საერთაშორისო მიმოხილვა. 18 სექტემბერი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 სექტემბერი 2022 წელი

ირკვევა ახალი დეტალები სამარყანდის სამიტზე.

 როგორც ცნობილია, უზბეკეთის ამ ქალაქში გასულ კვირას გაიმართა `შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის` სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პუტინმა.

მისი პოზიცია და რანგი ამ სამიტზე იმდენად სამარცხვინო იყო, მთელს მსოფლიოში შენიშნეს.

ამაზე მეტყველებს ფოტოც (გიგზავნით), რომელიც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის პრეს-სამსახურმა  გაავრცელა:  `სუფრა` მიჰყავს ერდოღანს, ხოლო პუტინი სადღაც `მიძუყვნილია` ლუკაშენკოსთან ერთად.

წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ ამ სამიტზე პუტინს თავის მართლება მოუწია ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის წინაშე უკრაინის ომის გამო.

ახლა ცნობილი ხდება, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარანდრა მოდისთან შეხვედრაზე პუტინს უარესი დაემართა: ნარანდრა მოდის კრემლის ბინადარისთვის პირდაპირ უთქვამს: `ჩვენ ომების ეპოქაში არ ვცხოვრობთ და რასაა რომ სჩადიხარ უკრაინაშიო`.

პუტინს პასუხად დაუწუწუნია: `ყველაფერს ვაკეთებთ, ომი დროულად დასრულდეს, მაგრამ რა ვქნათო.....`

ამ საუბრის შინაარსი იმდენად სამარცხვინო იყო პუტინისთვის, რომ მხოლოდ ინდურ მხარეს შეეძლო სპეციალურად გაესაჯაროვებინა. და არა კრემლის პრეს-სამსახურს.

ანუ....ჯერ ჩინეთმა, ახლა ინდოეთმა პირდაპირ სილა გააწვნეს პუტინს მთელი მსოფლიოს წინაშე, ხოლო ერდოღანმა ხსენებული ფოტოთი დასცინა.

რატომ ხდება ეს? ჩინეთიც და ინდოეთიც ახლა ორჯერ იაფად ყიდულობენ რუსულ ნავთობს, თურქეთსაც უდიდესი შემოსავალი აქვს რუსული კრიზისის გამო და თან ასე არცხვენენ პუტინს. პროტოკოლის დარღვევითაც კი.

ამის მთავარი მიზეზი ის ბრწყინვალე გამარჯვებაა, რაც უკრაინულმა არმიამ მოიპოვა ხარკოვის რაიონში.

არის ასეთი ქართული ანდაზა, უძველესი: `შენდებოდეს შეეწიე, ინგრეოდეს - შეესიეო`.

პუტინი მარცხდება. ჩინეთი და ინდოეთი ამას ხედავენ და სულაც არ უნდათ საფლავში ჩაჰყვნენ, თავადაც დაზიანდნენ, თუმცა უარს არ ამბობენ, პუტინით ისარგებლონ სანამ საბოლოოდ დაიმარხება.

თან არც დასავლეთთან წვავენ ხიდებს, რაკი ჩინეთიც და ინდოეთიც, საბოლოო ანგარიშით დასავლეთზე ბევრად მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე რუსეთზე.

ანუ, მთლიანობაში, ეს სამიტი, რომელიც პუტინს უნდოდა გამოეყენებინა იმის საჩვენებლად, თითქოს სულაც არ ანაღვლებს დასავლეთისგან მოკვეთა, რაკი აი ასეთი მეგობრები ჰყავს, რეალურად პუტინის დიპლომატიური და საერთაშორისო კრახი აღმოჩნდა: ეს ფოტო ამ რეალობის ბრწყინვალე ილუსტრაციაა.

ყველაზე კომიკური ის არის, რომ თურქეთი, რომელმაც ახლა პუტინი ასე დაამცირა (ვიმეორებ: ეს ფოტო ერდოღანის  პრეს-სამსახურმა გაავრცელა), შანხაის ორგანიზაციის წევრი საერთოდ არ არის - დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა სამარყანდში. ისევე, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

არ წყდება დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ბრძოლები, ძირითადად დაბომბვების სახით.

კონფლიქტის მიზეზი მიწის კუთვნილებაა: ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრები 30 წლის მანძილზე ვერ შეთანხმდა ჯერ.

