საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მარტი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მარტი. 2022 წელი

სამხედრო სპეციალისტები გაოგნებულნი არიან, რომ უკრაინა კვლავინდებურად აკავებს რუსულ არმიას მიუხედავად თითქოსდა ტოტალური უპირატესობისა, რაც პუტინის ჯარს აქვს უკრაინის მიმართ. მათ შორის:

ცოცხალი ძალა, აქტიური პერსონალი: უკრაინას - 196 000 რუსეთს - 900 000.

მზადყოფნის სტადიაზე  მყოფი რეზერვი: უკრაინას - 900 000, რუსეთს - 2 მილიონი

სამხედრო ტექნიკა (მუხლუხოიანი ანუ ტანკები, ჯავშნოსნები და ა.შ): 3 309 - - - - - 15 857

სამხედრო თვითმფრინავი:  132 - - - - - 1 391

ვერტმფრენი: 55 - - - - - 948

წყალქვეშა ნავი: 0 -------49

სამხედრო გემები; უკრაინას - 28; რუსეთს (მხოლოდ შავი ზღვის ფლოტზე, რაც ახლა უფრო შეივსო) – 100 ზე მეტი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბელორუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ საშინელი განცხადება გააკეთა უკრაინის შესახებ იაპონელ (!) ჟურნალისტთან ინტერვიუში. მან თქვა, რომ პუტინი ზელენსკის თურმე სთავაზობს `უკრაინისთვის აბსოლუტურად მისაღებ ხელშეკრულებას`და თუ ზელენსკი ამ ხელშეკრულებას არ დათანხმდება, მაშინ, ეს ომი (ციტატა) ``....უკრაინისთვის დამთავრდება ისევე, როგორც დამთავრდა ომი იაპონიისათვის``(ციტატის დასასრული)

იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი.

მერედა როგორ დამთავრდა ომი იაპონიისათვის? დამთავრდა ატომური ბომბარდირებით!

პუტინი შეიშალა და როგორც სჩანს მართლა ყველაფერზე წამსვლელია. მან იცის, რომ ამ ომის წაგება როგორც მისი, ასევე რუსეთის იმპერიის დასასრულს ნიშნავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუილ მაკრონმა, რომელმაც დაიწყო საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანია, გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის ომი `ელექტროშოკად იქცა NATO-სთვის`.

მაკრონის თქმით, იგი არ ამბობს უარს 2019 წლის განცხადებაზეც, რომ `NATO-ს ტვინი მოკვდა`, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ `ელექტროშოკის` მერე `მეტი სიცხადეა`, ხოლო ალიანსი `გამოფხიზლდება` და ევროპის უსაფრთხოებაზე მეტს იზრუნებს.

დიდი ალბათობით, მაკრონი გულისხმობს, რომ NATO-ს ფარგლებში ევროპამ მეტი უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ამერიკის იმედად არ უნდა იყოს.

ეს თეზისი ადრეც გაუჟღერებიათ საფრანგეთის პრეზიდენტებს: `მეხუთე რესპუბლიკის` დამფუძნებლით, პრეზიდენტ შარლ დე გოლით დაწყებული. დე გოლი არასდროს მალავდა სკეპტიციზმს NATO-ში ამერიკის წამყვანი როლის გამო.

გასაგებია, რომ ფრანგულ ელიტებს საფრანგეთისთვის წამყვანი როლი სურთ ევროპაში. თუნდაც NATO-ს პლატფორმაზე. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.

აქ მჟღავნდება ფრანგულ - ანგლო საქსური კონკურენცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

ევროპის ნამდვილ პოტენციურ სამხედრო ლიდერს, გერმანიას, ევროპაში უდიდესი არმია კი ჰყავს, მაგრამ საფრანგეთისგან  განსხვავებით, ბირთვული იარაღი არა აქვს. ეს კი მთავარი ფაქტორია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის კოსმოსურმა სააგენტომ შეაჩერა რუსეთთან ერთობლივი პროექტი ExoMars, რომელიც მარსზე მკვლევარი აპარატის ერთობლივ გაშვებას გულისხმობდა მიმდინარე წლის  სექტემბრისთვის.

