საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ივნისი 2022 წელი
სულ უფრო იძაბება ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის მას შემდეგ, რაც აფხაზეთის პარლამენტმა, როგორც უკვე ვწერდით, შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონში და ამიერიდან დეპუტატი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც იცის აფხაზური ენა. ანუ შეიძლება გახდეს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, რადგან სხვები (მით უმტეს რუსები) აფხაზურ ენას ვერც სწავლობენ და არც სწავლობენ.
ზოგადად, აფხაზური გენიალური ენაა, თუმცა ერთ ერთი ურთულესია ფონეტიკურად, სემანტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით.
მოსკოვიდან აფხაზებს უთხრეს, რომ თუ ეს კანონი დაუყოვნებლივ არ გაუქმდებოდა, სერიოზულ სანქციებს ვერ ასცდებოდნენ
პასუხად აფხაზები ეუბნებიან რუსებს, რომ აფხაზეთში ყველა მაინც რუსულად ლაპარაკობს, ეს აფხაზური ენის გადასარჩენად გვჭირდებაო.... და ა.შ და ა.შ
ოღონდ ნურას უკაცრავად: ეს არგუმენტები მოსკოვისთვის დამაჯერებელი არ არის - ამ კანონში ისინი ხედავენ იმავე ტენდენციას, რასაც წლების განმავლობაში ხედავდნენ უკრაინაში, სადაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რომლითაც ზღუდავდა რუსულ ენას სახელმწიფო უწყებებში, რათა ხელი შეეწყო უკრაინული ენის დამკვიდრებისთვის ოფიციალურ დონეზე.
ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიისა: უკრაინული ენა სახელმწიფო უწყებებში მისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ უკრაინული სახელმწიფო შენდებოდა და უკრაინული შინაარსი ექნებოდა იმ სახელმწიფოს.
ზუსტად ასევე, რუსებს ახლა ბრაზიანად ეჩვენებათ, რომ რაკი აფხაზეთში აფხაზური ენის პრიორიტეტი მკვიდრდება, აფხაზები `აფხაზური შინაარსის` სახელმწიფოს აშენებენ და არა რუსულენოვან, რუსული შინაარსის სახელმწიფოს.
მაშინ მოსკოვში სვამენ კითხვას: თუკი ასეა, აფხაზური შინაარსის სახელმწიფო რუსეთის ბიუჯეტიდან რატომ უნდა ვაფინანსოთო? აფხაზეთის ბიუჯეტი ხომ 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული - დამოკიდებულია რუსეთის გრანტებზე, რუს ტურისტებზე და რუსეთის ბაზარზე, სადაც აფხაზები ციტრუსს ყიდიან.
აფხაზები პასუხობენ: აბა რა, ვალდებული ხართ დაგვაფინანსოთ, რადგან აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა დავაკანონეთ და ჩვენ რომ არა, ახლა ფსოუზე, საქართველოს გამო, საზღვარი NATO-სთან გექნებოდათო.
ერთი სიტყვით, უკრაინის გამო რომ რუსეთი ახლა დასუსტდა, აფხაზებმა დრო იხელთეს და ცდილობენ თავიანთი სეპარატისტული სახელმწიფოს `აფხაზური შინაარსის` საძირკველი ჩაყარონ - მოსკოვი ჩვენთვის ვერ მოიცლისო.
თუმცა კავკასიაში რუსული პოლიტიკის მთავარმა არქიტექტორმა, კონსტანტინე ზატულინმა ბოლო შეხვედრისას მიანიშნა, რომ თუ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული, რუსეთი ფსოუს საზღვარს ჩაკეტავს.
`მაშინ ჩვენ თურქეთისკენ გავიხედავთო` - აშინებენ სოხუმიდან;
თუმცა თურქეთისკენ უკვე დიდი ხანია `გაიხედეს` - ჯერ კიდევ 1990-იან წლებში - და იქ მცხოვრები აფხაზური დიასპორა დიდად ეხმარებათ, მაგრამ აფხაზეთის სანაპიროს რუსული სამხედრო გემები აკონტროლებენ და თუ რუსებმა არ გააატრეს, იქ ვერც ერთი თურქული ბორანი ან სატვირთო გემი ვერ შევა... ისევე როგორც სოხუმიდან ან ოჩამჩირედან ვერ გამოვა.