გუშინ ყირგიზეთის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული `ბაირაქტარის` დრონით ტაჯიკეთის საჯარისო ქვედანაყოფს დაარტყა.

ნიშანდობლივია, რომ ეს დრონი თურქეთმა სწორედ ყირგიზეთს გადასცა და არა ტაჯიკეთს.

აქ გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალური აზიის (ადრე შუა აზიას ეძახდნენ) რესპუბლიკებიდან ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი თურქულენოვანია. საერთოდაც `თურქეთის და თურქი ერის წინაპრებად ითვლებიან და თურქულ კულტურასთან ძალიან ახლოს არიან. ისევე, როგორც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი.

აი ტაჯიკეთი კი სულ სხვაა: ტაჯიკები `ფარსის` ენაზე ლაპარაკობენ ანუ სპარსელების, ირანელების ნათესავები არიან.

შესაბამისად, ის რაც ახლა ხდება ტაჯიკებსა და ყირგიზებს შორის არის `პროქსი` დაპირისპირება თურქეთსა და ირანს შორის. თურქები ყირგიზებს ეხმარებიან ფარულად, ირანი - მონათესავე ტაჯიკებს.

რაც, რა თქმა უნდა, არ უშლით ხელს ამ ქვეყნის ლიდერებს სამარყანდში ისე ტკბილად მუსაიფობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, თითქოს არაფერი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რა `მგლების ხროვაში` მოხვდა ახლა პუტინი, რომლის ქვეყანამ ცივილიზებული ერების `დიდი რვიანის` წევრობა ვერ იგუა.  ახლა კი ამ მტაცებელი მგლების გვერდით ზის არა მგლის, არამედ გაქუცული ტურას ამპლუაში. არადა საკუთარი თავი ყველაზე `მაგარი` მგელი ეგონა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთში შიშობენ, რომ უკრაინაში დამარცხებათა კვალდაკვალ პუტინი ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

ამის ალბათობა აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ გამორიცხა და პუტინს დაემუქრა `მძიმე შედეგებით`

ბაიდენს არა თვით პუტინმა, არამედ მისმა პრეს-მდივანმა პესკოვმა უპასუხა: `დიახაც გამოვიყენებთ ატომურ ბომბს, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრებაო`.

`რუსეთის არსებობის საფრთხე` კი პუტინს და მის გარემოცვას ისე ესმის, რომ უკრაინამ თუ ეს ომი მოიგო და დონბასი, ასევე ყირიმი დაიბრუნა `რუსეთი არსებობას შეწყვეტს`.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში კვლავ გაიმართა ახალგაზრდობის აქცია `ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ`.

აფხაზ ახალგაზრდებს ხელში ეკავათ პლაკატები, რომელზეც აფხაზურ და რუსულ ენაზე ეწერა, რომ ბიჭვინთის კომპლექსი არ უნდა გადაეცეს რუსეთს. პარალელურად, ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს რენდერირებული ფოტოები, თუ როგორ იქნება `პუტინის  აგარაკი` (ყოფილი ხრუშჩოვის აგარაკი) მაღალი ქვის ჯებირით შემოღობილი.

ამ პროტესტებთან დაკავშირებით აქვე უნდა ითქვას, რომ საქმე გვაქვს აფხაზეთის ხელისუფლების ძალიან ეშმაკურ სპეცოპერაციასთან!

სინამდვილეში, არც პრეზიდენტ ბჟანიას, არც სხვებს ამ ტერიტორიის პუტინისთვის გადაცემა არ უნდათ: 2020 წელს, როცა ბჟანია სოჭში შეხვდა პუტინს, რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოუთვალა, რას მოითხოვს მოსკოვი სოხუმისგან: ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა რუსებზე, ენგურჰესის გადაცემა, ენერგოსისტემის მთლიანად გადაცემა, უმსხვილესი სახელმწიფოს საწარმოების რუსეთისთვის გადაცემა და ა.შ. ამ მოთხოვნათა შორის იყო აგრეთვე ბიჭვინთის აგარაკიც რასაკვირველია. აბა პუტინი საკუთარ თავს ხომ არ დაივიწყებდა?!