ეს კიდევ ერთი მწარე სილის გაწვნაა პუტინისთვის და როგორი `სქელკანიანიც` არ უნდა იყოს თვითონ, მის მიერ წამოწყებული დანაშაულებრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს რუსულ ელიტებს სხვადასხვა მიმართულებით და ამან არ შეიძლება რეჟიმი არ დაასუსტოს.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს: პუტინის რეჟიმი არ არის `კიმების` რეჟიმი ჩრდილო კორეაში. პუტინის რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება ელიტების მხარდაჭერა და მათზე დაყრდნობა. ყველანაირი ელიტების, მათ შორის ბიზნეს ელიტების, სახელოვნებო ელიტების, სამეცნიერო ელიტების, სპორტული ელიტების და ა.შ. მხარდაჭერის გარეშე პუტინის რეჟიმი დროთა განმავლობაში  აუცილებლად ჩამოიშლება.

ერთადერთი, რაც მართლა ძლიერი და ნიჭიერი დარჩა რუსეთს საბჭოთა კავშირიდან, ეს იყო კოსმოსური სფერო. ამერიკელებს კი ჩამორჩებოდნენ მთლიანობაში , მაგრამ რაღაც მიმართულებით მართლა ლიდერებად რჩებოდნენ. მაგალითად, მას შემდეგ რაც ამერიკის კოსმოსური საგენტო NASA იძულებული გახდა შეეჩერებინა მრავალჯერადი გამოყენების კოსმუსური ხომალდის (`შატლების`) პროგრამა უამრავი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, ამერიკელები დიდი კოსმოსმზიდი რაკეტების გასაშვებად იყენებდნენ რუსულ ძრავებს.  

რა თქმა უნდა გენიალურ ამერიკულ ინდუსტრიებს ამგვარი ძრავების გაკეთება თავადაც შეეძლოთ. მაგრამ დიდ თანხებს მოითხოვდა და უფრო იაფიც იყო რუსული ძრავები ეყიდათ. ეს ვითარება იცვლება - ამერიკელები მცირე პაუზას აიღებენ ალბათ კოსმოსში, თუმცა საბოლოოდ თავადაც დაამზადებენ უკეთეს ძრავებს. სასაცილოა პუტინის იმედი, რომ ამერიკა კოსმოსურ ძრავებს ვერ დაამზადებდა თუ მოინდომებდა.

უბრალოდ, შატლის ძრავები, რომლებსაც NASA  იყენებდა ამ შესანიშნავი, თუმცაღა ძალიან ტრაგიკული პროექტის დახურვამდე, ერთჯერად რაკეტებზე არ გამოდგებოდა.

``როსკოსმოსის`` დირექტორი, საქართველოს `დაუძინებელი მეგობარი` დიმიტრი როგოზინი, რომელიც 2008 წელს რუსეთის წარმომადგენელი იყო NATO-ში (და რასაც აკეთებდა იქ, იმ ომის დროს თუნდაც, კომენტარს არ საჭიროებს) ახლა დასავლეთს აშანტაჟებს, რომ თუ ამერიკა `ბევრს იხტუნავებს`, რუსეთი გაბრაზდება და ამერიკელ ასტრონავტებს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან, დედამიწაზე არ დააბრუნებს ორბიტადან მარტის ბოლოს, როგორც დაგეგმილი იყო - რუსული რაკეტებით.

`პარაშუტით გადმოხტნენო` დაცინვით ამბობს როგოზინი. თუმცა მისი ცინიზმი დიდხანს არ გაგრძელდება, რაკი ერთჯერადი რაკეტების ძრავებს ამერიკული ინდუსტრიები შედარებით სწრაფად დაამზადებენ, რაკი მოინდომეს უკვე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო და ბევრმა იწინასწარმეტყველა კიდეც, ჩინეთი ბევრს ლაპარაკობს რუსეთის მხარდაჭერაზე, თუმცა თანდათან უერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღდმეგ.

ჩინეთის უგამოცდილესმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ი-მ ესპანელ კოლეგასთან საუბრისას გასულ კვირას პირდაპირ თქვა: ჩინეთი არ არის მხარე ამ კონფლიქტში და სულაც არ სურს თავად დაზარალდეს რუსეთის ქმედებების გამოო.

თუმცა ჩინეთი უკვე დაზარალდა, თან ძალიან სერიოზულად დაზარალდა: ინვესტორებმა, რომლებიც ფლობენ ჩინურ გიგანტურ კომპანიათა აქციებს, ამ აქციების სასწრაფოდ გაყიდვა დაიწყეს მაშინვე, როგორც კი კონფლიქტი გამწვავდა და გაჩნდა იმის პირველი ნიშნები, რომ ჩინეთის წინააღმდეგაც შეიძლებოდა ამერიკას სანქციები დაეწესებინა - რუსეთის მხარდაჭერის გამო.

რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა სასაცილო ოდენობისაა: სულ 2% ჩინეთის მთელი საგარეო ვაჭრობიდან! დანარჩენი 98%-ის დიდი წილი სწორედ დასაველთზე, ევროპასა და ამერიკაზე  მოდის.

არის კიდევ ერთი კარდინალური სხვაობა: ჩინეთი მწარმოებელი ქვეყანაა, რუსეთი კი საექსპორტო საქონელს თითქმის საერთოდ არ აწარმოებს. ნავთობი, გაზი, ხე-ტყე და ალუმინი თუ ურანი არ ითვლება!

მწარმოებელი ქევყანა ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი შექმნას საექსპორტო ნაწარმი. მთელი მსოფლიო (მათ შორის დასავლეთი) სავსეა ჩიენთში ნაწარმოები საქონლით; დაწყებული ტანსაცმლით, დამთავრებული ელექტროტექნიკით. ოღონდ.....ყველაფერი მზადდება დასავლური ტექნოლოგიებით, დასავლური ნაწილებით და  ნაწილაკებით (მიკრიჩიპები, ნახევრადგამტარები და ა.შ), რის გარეშეც ჩინეთი დაბრუნდება იმ ეპოქაში , როცა ბრინჯის მეტი არაფერი გააჩნდა და ის თვითონაც არ ჰყოფნიდა!

სხვათა შორის, იგივე მიზეზით, ჩინეთი დღემდე ვერ ბედავს ტაივანზე თავდასხმას და ახლა რუსეთის გამო წავა რისკზე?

ჩინეთმა უარი უთხრა რუსეთის მთავრობას, დახმარებოდა რუბლის კურსის შენარჩუნებაში და ჩინეთის ბანკები გამოეყენებინა ამ მიზნით, თუმცა ცივი უარი მიიღო. მიზეზი გასაგებია: რუსეთს თუ ამერიკულმა ფედრეზერვმა 315 მილიარდი დოლარის სავალუტო ავუარები გაუყინა, ჩინეთს იმავე ფედრეზერვში 1 ტრილიანი (!) აქვს ანუ თავისი რეზერვების ნახევარი  და უნდა მისი გაყინვა? არა!

აღსანიშნავია, რომ 650 მილიარდი დოლარის მთლიანი რეზერვიდან რუსეთს 90 მილიარდი დოლარი ჩინურ იუანში ჰქონდა შენახული. მოსკოვი პეკინს სთხოვდა  დაერთო ნება ამ ფულადი მასის გადახურდავებისა დოლარზე ან ევროზე ჩინურ ბანკებში, რაც დაეხმარებოდა ქვეყნის შიგნით რუბლის `შემაკავებელი` ინტერვენციების განხორციელებაში, მაგრამ უარი მიიღო.

გარდა ამისა, ჩინეთმა სასტიკი უარი უთხრა რუსეთს იმ თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე, რომლებიც რუსეთმა ახლა ფაქტობრივად წაართვა ევროპას და ამერიკას. იგულისხმება `ბოინგ` და `ეარბასი`. სათადარიგო ნაწილები ჩინეთს აქვს, მაგრამ დასავლური სანქციების შიშით არ აწვდის რუსეთს.

მსოფლიო ბანკმა, რომელსაც რა თქმა უნდა ვაშინგტონი აკონტროლებს, შეაჩერა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რუსეთის ტერიტორიაზე. რუსებს იმედი ჰქონდათ `აზიის ბანკი` ხომ მაინც არ მიგვატოვებსო, მაგრამ, აზიის ბანკმა, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს და რომლის მთავარი ოფისი ჩინეთში (პეკინში) მდებარეობს, სრულიად მოულოდნელად ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთი მიატოვა ანუ ყველა პროექტი შეაჩერა.

რატომ მიატოვა? იმიტომ, რომ ის პროექტებიც დოლარით ხორციელდება (აბა იუანი ვის არში უნდა) ის პროექტებიც ევროთი ხორციელდება და....უნდათ ჩინელებს აუტკივარი თავის ატკივება? მაგალითად საქართველოში რომ ავტობანს აშენებს ჩინური კომპანია აზიის ბანკის წილობრივი მონაწილეობით, განა განა ბანკი და საქართველოს მთავრობა იუანს უხდიან? ან იუანში ფორმდება ის გრძელვადიანი სესხი?!