არ არის გამორიცხული, აფხაზებმა ახლა, როცა გაუჭირდათ, თბოლისშიც გამოაგზავნონ დელეგაციები ვითომ მოსალაპარაკებლად, სინამდვილეში იმავე მოსკოვის `რბილად დასაშანტაჟებლად`- საქართველოც ხომ აქვეაო და....თუმცა ეს ადრეც ყოფილა, მაგრამ არც ერთ პრინციპულ საკითხში არც ერთ რეალურ დათმობაზე ისინი არ წამოვლენ.
მაგალითად, გალის რაიონში რომ ქართველმა ბავშვებმა საგნები ქართულ ენაზე ისწავლონ. ამის გაგონებაც არ სურთ. ქართული გალის სკოლებში ისწავლება, როგორც უცხო ენა.
. . . . . . . . . .
რუსები, სამწუხაროდ, ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა ქუჩის ბრძოლები გრძელდება.
როგორც სჩანს, ახლა ამ საკვანძო მნიშვნელობის ქალაქს მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს.
მისი დაკარგვა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის უკრაინულ არმიას, რაკი შესაძლოა დიდ ალყაში აღმოჩნდეს აღმოსავლეთ დონბასზე.
მაშინ ან უნდა მოასწრონ ამ დაჯგუფების გამოყვანა კიევისკენ, რაც უდიდესი ტერიტორიების დაკარგვას და რუსების მიერ `ფრონტის ხაზის გასწორებას` ნიშნავს, ან გაწირონ დაახლოებით 5-6 ათასი მეომარი ნაღდი სიკვდილისთვის ან ტყვეობისათვის.
`ვაი`-სა და `ვუის` შორის არჩევანია ზელენსკისათვის.
საკითხი უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს. მერე გვიან იქნება.
და ეს ყოველივე დაიწყო მარიუპოლის ჩაბარებიდან.
. . . . . . . . . .
გუშინ საინტერესო დისკუსია გაიმართა ამერიკულ ტელეარხზე CNN
`თოლქ-შოუს` თემა იყო ამერიკული შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის დანადგარების მიწოდება უკრაინისთვის.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ უკრაინა მიიღებს ამ სისტემებს, ოღონდ იმ მკაცრი პირობით, რომ არ გამოიყენებს მათ (სიშორე 300 კილომეტრია) უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების ან ინფრასტრუქტურული ობიექტების დასაბომბად მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სარკინიგზო კვანძებს თუ პორტებს.
როდესაც ამერიკელმა ჟურნალისტმა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჰკითხა, რატომ არ ჰქონდა უფლება უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დაებომბა ობიექტები, თუკი იქედან უკრაინას ბომბავენ, რესპონდენტმა უპასუხა: იმიტომ, რომ საბრძოლო მოქმედებათა თეატრი უკრაინის ტერიტორიაა და არა რუსეთის ტერიტორია, ხოლო ომის კანონებით, იარაღის გამოყენება მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე შეიძლებაო.
ამაზე ჟურნალისტმა კითხვა შეუბრუნა: კი მაგრამ რუსეთი კასპიის ზღვიდან ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და ის არ არის საბრძოლო მოქმედებათა ზონა ან თეატრიო?
ამაზე რესპონდენტი გაჩუმდა და ვერაფერი უპასუხა.
. . . . . . . . . .
ტრაგიკომიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა სეპარატისტული დონბასის ანუ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული მოხახლეობა: ადგილობრივი რუსული სამხედრო ადმინისტრაცია ახლა დასდევს, სახლებში უვარდება და 18 წლიდან - 60 წლამდე ყველას ჯარში აგზავნის: აეთრიეთ და დონბასის დამოუკიდებლობა ხომ გინდოდათ? - ჰოდა იომეთ და სისხლი ღვარეთ ახლაო.