მაგრამ ბჟანიამ საჯაროდ აქცენტი გააკეთა სწორედ `აგარაკის` თემაზე და ეს ძალიან ეშმაკური ხრიკი იყო: ამით ყურადღება გადაიტანა პუტინის პირად ინტერესებზე, რომ` სათქმელი ჰქონოდათ` თვით რუსეთში და პირადად პუტინისთვის შეექმნა პრობლემები, თუ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო (არადა, არც ერთი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ!) პუტინი სანქციებს შემოიღებს სოხუმის რეჟიმის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, მაშინვე იტყვიან აფხაზებიც და პუტინის ოპოზიციაც რუსეთში: ხედავთ, საკუთარი კეთილდღეობისთვის ანუ მდიდრული აგარაკების გამო `მოძმე აფხაზეთს` სანქციებით სჯისო.

აღარავინ მიაქცევს ყურადღებას, რომ იმ აგარაკთან ერთად და იმ აგარაკზე მეტად (აგარაკების მეტი რა აქვს პუტინს?) მოსკოვს ახლა ენგურჰესის ხელში ჩაგდება და აფხაზეთში ბინების რუსებზე თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა აღელვებს.

ეს ეშმაკური სპეცოპერაცია, - პუტინის პირად ინტერესებზე აქცენტის გადატანით, - აშკარად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ეშმაკი აფხაზი პოლიტიკოსის, სერგეი შამბას მოგონილია. სერგეი შამბას დღეს აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი აქვს დაკავებული.

ვიმეორებ: რა თქმა უნდა, არის პუტინის პირადი ინტერესები(ც) ამ აგარაკთან დაკავშირებით, თუმცა მოსკოვის სტრატეგიული ულტიმატუმი სოხუმის მიმართ ასევე სხვა თემებსაც ეხებოდა, რაც საბოლოოდ აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების შეცვლას ისახავს მიზნად.

აფხაზური ელიტები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსკოვი ვერანაირი სანქციების შემოღებას ვერ გაბედავს ახლა აფხაზეთის წინააღმდეგ, რაკი, როგორც ერთმა აფხაზმა დეპუტატმა თქვა `პრეზიდენტ ბჟანიასთან` შეხვედრაზე, `მიმდინრეობს მესამე მსოფლიო ომი და პუტინს ამისთვის არ სცალიაო`.

თუ მაინც `მოიცლის`, აფხაზეთის ხელისუფლება შეეცდება ჩრდილო კავკასიაში ატეხოს ხმაური, სადაც აფხაზთა მონათესავე ხალხები ცხოვრობენ. და ამ ხალხთა დეპუტატების მეშვეობით კი - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოში, სადაც ბევრი ადიღე, ჩერქეზი დეპუტატია.

სამწუხაროდ, ქართველი ექსპერტების დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ აფხაზების მიმართ პუტინის `ულტიმატუმთა` ნამდვილი, სიღრმისეული მიზეზი არის პუტინის მღელვარება და შიში აფხაზეთში თურქეთის პოზიციათა განუხრელი ზრდის გამო.

პუტინს ეშინია, რომ თურქეთიდან აფხაზეთში ჩამოსახლდებიან `მუჰაჯირები`, ანუ იმ აფხაზების შთამომავლები, ვინც 150 წლის წინ რუსეთმა გაყარა აფხაზეთიდან - თურქეთში.

რუსების `ნევროზია`: აფხაზეთი საქართველოს იმისთვის კი არ წავგლიჯეთ, ახლა იქ არა რუსები, არამედ თურქეთის მოქალაქე აფხაზები ჩამოსახდნენო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ  კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა და პრემიერ მინისტრ ფაშინიანს ხვდება.

პელოსი ერთგულია მისი მსოფლხდვისა, რომ მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც ებრძვის ავტოკრატიებს და ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს.

პელოსის შეფასებით, ტაივანი დემოკრატიულია, ჩინეთი კი ავტოკრატიული, ამიტომ ტაივანს დაუჭირა მხარი და იქ ჩაფრინდა.

ასევე, მისი თქმით, სომხეთი დემოკრატიულია, ხოლო აზერბაიჯანი - ავტოკრატიული (რაც სრული სიმართლეა) ამიტომ ერევანში ჩაფრნდა და ანტიაზერბაიჯანული ტრენდი დაიკავა.

თუმცა ამით უფრო `დათვური სამსახური` გაუწია ალბათ ფაშინიანს, რაკი მოსკოვში აუცილებლად გაბრაზდებიან კიდევ უფრო მეტად სომხეთის რევოლუციურ ლიდერზე: `საბოლოოდ მიეყიდა ვაშინგტონსო`.