერაფერს მიაღწია სამშვიდობო გეგმის თვალსაზრისით: ისრაელის ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას რაფახში ძალის გამოყენებაზე.
ეს სპეცოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
მთელი მსოფლიო შიშით ელის, რას მოიმოქმედებს ისრაელი და ირანი.