იმათ დონბასის უკრაინისგან მოგლეჯა კი უნდოდათ, მაგრამ 90% მათგან, ვინც მუდამ სეპარატიზმს აძლევდა ხმას, რუსეთის ფედერაციაში მაძღარ ცხოვრებაზე ოცნებობდა და არა ომსა და უბედურებაზე.
`სეპარატისტულ `არმიებში` ბუნტებიც კია უკვე - `გადაღლილი` ჯარისკაცებისა, ვინც ძალით წაასხეს რუსებმა საომრად ლუგანსკიდან და დონეცკიდან.
ახლა კი ნანობენ, როცა იმალებიან, იჭერენ, სასტიკად უსწორდებიან და დეზერტირობისთვის ციხეში ყრიან, თუმცა რაღა დროს....
ახია!
. . . . . . . . . .
უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის გადაწყვეტილებას (სანქციათა მეექვსე პაკეტის შემუშავებისას) - რუსეთის პატრიარქ კირილეს დასანქცირების თაობაზე.
კირილემ `გულმხურვალედ` დაუჭირა მხარი, დალოცა და აკურთხა პუტინის ბარბაროსული აგრესია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და შესაბამისი ხოცვა-ჟლეტაც `განანათლა`.
ევროკავშირი აპირებდა აეკრძალა კირილესთვის ევროპაში მოგზაურობა, რაც სხვათა შორის მას და მისი გარემოცვის წვერებს ძალიან უყვართ
მაგრამ უნგრეთის ავტოკრატმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან, ერთგულება/ლოიალობა დაუდასტუროს მოსკოვს, ამჯერადაც დემაგოგია მოიშველია: კირილეს დასანქცირება სინდისის ანუ რწმენის თავისუფლების ევროპული პრინციპის დარღვევა იქნებაო.
ანუ `რწმენის თავისუფლება` ბუჩაში უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა და გაუპატიურება?!!!
უნგრელებიც და თვით ორბანიც, - როგორც ავსტრია-უნგრეთის მომკვიდრენი, - კათოლიკენი არიან და რომის პაპის მრევლნი.
როდედან `გაუსკდა` ორბანს ასე მართლმადიდებლობის ერთგულება/სიყვარული, უცნობია.
ალბათ რაც პუტინს აღსარება ჩააბარა ომის დაწყებისთანავე მოსკოვში ვიზიტისას.
. . . . . . . . . .
უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა დაამარცხა შოტლანდია გლაზგოში (!) 3-1 და ახლოსაა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებასთან. ახლა უელსს უნდა მოუგოს.
უკრაინელებმა გლაზგოში ლომებივით იბრძოლეს: უკრაინული ფეხბურთის საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნეს. მათ გამარჯვებას არავინ ელოდა.
დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი პოლიტიკაა. მათ შორის დიდი ფეხბურთიც!
უკრაინისთვის, რომელიც თავს იცავს და გადასარჩენად იბრძვის, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.
იმ ჩემპიონატიდან (2022 წლის შემოდგომა) რუსეთი გააგდეს - უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო.
. . . . . . . . . .
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჰეფ თაიიფ ერდოღანმა თავისი პარტიის ლიდერშიპთან (`სამართლიანობისა და განვითარების პარტია`) შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთის არმია უხლოეს მომავალში შეიჭრება სირიაში, სადაც შეეცდება შექმნას `უსაფრთხოების 30 კილომეტრიანი ზონა` საზღვარზე.
იგულისხმება ქურთებით დასახლებული რაიონები. ანკარა ამ ქურთებს ტერორისტებად თვლის.
ქურთები უომრად არ დანებდებიან, ანუ რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომი იწყება, რაც ძალიან ხელსაყრელია რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პარალელურად.
სირიაში თუ შეიჭრა, ერდოღანი აუცილებლად შეეხება ამერიკის ინტერესებს. ვაშინგტონი ტრადიციულად ქურთებს ეხმარება სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ.
მართალია დონალდ ტრამპმა სირიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებიდან (სადაც ქურთები ცხოვრობენ) ამერიკული ძალების უდიდესი ნაწილი გაიყვანა, მაგრამ ამერიკელი სამხედროები იქ მაინც რჩებიან.
თურქეთი NATO-ს წევრია!
დათო